"მეშინია, სხვა არავინ მოვიდეს და..." - კვირის პალიტრა

"მეშინია, სხვა არავინ მოვიდეს და..."

"ეს ის გზაა, ხევსურეთს მთელ მსოფლიოში რომ "გაიყვანს"!

ზვიად ზვიადაური დუშეთში ცხოვრობს, - ხევსურეთთან ცოტა  უფრო ახლოს, ვიდრე დანარჩენი საქართველო. ამიტომაც მთებშიც ხშირად ადის და ჩამოდის - სულ 25 წლის არის. იქ, ხევსურეთში, მისი პაპის პაპები ცხოვრობდნენ, დუშეთში მერე გადმოსახლდნენ, როცა მთებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. დაცარიელდა ხევსურეთი... მაგრამ ზვიადაურების შთამომავალს თვალი და ყური ისევ იქით აქვს...  ამბობს, რომ ერის ისტორია ადამიანის ცხოვრებასავით არის, სადაც ერთმანეთს ცვლის ნათელი და მუქი ფერები. ჩვენმა ერმა კი იმდენი წელიწადი იარა ბნელ დერეფანში, სინათლე ალბათ მალე უნდა გამოჩნდეს. მანამდე კი ხევსურეთისთვის ირჯება:  სტუდენტობისას ხევსურეთის სიყვარულით კურსელები დააავადა... ერთ დღეს კი, როცა თავის მეგობარ, ირაკლი ჭუმბურიძესთან ერთად კიდევ ერთხელ ავიდა შატილში, უბრალოდ მიხვდა, ყველაზე კარგი რა შეეძლო ხევსურეთისთვის გაეკეთებინა.

ზვიად ზვიადაური: - მოკლედ თავი სულ იდეებით გვქონდა  გამოჭედილი, მაგრამ ჩვენი საქმე  ერთი ანეკდოტივით იყო, კახელი რომ ჩივის, "თავი ჯანდაბას, მაგრამ იდეებ რა ვუყოო!" მერე  ვასკვნიდით, რომ ეს ჩვენი მორიგი იდეა დიდი ვერაფერი იყო ან მის განხორციელებას უზარმაზარი ფული სჭირდებოდა და ხელს ჩავიქნევდით.

ერთხელაც, ასე ვთქვათ, "გონება გაგვინათდა" და აღმოვაჩინეთ, რომ ხევსურეთის საიტის გაკეთება შეიძლებოდა. ერთი სიტყვით, ამოვისუნთქეთ, - ეს ის გზაა, რომელიც ხევსურეთს მთელ მსოფლიოში "გაიყვანს"! მერე დახმარება ვთხოვეთ ყველას, ვინც ხევსურეთში ყოფილა და მისი სილამაზე ფოტოზე აღუბეჭდავს. არც კი ველოდით, იმდენი ხალხი გამოგვეხმაურა, - უამრავი ფოტო დაგვიგროვდა. მათგან ბევრი ხევსურეთზე თითქოს  ერთ მთლიან ამბავს ჰყვება. მათ რომ დახედავ, შეუძლებელია ამ მხარის ნახვა არ მოგინდეს. ჩვენც  ეს გვინდოდა.

- ბევრი გამოგეხმაურათ?

- რამდენიმე ათასი. უმრავლესობა უცხოეთიდან. მათგან ნახევარი მაინც რომ ჩამოვა ხევსურეთში, ამაში დარწმუნებული ვართ.

- თუ გინდათ, ზოგიერთს ამ ფოტოებიდან ჩვენც გამოვაქვეყნებთ და ხევსურეთს სტუმრების დაპატიჟებაში დავეხმარებით...

- მადლობის სიტყვებიც არ გვეყოფა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სამშობლოდან წასული ყველა ქართველი "კვირის პალიტრას" კითხულობს. ეს ფოტოები კიდევ ერთხელ  გაახსენებს მათ რა სამშობლო აქვთ...

... და მე და ზვიად ზვიადაურმა ფოტოები ამოვარჩიეთ. დახედავ მათ და დაგენანება, რომ ეს სილამაზე იმ ერთეული ქართველების იმედად არის მიტოვებული, რომელთა სულში მამაპაპისეული ნასახლარის კვალი არ წაშლილა. ვინატროთ, განგებამ მომავალში ნასახლარების ნაცვლად აქ ისეთი ქართველობა გვიმრავლოს, რომელიც სიცოცხლეს ააღორძინებს.

ჩვენ კი ამ რწმენის ნიშნად ხევსურეთისთვის მიძღვნილ მურმან ლებანიძის სულისშემძვრელ სტრიქონებს გაგახსენებთ: "ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი/ ცარიელა ეს პარტახი საიგავო,/ მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი/ სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს./ შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები,/ ძაღლი არ ჰყეფს, ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს,/ ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები,/ ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს!/. ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი/ არ ჩააქრო, არ ჩააქრო, გაფიცებდი,/არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი,/დაიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი,/ დაიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი!"