რუსი სამხედროები გალის მოსახლეობას გასახლებით ემუქრებიან - კვირის პალიტრა

რუსი სამხედროები გალის მოსახლეობას გასახლებით ემუქრებიან

"რაც დრო გადის, რუსები უფრო მეტ ბაზას აშენებენ. თითქმის ყველა სოფელში არიან დაბინავებული. ახლახან ჭუბურხინჯში ყველაზე მასშტაბური ბაზა გაიხსნა. როდესაც რუსული თუ აფხაზური სამხედრო სწავლებები იწყება, რაიონში რამდენიმე ასეული მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, რა დროსაც მოსახლეობა მნიშვნელოვნად ზარალდება. ახლახან იყო რუს მესაზღრეთა სწავლება, ცენტრალურ გზებზე მცხოვრებლებს ღობეები მოუნგრიეს, დაიკარგა საქონელი და შინაური ფრინველი, მაგრამ ასე შემოგვითვალეს, ვინც შეწუხდა, შეუძლია, საცხოვრებელი დატოვოსო", - ამბობს გალის რაიონის მკვიდრი ნუგზარ ბერიძე, მისივე თქმით, რუსი სამხედროები ლამის ოჯახებში ჩამოუსახლეს. ადგილობრივთა ინფორმაციით, რუსულ-აფხაზური გეგმაა - ენგურის ე.წ. საზღვარი რუსული სამხედრო ბაზებით იყოს გამაგრებული, რაც ქართველებისა და აფხაზების საბოლოო გათიშვას ისახავს მიზნად.

ემა კვირკველია, გალის რაიონის მკვიდრი:

- განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობაზე. ყველანაირად გვავიწროებენ, საქონლის ყოლის უფლებას გვართმევენ, ბაზის ტერიტორია ბინძურდებაო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასახლებული ტერიტორია სამხედრო ბაზებისთვის სჭირდებათ. ისედაც, თითქმის ყველა სოფელშია უკვე რუსული ბაზა გახსნილი. ჩათვალეთ, რომ რუს სამხედროებთან ერთად ვცხოვრობთ. ამ ხალხის ალკოჰოლთან დამოკიდებულება და სიმთვრალეში მათი "სამაგალითო" საქციელის შესახებ, ალბათ ყველას სმენია და ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დღეში ვიქნებით. პოლიციის გამოძახებას აზრი არ აქვს, აფხაზები არიან და რუსს, მით უმეტეს მთვრალს, ვინ რას ეტყვის... ეს რომ ჩემს ენგურსგამოღმელ ნათესავებს მოვუყევი, მითხრეს, დატოვე იქაურობა და წამოდი, იმათ ხომ არ უნდა შეაკვდეთო, მაგრამ ასე ადვილი არ არის - რომ წავიდე, სად წავიდე? სახლ-კარი ვის დავუტოვო? 90-იან წლებში წამოსული დევნილები ვერ დაუკმაყოფილებია ხელისუფლებას, ხან ერთ შენობას შეესევიან, ხან მეორეს. მართალია, ზოგი თავისი სტატუსით ცუდად სარგებლობს, მაგრამ უსახლკაროც ხომ ბევრია. არ მინდა, მეც იგივე ბედი მეწიოს. თანაც აქ ჩვენი წინაპრები მარხია და როგორც კი წამოვალთ, ვიცით, რომ საფლავებსაც ააოხრებენ... არიან ისეთები, ვინც მათთან საერთო იპოვა, მაგრამ უმეტესობა ცუდ დღეში ვართ. ბოლო დროს, სოფლის აფხაზურმა გამგეობამ გვითხრა, თუ გადაგასახლებენ, ფულად კომპენსაციასაც მოგცემთო. ან მოგვცემენ და ან არა.

ჟუჟუნა წურწუმია:

- ერთ-ერთ სოფელში სკოლის შენობის ნახევარი რუს სამხედროებს დაუთმეს, სანამ ყაზარმები აშენდება, აქ იყვნენო. ის სოფელი თითქმის დაცლილია და სკოლა ისედაც ცარიელი იყო... ვიდრე რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა და რუსი სამხედროების ასეთი მასშტაბური შემოსვლა დაიწყებოდა, გალის რამდენიმე სოფლის სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა ისწავლებოდა, მაგრამ ბოლო დროს პროგრამიდან ამოიღეს... ადგილობრივები როგორღაც ვახერხებდით და ქართული პროდუქცია შემოგვქონდა, რასაც აქაურ მაღაზიებს ვაბარებდით. ფასიც მისაღები იყო. ახლა ყველანარად ცდილობენ, ეს აკრძალონ და მოსახლეობა რუსულ და თურქულ პროდუქციაზე გადაიყვანონ, რადგან მისი ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ფასებიც მაღალია, მაგრამ როცა არჩევანი არ არის, მაინც ვყიდულობთ. ბოლო დროს თურქები ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან. გალშიც გახსნეს სურსათისა და ტექნიკის მაღაზიები. რამდენიმე მეზობელი, ვისაც რუსული პასპორტები ჰქონდათ, სამუშაოდ თურქეთში წავიდნენ და იქაურ ჩაის ფაბრიკაში მუშაობენ. გაუსაძლისი პირობებია, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვსო, ამბობენ. აქ მთელი დღე უსაქმოდ არიან და ათას სისაძაგლეს აკეთებენ.

თამარ ნაყოფია, სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი:

- ხალხი უკვე შევჩვეულია ასეთი რეჟიმში ცხოვრებას. ჩვენი პატრონი არავინ არის და თავად ვცდილობთ, გადარჩენის გზები რაღაცნაირად ვიპოვოთ. ახლა ციტრუსის სეზონი მოდის და ყველა აქტიურდება. ხელმძღვანელობა ცდილობს, რაც შეეძლება იაფად ჩაგვაბარებინოს მოსავალი და აუცილებლად ფსოუს საზღვრით რუსეთში გადაგვატანინოს, მაგრამ 50 კილოგრამზე მეტის წაღების შემთხვევაში, ფულადი ჯარიმაა და ტვირთს ჩამოგართმევენ (ამ რაოდენობაზე მეტის ტრანსპორტირების უფლება მხოლოდ ინდმეწარმეს აქვს), რაც ნიშნავს, რომ აქვე და მათთვის მისაღებ ფასში უნდა ჩავაბაროთ, მაგრამ რას ვიზამთ, როცა ძალა აღმართს ხნავს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)