რეპორტაჟი მივიწყებული გურიიდან - კვირის პალიტრა

რეპორტაჟი მივიწყებული გურიიდან

"გზის დაგება მოუსწრიათ, მეტი არ დააცალა "ოცნებამ" - ამბობს ჩემი თანამგზავრი. კოჭებში ეტყობა, რომ წინა ხელისუფლების გულშემატკივარია... ოზურგეთში მივდივართ, მეგობრისა და თანამშრომლის ქორწილში. გურიას რატომღაც "აღმშენებლობის" არაფერი ეტყობა. არც თვალისმომჭრელ შუშის შენობებს ვხედავ სადმე, პოლიციასა და იუსტიციის სახლს თუ არ ჩავთვლით, არც ფერად-ფერად პალმებსა და სხვა ხეებს, რომლის "დარგვა" ასე ძალიან უყვარდა წინა ხელისუფლებას. ცენტრში ფასადურადაც არაფერია გაკეთებული. ოზურგეთში რომ შევდივართ, ამას გარემოვაჭრეების სიმრავლით ვხვდები, თორემ სხვა მხრივ, ბევრი არაფრით განსხვავდება ახლო-მახლო სოფლებისგან.

"ვერ მოასწრეს კი არა, არ უნდოდათ და არ გააკეთეს!" - ფიქრებიდან გამოვყავარ მეორე თანამგზავრს...

გზაც ყველგან არ არის დაგებული, თორემ ინფრასტრუქტურასა და სხვა, ყოველდღიური პირობებისთვის აუცილებელ დეტალებს რომ თავი დავანებოთ. გზიდან ხელმარჯვნივ პატარა პარკია, რამდენიმე საქანელითა და სკამით. კაცმა არ იცის, რამდენი ათასი ლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს მისი მოწყობა. ამას წინათ ვანელმა მეგობარმა მიამბო, ჩემი სოფლის გამგებელმა ავტობუსების გაჩერება "ააშენა", სულ 100-მდე ბლოკი და შესაბამისი რაოდენობის ცემენტი დაიხარჯა, სამი-ოთხი კაცი თუ შეაფარებდა თავს, მაგრამ 5 ათასი ლარი იყო იმ დიდი საქმისთვის გამოყოფილიო...

60 წელს მიტანებული კაცი წვრილმანებს ყიდდა ქუჩაში, - რაცხა, კაპიკები მრჩება და კი ვეღრიჭები ამ ხნის კაცი აქანა ამვლელ-ჩამვლელს... ანაკლია, განმუხური და ბათუმი ჰქონდათ ამოჩემებული. ისე გეიწუილებდნენ აქანე, გამარჯობასაც არავინ გადმოგვიგდებდა, მარააა ე, მეეწიათ ჩვენი უწყინარი (აქ აშკარად სხვა სიტყვა იყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე და მკითხველამდე მხოლოდ თარგმანის ვერსიამ მოაღწია) წყევლა. საქონელი გვყავენ და იმით ვირჩენთ თავს. ვუთხარი ერთხელ უფროსობას, - ბიო, თხილი და ციტრუსი მაინც რომ გევიტანოთ სადმე სულს მევითქვამთ-თქვა, - თქვენი თხილი უხარისხოა, ბატონო და არ ვარგაო..... ციტრუსი-მეთქი? - არც იგი უქნია ღმერთსო? - თქვენ ხომ უქნივხარ და რაფერც გურიაში უჭირთ, ისე გაგიჭირდეს და მეტი აფერი მინდათქვა, ვუთხარი. კი ვხედავ, თანდათან მაითკენ მიდის საქმე. - არ ცხრება ხანშიშესული გურული. მეც მინდა მასთან საუბარი, მაგრამ ქორწილი ჯიუტად მახსენებს თავს... როგორღაც დავემშვიდობე...

ოზურგეთიდან სოფელ შემოქმედისკენ უნდა წავიდეთ. რაიონის შესასველთან, ურეკის გადასახვევისკენ გზა ახალი დაგებულია. რამდენიმე თვის წინ ამ გზით ურეკში გადადიოდა პრეზიდენტი და მაშინ დააგეს სასწრაფოდ, "განმანათლა" ადგილობრივმა.

ჯვრისწერა სოფელ შემოქმედის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაშია და იქ მივდივართ. გარშემო თითქმის ყველგან კომუნისტების დროს აშენებული სახლებია. პირველი სართული ბეტონით, მეორე კი, ფიცრით ნაგები. ეტყობა, ბევრს მას შემდეგ კოსმეტიკური რემონტიც არ გაუკეთებია. "საა შვილო მაის ფული? თქვენ არ გაგიგიათ ყაჩაღმა რომ უთხრა გურულს, ფული მომეციო და იმან "სემიჩქა" ჩოუყარა ხელში, სანამ ფულიანი კაცი გამეარს თავი შეიქციე?.. აქანა კაცი ისე ჩუმად სუნთქავს, იღლიაში პერანგის გარღვევის ეშინია" - ღიმილით მიყვება გურული. მაინც ხუმრობენ. თან ისე ხუმრობენ, წუწუნს რომ არ ჰგავდეს, მაგრამ იუმორში ყოველდღიური გაჭირვებაა ჩადებული. წლებია წყლის პრობლემა აწუხებთ, მაგრამ ვერა და ვერ მოგვარდა. ყველა გამგებელსა და გუბერნატორს სხვადასხვანაირი მიზეზი ჰქონდა. წინა ხელისუფლება გაზსაც შეჰპირდა, ოღონდ არ დაუკონკრეტებია რომელ საუკუნეში აუხდენდა ოცნებას. ამ "ოცნებაზე" ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, - იმათ არც კი ახსოვდა გურიის არსებობა და ამათ თუ გავახსენდებით, იმაზეც მადლობლები ვიქნებით, ოღონდ პირველ ეტაპზეო...

არ შეიძლება ამ ენაკვიმატ გურულებს უსმენდე და თვალწინ ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები არ გაგიცოცხლდეს...

ულამაზესი მდებარეობა შეურჩევია ჩვენს წინაპარს სოფელ შემოქმედში ტაძრის ასაგებად. მთებს შუა შემაღლებულ ადგილზეა აშენებული და რამდენიმე სოფელს გადაჰყურებს. ეზოში XVIII საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირების საფლავებია, ქვაზე წარწერით... ცოტაც და ქორწილი დაიწყება. სიძე-პატარძალი ჯერ სასტუმრო ოთახში შეიყვანეს, ახლა იქ შეესივნენ მომლოცავები. არადა, ნამგზავრებს ისე გვშიოდა, სასტუმრო ოთახში შემოსული ყველა კაცი სუფრასთან მოპატიჟე გვეგონა. სამეგრელოსა და იმერეთში კი ვიცი, "პაწა" რომ უნდა ახვეწნინო, მაგრამ გურიაში ქორწილში პირველად ვიყავი და ვუყურებდი, სხვები თავპატიჟს გაიდებდნენ თუ არა...

თამადა ისეთი სწრაფად ლაპარაკობდა სადღეგრძელოებს, სუფრის წევრები გაბრაზდნენ, - რაია ბიო, ამას დეპეშა მიაქვს სადმე, თუ?.. თამადის დაწევა არც მიცდია, მაგრამ მომსახურე პერსონალის მიერ შემოტანილი ცხელი კერძები ისე სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს, ნახევარი ვერ გავარკვიე რა იყო. - ისეთი სიჩქარით მიცვლიან ამ თეფშებს გოჭი და ტყემალი ერთმანეთს ვერ დავამთხვიე! გედევირიე კაცი! - შემომჩივლა ულვაშა კაცმა. ამ სიტყვებზე ისეთი სიცილი ამიტყდა, კარგა ხანს გაოცებულმა მიყურა, რა ვთქვი ისეთიო...

ოზურგეთიდან ვანში წამოვედით. იქაც იგივე ხდებოდა, რაც ოზურგეთსა და ჩოხატაურში. არადა, 4 მილიონი იყო რეაბილატაციისთვის გამოყოფილი, მაგრამ რა გაკეთდა, არ ვიცითო, ამბობენ ვანელები... უძველესი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობაც არ არის აღდგენილი. დანგრევა მოუსწრიათ, აღდგენა დაწყებულია, მაგრამ შეჩერებული...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)