რა ბედი ეწევა ანაკლიასა და განმუხურს? - კვირის პალიტრა

რა ბედი ეწევა ანაკლიასა და განმუხურს?

წინა ხელისუფლების მიერ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახელებული ანაკლია, რომლის ტურისტული განვითარებისთვისაც როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე კონკრეტული ბიზნესმენების ჯიბეებიდან კოლოსალური თანხები იყო ჩადებული, არჩევნების შემდეგ განვითარებას ინერციით განაგრძობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ტურისტულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ, არჩევნებიდან რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით, წყლისა და გაზის, ასევე საკანალიზაციო სამუშაოები გრძელდება, რომელიც, ასევე ადგილობრივთა თქმით, არჩევნებამდე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით არის დაფინანსებული. აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები. თუმცა, არავინ იცის, რა ბედი ეწევა მცირე დროით ქალაქის სტატუსმინიჭებულ ანაკლიაში აგებულ მაღალი დონის სასტუმროებს, აკვაპარკს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს... ამ დროისთვის დაკეტილია ყველა დიდი სასტუმრო, რომელიც კლიენტებს შარშან ამ დროსაც იღებდა.

იგივე მდგომარეობაა განმუხურშიც, სადაც ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

დავითი, 56 წლის, ანაკლიის მკვიდრი:

- წინა ხელისუფლების პოლიტიკას სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ არც "ოცნებას" ვუკრავდი ტაშს... არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ვიგრძენი, რომ აქაურობას საფრთხე ემუქრებოდა, შემეშინდა. აქ, როგორც დანარჩენ საქართველოში, მოსახლეობის აზრი ორად იყო გაყოფილი. იმათ, ვინც "ნაციონალებს" არ ემხრობოდნენ, ანაკლიაში ტურიზმის განვითარების არასდროს სჯეროდათ და არჩევნების შემდეგ დრო იხელთეს და ამ ტერიტორიაზე ნახირი შერეკეს. ძალიან ბოღმა უნდა იყო, რომ ვიღაცის ჯინაზე საკუთარი ქვეყნის წინსვლა არ გინდოდეს... თავის მხრივ, "ოცნების" ხალხიც აქტიურობდა სასტურმოების კედლებზე დიდი ასოებით მიაწერეს "ნაციონალების საბავშვო ბაღი". პოლიტიკურ ფონზე ადგილობრივებს შორის მცირედი დაპირისპირებები დაიწყო და მივხვდით, რომ ეს საერთო საქმეს დააზარალებდა. ანაკლიაში ყოველდღიურად წვრილმანი, მაგრამ შესამჩნევი რაღაცები ფუჭდებოდა. ეს ყველაფერი კიდევ რამდენიმე დღეს რომ გაგრძელებულიყო, განუკითხაობა დაიწყებოდა.

- ტერიტორიას დაცვის სამსახური არ ჰყავდა?

- კი, მაგრამ სადღაც გაუჩინარდნენ. იმ დღეებში ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული და ეტყობა, დაცვის ბიჭებმაც თავი აარიდეს. წინა დღეს აქაურობა გუგუნებდა, რამდენიმე ტრაქტორი და სატვირთო ავტომანქანა ერთდროულად მუშაობდა, არჩევნების მეორე დღეს კი, ეს ყველაფერი ერთბაშად გაჩერდა. ასე მეგონა, სხვაგან გადამასახლეს... ახლა, საბედნიეროდ, ვითარება ჩაწყნარდა და ის სამშენებლო სამუშაოებიც, რაც მაშინ იყო წამოწყებული, გრძელდება. მიმდინარეობს გზის მოხრეშვა, ორმხრივ გზას აკეთებენ. თუმცა დაკეტილია დიდი სასტუმროები, მხოლოდ მცირე სასტუმროებს ჰყავთ კლიენტები, ამ დღეებში ფოტოაპატარიანი ტურისტებიც შევნიშნე... მართალი გითხრათ, ბოლომდე არასდროს მჯეროდა, რომ ანაკლია სრულფასოვანი ქალაქი გახდებოდა, მაგრამ ის რაც აშენდა და გაკეთდა, არ მინდა განადგურდეს.

ნანი, 38 წლის:

- მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ, როდესაც ამ ტერიტორიაზე პოლიცია დაბრუნდა... ჯერჯერობით უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. ეს მთავრობა ხალხს ქვეყნის სათავეში მოსვლამდე ლამის სამოთხეში ცხოვრებას ჰპირდებოდა, კინაღამ შემჭამეს მეზობლებმა ჩემი პოლიტიკური არჩევანის გამო, მაგრამ ჯერჯერობით უკეთესობას ვერაფერს ვხედავთ. პირიქით, უარესობისკენ მიდის ყველაფერი. ტურისტული განვითარების პერსპექტივა, რომელიც ანაკლიას წინა ხელისუფლების პირობებში ელოდებოდა, წარსულს ჩაბარდა. იგივე ელოდება განმუხურსაც, სადაც ბოლო წლებში ასევე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

ლევანი, 61 წლის, განმუხურის მკვიდრი:

- წყლისა და გაზის შეყვანა გრძელდება, როგორც ანაკლიაში, ასევე ჩვენთან. მეც ვარ დასაქმებული, ხელფასს ვიღებ და ნამდვილად არ მინდა, ამ ზამთარს უმუშევარი დავრჩე. პარალელურად მიმდინარეობს საკანალიზაციო სამუშაოები, მაგრამ როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, ეს ყველაფერი ინერციით კეთდება, რადგან ახალი ხელისუფლება არც ანაკლიისა და არც განმუხურის შემდგომი განვითარებისთვის თანხის გამოყოფას არ აპირებს.

ჯუმბერი, 42 წლის, ანაკლიის მკვიდრი:

- არ ვიცით, რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, ვინც წინა ხელისუფლების დროს მიწის ნაკვეთები დაკარგეს. სააკაშვილის მთავრობა მათ კომპენსაციას ჰპირდებოდა, კონკრეტულად, ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთზე 40 ათას დოლარსა და იმ სასტუმროს ერთი ნომრის გაქირავებიდან შემოსულ თანხას, რომელიც მათ კუთვნილ მიწაზე აშენდა, მაგრამ შეპირებულით ერთი ოჯახიც არ დაუკმაყოფილებიათ. ამიტომაც ისინი სასამართლო ძალით მიზერული თანხის მიღებას ითხოვდნენ...

შოთა მურღულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე:

- ანაკლიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია, - წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა არავითარი გეგმა და სტრატეგია თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეს ადგილი და როგორ უნდა ქცეულიყო მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ ტურისტულ ზონად. ისინი ყველაფერს სპონტანურად აკეთებდნენ და შესაბამისად, ვერ ვნახეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც იქ დაწყებული მშენებლობების გაგრძელებას შევძლებდით. ჩვენც სპონტანურად ხომ არ ვიმოქმედებთ?.. ასე რომ, ამჟამად იქ ვახორციელებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რათა ზღვა ნაპირზე არ გადმოვიდეს, მიწები არ დატბოროს და მოსახლოება არ დააზარალოს. ეს პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული. რაც შეეხება ანაკლიაში პორტის აშენებას, ეს პროექტი სახელმწიფომ უნდა განახორციელოს და ჯერჯერობით აღნიშნული საკითხის შესწავლა და განხილვა მიმდინარეობს.

- ბატონო შოთა, რაც შეეხება ანაკლიასა და განმუხურში აშენებულ სასტუმროებს, განვითარებულ ინფრასტრუქტურას, რომელშიც ძალიან დიდი თანხაა დახარჯული...

- ეს ყველაფერი, როგორც წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, კომერციული პროექტები იყო, თუ ის ბიზნესმენები იქ ინვესტიციის ჩადებას განაგრძობენ, კი ბატონო, მათ ხელს არავინ შეუშლის. რაც შეეხება ლაზიკაში აშენებულ იუსტიციის სახლს, ეს ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა არ არის.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)