"კალაძესა და ჯაჭვლიანს არავინ ეკითხება ადიგენის გამგებლის დანიშვნას" - კვირის პალიტრა

"კალაძესა და ჯაჭვლიანს არავინ ეკითხება ადიგენის გამგებლის დანიშვნას"

ადიგენის რაიონის მოსახლეობა ჩივის, რომ გამგებლობისთვის სოსო ჯაჭვლიანისა და კახა კალაძის სახელს ამოფარებული ადამიანები იბრძვიან... "ალბათ, ივანიშვილმა არ იცის, როგორ ცდილობენ მისი გუნდის წევრები ძველი დროის დაბრუნებას. თუ ხალხის ნება არ აღსრულდება, ადიგენში ამბოხი დაიწყება. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის გაფრთხილება, თხოვნა, რომ ხელისუფლებამ ყველას აუკრძალოს ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედება. თავისი "კაცი" თუ "კადრი" ყველამ თავისივე სამინისტროში, მაჟორიტარულ ოლქში ან კერძო კომპანიაში დაიყენოს გვერდით, ჩვენ თავი დაგვანებონ," - აცხადებენ ადიგენში "ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენლები.

ლია კაპანაძე, ადიგენში "ქართული ოცნების" შტაბის მთავარი კოორდინატორი: - გამგებლის თანამდებობაზე ვირჩევთ ისეთ კანდიდატურას, ვისიც გვჯერა, ვინც გულთან მიიტანს რაიონის სატკივარს. ამ დროს ჩვენი რჩეულის, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ადიგენელი ლევან ლობჟანიძის წინააღმდეგ კალაძისა და ჯაჭვლიანის სახელით მოსარგებლე პიროვნებები გააქტიურდნენ, რაც ხალხს აღიზიანებს. მათ საერთო არაფერი ჰქონიათ წინასაარჩევნო ბრძოლასა და "ქართულ ოცნებასთან". მაშინ დაიმალნენ, ახლა კი ცდილობენ, გამარჯვებულთ მიეტმასნონ და ამტკიცონ, რომ არჩევნების წინ წელებზე ფეხს იდგამდნენ.

- ჩვენ სამართლიანობას მოვითხოვთ და არა - პარტიული ნიშნით შერჩევას. დღეს კალაძის პროტეჟეობას იბრალებს მამუკა კუხალეიშვილი. კუხალეიშვილის მამას ადიგენში აფთიაქი აქვს, რომლის კედელზეც არჩევნების დროს "ქართული ოცნების" ბანერი არ გაგვაკვრევინა და გაზეთს არ გვართმევდა, ვინმემ არ დამინახოსო. კუხალეიშვილი და მისნაირები არასოდეს შეწუხდებიან რეგიონის პრობლემებით, მხოლოდ თავის ტყავს გაუფრთხილდებიან. ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გუჯაბიძემაც გვითხრა, რომ კუხალეიშვილს მხარს უჭერენ თბილისში, ცენტრალურ ოფისშიც, რადგან მას გავლენიანი პროტექტორი ჰყავს. ასევე იქცევა ჯაჭვლიანის სახელით მოქმედი ალიკა გიგოლაშვილი. ჩვენ რომ "ნაციონალებისგან" შეურაცხყოფას ვიტანდით, "კარდაკარის" დროს ოჯახებში შესვლისას სახეში ლუდს რომ გვასხამდნენ, გიგოლაშვილი თბილისში გაიქცა. ახლა ამბობს, თბილისში ვიბრძოდიო.

- რით გამოიხატება კახა კალაძის ან სოსო ჯაჭვლიანის მხარდაჭერა?

- ჯაჭვლიანს ტელეფონით ვესაუბრე. ბოდიში მოგვიხადა, მხოლოდ ხალხს დავუდგები გვერდითო. როგორც  გაირკვა, გიგოლაშვილმა მოატყუა, რომ ადიგენის საკრებულოში ყველა მას უჭერდა მხარს, მერე ჯაჭვლიანის რეკომენდაცია მოიტანა და ხალხი დაარწმუნა, "მისი კაცი" ვარო. ვფიქრობთ, რომ გიგოლაშვილსაც და კუხალეიშვილსაც სინამდვილეში მხარს "ნაციონალები" უჭერენ. რაიონში ვანო მერაბიშვილის კლანი პარპაშებს, ხელს არ აძლევთ, ადიგენის გამგებლად მოწინააღმდეგე მოუვიდეთ.

- ვის გულისხმობთ მერაბიშვილის კლანში?

- ბიძის, ლევან თუმანიშვილის ოჯახს.  მათია ტყეები. თუ ვინმე მათი ნებართვის გარეშე ერთი ტოტის გამოტანას გაბედავდა, აპატიმრებდნენ, საპროცესო გარიგებას გაუფორმებდნენ და თანხას გადაახდევინებდნენ. თუმანიშვილების წყალობით რაიონში 6 000 პრობაციონერია. ლაშისუბანში ოჯახი არ დარჩა, ვინმე არ დაეპატიმრებინათ, არადა, ამ სოფელს შემოსავლის ერთადერთი წყარო აქვს - ხეტყით ვაჭრობა. ხომ გვაქვს უფლება, ისეთი ადამიანების მოსვლა მოვითხოვოთ, ვინც რაიონს მიხედავს? არც კალაძის, არც ჯაჭვლიანისა და არც არავის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება ადიგენის გამგებელი.

"კვირის პალიტრა" "ქართული ოცნების" წევრს, პარლამენტარ ბიძინა გუჯაბიძეს ესაუბრა. "თუ ჰგონიათ, რომ რომელიმე კანდიდატს ვუჭერთ მხარს, ეშლებათ. არ გამოვრიცხავ, ვინმე ხელისუფლების სახელით თავისი მიზნის მიღწევას ცდილობდეს".