ას წელს მიტანებული სოფლის უცვლელი თამადა - კვირის პალიტრა

ას წელს მიტანებული სოფლის უცვლელი თამადა

"რაც კაცი ვიყავ და ცხოვრების კანონები ვისწავლე, სულ ჩემი სოფლის დამსახურებითა, უკეთესად ვერავინ მასწავლიდა"

თოვს, მივდივართ ძველი ანაგის ტალახიან გზაზე მე და ჩემი მასპინძელი ნინო მჭედლიშვილი,   მალ-მალე თმას ვიფერთხავთ - ორიოდ წუთში იმხელა ზვინი დაგვედება, თოვლის პაპებს დავემსგავსებით.

- რა უჭირს მერე, მივიდეთ თოვლის პაპებივით  შალვა მასწავლებელთან. გავახარებთ კიდეც, თან ღუმელთან გავთბებით, - ვეუბნები ნინოს და შეშის ღუმლის გახსენებაზე უკვე აღარ მცივა.

- იცი, როგორ გაეხარდება? მისი ნამოწაფარები რამდენი წლის უნახავიც არ უნდა ვყავდეთ, არ იფიქრო, რომელიმე შევეშალოთ! - მპასუხობს. ცოტა არ იყოს, ეჭვი მერევა - შალვა ზურაშვილი ხომ საუკუნეს არის მიტანებული..

შალვა მასწავლებელი სეკატორით ხელში სახლის სარდაფში დაგვიხდა, - მართალია, ჯერ თებერვალი არ დამდგარა და ვაზის სხვლა არ დაწყებულა, მაგრამ მაკრატელიც მოსამზადებელია და ვაზიცო... მანამდე კი ჯერ მისი რუხი ცუგა მორბის წკმუტუნით, მერე შალვა მასწავლებელი. ძველ შლაპაზე (სხვათა შორის, დღეს რომ ძალზე მოდური გახლავთ!) ხელს იდებს და ნინოს თვალმოჭუტული უყურებს: - გოგო, შენა, მჭედლიაანთ ნინო არა ხარა? შენ განაცვალე შენა, კარგი გვარის რო ხართ მჭედლიაანები! შენი ჯალაბობა ხომ კარგად არის?

- კარგად ვართ, შალვა მასწავლებელო, კარგად! - იცინის ნინო და ამასობაში აგუგუნებულ ღუმელთან ვსხდებით. შალვა პაპაც ღუმელს თითო-თითო ჯაგის ტოტს უკეთებს და აგრძელებს:

- სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მაინც რა ამბავზე მოსულხართ, შვილო?

მეც ვეუბნები, - "კვირის პალიტრაში" უნდა დაგწეროთ-მეთქი!

- "კვირის პალიტრაში"? რას ამბობ, კაცოო! მაგრამა ჯერ რო ერთი რამ გითხრა, გადასცემ იმ შენს "კვირის პალიტრასა"?

- რატომაც არა!

- ჰოდა, უთხარ, შვილო, რომა ეგ არ მომწონს, რო სოფელში გაზეთი არ შემოდის. ადრე სად იყო ამდენი მანქანა, გაზეთები რო შემოჰქონდათ გლეხობაში, ახლა კი ისეთი რა გაგიხდათ, რო ეგ საქმე ვერ მოგიგვარებიათ, პენსია ხო 140 ლარი მაქვს, მაგრამა რასაც გინდა, მითხარით და იმდენს გადავიხდი, ოღონდ გაზეთი მოგვეცით. მე შვილს ვარ გადაკიდებული, - ისე არ მოგიშვებ შინა, თბილისიდან გაზეთები რო არ ჩამომიტანო-მეთქი.

- გადავცემ, შალვა პაპა, ამდენს კითხულობთ?

- ვკითხულობ, მა რა, საქმეს რო მოვილევ და შინ შემოვალ! აგე, გამოვიღე წიგნები და ფანჯრის რაფაზე დავილაგე. მე კითხვით უფრო ვიგებ ამ წუთისოფლის ამბავს, ვიდრე ტელევიზორითა. სხვა რა უნდა ვქნა მარტოკაცმა, ერთი შვილი ახლო კი მყავ გათხოვილი, ხშირად დამხედავს, მაგრამა ოჯახით ხო არ ჩამოვისახლებ, მეორე კიდევ, თბილისშია, - ცოტა კიდევ მოიცა, მამა, პენსიაზე გავალ და მეც აქ ჩამოვალო. სანამ ეგ ჩამოვა, თავს ხო არ გამოვიყრუებ. თანაც ისედაც არ მეძინება. რაც მძინავს, ეგეც რა ძილია, ხან რა შემოანათებს ჩემს თავშია, ხან რა, და წამომაგდებს. რა ყოფილა კაცის გონება, თურმე ყველაფერი დამიმახსოვრებია, რაც გამომივლია და ახლა  მაღვიძებს!

- იმდენი რამ გექნებათ გამოვლილი...

- რაც წინა საუკუნეში არეულობა იყო, ყველამ ჩემს ზურგზე გადაირა. მაგრამ ყველაზე მძიმე დედის სიკვდილი ყოფილა, ღმერთმა იმდენ ხანს არ მოუკლას დედა არავის, სანამ დედა არ მობეზრდება. ეს კი არასდროს მოუვა თავში გონიერ კაცს... რვა წლის ვიყავი, დედა რომ მომიკვდა. ახლაც რომ დარდი შემომაწვება, იმათში უმთავრესი ის არის, დედის სურათი რად არ დამრჩა, რომ მის სახეს დავხედო და მივეალერსო-მეთქი. არ დამრჩა... რო ამბობენ, ობლის კვერი გვიან გამოცხვაო, ეგ მართალია. კარგა მოზრდილი ვიყავ, რო შევიტყვე, თბილისში მუშათა ფაკულტეტები იხსნებაო. ვენახში ვახლდი მამას. ტლინკები ვყარე, - გამიშვი, უნდა ვისწავლო-მეთქი. გამიშვა. იქედან მერე უნივერსიტეტშიც გამიშვეს, უნივერსიტეტიდან კიდევ, ჩემს ძველ ანაგაში - მთავარ უნივერსიტეტში! არავის გაუკვირდეს ესა, - რაც კაცი ვიყავ და ცხოვრების კანონები ვისწავლე, სულ ჩემი სოფლის დამსახურებითა, უკეთესად ვერავინ მასწავლიდა. ჩამოველ, დამნიშნეს სკოლის დირექტორად.  აქ გავატარე სიცოცხლე, აქ დავიმარხები კიდეცა.

- სულ სკოლაში მუშაობდით?

- სოფელს სადაც დავჭირდებოდი, იქ გავჩნდებოდი, ხან შირაქში ვიყავი, ხან ალაზანზედ, თუმცა ფიქრი მაინც სკოლისკენ მქონდა, - ეგ წმინდა ადგილია, ახლა კიდევ რა სამარცხვინოდ გაანებეს სკოლებს თავი, აღარც ზემოდან თხოვენ ბალღებს არაფერს, აღარც თვითონ იკლავენ სწავლით თავს.  ეხლა ამაზედ ბევრ ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ. ისე, ერთხანს ცხვარშიც ვიყავ. აი, ხო ამბობენ, ცხვარში ყოფნა ძნელიაო, მაგრამ იმაზე კარგი რაღაა, ბატკანს რო ხელში აიყვან და უალერსებ. სიყვარულის გარეშე გაკეთებულ საქმე ფუყეა. კოლექტივის თავმჯდომარედაც გამიშვეს. ერთი ახირება ავხირდი, - მე ეგ საქმე არ ვიცი-მეთქი! მაგრამა, ვინ დაგიჯერა. მერე ისე წავიდა საქმე, სოფელი აქეთ მიხდიდა მადლობასა.

- როგორ?

- მაგასაც ხო ვიტყვი და ზედაც ჩემს გულისტკივილსაც. თავმჯდომარედ რომ დამნიშნეს, დავუძახე ჭკუამოსაკითხ ხალხსა, ავედით მაღლობზე და იქედან ვუყურებდით, - აბა, სადმე თუ ქვა-ღორღიანი მიწა გვაქვს დაუმუშავებლად გაშვებული, რომ ისიც მოვხნათ და დავთესოთო. ახლა ეშველება კი ჩვენ ამდენ უპატრონოდ გაშვებულ, გატიალებულ მიწასა?! ვფიქრობ და საშველს ვერა ვპოულობ. ამ საქმეს ხომ ჭკვიანი ხალხი უნდა დაუნიშნო ხელმძღვანელადა, იმათ კი ვერა ვხედავ. ხალხს ვენახი აღარ აქვს სოფელში. ამ ხნის კაცი ბირჟაზე რო დავინახავ ვაჟკაცსა, პირში შევებმები, - არა გრცხვენია, შენ აქ დგახარ და შენი ვენახი კი გატიალებულია-მეთქი! მერე ვფიქრობ, -  ახალგაზრდები არიან, ჩაცმა უნდათ, დახურვა, გოგოებთან გავლა... რომ იშრომეს და ვერაფერი იშოვეს, აუცრუვდათ შრომაზე გული და მგონი, ზოგი ისე წახდა, ახლა ვაზი კი არა, აღარც აღარაფერი უნდა...

- თქვენ მუქთახორებზე ხართ ძალიან გაბრაზებული, თორემ მე ხომ დავინახე, რომ თქვენს სოფელში ვაზიც უდგათ და ხეხილიც აქვთ.

- მე ეგ კი არ მითქვამს, რომ ყველა ასეა. ღმერთი ასე თუ გაწირავს კახეთსა, რო ღვინო აღარ იწურებოდეს, მთელი საქართველოც ხო გაიწირება. მარა მე მინდა, რომ მუქთახორობასა და სამშობლოს მიტოვებას მიზეზი აღარ ჰქონდეს! ამ მიზეზებით არის სწორედ, რომ ვინც უნდა მოხნას და დათესოს, იმის ნახევარზე მეტი უცხოეთშია გაკრეფილი. მაგრამა არ ვამართლებ. კაცმა კი არა, ფრინველმა იცის თავისი ბუდე. აგე, მე ქათმები ორ ადგილას მყავს დაბინავებული. ამ ზამთარს ერთ ბინაში მოვუნდომე შეყვანა, - ერთად მაინც დავუყრი ხორბალს-მეთქი. არა ქნეს, სადაც დაჩვეულები იყვნენ, მაინც იქ დაიბუდეს. რა იქნებოდა, რომ ამ ჩვენმა გაკრეფილმა ქართველობამაც ასე ქნას. ბარემ რასაც იქ ცდილობენ, აქ ეცადონ. ამ მცდელობითა ქვეყანაც ხო ფეხზე დადგება.  აბა, იმას რა სჯობია, შემოდგომაზე რქაწითელი ქვევრში წკრიალით რო ჩადის და იმაი უსმენ. ან მაჭარი რო დუღს ქვევრში და ღამით იმის "ლაპარაკს" უგდებ ყურსა. მერე ხმა რო გაძლიერდება, მიყვები, მიყვები, დაადგები თავზე, დაურევ, ისიც დაგემორჩილება და ცოტა ხნით ჩაწყნარდება ქვევრში. მერე კი ისევ მოგიხმობს. აბა, ამაი სხვაგან სად მოისმენს ქართველობა?

- თქვენ ალბათ ქვევრი ყველა შემოდგომაზე გიხმობთ.

- მა არა? მაგრამ მარტო მოსასმენად კი არა, ცოტ-ცოტასაც გადავკრავ ხოლმე ადრე სოფლის თამადაც მე ვიყავ, ჭირსა და ლხინში მეძახდნენ. კარგი ღვინოც წკრიალით ჩადის ყელში. ეგ ყველას მოსწონს, მაგრამ უშრომელად არ იქნება. მაგისთვინ ჯერ თებერვალ-მარტში სეკატორი უნდა აიღო და ვაზი გასხლა. ეხლა რაღას ვიზამ, საუკუნეზე მივედი და გასხვლაზე  3-4 საათიღა ვმუშაობ, ადრე კიდევა მთელ დღეს ისე გავმწესდებოდი ზვარში, შინ არ შემოვიდოდი. გაუსხლავად როგორ მივუშვებ ვაზსა, ბარდს ზევით გახდება, კრიკინა ვაზივითა! მარტი რო დაბოლოვდება, ჩემი ვენახი უკვე გასხლული მაქ. მერე  უნდა შეყელო, გაფურჩნო... ყველაფერი გლეხის სადარდელია. კაცოო, ამას წინათ ფეჩისთვის სალიარკა დამჭირდა, გავედი და - ლიტრა ორი ლარიო! ჩემი ვენახის მოხვნას კიდევა რამდენი ორი ლარი სჭირდება?! რომ გვეუბნებიან, სალიარკა გაიაფდებაო, როდისღა?! ამეებზე ფიქრს რო დავიწყებ, იქვე იმასაც ვიტყვი, რო საქართველო სხვა დროსაც გამოსულა გაჭირვებიდან და ახლაც გამოვა-მეთქი!

- ბრძანეთ, სოფლის უცვლელი თამადა ვიყავიო, ახალი წელი მოდის და თქვენს სოფელთან ერთად საქართველოც დალოცეთ.

- ეგ შენ რო არ გეთქვა, თავადაც ვიტყოდი და ჰა:

ნახნავ-ნათესი გაუმრავლდეს ჩვენს საქართველოს, ცხვარ-ძროხა, ნადირ-ფრინველი, თავისი შვილები მოეკრიბოს, თავისი წილი ცა დაეხუროს და თავისი მიწა-წყალი დაებრუნებონოს, მტერზე გამმარჯვებელი ამის პატრონი ყმაწვილები გაემრავლებინოს და გამარჯვებულს ევლოს თავის მომავალში!

თქვენც გაგიმარჯოთ!..