ცინცხალი ტყუილი პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

ცინცხალი ტყუილი პრეზიდენტს

...და თიხაწაღებული სოფელი

ოზურგეთში ისეთ მძღოლს თუ იპოვით, მდინარე ბახვის დანგრეული ხიდი გადაგატაროთ და დახრამული გზებით მთისპირში აგიყვანოთ, არც თქვენ ინანებთ, არც ის, ზღაპარში აღმოჩნდებით. მთისპირი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია გურიაში და... ყველაზე ლამაზიც. საღამოობით, თითქოს ჯადოქარმა ჯოხი აიქნიაო, ჰორიზონტზე მოლაპლაპე ზღვა გამოჩნდება, დილაობით კი ბახმაროს მთებში შეჭედილი თამარის ციხე! - ვინ იყო მაინც ასეთი, იქაც კი აშენებდა, სადაც მარტო ანგელოზს თუ შეეძლო ფეხის დადგმა!..

აქაურობას მართლაც მფარველობს უფალი, თორემ სხვა რა ძალა გააჩერებდა ამ მიუსაფრეთში ხალხს. ისე, მთის კაცმა თავისი სააკვნის სხვანაირი სიყვარული იცის, - მთისპირელი, სადაც უნდა შეგეყაროს, წავა-წამოვა და აუცილებლად თავის სოფელზე დაგიწყებს ლაპარაკს. ერთხელ, დედაქალაქშიც შემომჩივლა თინათინ წყავზარაძემ, - ჩემი სოფლის შესახებ დაწერეო. გაბრაზებული იყო - მეზობელი სოფლის, ასკანის სახელი დაარქვეს ცნობილ მთისპირის ცისფერ თიხას (ასკანიტი) და ასევე ცნობილ ღვინოსო.

მოკლედ, თინა წყავზარაძეს, როგორც იქნა, თხოვნა შევუსრულე და მთისპირში ავაღწიე, ხეზე გასულ ჩხავერთან მიმიყვანა, - მამაჩემი დავითი აქედან წურავდა შუა დეკემბერში იმ "ცივ" ღვინოს, ახლა "ასკანა" რომ დაარქვეს და ევროპელები გიჟდებიანო.

მართალს ამბობდა, - სხვა გურულებისგანაც ბევრჯერ გამიგონია, - კაი ღვინო თუ გინდა, ბიძია, მაშვინ მთისპირში უნდა მოიკითხოო.  მაგრამ კაცმა რომ თქვას, მთისპირელები მართლა ასკანლებს კი არ ემდურიან, საჩივლელი სხვა რამ აქვთ: რაც ამ უძვირფასესმა თიხამ მთისპირს უქნა, მტერსაც არ ვუსურვებთ, - გამდიდრების მაგიერ ამ ულამაზეს სოფელს ხევებში მიაქანებს და ანგრევს. უფრო სწორად, თიხა კი არა, ის ხელი, რომელიც საყრდენ თიხას სოფელს აცლის, სოფლისთვის კი გვერდზე ჩხირის გადაწევაც არ უნდა. მთისპირის ცისფერი თიხით (რომლისგანაც ბევრი რამ მზადდება - პარფიუმერია, ფაიფური, მანქანის ნაწილებიც) ერთი სოფლის კი არა, მთელი გურიის აშენება შეიძლებოდა. მისმა ახლანდელმა მომპოვებელმა ბერძენმა ინვესტორმა  კი საბერძნეთის სანახავად წაყვანილ მთისპირელებს ასკანიტისგან დამზადებული თითო ფინჯანი გამოატანა და ეგ იყო. ახლა ამ ფიმჯანს ხან იქით ატრიალებს მაია ვაშალომიძე, ხან აქეთ და აღარ იცის, რა უყოს.

- ჭკვაზე გადაქანებული ჩამოვიდა ჩემი ქმარი - ჩვენ არაფერი გვაქ და  გადამთიელს რაიზა უნდა ვატანდეთო, მარა ჩვენ ვინ გვკითხავს რამეს. ახლა კრიზისიაო და ხელფასსაც არ იძლევიან. ადრე 150 ლარს გვიხდიდნენ, ბოლოს  - ნამეტან დიდი ხელფასებს გავცემთო და უცხო ხალხი დაიქირავეს - იაფი გვიჯდებაო.   თიხისგან ისე გამოგვშიგნეს,  ოჯახებიანად ხრამებში მივცურავთ,  სახლს ვერ ნახავ, ბზარებში ქარი რომ არ უშვლიპინებდეს.

ამ გაცეცხლებულ სიტყვებს ნავთი გზად შემოყრილმა მოხუცმა  დაასხა, - მაგენს, ბიძია,  მთისპირი და მისი გზაი კი არა, ასკანიტი და ბახმაროს ტყეები აინტერესებთ - ამდენი წელია მიშლიგინობს აქედან  მორებით დატვირთული ბელაზები და კაცი არაა ამბის მკითხავი. კარგად იცის მაი ამბავი ჩვენმა ხელისუფლებამ - მაგენს ქვაში არაფერი დეემალებათ და აი, არ იციან, ასკანიტი და ბახმაროს ტყეები რომ გააქვენ მთისპირიდან? ე, დააყურე, ახლაც მოდის ხეებით დატენილი მანქანა...

- კი, დავაყურებ და სურათსაც გადავუღებ.

- არ ქნა, ბიძია, მაი, ერთმა ბიჭმა მეინდომა მაგი, მარა, დეინახენ შოფრებმა და დოუჟეჟენ ცხვირ-პირი.

- ვცდი, ბიძია, ხომ იცით, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს.

და... ხეებს მოფარებული ვიღებ!

გადაიღე ბიძიაო? უხარია მოხუცს. ბრძოლას რომ აზრი აქვს, ისიც ადასტურებს, რომ ამ ბრძოლაში მთისპირელ ეთერ მახარაძეს პრეზიდენტის კოცნა მაინც შერჩა, როცა გურიის ცენტრალურ ტრასაზე წყალდიდობითა და მეწყრით დაზარალებული გურულების მოსანახულებლად ჩასულ პრეზიდენტს დახვდა.

-  გულში კი ვფიქრობდი, იმასთან ვინ მიმიშვებს-მეთქი, მარა იმ გასახარებელმა თავად გამეიწია ჩემკენ. ხოდა, ვყავარ ასე ჩახუტებული  და  ეკითხება გურიის გუბერნატორს, ცინცაძე იყო მაშვინ - რას შვრებით, დაზარალებულ ხალხს ხო ეხმარებითო. ისიც კნუტივით მიაშტერდა თვალებში - კი ბატონო, კომპენსაციაც მივეციო. იმფერი  ცინცხალი ტყუილი უთხრა, რომ დემეშტიმა თვალები, სანამ გუბერნატორი არ ვნახე, ჭკვაზე ვერ მოვედი. - პირში გიყურებდი, პრეზიდენტისთვის გლახა არაფერი-გეთქვაო,  - საწყალი კაცივით მითხრა. - ნენა, მაშვინ ნურც თქვენ დაგვღუპავთ. ხალხს  კომპენსაციაც მიეცით და გზაიც გაგვიკეთეთ, რომ სოფელი არ დეიცალოს-მეთქი. მარტო იმას რაი ვუყო, სახლი  რომ დაღმართზე დამიქანდა. 100 წლის დედამთილი მყავს, კაკალა და კითხე, ჭიშკართან თუ მივა აწი.

- კაკალა ბებო, მართლა 100 წლის ბრძანდებით?

- კი, ნენა, მარა პასპორტში 100 წელი კი არა, 96 მიწერია. ჩემ ქმარზე 4 წლით უფროსი ვიყავი და იმან ჩამომაკლო. არ გამოდიოდა სხვაფრად.

- ახლანდელი ცხოვრება მოგწონთ?

- რეიზა არ უნდა მომეწონოს, ნენა, შვილიშვილი მყავს თბილისში და მობილურზე რომ დამირეკავს, ასე მგონია, ა, აგერ მყავს შვაცეცხლთან.

- მობილურზეც ლაპარაკობთ?!

- კი, ნენა. მესიჯია თუ რაცხაა, არ ვიცი, მარა მაგფერ წერილებს ჩვენც ვწერდით. ჩემი ქმარი სოფელში რომ გვესტუმრა - გოგოები გადირიენ - რაფერი კაი ბიჭი მევიდაო. გევიხედე და მე არ მევეწონე! მერე იი რომ დამიტიებდა ჩაის ბუჩქებში წერილს, მე ამევიღებდი და ჩემსას ჩოვუდებდი. ამფერია აი მესიჯიც.

- დღესაც ასეთი ყოჩაღი ხართ?

- აბა! თუ მომიტანენ, სიმინდსაც გავარჩევ და ლობიოსაც, პაწა-პაწა შეშას დავჩეხავ და... კიდო ყავასაც დავლევ! შრომითაა, ნენა, სიცოცხლე და სოფელი. - მომადევნა სიტყვა კაკალა ბებომ და მთისპირის უგზოო გზა სულ იმედით ჩამომარბენინა. სოფლის ბოლოს ომარ მახარაძე დამხვდა - გაუქმებულ მაღაზიაში ჩაის მიკროფაბრიკა მოუწყვია. მთისპირელი ბავშვებისთვის დაუძახნია, - ჩაი მომიკრიფეთ, აჰა, ფულიო. იმათ კიდევ, გატყიურებული ჩაიდან ნახევარი შამბი მოუკრეფიათ. ბატონ ომარს კი გადაუყრია, - მერე, თქვენ რა ხეირი-მეთქი? რა და, როცა კარგ ჩაის გავაშენებ, ბაღნებს შრომა არ დაეზარებათო.

შენ გაგიმარჯოს-მეთქი, ვუთხარი ბატონ ომარს და თამარის ციხეს ისევ ავაყოლე თვალი, - რა იქნება, ღმერთო, ერთი თამარი კიდევ მოგვეცი, რომ ამ გულანთებულ ქართველებს ეს დანგრეული ქვეყანა როგორმე აგვაშენებინოს!