თავისუფალი სიტყვის ჟურნალისტს ემუქრებიან - კვირის პალიტრა

თავისუფალი სიტყვის ჟურნალისტს ემუქრებიან

გაზეთ "თავისუფალი სიტყვის"

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2009 წლის 15 ოქტომბერს, 21 საათისთვის, ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის, პაატა ლაგვილავას პირად მობილურ ტელეფონზე უცნობმა პიროვნებამ დაფარული ნომრიდან დაახლოებით 10-ჯერ დარეკა. ერთ-ერთი დარეკვის შემდეგ უცნობმა ჟურნალისტს მუქარის ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა და ასევე უთხრა "... შენ რეებს წერ, ბიჭო, იცოდე ვისზე წერ, თორემ"...'' ჟურნალისტმა ტელეფონის ჩამწერი ჩართო, მაგრამ ამ დროს უცნობმა ტელეფონი გათიშა.

უცნობი პირის მიმართვები აშკარად მუქარის შემცველი იყო, შინაარსიდან იკვეთება, რომ უცნობი ითხოვდა პაატა ლაგვილავას შეეწყვიტა სტატიების წერა.

პაატა ლაგვილავას მწვავე სტატიები აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა თანამდებობის პირზე. სატელეფონო ზარი განხორციელდა ზუსტად იმ დღეს, როცა გაზეთის ახალი ნომერი გამოვიდა. ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას ჟურნალისტი ზუგდიდში გამართულ ბუბა კიკაბიძის კონცერტისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას სთხოვდა. ამის თაობაზე მას განცხადება გამგეობაში 11 დღით ადრე ჰქონდა შეტანილი. გამგებელმა ჟურნალისტს პასუხად უთხრა: -  რაში გაინტერესებს რამდენი დაიხარჯა, ჯიბეში ხომ არ წამიღია, რას დაეძებ, რა გინდა გამაგებინეო! მას შემდეგ, რაც პაატა ლაგვილავამ მას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლება შეახსენა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა, გამგებელმა უპასუხა: "არ მაინტერესებს, კოდექსებით ნუ მელაპარაკები!" და ტელეფონი გაუთიშა. მუქარის ზარი სწორედ ამ ფაქტის გაშუქების მერე განხორციელდა.

მომხდარი ფაქტი არა მხოლოდ პაატა ლაგვილავაზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ გაზეთის ჟურნალისტებს გაგვიჩნდა შიში იმისა, რომ თუკი გავაგრძელებთ ჟურნალისტურ საქმიანობას, უკანონო გზებით მოახდენენ ჩვენი უფლებების შეზღუდვას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს წინასწარი გამოძიება. მივმართავთ ასევე სახალხო დამცველს და ყველა უფლებათადამცველ ორგანიზაციას და ვითხოვთ შესაბამის რეაგირებას.

"თავისუფალი სიტყვის" რედაქცია