ქიტესო მოვიდა, ბიჭებო!
30-11-2009
"ჩვენცა გვყავს კაი ბიჭები, ხმალივით ამოღებული!"

ჩემს დიდ პაპაზე, ქიტესო მეხრიშვილზე დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, მაგრამ რატომღაც მეკრძალებოდა, თუმცა ისიც გულზე ღარღლად მეწვა, რომ წლები გადიოდა და მასზე კალამს არ ვხარჯავდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოსარიდი რაღა არის, როცა მის ვაჟკაცობაზე მთელი სოფელი დღემდე ლეგენდებს ჰყვება.
ქიტა პაპა მთელი სოფლის თვალი და იმედი იყო, სამართლიანი, ავკარგიანი, უსამართლობასთან ჯიბრში ჩამდგარი. მეცხვარე კაცი, სოფლისთვის კი მფარველობის მეტი არა გაუკეთებია რა. მისი შიშით მტრად
შემოსვლას ვერავინ ბედავდა სოფელ ოზაანსა და მის მიდამოებში.
განიერი მხარბეჭი ჰქონდა და მისი გულმკერდი სიპ ქვას წააგავდაო, - ბევრჯერ უთქვამთ სოფლის მოხუცებს. ის რომ ჩოხა-ახალუხს ჩაიცვამ
და, თვალი მომცა და მაყურებინაო, ამასაც ამბობდნენ. თავის ბედაურს რომ სოფელში შემოაჭენებდა, - ქიტესო მოვიდა, ბიჭებოო! - ხალხი ფეხზე დგებოდა და ისე ესალმებოდა. მისი დანახვა დიდსა და პატარას უხაროდა - ახლა აღარ შეგვეშინდება, ქიტა სოფელში იქნება ამაღამო. სოფლის სიმართლის გამკითხავი, ყველას მრჩეველი და მშველელიც ის იყო -  ყველაფერთან ერთად,  ხირიმის ტყვიასავით სწრაფი და კაჟივით მაგარი . ყველაფერს ასწრებდა, საქმეს არასდროს ღალატობდა... ღრმად მოხუცებულს ცეკას მდივნებიც კი პატივით იღებდნენ თურმე, მათთან ურიგოდ შედიოდა, ქამარ-ხანჯლითა და იარაღით აღკაზმულიო.
სამი შვილის პატრონს ცოლიც არანაკლებ "ოხერი" ჰყოლია. ერთხელ, ღამით, თათრები დასხმიან თავს, ქიტა შინ არ არის და ოჯახს ავუწიოკებთო, - უფიქრიათ. ცხენის ფლოქვის ხმაზე მაროს მათი მოსვლა გაუგია. მიუყრია ბავშვები  და თოფით ისეთი სროლა აუტეხავს მტრებისთვის, რომ თავპირისმტვრევით გაქცეულან, - ქიტესო სახლში ყოფილაო, უკან გაბრუნებულა მომხდური.   
მთაში იმაზეც ლაპარაკობდნენ, თითქის ქიზიყში ჩამოსული რუსი გენერალი კურიშკო, კომუნისტების დამქაში, ამაღლების ტყეში ქიტამ მიზანში ამოიღო და ერთი სროლით თანმხლები ჯარის თვალწინ გააგორაო. მიზეზი ის გახლდათ, რომ პაპა რუსების პარპაშს ვერ იტანდა. ამ ამბავს სოფლის რამდენიმე მკვიდრი კი შესწრებია, მაგრამ ქიტა ყველას ისე უყვარდა, არავინ გასცა. ვერც დიდი ძიების შემდეგ გაიგეს, ვინ მოკლა კურიშკო.
ქიტესო პაპასგან ხმალი შემოგვრჩა, - დღევანდელი ვაჟკაცები დიდხანს წვალობენ, ერთი ხელის გაშლით მთლიანად რომ ამოაძრონ ქარქაშიდან, მაგრამ ამაოდ.
სოფელმა დიდი სიყვარულის ნიშნად ლექსიც კი დაწერა:
არ გეგონოთ ოზაანი,
ოხერი, წყალწაღებული,
ჩვენცა გვყავს კაი ბიჭები,
ხმალივით ამოღებული!
ეს მეხრიშვილი ქიტესო,
ორღია გაქანებული,
ლაფში ფლობს მაჭარაშვილსა,
ხანდახან შეჯიბრებული.
ერთ თათარსა ასირანსა,
აუძაღლა თავის სული,
მოპარვა მოიწადინა,
არ ასვენებს თავის რჯული.
იმ დროს დაჰპარეს ხარები,
ქიტაა ქალაქს წასული,
ეს რომ ქიტესომ გაიგო,
შეიქნა შეცოფებული.
კოჭლმა ლევანმა სიტყვა თქვა,
თვითონვე ჩაიკაკანა,
ქიტამ დაჰკივლა -
მომგვარეთ ჩემი კაკალა.
ზედ უნაგირი დაადგა,
აღვირი ამოატარა,
თან შეჯდა ბიჭი ქიტესო,
ქურანმა ჩაიკაკანა.
წყალი დალია კამკამა,
ოსმალოს გრანიცაზედა,
გზა არის გადადებული
იქ არის ქიტესოს ბინა,
ქვიტკირით აშენებული.
ჩაი, შაქარი, მზად არის,
პრიბორი გაჩაღებული,
ქიტამ ჩაყარა პატრონა,
დაჰკივლა "იახიმ-გელდი!"
შუაღამემდე სროლაა,
ალი ღამეს სტეხს მთვარიანს,
თათრები ეხვეწებიან, - ალაჰ!
ჯერ მზესა, მერე მთვარესა!
რას უშინდება ჭაბუკი,
სიპ ქვას გააგავს მკერდი,
თოფს ესვრის, წამოაგორებს,
დაახუჭინებს თვალებსა!

ლალი მეხრიშვილი, კახეთი

lali
20 თებერვალი 2016 05:17
mabloba zviad
zviadi
06 იანვარი 2010 06:18
დიდი მადლობა!
ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!

და მთელ საქართველოს ვუსურვებ პირველ რიგში არ-გადაჯიშებას და ცოტა აზრზე მოსვლას

გაიხაროს და გაუმარჯოს ამ სტატიის ავტორს, ამ ვაჟკაცი კაცის შთამომავალს

რედაქტორის რჩევით