თავისუფლების ქვა, გაიოზ პაპას "ატრაჟატელიანი" ვირი და თუშური მატყლის საიდუმლო - კვირის პალიტრა

თავისუფლების ქვა, გაიოზ პაპას "ატრაჟატელიანი" ვირი და თუშური მატყლის საიდუმლო

"სოფლის თვალში ბეჩავად დადგომას სიკვდილი სჯობია"

"ჭირია თუ ლხინი, თოხლი უნდა დაიკლას. ერთი ღვთისმშობლობაა, როცა ღვთისმშობლის პატივსაცემად თუშეთში დედალი, უშობელი იკურთხება"

ალვანში არ ყოფილხართ? მაშინ, გუდის ყველის ჩათვლით, ძალიანაც ბევრი დაგიკარგავთ! მას ერთადერთს რაღაცნაირად ჩვენი მთისა და მიწის შერეული გემო დაჰკრავს! თუშური ცხვარიც მხოლოდ ქართულია, თავისი პატრონი ხალხივით, კაციშვილმა რომ ვერ გადააჯიშა. ეგეც დროდადრო პატრონივით შეცოტავდებოდა და მერე ისევ მრავლდებოდა.

რეზო ორბეთიშვილი ალვანელია. ალვანში ერთად ვიარეთ - ის რომ ერთ ნაბიჯს გადადგამდა, მე ორით ძლივს ვეწეოდი და ვეხვეწებოდი, - მარტო ვივლი, რასაც მინდა, იმას ვნახავ და რაზეც მინდა, იმაზე დავწერ-მეთქი. მერე ვინ გიშლის, მაგრამ სტუმარს მარტო ვერ გაგიშვებ, თუშებს სირცხვილს ვერ ვაჭმევო! ბოლოს დამიყოლია - "თუში ხარ, მიტომ კარგი ხარ-მეთქი"? კარგები რომ არ ვყოფილიყავით, კახეთის მეფე ლევანი XVI საუკუნეში საზაფხულო საძოვრებად ალვანის ველს ხომ არ გვაჩუქებდაო! მერე, თქვენც ადექით და დედაბუდიანად აქეთ ჩამოსახლდით-მეთქი? ეეო, - ხელს იქნევს, - საქართველოს როდის ედგა კარგი დღე, სამაგიეროდ, მეფე ერეკლე სულ ჩვენი გაჭედილი ხმლებითა და ჩვენთან ერთად იბრძოდაო.

თავს ვუქნევ და ცოტა სევდა მერევა. მაგრამ ის: - კარგი რა, ეგ ხომ ეგრე დაგვიწერა ქართველებს განგებამ, - ვაი თქვენი ბრალი, თუ არ იომებთ და მონები გახდებითო. კისერზე უღელს სიკვდილი არა სჯობია?.. აბა, წამოდი, რა უნდა განახოო და გზის პირას ხავსმოკიდებულ წარწერებიან ქვას მიჩვენებს.

- საფლავის ქვას ჰგავს, გზის პირზე გყავთ ვინმე დაკრძალული?!

- ამას ალვანელები თავისუფლების ქვას ვეძახით. ერთი ვაჟკაცი გვყავდა, ალექსა ჭყოპიშვილი, დიდი ცხვარ-ძროხის პატრონი და ალვანის მოამაგე. ბოლშევიკებმა - ეგ ცხვარ-ძროხა ახლა კოლექტივისააო, გაუღეს ფარეხ-ბოსლები და წაასხეს. ალექსა შინ არ ყოფილა. გზაზე კი თავის საფერხე ცხენზე გადამჯდარი კოლმეურნეობის თავმჯდომარე დაუნახავს და იქვე გასკდომია გული. სოფელმაც იმ ადგილას დადგა ქვა, სადაც ალექსა დავარდა. ანუ იმის ნიშნად, რომ სოფლის თვალში ბეჩავად დარჩომას სიკვდილი სჯობიაო. აი, ეგა ვართ თუშები!  ეგ ბიჭებიც ეგეთები დაგვეზრდებიან, ეგე, სკამზე რომ სხედან, - მეუბნება რეზო და მზის გულზე ჩამომსხდარ ბიჭებს მიჩვენებს. მერე კი,: - წამო გაიოზა პაპას ვესტუმროთო და ვირიანი ეზოსკენ მივყავარ.

რას არ წავყვები! ვირია, მაგრამ რა ვირი, კისერი ყვავილებით აქვს მორთული, გვერდზეც რაღაცა წითელი  ჰკიდია. იქვე "ტაჩკა" დგას. ზედ ბიჭები კრამიტს აწყობენ, პაპა კი ვირს დასტრიალებს.

- კარგი გამარჯობა, გაიოზა პაპა! - დასძახის ჩემი თანამგზავრი.

- გაგიმარჯოს... კაცო, რეზო არა ხარ შენა?!

- მე ვარ, მე!.. საით გაგიწევია მაგ შენი კაპლოთი?! კაცო, ეგ ყვავილები კიდევ ჰო, მაგრამა "ატრაჟატელი" დღისით რაღა საჭიროა, ბარემ დაღამებისას გაგეკეთებინა!

- ეკეთოს, რა, გვარსა მთხოვს თუ სახელს? - გაიოზა პაპა  კაპლოს კისერზე უსვამს ხელს, - ეს "ატრაჟატელი" რო არა მქონდეს, რა ვიცი, ღამით ვინ გადარეული დამეჯახება, ღამე შუქს ირეკლავს და შინ მშვიდობით ვბრუნდებით.

- აბა, თქვენი კაპლო ყოფილა, თუ ყოფილა, თუ ღამითაც მუშაობს?

- რატო დილამდისაც არა! ეგა ჩემი ოჯახის მთავარი გამწევია. მარჩენალი კიდევ ცხვარია ათადან და ბაბადან. მაგას თუში ვერ შეელევა, ჭურჭელი სად იყო შექმნილი, თუშმა რო ხის კასრი გამოთალა და შიგ ცხვარი მოწველა, - მეც მაგ ხის კასრში ვწველიდი ჯეილობაში, უკანა ფეხებიდან მივუდგამდი. შვილიშვილებსაც ეგრე ვასწავლე წველა, - აბა, უჩვენე, შვილო, როგორა! - გაიოზა პაპამ შვილიშვილს ხელის უქნევს. ისიც ხის კასრს ფეხებთან იგდებს...

ცოტა ხანში გზაზე ფარაც გამოჩნდება. - ჩვენს ცხვარს რომ მატყლი აქვს, მსოფლიოში მაგნაირი არც ერთ ცხვარს არ აქვს! - დაბეჯითებით მიხსნის ჩემი თანამგზავრი.

- ქართველებმა სულ ასე ვიცით, ჩვენისთანა არავის არაფერი გააჩნიაო. რა მატყლია მაგისთანა?

- თუშური ცხვრის მატყლს ღრუ აქვს,  ეგ იცი, რას ნიშნავს? - ამ ღრუებში ჰაერი მოძრაობს და რაც უნდა გეცვას თუშური მატყლისა, არ გაოფლიანდები, ეგრე არ არის, გოგია, დამიდასტურე! - სთხოვს ის მეცხვარეს. ისიც - ეგ ხო ეგრეა, მაგრამ ჩაქაფული და ხინკალი რატომ გავიწყდებაო.

- ქეიფებისთვის უფრო რომელი ცხვარი გეყიდებათ?

- თოხლი! ჭირია თუ ლხინი, თოხლი უნდა დაიკლას. ერთი ღვთისმშობლობაა, როცა ღვთისმშობლის პატივსაცემად თუშეთში დედალი, უშობელი იკურთხება.

- არაყს როდისთვისღა "აკურთხებთ"?

- როცა ქეიფის გუნებაზე ვართ. მაგრამა ალვანში მარტო არაყი კი არა, ვაზიცა გვაქვს, ტალავერი! კარგი ღვინოც მოგვდის. ალაზანგაღმა ღვინოებს კი ვერ შეედრება, მაგრამ არც ჩვენია ურგები, - მეუბნებიან დანარჩენი თუშები.

- კიდევ კარგი, მაგას მაინც ამბობთ, ისე სულ იმას გაიძახით, "თუში ვარ, მიტომ კარგი ვარ, მაინც ვჯობივარ კახსაო"!

- აბა, კარგები არა ვართ? - ეღიმებათ იმათ და ერთ წვიმისაგან აბუჟბუჟებულ ეზოში ხეს ჩაფრენილ ბაბოსა და შვილიშვილს მაჩვენებენ, - ვერ უყურებ, როგო არ ეშვებიან იმ ბროწეულსა. კი არა სჭრიან, ფესვიანად ამოღება და გადარგვა უნდათ, რო ისევ დაისხასო!

...მართლაც ისეთი კარგი სანახავი არიან, ადრიან გაზაფხულზე საშრომად გამოსული პატარა ბიჭი და მხცოვანი ბაბო, გული არ მიძლებს, რომ არ მივიდე.

- რას აკეთებთ, ხალხო?!

- ეგეთი მყავს ეგ გასაზრდელი, რომ აიჩემებს, მე უნდა ვაკეთოო, ხო ვერ გადაათქმევინებ. რო აღარ დაიღალა დილიდან, - მოფერებასავით უჯავრდება ბიჭს ბებო.

- ეგ, ბაბო, ათი წლის თუ იქნება და არ დაიღლება, შენ კი არ იღლები? - ვეკითხები ალბათ ოთხმოც წელს გადაცილებულ ქალს.

- მე კიდე ამ ბიჭისთვის ვშრომობ და როგორ დავიღალო! - მპასუხობს ისიც.

...ალვანში სხვა ბაბოებიც სულ ასე არიან ეზოებში გამოფენილი შვილებიან-შვილიშვილებიანად.

- აი, ეს ჩემი თამარაც ეზოში დაფუსფუსებს, - ახლა თამარას ეძახის ღობეზე თავგადაყოფილი ჩემი მეგზური, - უნდა გესტუმროთო. თამარაც - ნეტა შენ, რა ღობიდან მაფრთხილებო. ისე, თამარაც კარგი ვინმე ყოფილა, სტუმარმა: -  ქვრივი ხარ, ეგება ვინმე გაგირიგო და წაგიყვანოსო, იმან - რატომაც არა, თანახმა ვარ მაგრამ აგე, რამდენი ხანია ჩემს ქმარს ვეხვეწები და იმას არ მივყავარ. სხვა, აბა, წამიყვანს ვინმეო? და გულიანად იცინის.

ჩვენც ვიცინით. ალვანს მივუყვებით და თუშური სიმღერის ჰანგი მოგვდევს...