"კამეჩები დაფრინავენ"
25-03-2013
"კამეჩები დაფრინავენ"
"ძროხა ნემსი ხომ არ არის, თვალის დახამხამებაში ჯიბეში ჩაიდო?"

"სამეგრელოს რეგიონში გამალებული ქურდობაა. ხალხს ბოსლებიდან, ეზოებიდან ჰპარავენ პირუტყვს, უზარმაზარი კამეჩები თვალის დახამხამებაში ქრებიან. პოლიციას თავის შეწუხება არ უნდა ქურდების დასაჭერად. ამიტომაც ვეჭვობთ, რომ სამართალდამცველები ყაჩაღებთან არიან შეკრული. მოგვხედოს თბილისიდან ვინმემ, თორემ დაგვექცა ოჯახები!" - დაგვირეკეს სენაკიდან და ჩვენც სამეგრელოს ვესტუმრეთ.


ადგილზე ჩასულს, გლეხების ორი კატეგორია დამხვდა. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ პირუტყვის ქურდობა არჩევნებამდე მძვინვარებდა. მეორენი ამბობდნენ, კრიმინალმა არჩევნების შემდეგ იმატაო.

სორდელ
თამაზ ბჟალავას ოთხი კამეჩი სწორედ არჩევნების დღეს, პირველ ოქტომბერს ღამით ბოსლიდან მოჰპარეს. ამავე სოფლელ, ინვალიდ ნუგზარ ცაგურიას კი 2 ნოემბერს ორი დღე-დღეზე მოსაგები კამეჩი ეზოდან ააცალეს. ალიოშა ბჟალავას თქმით, პირუტყვის ქურდობა 2008 წლის ბოლოს დაიწყო - დღემდე მხოლოდ ერთ სოფელში 250 სულზე მეტი დაიკარგა.

ალიოშა
ბჟალავა:
- 2008 წლის მიწურულს რვა ცხენი მოიპარეს სოფლიდან, მათ შორის ხუთი ჩემი იყო. დილით გაქრნენ ცხენები. დიახ, გაქრნენ. აქვე, ეზოსთან ძოვდნენ, მოვიხედე და აღარც ერთი აღარ იყო. ამდენი ცხენი რომ გააჭენო, ფეხის ხმას ხომ მაინც გაიგებ? მეზობელს 19 სული საქონელი მოჰპარეს. კაცი პოლიციაში განცხადებას რომ შეიტანდა, რამდენიმე დღეში ისევ ჰპარავდნენ საქონელს, თითქოს პოლიცია და ქურდები ერთად დასცინოდნენ. პოლიცია  დაგვცინოდა, საძოვარზე გადენის შემდეგ დაკარგული საქონლის ასავალ-დასავალი ჩვენ როგორ მოვიკითხოთ, თუ გინდა არ დაგეკარგოს, სახლში უნდა გყავდეს ჩაკეტილიო. ხალხმა პოლიციის იმედი დაკარგა და საჩივრებიც აღარ შეჰქონდათ. ჩვენი ძალებითაც ვერაფერს გავხდით.

აგერ, სახლის უკან მყავდა ორი კამეჩი. ეზოში ვმუშაობდი, კამეჩებს გამოვხედე და აღარ იყვნენ. ვერ გამიგია, კვალის დაუტოვებლად როგორ წაიყვანეს. ქურდები, ძირითადად, დეკემბერსა და მარტში აქტიურდებოდნენ, ალბათ, წინასაახალწლოდ და აღდგომის დღესასწაულის მოახლოებისას. ახლა აპრილში ველით მათ გამოჩენას, მაგრამ პოლიცია ფხიზლობს და არა მგონია, ისევ გაბედონ გამოჩენა. საწყალ ჩემს მეზობლებს - ელიავას,  ბესელიას,  ჩიქობავას - რამდენიმე სული საქონელი ერთდროულად მოჰპარეს, მაგრამ ჯერ კაცი არ არის დაკავებული. პოლიციაში ჰყავთ მფარველები, თორემ აქამდე რა უნდოდა მაგ ხალხის დაჭერას? მარტო ის არ არის საქმე, ქურდობა აილაგმოს. უნდა დაიჭირონ დამნაშავეები და ზარალი უნდა აანაზღაურებინონ.

ნუგზარ ცაგურია: - ნოემბერში კამეჩები რომ მოგვპარეს, ჩემმა ცოლმა სენაკის პოლიციაში საჩივარი შეიტანა, დაჰპირდნენ, ახალ წლამდე ვიპოვით დაკარგულ პირუტყვსო, მაგრამ საქმის გამოსაძიებლად არავინ მოსულა. მეუღლეს საქონლის დამახასიათებელი ნიშნები გამოჰკითხეს და ეგ იყო. შემთხვევის ადგილი არ უნდა დაეთვალიერებინათ? ეზოდან წაასხეს კამეჩები. ჩემი საქონელი ვინც წაიყვანა, სავარაუდოდ, ნაქურდალი ცხენებით იყო მოსული, ორი ვეებერთელა კამეჩის ხელში მოგდების შემდეგ ცხენზე შემომჯდარს ეტყობა, მეორე ცხენი ეზედმეტა და ჭალაში დატოვა. დადის დღემდე ის ცხენი მარტო, პატრონი არ ჰყავს. ვერავინ ბედავს მის სახლში მოყვანას, გვეშინია, რომ ნაქურდლის მითვისება დაგვბრალდება. ვინ იცის, საიდან მოჰყავდა იმ ღვთის პირიდან გადავარდნილს. ასე უპატრონოდ მოლაყუნეს კი მგელი შეჭამს ალბათ.

როგორც გაირკვა, სამეგრელოს რეგიონში პირუტყვის ძარცვის გამო გართულებული კრიმინოგენული სიტუაციის დასარეგულირებლად შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ღონისძიებების ჩატარება ბრძანა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარ სამმართველოს საქმის განსაკუთრებული კონტროლი დაავალა. გამოძიების კონტროლი დაევალა აბაშის სამმართველოს უფროს გურამ ჭანტურიასაც. 

- მხოლოდ ქურდები კი არა, რეალიზატორებიც მონაწილეობენ ამ ძარცვაში. მათი იმედი აქვს ქურდს და იმიტომ იპარავს. ამიტომაც დავიბარეთ და გავაფრთხილეთ, რომ საბუთების გარეშე შეძენილი საქონელი ჩამოერთმევათ და დაიწყება მოკვლევა. თუ რეალიზატორი იტყვის, პირუტყვი გლეხისგან ვიყიდეო, გლეხსაც და მასაც საბუთი უნდა ჰქონდეთ. სხვანაირად კონტროლი არ გამოვა.  
წინა ხელისუფლების პირობებში პოლიციას საქონლის ქურდობა არ ანაღვლებდა, ამიტომაც ხალხს მიაჩნდა, რომ დამნაშავეებთან იყვნენ შეკრული. მეც მომპარეს საქონელი, მაგრამ არც ის ფაქტი გახსნილა და არც სხვა გამოუძიებიათ. ოთხი წლის განმავლობაში ერთი ძროხის ქურდი არ არის დაკავებული, არადა, ძროხა ნემსი ხომ არ არის, ჯიბეში ჩაიდო. მხოლოდ აბაშის რაიონში 2012 წლის იანვრიდან ნოემბრამდე 23 ფაქტია რეგისტრირებული. ერთ საქმეში შესაძლოა იყოს ორი ან მეტი საქონელი. საჩივრების მიხედვით ას სულამდეა დაკარგული. ამას დაუმატეთ ფაქტები, რომელთა შესახებ პოლიციისადმი უნდობლობის გამო არ განაცხადეს გლეხებმა.

- თქვენ დაიჭირეთ ქურდები?
- ორი ქურდი დავიჭირეთ, ერთს უკვე დაკლული ცხენი ბათუმში მიჰქონდა სარეალიზაციოდ, მეორეს ცოცხალი აღმოვუჩინეთ. ბათუმის სამმართველომაც დაიჭირა ყოფილი პატიმარი, ძროხის ქურდი, გვარად დანელია, რომელმაც უშობელი მოჰპარა გლეხს. საქონლის ქურდებს ასეთი სქემა აქვთ: ერთდროულად მოქმედებენ სხვადასხვა რეგიონში და მერე ნაქურდალს ცვლიან, რომ სამეგრელოში იმერლის ან გურულის პირუტყვი ვერ იცნონ... ამიტომაც ჯერ ვერ დავადგინეთ, ქურდის დაკავებისას ჩამორთმეული ცხენი ვის ეკუთვნის. სანამ პატრონს მივაკვლევთ, იპოდრომს მივაბარეთ აბაშაში.

p.s. სენაკში ისიც თქვეს, "ნაციონალები" გაძარცულ გლეხებს სთავაზობენ, მოპარულ და დაკლულ საქონელს ვერ დაიბრუნებთ, ჩვენ კი ფულს მოგცემთ და თქვით, რომ კრიმინალმა არჩევნების შემდეგ იმატაო. თუმცა ასეა თუ ისე, გლეხს თავის ავლადიდება ურჩევნია პოლიტიკას და დროა, პოლიციამ ხელი გამოიღოს.
zezva
03 ივნისი 2013 15:32
ლეკები არიან და ლეკიანობაა საქართველოში, ხვალ მონათა ბაზარი რომ გაიხსნას იგივე ადამიანები მეზობლებსაც მოიპარავენ და გაყიდიან; ეგენი როგორც ტყეში მგელია გასანადგურებელი ისე უნდა დაისაჯონ და მოკვეთონ საზოგადოებისგან; მაგრამ პარლამენტი,სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, კანონი ტყეში მგელს იცავს და სოფლად საქონლის ქურდებს; გლეხს კი ზარალს არვინ უნაზღაურებს!!! ფულს პოლიცია იყოფს ბოლოს; ადრეც ესე იყო და ეხლაც ეგრეა; ორგანიზებული დანაშაულია პოლიციელების ხელშეწყობით
9giorgi
31 მარტი 2013 04:27
ვაი იმათი ტყავის ბრალი ვინც ამის უკან დგანან, გაგიქრებათ ხითხითის ხალისი.

და ეს zotne კიდე.. ჭკვიანად იყავი თორე "სიცრუეს" ნახავ როგორია
დუდუ
30 მარტი 2013 13:34
ცოტნე მაინც არ გერქვას და უკაცრავდ პასუხია, ერთი, ხელი მოისვი, რამეს იპოვი.
რაებსაა რო ბჟუტურებ, შე უწიგნურო?

რედაქტორის რჩევით