გადახრიოკებულ დიცს ინდოელები დაეპატრონენ - კვირის პალიტრა

გადახრიოკებულ დიცს ინდოელები დაეპატრონენ

"ქართული ოცნება" დაგვპირდა, წყალს მოგცემთო და სად არის?"!

"ქართველ გლეხს გული რომ გაუტყდა, იმიტომ გადაჯიშდა"

"ახლა ჩვენს სოფელში ბავშვს რომ შეეკითხო, ვინ გინდა გამოხვიდეო, გეტყვის, პენსიონერიო"

სოფელ დიცისაკენ მიმავალი იმდენჯერ დავეწიე ტრაქტორებს, რომ თავი ვერ შევიკავე და გვერდით მჯდომ გლეხს გადავულაპარაკე, - რა ბედნიერებაა, რომ მიწა ვაუჩერებით იხვნება, გლეხი ახლა მაინც ამოისუნთქებს-მეთქი, მან კი დუმილით მიპასუხა. ეს ჯერ მისი უხასიათობით ავხსენი, მერე იმით, რომ ამ სოფლის მიწები ინდოელებზე გაიყიდა და ხალხი აღშფოთებულია. სოფლის ცენტრში კი სკოლიდან მომავალ პატარა ბიჭებს წავაწყდი, დაჟანგულ კომბაინზე რომ შემოსკუპებულიყვნენ. ინდოელებისთვის მიყიდული მიწების მისამართი რომ ვკითხე, მიპასუხეს, - რომელი ინდოელების შავები და წვერიანები რომ არიან და თეთრი შარვლები  აცვიათ, ის ხალხი თუ გაინტერესებთ,  მაგ ადგილებამდე ბევრი უნდა იაროთო.

ამ გზაზე მიმავალი კი ხალხს შევხვდი. გურამ დუღაძემ, - გაგიჭირდება ამ სიცხეში ფეხით სიარული, ერთი თვეა, წვიმა არ მოსულა, მიწა ქვიშად არის ქცეული და თვალებს ამოგივსებსო, მაგრამ თვითონაც გამომყვა. მოდიოდა და ოხრავდა, - აგვისტოს ომის შემდეგ, რაც ოსებმა სარწყავი წყალი გადაგვიკეტეს, საზღვრისპირა სოფლებს წვეთი წყალი არ გვინახავს, ხრიოკად იქცა აქაურობაო. მერე ოსების მხარეს სოფელი ფრისი დამანახა, - ქართველებიც არიან იქ დარჩენილები, თავიანთი მიწა ვერ დათმესო. ამასობაში ინდოელების ნაყიდ მიწებსაც მივადექით, - 80 ჰექტარზე გადაჭიმული ტრამალიც ქარს გამოეშრო. გურამ დუღაძე ხნულში გადავიდა, ხელში მიწა აიღო და გამწარებულმა ჩაილაპარაკა, - ხომ გამომშრალია, მაგრამ უყურე, რა შავი და ნაყოფიერი მიწაა, რაც ოსებს გადაურჩა, ახლა ჩვენებმა ინდოელებს მიჰყიდეს, მაგრამ როგორც ოსებთან ომისას არ დავტოვე სოფელი, არც ახლა ვარ ამ მიწის მიმტოვებელი, ეს ადგილები ჩვენი სისხლით არის შენარჩუნებულიო!

მერე ლაპარაკში რამაზ საურიც ჩაგვერთო: - მოვკვდებით და ამ მიწებს არ დავთმობთ. თავად ვიყავი კომისიაში როცა ეს მიწები მთავრობამ სოფელს მოგვცა, - თითო ოჯახს 1,25 ჰექტარი მოგვაკუთვნა, მაგრამ ჩვენ თითო ჰექტარი ავიღეთ და 25 მეასედი სარეზერვოდ დავიტოვეთ. დიდი სოფელი ვართ, - 440 კომლი. ვიფიქრეთ, მოდი, ეგ მიწები ასე რეზერვად გვქონდეს, საძოვრებად გამოვიყენებთ, ამასობაში ჩვენი შვილებიც გამრავლდებიან და ისინი დასახლდებიანო. შვილებისთვის მთელმა სოფელმა დავიკელით და ახლა ვიღაცა ინდოელებს არ დაუთმეს?! მწყემსებს რომ არ დაენახათ, როგორ დააყენეს აქ ჩალმიანმა კაცებმა ვაშლის ჩასაყრელი ორმოების სათხრელად მუშები, თანაც აქაურები კი არა, დასავლეთ საქართველოდან ჩამოყვანილები, ამასაც ვერ გავიგებდით. ორასი კაცი ნახევარ საათში აქ გავჩნდით, გამოვართვით მუშებს ბარები და ხუთ წუთში გადავუფარეთ ეს ორმოები... ახლა

ქვეყანას შევძრავთ და ამ მიწებს კანონით დავიბრუნებთ.

- ამბობენ, ეს ადგილები ისეთმა ხალხმა იყიდა, რომელიც მიწას დაუმუშავებელს არ ტოვებს. ჩვენში კი თავადაც ხშირად მინახავს გახურებული ხვნა-თესვისას კამათლებით მოთამაშე გლეხები.

- კაცი გულითაა და გული რომ გაუტყდება, თავადაც ტყდება - ჩვენმა გლეხმა ერთ წელიწადს რომ მოიყვანა მოსავალი და ვერ გაყიდა, მეორე წელიწადს რომ მოიყვანა და ისიც ვერ გაყიდა, მესამე წელიწადს მიწას რითღა დაამუშავებდა? გაუტყდა გული და გადაჯიშდა.

ზარმაციც და მუქთახორაც ბევრია, - ახლა მთავრობამ ვაუჩერებით რომ დაგვიხნა მიწები, ზოგმა მაშინ გაიგო, მიწა რომ აქვს, ახლა ადგება და დახნულს ძვირად გაყიდის.  ჩვენ რომ ვიყვირეთ, მაშინ ამოიღეს სხვებმაც ხმა, - გაყიდული ყოფილა მთელი კახეთის მიწები.

გორის გამგებელიც მობრძანდა და გორის კიდევ ხუთ სოფელში ასეთივე მდგომარეობაა!

- როგორ მოხდა ეს ამბავი ისე, რომ გლეხებმა არაფერი იცოდით?

-  ჩვენ ის ვიცოდით, რომ ეს მიწა იჯარით ქართველ კაცს ჰქონდა. ვინც იყო ვიცნობდით, თითი არ დაუკარებია აქაურობისთვის, მაგრამ ვფიქრობდით, მიწა საბოლოოდ ხომ მაინც ჩვენია, სოფელი წელში გაიმართება და თავად მოვუვლითო. ამასობაში არ დაუყიდიათ?  რანაირად და როგორ, ვის დაეკითხნენ!

2012 წლის ნოემბერში უყიდია ვიღაცას და 2012 წლის დეკემბერში გაუყიდია  ინდოელებზე. მათაც მუშები დაიქირავეს და შეუბერეს...

- ამბობთ, წყალი არ გვაქვს, გადახმა ყველაფერიო, მაშ ინდოელისთვის საიდანღა გაჩნდება, მიწების დამუშავებას აზრი თუ არ ჰქონდა, რატომღა იშრომეს?

- გინდათ თქვათ, ეგენი ყოჩაღები არიან, ჩვენ უხეიროებიო... ფული აყოჩაღებთ. წვეთოვან სარწყავს იყიდიან და ჩვენ რომ არხებს მივტირით, ეგენი, ერთ ჭიქა წყალს ამყოფინებენ თითო ძირი ვაშლის გაზრდას. ამდენი ფული ჩვენ ვინ მოგვცა, - ჭა უნდა გათხარო, თანაც 60 მეტრზე. მერე მოტორით უნდა ამოიღო წყალი და წვეთოვანს მიუერთო. მერე ტრაქტორს დააქვს ეს წვეთოვანი და რწყავს ნარგავებს. ჩვენ კი   უწყლობით ფესვები რომ დაუხმა, ვაშლები ამოვყარეთ. არადა, ჩვენებური ნამყენი ვაშლი რომ გაახარო და დაისხას, თხუთმეტი წელიწადი სჭირდება. ახლა ახალმა მთავრობამ  მიწები დაგვიხნა, მაგრამ შევყურებთ და ვფიქრობთ, თესლი ჩავთესოთ თუ არა, - ოთხი წელიწადია მიწიდან არაფერი ამოგვიღია, არც ხეებიდან ჩამოგვიკრეფია. ხალხმა წინასწარ იცის, რომ არაფერი მოუვა, მაგრამ მაინც არ უძლებს გული და თესავს. უწყლოდ არაფერი ძლებს. ამიტომ ერთადერთი პირუტყვით ვირჩენდით თავს. ინდოელებს რომ მიჰყიდეს, საქონელს იმ მიწებზე ვაძოვებდით და ახლა უნდათ ეგეც ხელიდან გამოგვაცალონ!

იმაზე მაინც რატომ არ იფიქრეს, ზედ საზღვარზე ვართ, რომ მოსწყინდეს ინდოელს ამ მიწის დამუშავება და რუსებს გადააბაროს, რა უნდა ვქნათ!

შენ კიდევა, ზარმაცები ხართო, გვეუბნები, - აგე,  ის ქალები არიან ზარმაცები, თოხებიYთ რომ მოდიან, შარშან რომ გვალვებით ნიორი არ ამოუვიდათ, მიწაში ჩატოვეს, წელს ამოიწვერა და იმას თოხნიან?! - მითხრეს თანამგზავრებმა და ამასობაში ქალებიც მოგვიახლოვდნენ. ერთმა შავი თავსაფრით სახე მოიწმინდა და ინდოელებს დაემუქრა, - სულაც რომ თავი დაიხოცონ, მაგ მიწაზე არ გავახარებთ, აქ ჩემი შვილი და შვილიშვილი უნდა გამრავლდესო! მერე მძინარაშვილებთანაც შევიარეთ.

იქ პატარა ბიჭი წყლის დაცლილ "ბოჭკებზე" შესკუპულიყო, თან პურს ჭამდა და თან თავის "საგმირო" საქმეებს მიამბობდა, - ინდოელებთან ჩხუბით დაიწყო და იმით დაამთავრა, ჩემი დაიკო ბაღში ვერ გაუშვეს, წყალი არ გვქონდა და ვერ დაბანესო. ბოლოს ოჯახის უფროსმა თქვა, - იმ გლეხის დედა ვატირე, სიმინდს, ლობიოს, კარტოფილს, ვაშლს და მწვანილს რომ იყიდის, ჩვენ კი პენსიით ვყიდულობთ. აქ მარტო ეგ არის   ჩვენი ფული, ჩვენს სოფელში ბავშვს რომ შეეკითხო, ვინ გინდა გამოხვიდეო, გეტყვის, პენსიონერიო...

გლეხისთვის აღარავინაა "ქართული ოცნებაც" დაგვპირდა, წყალს მოგცემთო და სად არის, დღეში სასმელი წყალიც თითო საათით მოგვდის და ხან ისიც არა გვაქვს!

უკან მომავალს ასე, 25 წლის "ჟიგულით" ახალგაზრდა კაცი დამეწია, - ჩაჯექი, ჩვენი სამხედროების პოსტს გადაგატარებ და ოსების საზღვარზე გაგიყვანო. გავყევი და სულ ბოლოს, ჯემალ ბეროშვილის სახლი ვნახე, - ჩვენკენ რომ სახლი უდგას, საღორე ოსების მხარეს აქვს. სულ ათ მეტრში კი მისი გადამხმარი ვენახებია, უყურებს და ვერ ეკარება. ღორი წყნარად ღრუტუნებდა საღორეში - ის ერთადერთი ჩანდა მთელ ამ ტერიტორიაზე მშვიდად.