მიწას შეჭიდებული კაცის ტკივილიანი აღსარება
03-06-2013
მიწას შეჭიდებული კაცის ტკივილიანი აღსარება
"აქაურობის გარეშე მოვკვდები"

"აქ ოქრო მიწაა,  ამიტომაც მოგვაწყდნენ ირანელები... რასაც ხელუკუღმა გადააგდებ, წაღმა ამოდის"


"ახალგაზრდა კაცი ვარ, წლების წინ, ქალაქში ცხოვრება რომ გაჭირდა, თბილისში ბინა გავყიდე, 50 ჰა მიწა შევიძინე, მას შემდეგ შვილებთან ერთად დღედაღამ ვშრომობ, მაგრამ ფეხზე დადგომა ვერ მოვახერხეთ, - მიწამ რომ ფეხზე დაგაყენოს, ფულია საჭირო. კრედიტი კი არც აქამდე მაღირსა სახელმწიფომ და არც ახლა, როცა მეგონა, რომ სოფელს ეშველებოდა."
ლევან მინაშვილი,
თეთრიწყარო. სოფელი შავსაყდარი

დავურეკე, მოვდივარ-მეთქი. ჩემს
სახლამდე ტრანსპორტი არ მოდის, ფეხით გაგიჭირდებათ მოსვლა, ცხენით დაგხვდებითო, - მითხრა. რა ვიცოდი, რომ არ მეხუმრებოდა,- მისი ფერმა ცენტრალური გზიდან რამდენიმე კილომეტრის სავალზე გამოჩნდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ამ თვალუწვდენელ სამოთხეში მხოლოდ ერთი სახლის სახურავი მოჩანდა. მინაშვილების სახლს რომ მივუახლოვდით, ქართული
ნაგაზის ლეკვი შეგვეგება, - სამი თვისა მოჩხუბარი კაცივით მიბრიალებდა თვალებს და ოჯახის უმცროსი წევრისკენ, 14 წლის ლუკასკენ იწევდა. ბიჭმა ლეკვს ხელი სტაცა და ცხენს მოახტა. ერთხანს ვუყურებდი ამ სურათს, - ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენი მიწა-წყლიდან წაიშალოს: ქართველი ბიჭი, ქართული ცხენი და ქართული ნაგაზი...
ამ იმედით დავიარეთ მე და ბატონმა ლევანმა 50 ჰა, მერე ჩამოვსხედით და... ერთი ქართველი ფერმერის ბედზე საუბარი ქვეყნის ბედზე საუბარი გამოგვივიდა...

- ჩემი ფერმიდან კილომეტრ-ნახევარზე, შავსაყდარში ნათესავები მყავდა. ბავშვობაში სააგარაკოდ ჩავდიოდი. სოფელთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. თბილისში გაჭირვება რომ დადგა, პურის რიგები რომ დაიწყო, ბავშვობის ფიქრები დამიტრიალდა და საშველად აქ წამოვედი, - ვაჟა-ფშაველაზე ბინა გავყიდეთ და იმ ფულით ვიყიდეთ ეს ფერმა და სახლი - მარტო კედლები იყო.  სოფელი დამიდგა გვერდით და სახლიცა და ფერმაც გადავხურე. იმას რა დამავიწყებს - მე და ჩემს ოთხი წლის გოგონას ჩამტვრეულ ფანჯრებზე ფარდაჩამოფარებულ ოთახში გვეძინა და მაინც ორივეს გვიხაროდა. მერე ძროხები ვიყიდეთ, ღორები გავამრავლეთ, ცხენები გავიჩინეთ, ქართული ნაგაზის მოშენებაც კი დავიწყეთ...  წუწუნი კაცობად არ მიმაჩნია და თბილისში სწორედ ის მკლავდა, ხალხი გაჭირვებაზე რომ წუწუნებდა, საწუწუნო რაღა მქონდა, სხვისთვისაც შემეძლო ხელის გაწოდება. მერე, კი ვიცი, წუთისოფელი რაც არის, მაგრამ ასე თუ მიმუხთლებდა, რას ვიფიქრებდი, - დედა და ცოლი ერთდროულად გამიხდნენ ავად.  ვერც ერთს სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, დედამ გონი რომ დაკარგა, ავთვისებიანი სიმსივნეაო და სიმსივნის მკურნალობა დავიწყეთ. ამასობაში ცოლს ფარული ფილტვების ანთება აღმოაჩნდა და სანამ ამას მიხვდებოდნენ, საავადმყოფოდან საავადმყოფოში ვიარეთ. ბოლო საავადმყოფოდან  კუბოთი გამოვასვენე, დედაჩემიც იმას მიჰყვა,  სამი თვის შემდეგ გარდაიცვალა... ამ ხარჯებს ვინ გაუძლებდა, ყველაფერი გავყიდეთ, ცხენებისა და ძაღლების გარდა...

- ახლომახლო კაციშვილი არ ცხოვრობს, ამ პირობებში შვილებს როგორ უვლიდით?
- ეს ჩემი მხარე, როგორც მთელი ქართული მიწა, მადლით არის სავსე, - გარშემო უამრავი კაკალია. შემოდგომით  კაკალს ვაგროვებდი და ვყიდდი, გაზაფხულზე - სატაცურს. დღესაც ამით ვცხოვრობთ. მაშინ ჩემი უფროსი ბიჭი, ნიკა თორმეტი წლისა იყო. როცა თბილისში მივდიოდი, და-ძმას მას ვუტოვებდი. ერთხელაც ქალაქში ჩასულს მეგობარმა დამახვედრა ამბავი, - ნიკამ დარეკა, ლუკა ძალიან ავად არის და ახლავე უკან გამობრუნდესო. ავადმყოფი ბავშვი დისთვის დაუტოვებია და ორი კილომეტრი ფეხით უვლია სოფლიდან რომ დაერეკა.  ექიმებმა - ოთხი წლის ბავშვს გულის კუნთი ისეთ მდგომარეობაში აქვს, ღმერთმა გიშველათ, რომ მანკი არ დაემართაო. მაშინ მოვედი გონს - შვილების დახოცვას ბავშვთა სახლში გაბარება მირჩევნია-მეთქი. მივაბარე უმცროსი და-ძმა ბავშვთა სახლში. ბიჭი ახლაც ბავშვთა სახლშია, გოგონა სტუდენტია. უფროსი ოცდაორი წლისაა, განათლებაც მიიღო, მაგრამ ერთ სამსახურს რომ დაუხურავენ, მეორეს ძლივს შოულობს. მეხვეწება, - მამა, როგორმე ის შეღავათიანი კრედიტი აიღე, ახლა რომ არიგებენ სოფლის მეურნეობაში, პირუტყვი ვიყიდოთ, ჩამოვალ და ვიმუშავებო. მაგრამ სად არის ეს შეღავათიანი კრედიტი? ვინ მაძლევს!

აქამდე იმის იმედით მაინც ვცხოვრობდით, ხელისუფლების პოლიტიკა რომ შეიცვლება, სოფლის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება და იქნებ რაიმე გვეშველოსო. უამრავი ბანკი მოვიარე - 50 ჰექტარი მიწა მაქვს საკუთრებად, გირაოდ ვდებ და სოფლის მეურნეობის შეღავათიანი კრედიტი მომეცით-მეთქი, მაგრამ სასაცილოდ ამიგდეს, - რაზე ლაპარაკობო... არადა, არჩევნების შემდეგ რომ გამოაცხადეს, ნოემბრამდე გადაიხადეთ მიწის გადასახადები, სოფლის მეურნეობაში შეღავათიან კრედიტებს ვგეგმავთ და ისარგებლეთო, სასწრაფოდ გადავიხადე. ამ ბანკებში ის პროექტი დამქონდა ჯიბით, რომელიც სახელმწიფომ ვითომდა შეღავათიან აგროკრედიტებზე გამოუშვა. იქ წერია, რომ გლეხს აგროკრედიტი უპროცენტოდ  6 თვით უნდა მიეცეს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მეწარმეს - 7 წლით, ფერმერმა კი ბანკს თავიდანვე 8 პროცენტი უნდა გადაუხადოს... თუ ასე გაგრძელდა, ჩემი და ჩემი შვილების ბედს ვინღა ჩივის, არც ქვეყანას დაადგება კარგი დღე. არც ერთი უცხოელი არ იტყვის ჩემი მიწის ყიდვაზე უარს, - აქ ოქრო მიწაა, ამიტომაც მოგვაწყდნენ ირანელები...

რასაც ხელუკუღმა გადააგდებ, წაღმა ამოდის.  აქ ხომ ყველაფერი ხარობს. აქვე, სოფელ დურნუკთან იყიდეს სავარგულები, იქ ხალხს ხეხილი ჰქონდა დარგული. ერთ დილას გაიხედეს და ეს ირანელები ამ ნარგავებს წვავდნენ. მაგრამ მე მიწას ვერ გავყიდი, - აქაურობის გარეშე მოვკვდები და ჩემს ობოლ შვილებს დაებნევათ გზა. არადა, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია... აქვე მაქვს მდინარე ალგეთი, რომელზეც მიკროჰესის გაკეთება შეიძლება და მთელ ფერმას უდანახარჯოდ მოემსახურება. მინდა მეფუტკრეობასაც მივყო ხელი. ცხენები ხომ ისედაც მყავს, - მეზობელ სოფელში ცერებრალურდამბლიანი ბავშვი ჩამოდის, ცხენზე ვავარჯიშებდი და ბავშვმა სიარული დაიწყო! საამისოდ აქაურობა შეუდარებელია. მაგრამ რა ვქნა, რომ ხელის განძრევის საშუალება არ მაქვს, შრომა მწყურია, სახელმწიფოს წლებია, ვეხვეწები, ფეხზე დადგომაში დამეხმარე-მეთქი და არაფრად მაგდებს.

აქ მეზობელ აზერბაიჯანელებს ზამთრობით ცხვარი ჩამოჰყავთ. საკუთარი ცხვარი აღარ გამაჩნია და ჩემს ფერმას მივაქირავებ ხოლმე. ვიღაცები მეუბნებიან, - მაგათ ეგ ფარა რომ ჰყავთ, მშრომელები არიან და იმიტომ ჰყავთ, ჩვენ კი ვზარმაცობთ, გარჯას არ ვკადრულობთო.  რომ ვკადრულობ, რა გამომდის?! მშრომელი კაცის არაფერი მშურს, მაგრამ სინამდვილეში მათ თავიანთი სახელმწიფო უდგათ გვერდით, ყოველ აზერბაიჯანელს ერთი-ორი ოჯახის წევრი მაინც ჰყავს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელთაც სახელმწიფო ისეთ შეღავათიან კრედიტებს აძლევს, ჩვენს ტყუილ აგროპროექტებს არც კი დაესიზმრება. აი, ამ კრედიტებს ხარჯავენ აქაურ მეურნეობაში და ფეხზეც დგებიან. გარდა ამისა, ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ დაკლავენ ცხვარს, გაატყავებენ, ჩანთაში ჩადებენ და აზერბაიჯანში მიაქვთ გასაყიდად. საზღვარზე მათ ამას არავინ დაუშლის, იტყვიან ნათესავებთან მიგვაქვსო, ჩვენ კი ასე ამის ნებას ვინ მოგვცემს?!. იქიდანაც მანქანებით გადმოდიან აზერბაიჯანელები, - იქ თავად მიწას კი არა, მიწაზე მოყვანილ ხახვსაც ნავთის სუნი ასდის, ამიტომ აქ ყიდულობენ ნათესავებისგან პროდუქტს, დატენიან მანქანებს და მიდიან.
ღმერთმა გაუმარჯოთ, მშრომელი კაცი მდიდარიც უნდა იყოს, მაგრამ რატომ არის, რომ ქართველებს პატიოსანი შრომით თავის რჩენა არ გამოგვდის?
ქართველი
05 ივნისი 2013 11:14
მე მინდა მართლაც გულისტკივილი გამოვთქვა იმისი შესახებ რაც ამ ადამიანის თავზეხდება,მაგრამ საუბედუროდ ასეთები ერთი და ორი არაა,ძალიან ბევრია საუბედუროდ რომელებიც გულანთებულები ელოდებოდნენ წლევანდელ გაზაფხულს,რომ რამენაერად დაწყოთ სოფლის მეურნეობის განვითარება,უდიდესი იმედი უიმედობამ ჩაანაცვლა,მე მაინც მგონია რომ ამ გაზაფხულზე მიღებული გამოცდილებით ჩვენი მთავრობა მომავალი წლიდან დაიწყებს რეალური სოფლის აშენებას და არა მარტო ფურცელზე დაწერილით ლაპარაკს,ეს მარტში კიარ უნდა დაიწყოს არამედ ამ ზაფხულიდან რომ მომავალი გაზაფხული არ ჩავარდეს,თუ საერთოდ უნდათ რომ არ ჩავარდეს,დაგეთანხმებით რომ სუბსიდირების გარეშე წარმოუდგენელია სოფლის მეურნეობის აღმასვლა იმაზე კიარ უნდა ვიფიქროთ რომ საბანკო სექტორი დაინგრევა ხალხს რომ დავეხმაროთო არამედ ხალხზე რომლებიც შემდეგ გახდებიან სახელმწიფოსიც და იმ საბანკო სექტორის მხარში მდგომები და განმავითარებლები,ავიღოტ მაგალითად 5 წლიანი პროგრამა და გავუკეთოთ სუბსიდირება მკაცრი კონტროლით აუცილებლად,ბანკები ცოტას მოიცდიან და აქამდე ნაშოვნი იმყოფინონ,ქალაქელები არ მოაწყენენ ბანკებს იმდენი ბინა ექნებათ გასაყიდი,სოფელი დადგება ფეხზე და შემდეგ ამ 5 წლის შემდეგ უკვე სესხებსაც აიღებენ ბანკიც სწრაფად გასცემს და ქვეყანაც ნელანელა აშენდება.
qartveli
04 ივნისი 2013 16:11
რა კრედიტი ხალხო! კრედიტით რომელი ქვეყნის სოფლის მეურნეობადამდგარა ფეხზე! სისულელე და ხალხი დაბოლებაა ეგ ყველაფერი! არცერთი ბანი სოფლის მეურნეობისთვის იაფიან კრედიტის არ გასცემს რადგან სოფილსი მეურნეობა მარალი რისკის სფეროდ ითვლება და ყოვლეთვის დიდი პროცენტებს ადებს ბანკი ეგეთ სესხ, ისიც თუ გასცა საერთოდ! სოფლის მეურნეობას უნდა სუბსიდირებაა! სუბსიდირებით განავითარეს ყველა ქვეყანამ სოფლის მეურნეობა და არა ტრუხა სესხებით!
mmm
03 ივნისი 2013 14:31
აი პრობლემე. ძლივს საჭირბოროტო საკითხი წამოწიეთ. ამაზე ხშირად უნდა დაიწეროს და შეაწუხოთ მთავრობა. ივანიშვილმა რომ ჩაგვაბარა ანგარიში ყველაფერი კარგად მიდის და დანაპირებს ვუსრულებთ ხალხსო, ჯურნალისტებმა სეატყობინეთ რეალური ამბავი...

რედაქტორის რჩევით