"ვნატრობდი, ბომბი ჩემს სახლსაც დასცემოდა" - კვირის პალიტრა

"ვნატრობდი, ბომბი ჩემს სახლსაც დასცემოდა"

"ფოთის მერმა მითხრა, შენ რომ დაგეხმარო, დამიჭერენ და ციხეში ჩამსვამენო"(?!)

ფოთელი მაყვალა ბაქანიძე-კოკაია ფიქრობს, რომ მის ტანჯვას უთუოდ მოეღებოდა ბოლო, ფოთში ყოფნის დროს მის სახლთან ერთხელ მაინც რომ ჩაევლო საქართველოს პრეზიდენტს. მისი ერთადერთი საზრუნავი შვილის პატრონობაა, რომელიც ფსიქიკურად არის დაავადებული. 74 წლის ქალს შვილის სამკურნალო სახსრები არ გააჩნია. არც საკვები და შეშა აქვს, რომ შიმშილს გადაურჩეს და გამოიზამთროს. სახლიც თავზე ენგრევა.. მაყვალა ბებია შემწეობის იმედით გამუდმებით მიმართავს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ უშედეგოდ.

მოხუცს ვერაფრით აუხსნია, რატომ ხდება, რომ რეგიონებში ხალხთან შეხვედრისას, პრეზიდენტის გარშემო მხოლოდ დალხინებული ადამიანები იყრიან თავს. - "ეტყობა, ჩემნაირ დაჩაჩანაკებულს პრეზიდენტს განგებ არ ახვედრებენ, გული რომ არ გაუსკდეს. კაცი გაიძახის, ქვეყანას ვაშენებო და ჩემს სახლს რომ დაინახავს, ხომ შერცხვება. იფიქრებს, მომეჭრა თავი, ასეთი დაქცეული ხალხი მყოლია ქვეყანაში და მე კიდევ, რას ვამბობდიო...

ბაქანიძე-კოკაიების სახლს პირობითად შეიძლება უწოდო სახლი, ხუხულას უფრო ჰგავს. ჩალეწილ, ვიწრო ხის კიბეს ფრთხილად ავყევი, სიძველისა და ნესტისგან შეჭმულ კარს ხელი რომ ჩავჭიდე, კიბის ბაქანი ისე შექანდა, კინაღამ უკან ვისკუპე. სახლში შესვლა აღარ მინდოდა. ნუ გეშინია, ახლა კედლებს საბჯენებს შევუყუდებ და იატაკიც აღარ შექანდებაო, დამამშვიდა მაყვალა ბებიამ და მომცრო ჯოხებით "გაამაგრა" კედლები..

KvirisPalitra.Geუკიდურესად გაჭირვებული დედა-შვილი ბნელ, ჭუჭყიან და ცივ ოთახებში ცხოვრობს. აქ ყველაფერი ერთმანეთშია არეული: ტანსაცმელი, ჭურჭელი, ავეჯის ფრაგმენტები. ბნელ კუთხეში, რკინის საწოლზე, ჭუჭყიან თეთრეულში კაცი წევს. ეს მაყვალა ბებიას ერთადერთი შვილია. მირიან კოკაია დიდი ხანია ავად არის, ხან სულ წევს, ხანაც ქუჩაში გადის და მეზობლებს აშინებს. მირიანი დიდი ხანია ვეღარ ხვდება, რას ნიშნავს სიღატაკე, მას აღარაფერი აწუხებს და არაფრის მოგვარებაზეც არ ზრუნავს. ამიტომაც ოჯახის რჩენის ტვირთი მოხუც დედას აწევს მხრებზე. მაყვალა ბებია ძველისძველ, მირიანის ბავშვობის დროინდელ აფიშას მაჩვენებს, აი, როგორი მოწაფე იყო ჩემი შვილი, მაგრამ აფხაზეთის ომმა უტყვიოდ დამიღუპაო. აფიშა მირიანის კონცერტის შესახებ იუწყება. ეს აფხაზეთის ომამდე მოხდა, კონსერვატორიაც ქვეყნის არევამდე დაამთავრა, მაგრამ ოდესღაც კარგი ვიოლონჩელისტი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაწყებულ უმუშევრობასა და ოჯახურ ტრაგედიას გაუნადგურებია, - ომის დროს სოხუმში ბიძის ოჯახის ჩახოცვა ვერ გადაუტანია და გაგიჟებულა.

მაყვალა ბაქანიძე-კოკაია ათეული წლების განმავლობაში მედდად მუშაობდა. საბჭოთა კავშირი რომ ინგრეოდა, პენსიაზე მაშინ გასულა. "ასეთი კი არ ვიყავი, პეწი და სისუფთავე მიყვარდა, მაგრამ ცხოვრებამ მომსპო. ნახეთ, ნაგავში ქექვისგან ხელები დამისკდა, სოკო და ათასი უბედურება შემეყარა", - დაიკვნესა მოხუცმა და სიცივისგან დაკრუნჩხული ხელები ძლივს გაშალა. ვეღარ გავუძელი მის ტანჯვას და ავტირდი. დამშვიდდიო, მხნედ მითხრა და სახლის უკანა მხარეს გამიძღვა, უნდა განახო, ხელები ასე რამ მომისპოო. მოხუცს ცალ თვალში სინათლე არა აქვს, არც ცალ ყურში ესმის. რაღა თქმა უნდა, უკიდურესად ღატაკიც არის, მაგრამ რატომღაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფის დახმარება - 30 ლარი ორი თვეა მოუხსნიათ(!). მიზეზს ზუგდიდში დავადგენთ და გეტყვითო, უპასუხიათ ფოთის მუნიციპალიტეტში.

მაყვალა ბებიას წლების წინ, როგორც თვითონ უწოდებს, "ბიზნესი" წამოუწყია, - პოლიეთილენისა და მინის ბოთლებს აგროვებდა და აბარებდა სპეციალურ პუნქტებს. ახლა "საქონელი" ჩამიწვაო, წუხს მოხუცი და ეზოს ერთ მხარეს მიყრილ ბოთლებს მაჩვენებს. ყოველდღე 2 ლარი უნდა ვიშოვო, რომ მე და ჩემი შვილი შიმშილით არ მოვკვდეთ. ამისათვის ვიღაცას რაღაც უნდა დავუხვეტო და დავუსუფთაოო.

"ჩემთვის არაფერი იცვლება, დავდივარ მერიაში, მუნიციპალიტეტში, ვგზავნი წერილებს პარლამენტში, პრეზიდენტ სააკაშვილთან, ქალბატონ სანდრასთან, ვითხოვ დახმარებას და არავინ მეხმარება. ყველა ამბობს, მე არაფერი შემიძლიაო. მხოლოდ სანდრამ მიიტანა ჩემი სატკივარი გულთან. ყველა წერილზე თბილად მპასუხობდა. მე ვთხოვდი, წამლის შეძენაში დამხმარებოდა, ისიც მპასუხობდა, მერიაში მიდი, სოციალური დახმარების სამსახურს მიაკითხე და დაგეხმარებიანო. მეც ყველგან მივდიოდი, მაგრამ  ამაოდ. აი, ნახეთ, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატ თეიმურაზ წურწუმიას მივწერე წერილი, დამეხმარე-მეთქი და მომწერა... უფლება არა მაქვსო(?!). ფოთის მერს ვთხოვე დახმარება, სამკურნალო, საოპერაციო ფული მჭირდებოდა, ფოთის ბიუჯეტში ასეთი ხარჯები არ არის გათვალისწინებული და შენ რომ დაგეხმარო, დამიჭერენ და ციხეში ჩამსვამენო. მირჩიეთ, ვის მივმართო, ან იქნებ მიაწვდინოთ მიხეილ სააკაშვილს ხმა, რომ ფოთში ჩამოსვლისას მესტუმროს. შარშან, აგვისტოს ომის დროს, რუსებმა რომ ბომბები ჩამოყარეს, მაშინ ჩემი სახლის კედელი გამოიზნიქა. რამდენჯერ მინატრია, დაენგრია მაინც ეს სახლი იმ აფეთქებას, ეგებ მერე მაინც ეფიქრა ვინმეს ჩვენს დახმარებაზე-მეთქი. "თქვენს გაზეთში რომ დაიბეჭდება ჩემი სატკივარი, მომაკითხავს ვინმე დასახმარებლად?" - მკითხა გამომშვიდობებისას მაყვალა ბებიამ და მეც თავი დავუქნიე მოყვასის დახმარების მოყვარული მკითხველის იმედით. თუ სახელმწიფოს "არა აქვს უფლება", გაჭირვებულ ხალხს დაეხმაროს, ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, ხომ შეგვიძლია უპოვართა დახმარება?!