"ჩვენი ცხვრით თათრები მდიდრდებიან"
26-08-2013
"ჩვენი ცხვრით თათრები მდიდრდებიან"
"მოსისხლე მტერს გაუპობდა გულს "მხედრიონის" ყაჩაღობით აოხრებული მწყემსის ცრემლი"

"მეცხვარეები ძაღლის დღეში ვართ"

"ჩვენს მწყემსებს სულ ქუდს უნდა უხდიდეს ქვეყანა, იმისთანა ბნელში და ჯოჯოხეთში გამოატარეს და გადაარჩინეს
ქართული ცხვარი"

გონჯი დროა, შვილო, მთავრობისგან ხალხის ყურადღება აღარ არის


ერთი ზღაპარია, "ცხვარი და სიღარიბე", ცხვარი რომ ღატაკის სახლში შევიდა და იქ გაპარპაშებულ სიღარიბეს ფეხები დაუბაკუნა, - მოუსვი აქედან, ოთხივ კუთხეში მე უნდა დავიდო ბინაო. სიღარიბემ უთხრა, - ვინ ოხერი ხარ, აქედან რომ
მაგდებ, თუ მაინცდამაინც - ერთ კუთხეს ვერ იმყოფინებო?! ცხვარმა უპასუხა, - როგორც გითხარი, ისე მოიქეცი. ერთ კუთხეში მე უნდა ვიყო, მეორეში ბატკანი უნდა დავსვა, მესამე მატყლისთვის მჭირდება და მეოთხე - რძისა და ყველისთვისო!


თავს ვერ დავდებ, რომ ეს ზღაპარი ქართველების მოგონილია, მაგრამ მაინც მგონია, რომ
ასეა - სხვა, ჩვენ გარდა,  არავინ მეგულება, მუდამ ომში ჩაბმულს, აოხრებული სახლ-კარის ასაღორძინებლად ცხვარზე უკეთესი საშუალება მოეძებნოს, - ცხვარს ხომ მხოლოდ ერთ წელიწადში შეუძლია პატრონს ხორციც მისცეს, რძეც, ყველიც, ჩასაცმელ-დასახურიც.

მიუხედავად გასაჭირისა, ჩვენმა მწყემსებმა შეძლეს სულის აქამდე მოტანაც და არა მარტო - ჩვენს ქვეყანაში ცხვრის იმპორტი წამყვანი დარგია. 

"სულის მოტანა" ტყუილად არ მიხსენებია - ხევშიც კი, რომელიც ტრადიციულად მეცხვარეობის მხარეა, მეცხვარის ხსენებაზე გაგულისებული გიპასუხებენ, - ეჰ, ჩონი ცხვრის საქმე კარგად ვერ არიო! გერგეთში მეცხვარე ალექსი სუჯაშვილს ვკითხე, - ინტერნეტიდან ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს მარტო ცხვარი იყიდება ხეირიანად და მაინც რატომ წუწუნებთ, ცხვრის საქმე კარგად ვერ არიო! ძია ალექსი ჯოხს მიწას აბჯენს და ცოლს ეძახის, - აბა, აქ მოდი, დედაკაცოო, და მეუბნება, - აი, ხო უყურებ, ეს ქალი რომ მოვიყვანე, ორი ჯამიც არა მქონდა, მაგრამ მერე მწყემსობით სასახლე ავიშენე, იმას აქეთ კიდევ ოთხი შვილი დავზარდე, ახლა მაგ იმპორტია თუ რაც არის, მწყემსები მარტო ჭამასღა ახერხებენ, მარტო ჭამისთვინ კიდევ ჩემმა მტერმა იცხოვროს!

რაღა უნდა ვთქვა, კაცი ცამდე მართალია! მერე ისევ თავადვე "მირიგდება", - გონჯი დროა, შვილო, და აი, რათა, მთავრობისგან ხალხის ყურადღება აღარ არის. შრომის საქმე კიდევ ეგრეა, თუ მთავრობა გადაუდგა ხალხსა, ბევრი საქმე არ გამოვა და თუ ხალხმა ვერ იშრომა, ფული საიდანღა მიუვა მთავრობასა?! აი, ეგეთი ჯაჭვია ჩვენი ცხოვრება. ჩვენ მთავრობას ცხვრისკენ მიხედვაც არ უნდოდა და ვგონებ, ეხლაც ეგრე იქნება. ეგენი ცხვრისაკენ რას გაიხედავდნენ, როცა ღვთისაგან ხელშენავლებ ადგილას ვცხოვრობ და მარტო იმიტომ გამოიხედეს, რო მყინვარებიდან ჩამონალეწ წყალზე "სოჩიკები" დაედგათ. ანაც ჩვენი სოფელი, გერგეთი. აქ ხო ათასობით ტურისტი მიდი-მოდის. ამ ტურისტების ამოდენა ფული კიდევ მაგათ ჯიბეში მიდის და ერთი გზა არ აღირსეს სოფელსა. მაგნაირებს როგორღა უნდა მოსთხოვო, გინდა თუ არა, ცხვარს მიხედეო. არ უნდა და მოკალი! ამასობაში ჩვენი ცხვრით თათრები მდიდრდებიან.

- ეგ თათრების ჩვენი ცხვრით გამდიდრების ამბავი უფრო დაწვრილებით მომიყევით.
-  ჩვენი ცხვარი ხო უწინ ყიზლარის საძოვრებზე დადიოდა - სექტემბერში მილიონობით ცხვარს გავირეკავდით. ისე იყო მწყემსისთვის და ცხვრისთვის მოწყობილი ყველაფერი, ბაბანება ყინვა რომ ყოფილიყო და ცხვარი საბალახოდ ვერ გაგვეყვანა, შიმშილით არ დაგვიწყდებოდა - თივა ბინაზე თავზე საყრელად გვხვდებოდა. ჩვენი მეცხვარის საქმე მაშინ წავიდა უკან, როცა ყიზლარის საძოვრები დავკარგეთ და მილიონობით ცხვარი მშიერი დაგვრჩა.

სანაცვლოდ ჩვენს მთავრობას ვითომ იალღუჯის საძოვრები უნდა მოეცა, მაგრამ ამ მიწებზე ისეთი გაუგონარი ამბავი დაატრიალეს, კაცი მტერსაც რო არ უზამს - პრეზიდენტმა გამსახურდიამ რაც მოასწრო და ჩვენ მწყემსებს მიწის პატარა ნაწილი მისცა, სულ ეგ იყო, დანარჩენი მარნეულელებს სულ მისხალ-მისხალ მიყიდა მამალაძემ. ასე გამოგვისვეს ყელში დანა ქართველ მეცხვარეებს და ქვეყანასაც, - ჩვენი ცხვრის შემოსავალი ხომ ქვეყანას ხმარდება, აბა, მეცხვარეები ფულს თერგს ხომ არ ვატანთ! ეს კიდევ რა არის: იმ თითო-ოროლა კაცს, ვისაც ეს საძოვრები მისცეს, დღესაც ვერ დაუმტკიცებია, დადიან და ვერაფერს გახდნენ - არ ვაკეთებთ ამ საძოვრების პრივატიზაციას და მოგვეშვითო. ამიტომაც ვეჭვობთ, რომ ამ საძოვრების გაყიდვაც უნდათ.

ადრე მილიონი სული ცხვარი იყო ყაზბეგში, ახლა მარტო ხუთი მწყემსიღა გვყავს იმ იალღუჯზე და არც ერთს არ აქვს იმედი, რომ ხვალ არავინ ეტყვის, - თქვენი ცხვრიანად აქედან მოშორდითო. არადა, ჩვენს მწყემსებს სულ ქუდს უნდა უხდიდეს ქვეყანა, იმისთანა ბნელში და ჯოჯოხეთში გამოატარეს და გადაარჩინეს ქართული ცხვარი. მოსისხლე მტერს გაუპობდა გულს "მხედრიონის"  ყაჩაღობით აოხრებული მწყემსის ცრემლი. თანაც შემთხვევით დანახული - მწყემსები სხვის დასანახად არ ტირიან.

- "მხედრიონი" მწყემსებთან რაღა შუაშია?
- ჭამა ყაჩაღსაც უნდა. ყიზლარში რომ აღარ გაგვიშვეს, მწყემსები ზოგი იალღუჯზე დავიფანტენით, ზოგი ნორიოში და ზოგიც მარტყოფში. ის ყაჩაღიც იქ  მოგვყვა. ერთ გერგეთელ მწყემსს ცხვარი ვერ წაართვეს, მეორედაც მიუბრუნდნენ. მათ მიდევნებული ძაღლები უკან რომ აღარ დაბრუნდნენ, მიხვდა კაცი, ალბათ ძაღლები დამიხოცესო და მზადება დაიწყო, - მოვკლავო. მაგრამ მწყემსისგან კაცის მოკვლა აგრე ადვილი როდია, თანაც უწვერული ბიჭების. ის მწყემსი ხუთმა შეიარაღებულმა კაცმა ისე გათოკა, სისხლი სდიოდა. მთელი ფარა წაართვეს. ცხვარი ცხვრად, მაგრამ ვაჟკაცის თავმოყვარეობაც ხომ არის, - უწვერული რომ გაგკოჭავს და ავტომატის ჯერით მიწას თვალებში შეგაყრის, გული ხო იბზარება! სნოელ მწყემსებს ტარიბანზე ჰყავდათ ცხვარი გარეკილი და იქიდან წაგვარეს 2000 სული,  მარტო კომბლებიღა ჩამოჰყვათ ოჯახებში. თანაც მილიციაც იმათთან იყო შეკრული. რამდენიც მწყემსმა იჩივლა, - სადა გვყავ ცხვრის საძებნად გასაგზავნი ხალხი, წადი და თვითონ ეძებეო!

- ასეთ პირობებში ცხვარი როგორღა შეინარჩუნეთ?
-  გულით. სამ პრეს თივაში თათრებს ერთ ცხვარს ვაძლევდით, რომ ცხვარი შეგვენარჩუნებინა. ჩვენ საძოვრებზე ერთი ხე არ გვიდგას, ერთი წვეთი წყალი არ არის და ერთხელ არ მოუვიდა მთავრობას აზრად, ეს ცხვარი ამდენ შემოსავალს რომ აძლევს ქვეყანას, საძოვარზე წყალი მაინც ავიყვანოთო. სატვირთო მანქანებით აგვაქვს ტონობით, - აბა, პირუტყვი უწყლოდ რანაირად გაჩერდება! თანაც, ზემოდანაც რომ დაგვცქერიან! როცა ცხვარი მაისში საძოვარზე მიგვყავს, ავჭალა უნდა გავიაროთ. გამოგვიდგება პატრული - ცხვარი აქაურობას მალე მოაშორეთო! შე დალოცვილო, გადამთიელების ტრაილერები თავზე გვასხდებიან და იმათ არაფერს ეუბნები, მარტო ჩემი ცხვარი გიშლის ხელს? იმ ტრაილერის შემოსავალი თუ გიჩანს თვალში, რატომ ცხვრის შემოსავალი აღარ? თუ იმასაც ცხვრის სუნი უდის? და თუ ასე გიშლის ტრასაზე ხელს, ადექი და ამ შენს მარჩენალს ცალკე გაუკეთე ბილიკი, რომ საძოვარზე ავიდეს. თუ არა და, ცხვარს ფრთებს ხომ არ გამოვაბამ, რო გაფრინდეს?!

- რა სახით გადის ცხვრის იმპორტი უცხოეთში, ხორცის სახით გააქვთ თუ ცოცხლად?
-  ჩამოდიან  აზერბაიჯანელები, ყიდულობენ ცხვარს და აზერბაიჯანში გადაჰყავთ წითელი ხიდიდან, იქიდან კი, მუსლიმანურ ქვეყნებში - თურქმენეთში, არაბეთში, ირანში, თურქეთში. გზად საბაჟოებზე ჩვენი ცხვარი სომხებსაც აკეთებინებს ფულს. ჩვენ კი აქ ცხვარს 150 ლარად ვყიდით. თანაც საუკეთესო საჯიშეს - ქართული ცხვრისთანა ქათქათა მატყლი და გემო არავის ცხვარს არ აქვს. თათრებმა ქართული ცხვარი მოამრავლეს და ახლა მათ ფარებს ჩვენი ფარებისგან ვერ გამოარჩევ. მატყლსაც ეგენი ყიდულობენ - კილოს 1 ლარად. ანუ ჩალის ფასად. ეს იმ დროს, როცა მიწის გადასახადი 3-დან 16 ლარამდე გაგვიზარდეს და პირუტყვის აცრაც ჩვენ კისერზეა. აი, ასეა, ძაღლის დღეში ვართ. თუმცა მაინც უნდა ვთქვა: მწყემსი რამდენსაც გაძლებს, იმდენს ქვაც ვერ შეიძლებს... ეგებ უკეთესობისაკენ მაბრუნდეს დრო! - ბოლოს მაინც დამამშვიდა ალექსი ძიამ.

იმედი გადამდებია, მეც ეს იმედი ერთი ხელის დაკვრით ავკრიფე და მჯერა, დრო აუცილებლად უკეთესობისკენ მობრუნდება...
elguja
05 მარტი 2014 10:05
ჰო, და ეს ქვეყნის ამაოხრებლები დღესაც დიდ ფარას მწყემსავენ და რა სიკეთეს უნდა ველოდოთ ბოროტი მწყემსისგან კეთილო მწყემსო?!
nona
02 სექტემბერი 2013 07:41
ამს კვია კვეყანა და სახელმწიპო გვაკვსო??? პუიუ ასეტ მტავრობას , სააკიანი იკნება ტუ ივანიშვილი, ტუ შემდეგი ვინც მოვა...ვიც არ უნდა იყოს. ადამიანი რომელიც ხდები კვეყნის მმარტველი მარტო სახელი და ჭამა-ყლაპვა არ უნდა იცოდე. ხალლს , კვეყანას მიხედვა უნდა. ეხლა კიდევ ეს მარგველაშვილს გვტენის ბატონი ბიძინა( მას მივეციტ ხმა და მისი მომხრეები ვიყავიტ) მაგრამ როგორც ჩანს ისევ ამერიკის და დასავლეტის მონობის კვეშ უნდა გვამყოპონ(აბა მარგველაშვილმა რა იცის კვეყნის მარტვა??? ). გული მეწურება ტკივილიტ როცა ყოველი მხრიდან ხალხის, კარტველი მოსახლეობის გმინვა მესმის და დარწმუნებული ვარ ჩემნაირად ბევრიც განიცდის ამ ტკივილს , მაგრამ არის ძალატავს ზემოტ????
nino
28 აგვისტო 2013 12:17
რა კარგია ქალბატონო ეთერ ასეთი ხალხი რომ გახსოვთ, ჩვენ მთის ხალხი მთავრობას მარტო არჩევნების წინ ვახსოვართ, ისიც ბოლოსღა, გული მომიკლა ამ წერილმა, ის უსინდისო მხედრიონელები შეიძლება დღეს პარლამენტშიც ზიან, ეს ხომ ისევ ჩვენი ხალხი იყო გადაცმული, რა საზარელი დრო იყო, მთავრობა კი ყოველთვის ერთია, არც ამ ოცნების მჯერა უკვე არაფერი, შეიძლება ბიძინას მთელი გულითაც უნდა ჩვენი ქვეყნის შველა, მაგრამ ყველამ რამე უნდა გააკეთოს, ჯიპებით ხო უკვე დადიან ოცნების ხალხიც, თან ორ-ორი ჰყავთო, ერთით თვითონ დადიან და მეორით ოჯახიო, მწყემსი ვის რად უნდა თბილისელ პარლამენტარებს, ცხვრის ჩაქაფული უყვართ მარტო, სოფლელებს ხომ სუნი გვიდის, ბოსტანი რომ გქონდეს ხომ სირცხვილია ჩვენთან, ასეთი ქვეყანაც გვაქვს, ყველას უმაღლესში უნდა სწავლა, ნეტა რას ასწავლიან ან იქ, ბევრმა არც იცის მართლა სწავლა რა არის.........

რედაქტორის რჩევით