ჩვენ აღარა ვართ საზღვაო ქვეყანა?! - კვირის პალიტრა

ჩვენ აღარა ვართ საზღვაო ქვეყანა?!

საქართველო საზღვაო სანაოსნოს გარეშე!

"აბა, ვინ იცის, სად დაცურავს ახლა "ილია ჭავჭავაძე"

"მართლაც ილიას "ბედნიერი ერი" გამოვდექით"

საქართველო სამყაროს შემოქმედმა ზღვითაც დააჯილდოვა, მაგრამ ეს სანაოსნო ქვეყანა ჯერ გემების, ამჯერად კი სანაოსნოს გარეშე დარჩა. ახლა ბათუმის ნაპირებთან, ზღვის მშვენიერ ხედებთან ერთად, ბათუმის პორტის რამდენიმე კატარღის ნახვას თუ შეძლებთ. საქართველოს საზღვაო სანაოსნო 1967 წელს დაარსდა. მისი ნგრევა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, ხოლო 2009 წლის 25 ნოემბერს დასრულდა. ასე ჩაჰბარდა წარსულს დრო, როცა ქართული გემები: "დავით აღმაშენებელი" თუ "ილია ჭავჭავაძე" მსოფლიოს ოკეანეებსა და ზღვებს სერავდნენ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს საზღვაო ფლოტი 62 გემისაგან შედგებოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის უდავოდ მყარი საფუძველი და გარანტია იყო. ქართული გემების ღირებულება, სპეციალისტთა გათვლით, დაახლოებით 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ალბათ, არცაა გასაკვირი, რომ გემებით ასლან აბაშიძე აჭარის მთავრობის სათავეში მოსვლისთანავე დაინტერესდა და მათ გაყიდვას შეუდგა, თუმცა ზღვისპირელთათვის უფრო გასაოცარი ისაა, რომ აბაშიძის კლანჭებს გადარჩენილი 15 გემი "ვარდების ხელისუფლებამაც" გაასხვისა, ანუ გემების გაყიდვით "ხელის მოთბობის" პოლიტიკა განაგრძო, დამნაშავეები არ დასაჯა და უგემოდ დარჩენილი სანაოსნოს ადმინისტრაციის არსებობასაც დაუსვა წერტილი.

ნოდარ ქათამაძე, მეზღვაური: - რევოლუციის დროს მიხაროდა, რომ აბაშიძის თარეშს ბოლო მოეღებოდა, მაგრამ მოვტყუვდი, სანაოსნო სულ გაქრა. ის 15 გემი, რომლებიც აბაშიძეს გადაურჩა, სააკაშვილმა გაყიდა. უცხოელ გემთმფლობელს გაუფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქართველი მეზღვაურები უნდა დასაქმებულიყვნენ გემებზე, მაგრამ რამდენიმე თვის წინ უცხოელი გემთმფლობელი გაკოტრდა. გემები ჩინურმა ბანკმა დააყადაღა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების ვალდებულებაც დედამიწის ზურგზე არავის გააჩნია.

მალხაზ ფაღავა, ყოფილი მეზღვაური: - სამწუხაროა, რომ ამ განუკითხაობის გამო არავინ დასჯილა. უსამართლობის საფუძველზე სამართლიან სახელმწიფოს როგორ ავაშენებთ? ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად ისტორიას არაერთი სისხლისმღვრელი ომები ახსოვს. ბედნიერ ერად ის მიიჩნეოდა, ვისაც ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა, ვისაც ზღვისა და ოკეანის სანაპიროზე მიუჩინა ღმერთმა ადგილი, მაგრამ ჩვენ მართლაც ილიას "ბედნიერი ერი" გამოვდექით. ის ერი, ილიას ძეგლი ახლახან თეატრის შენობას უკნიდან რომ მივადგით. ხოლო გემი "ილია ჭავჭავაძე" ვინ იცის, ახლა რომელი არაბული ან თურქული სახელწოდებით დაცურავს, ან რა დღეშია მასზე დასაქმებული ქართველი მეზღვაური.

სანაოსნოს შესახებ სასამართლო პროცესი "ვარდების რევოლუციის" შემდეგაც გაიმართა, მაგრამ 2004 წლის 28 დეკემბერს აჭარის უმაღლესმა სასამართლომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციას მხოლოდ სანაოსნოს მიერ ბიუჯეტში გადახდილი და დასაბრუნებელი თანხების გადაანგარიშება დაავალა.

მალხაზ აბულაძე, საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს იურისტი: - სანაოსნოს თავიდანვე უკანონოდ დაეკისრა ვალის გადახდა. არ იქნა გათვალისწინებული თუნდაც ის თანხები, სანაოსნომ 1994 წელს თურქმენეთიდან გაზის მისაღებად სახელმწიფოს მაგივრად რომ გადაიხადა. სანაოსნოს წლების განმავლობაში არ ჰქონდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საშუალება, რაც, ბუნებრივია, აჩენს კითხვას, რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ყოფილ საზღვაო-სანაოსნოს ხელმძღვანელს, ალეკო შარაძეს ვეწვიეთ. სამწუხაროდ, ეს ის დღე აღმოჩნდა, როცა სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები შენობის დაცლას მოითხოვდნენ სანაოსნოს 23 თანამშრომლისგან.

- სპეციალურად შექმნეს ისეთი ვითარება, რომ სანაოსნო გაკოტრებულიყო, - მოკლედ გვითხრა ბატონმა ალეკომ თავის კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტო ამშვენებდა. არ ვიცი, ბატონმა ალეკომ შენობიდან სამახსოვროდ პრეზიდენტის სურათი წაიღო თუ არა, მაგრამ მას ნამდვილად არ ჰქონდა პასუხი კითხვაზეL: რატომ არ იქცა სანაოსნოს დახურვის თემა საზოგადოების განსჯის საგნად.

სანაოსნოსთან დაკავშირებულ შეკითხვებს ბათუმის მერიაშიც ვერ გასცემენ კონკრეტულ პასუხს. სანაოსნო ოფიციალურად მერიის საკუთრებაა, მაგრამ ბათუმის მერიაში დღემდე არ იციან, რა მიზნით გადაეცათ სანაოსნოს 14 შენობა. სანდო წყაროს ინფორმაციით, სანაოსნოს შენობებში მალე ბათუმის უნივერსიტეტი დაიდებს ბინას(?!).

მურმან დუმბაძე, "რესპუბლიკური პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: - იცით, ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ვინ არის? - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მამა. სწორედ გურამ ვარშალომიძე იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე აბაშიძის დროინდელ აჭარაში, როცა მომზადდა ერთ-ერთი პირველი სეპარატისტული დოკუმენტი: 1992 წელს გამოცემული 389-ე დადგენილება (გურამ ვარშალომიძის ხელმოწერით. - ავტ.) კადრების ნომენკლატურის წესს განსაზღვრავს. ამ წესის მიხედვით, მაშინდელ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს გემის კაპიტნის დანიშვნა-გათავისუფლება შეეძლო და სანაოსნოს ხელმძღვანელობისაც. ეს წესი ანტიკონსტიტუციურია, რადგან საზღვაო წყლების მართვა-გამგეობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. აი, გურამ ვარშალომიძის ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლითაც ის სანაოსნოს ხელმძღვანელ პირებს ნიშნავს (ბატონი მურმანი ხელმოწერილსა და ბეჭედდასმულ განკარგულებებს გვაჩვენებს). ესენი სანაოსნოს ხელმძღვანელი პირები არიან, რომლებმაც გემები გაყიდეს და დიდძალი ფული იშოვეს, რა თქმა უნდა, მაღალჩინოსნებთან ერთად. გემები გავყიდეთ, მაგრამ რა ვიყიდეთ?

რევოლუციის შემდეგ მეგონა, გურამ ვარშალომიძეზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ, განუკითხაობა აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. როცა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მთავარ ძლიერებას - სანაოსნოს ყიდის და ამ ფულით, სხვა აბსურდულ საქმესთან ერთად, საბრინას კონცერტს ატარებს (ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. - ავტ.), როგორ შეიძლება მას პასუხი არ მოსთხოვო?

P.S. ჩვენ გურამ ვარშალომიძესთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. და რაც მთავარია, პასუხგაუცემელი დაგვრჩა კითხვა: რატომ არ დაისაჯნენ ის პირები, რომლებმაც სანაოსნოს გაყიდვით მილიონები იშოვეს, რატომ დავიგუბეთ პირში წყალი, თუ ზღვით დაჯილდოებული საქართველო მართლაც აღარ უნდა იყოს საზღვაო ქვეყანა?!