მიტუას ლამაზმანი კახელებს "მფარველობს" - კვირის პალიტრა

მიტუას ლამაზმანი კახელებს "მფარველობს"

როცა გულს დარდი განსაკუთრებული სიმძიმით შემოაწვება, სოფელში გავრბივარ - მიწას სხვა მადლი აქვს, შეიძლება ტონა წამალმა ვერ მოგარჩინოს, მაგრამ მიწის მადლმა სიცოცხლე დაგიბრუნოს. ამას წინათ, ქალაქის ხმაურიან ქუჩებს კახეთში გავექეცი და კაჭრეთში, თათარობაზე ჯული ძალოს სწორედ იმ დროს დავადექი, 50-ლიტრიან ქვაბს მეტრიანი "ჩამჩით" ხელში რომ ადგა და ბადაგს გულმოდგინედ ურევდა. ვიფიქრე, - მოდი, სოფელში გავივლი და უკან დაბრუნებულს თათარაც მზად დამხვდება-მეთქი, მაგრამ...

- ჯული ძალო, ოთხი საათია, მაგ თათარას უდგახარ, რად უნდა ამდენი დუღილი, ან შენ რით ვერ დაიღალე, ან ეგ როგორ არ ადუღდა-მეთქი და ქვაბის ნაპირზე მიკრულ თათარაში თითი ჩავკარიA (ის თათარობა რა ვთქვი, ქვაბის პირს თითით რომ არ ალოკავ!). ლალი ძალომ კი ბადაგს ერთი ღონივრად ამოუსვა და სხაპასხუპით მომაყარა, - რა მოუთმენლობამ აგიტანა, მა, თათარა  არ "მოვიყვანო"?!

- მაინც რამდენი ჩურჩხელა  უნდა ამოავლო? - არ ვეშვები ქალს.  ამასობაში ჯული ძალომ: აი, ჩვენი თათარაც "მოვიდა"!.. არ გასინჯავო? - სიტყვა არ ჰქონდა  დამთავრებული, რომ უკვე თათარით პირგამომწვარმა შევაქე, - მართლა რა მაგარი ყოფილხარ-მეთქი! ის კი - კარგი ერთი, კახეთში ყველა ამისთანა თათარას ხარშავსო. ჰოდა, ახლა წავალ და მეზობლების თათარასაც გავსინჯავ-მეთქი. წადი, მაგრამ არ დაგათრონო, - მომაძახა.

მე კი მეზობლის ჭიშკარს ყური მივუგდე - ღმერთი არ გამიწყრეს, არ ქეიფობდნენ, თორემ ისე გამომათრობენ, გამცილებელი დამჭირდება... მოკლედ, იმ ეზოში შევდივარ, სადაც უკვე ნაქეიფარ სუფრას ალაგებდნენ და შამფურიდან გაცივებულ მწვადებსაც "კრეფდნენ". მაგრამ საქმეში ხარ?  - უი, მომიკვდა თავიო, დაიძახა ჩემი დანახვით გახარებულმა დიასახლისმა და მწვადები ისევ სუფრაზე დააწყო. - მწვადი არ დამანახოთ, ეს-ესაა, სუფრიდან ავდექი-მეთქი, ხელები გავასავსავე. სჯობს ჩამოვსხდეთ და ის მითხრათ, მოსავლის საქმე როგორ გაქვთ-მეთქი.

- როგორა და, როგორც გლეხს შეეფერება, სულ ბუნების ჭირვეულობაზე რომ არის დამოკიდებული, მაგრამ მაინც ბუნება ინახავს, - ნახევარი ვაზი დაგვესეტყვა, ნახევარიც მოგვივიდა. დავწურეთ და ჩავაბარეთ. რაც ფული ავიღეთ, იმითი შეშა ვიყიდეთ, - გულიანად მიღიმის პაპა და გული მიჩუყდება, - ნეტავი ამ ნაჯაფარი გლეხის ღიმილზე უკეთესი რა უნდა იყოს-მეთქი. მერე ვემშვიდობები და გზაზე გამოსული,  გაოცებისაგან პირს ვაფჩენ - სახლზე გაკრული უშველებელი ბანერიდან წითელპომადიანი ქალი არ მიღიმის?! სადღაც ახლოს "ბუტიკი" უნდა იყოს. პომადას დიდად არ ვწყალობ, მაგრამ ვფიქრობ, თუ ძვირი არ ეღირება, ჩემს გაპრანჭულ მეგობარს პომადას ვუყიდი-მეთქი. გზაზე წყლისთვის "ბაჩონკებით" გამოსულ გელა ზაკაშვილს სასაცილოდ არ ჰყოფნის, - რა "ბუტიკი", რის "ბუტიკი", ეგ ბანერები ჩვენ მეზობელ მიტუას ჩამოაქვს თბილისიდან. იქ რეკლამებს რომ ხსნიან, ეგა ყიდულობს, მერე მისგან ჩვენ ვყიდულობთ. იმიტომ, რომ წვეთ წვიმასაც არ ატარებს და მცხუნვარე მზისგანაც გვიცავსო, თან ამატებს, - აქ მარტო პომადაი კი არა, ყველანაირ რეკლამებ შეხვდებით, "ჯეოსელისაც" გვაქ, "აირზენასიც", "შმოტკებისაცა"... პოლიტიკოსების საარჩევნო ბანერები-მეთქი? აბა, რას ამბობთ, მაგათმა ცქერამ ტელევიზორში დაგვღალაო და ხელს იქნევს...

კაჭრეთიდან  "გლუშიტელ" ჩამოვარდნილ მანქანას მოვყავარ, რომელიც ტრასაზე სახედარივით გაიბიჯგა და მძღოლს ვეღარც წინ მიჰყავს და ვეღარც უკან. მაგრამ კახეთი რისი კახეთია თუ სტუმარს ვერ მოუარა და ზემომაჩხაანელი ზურაბ ცაკაშვილი თევზებივით გვაწყობს თავისი მანქანის კაბინაში, თან რიხით გვიამბობს, - წელს 5 ტონა ყურძენი ჩავაბარე, ამის ნახევარიც დავწურე, ჩემსას თუ წამოხვალთ, დაგალევინებთო!  ახლა პირში წვეთი არ ჩაგვივა, - ვეუბნებით ჩვენ. ის კი, - ახლა თუ არა, ღმერთმა ლხინი ნუ მოგვიშალოს და როცა გინდათ, მაშინ მოდითო.

მართლა ლხინი და ქეიფი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!