"ადრე 35 თეთრი იყო და წელს ლარია, - არ არი სხვაობა?"
14-10-2013
"ადრე  35 თეთრი იყო და წელს ლარია, - არ არი სხვაობა?"
ფილიპ ლესპი: "რქაწითელსა და კახურ მწვანეს ვერც ერთი ევროპული ღვინო კონკურენციას ვერ გაუწევს"

ნელი პაპაშვილი: "კეთილ გზაზე გევლოს, შვილო, შენც და "კვირის პალიტრასაც!"

წლევანდელი შემოდგომა კახეთში ბარაქიანი იყო. ყურძნის ასეთი მოსავალი 20 წელია, არ ახსოვთ. უწინ თუ გლეხობისთვის უხვი მოსავალი და ყურძნის ჩაბარება პრობლემა იყო, წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩენილა.


იმის გასარკვევად, როგორ ჩატარდა "რთველი 2013", კახეთს ვესტუმრეთ. ჩვენი პირველი მასპინძელი "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ თამაზაშვილი იყო: "ასე ორგანიზებულად
რთველი ჯერ არ ჩაგვიტარებია.  სახელმწიფო დროულად დაგვეხმარა კრედიტებითა და თანადაფინანსებით. 6 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადავამუშავეთ, აქედან დაახლოებით ნახევარი ჩვენი საკუთარი ვენახების იყო, დანარჩენი მოსახლეობისგან შევიძინეთ. საფერავის ფასი საწყის პერიოდში 1.10 თეთრი იყო, ბოლოს კი 2 ლარამდეც ავიდა. რქაწითელი ლარად ჩავიბარეთ. წელს 4 200 ტონაზე
მეტი საფერავი დავამუშავეთ, დანარჩენი - რქაწითელი და კახური მწვანე. 4.5 მლნ ბოთლი ღვინის ჩამოსხმას ვგეგმავთ, მომავალი წლისათვის კი 6 მლნ ბოთლს ავცდებით.    

"თელავის ღვინის მარნის" შემდეგ კომპანია GWS-ს ვეწვიეთ. მეგზურობა კომპანიის საექსპორტო გაყიდვების მენეჯერმა გიორგი თეიმურაზიშვილმა გაგვიწია: "Gჭშ-მა კახეთში უკვე დაასრულა გლეხობისგან ყურძნის ჩაბარება. რთველია რაჭაშიც, სადაც ხვანჭკარას იბარებენ. წელს გაზრდილია მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და ჩვენი კომპანიაც შარშანდელთან შედარებით მეტ ყურძენს იბარებს. წელს 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადავამუშავეთ. რადგან ახალი ბაზრები გაიხსნა, წარმოების 20%-იან ზრდას ვგეგმავთ. 7-წლიანი ემბარგოს მერე მეღვინეებისთვის ძლიერი იმპულსია რუსეთის ბაზრის გახსნა. ივნისიდან ჩვენი ორივე ბრენდი, "ძველი თბილისი" და "თამადა", რუსეთის ბაზარზე იყიდება".
ფილიპ ლესპი, ფრანგი მევენახე: "კარგ ღვინოს კარგი ყურძნის გარეშე ვერ მიიღებ. წლევანდელი ყურძნის მოსავალი კარგია. მთავრობამ პროგრამა ისე შეადგინა, რომ აქცენტი ხარისხზე გაკეთდა. რქაწითელსა და კახურ მწვანეს ისეთი შაქრიანობა აქვს, მათგან საუკეთესო ღვინო დადგება. რქაწითელი და კახური მწვანე უნიკალური ქართული ჯიშებია და მას კონკურენციას ვერც ერთი ევროპული ღვინო ვერ გაუწევს".

მუკუზანელები სოფლის ბირჟაზე შეკრებილიყვნენ. ის იყო, ტრანსპორტიდან ფეხი ჩამოვდგით, რომ ერთი ქალი აყვირდა, სოფელი მიუხედავიაო. მისი გულისწყრომის მიზეზის გაგება რომ დავაპირე, 79 წლის ნელი პაპაშვილმა შემაჩერა: "მაგაი სოფლის გამგებლობა უნდა და ვინ გაუშვებს. ნაციონალების იმედი ჰქონდა და დარჩა ხახამშრალი. ძალიანაც კარგი წელიწადი გვქონდა. შარშან  მთლიანად დამესეტყვა ვენახი და ბიძინამ 2.500 ლარი მომცა. წელს ნასეტყვმა ვენახმა კარგი მოსავალი ვერ მომცა, მაგრამ  იმდენი კი მომივიდა, რომ  800 კილოგრამი რქაწითელი ჩავაბარე. Aყურძენი რომ ადრე 35 თეთრი იყო და წელს ლარია, - არ არი სხვაობა? სოფელში დალხენილი ყოფა არ არის, მაგრამ მიხარია, რომ პენსია გამეზარდა".

მაია ძამუკაშვილი, 44 წლის: "გაზაფხულზე 100-ლარიანი ვაუჩერი ავიღე, იმიტომ, რომ პატარა მიწა მაქვს. იმ  ვაუჩერით 2 ტომარა გვარჯილა მომივიდა.A ამითაც კმაყოფილი ვარ, მაგრამ... ვენახი თუ არ მოხანი და არ გათოხნე, მოსავალს ვერ მიიღებ. მოხვნას  ტრაქტორი და "სალიარკა" უნდა, ეს კი ძვირი ღირს. კი გვიჭირს, მაგრამ ძალიან ვემადლიერებით ბიძინას. იცის სოფლის ფასი და გვეხმარება".

ნელი პაპაშვილი: "79 წლის ქალმა ხუთი დღე რთველში მაინც ვიმუშავე. ხელები რომ ჩამოვყარო, არავინ არაფერს მომცემს. ამათმა რომ არ გაიმარჯვონ, სატირლები ვიქნებით. რამდენჯერ დაისეტყვა ვენახი - მიშამ კაპიკები მოგვცა, ივანიშვილმა ათასები. "ნაციონალები" 9 წელიწადი იყვნენ და რა გაგვიკეთეს?"
მუკუზანელებს დავემშვიდობეთ და ნელი ბებო კუსკუსით გამომყვა, - შვილო, ჩემი ლაპარაკი გაზეთში იქნება?

- კი ბებო, "კვირის პალიტრაში"...
- უიმეე! - ნელი ბებომ მორცხვად აიფარა პირზე ხელი და ღიმილით დამლოცა: კეთილ გზაზე გევლოს, შვილო, შენც და "კვირის პალიტრასაც"!
ela
17 სექტემბერი 2014 19:45
2014 -ში რავქნათ ხალხს ყურძენი ჩასაბარებელი რჩებათ...... არცერთი ქარხანა არ იღებს ყურძენს!!!!!!!!!!!
ლია
27 ნოემბერი 2013 14:37
ძლივს რაღაც პოზიტიური წავიკითხე და მესიამოვნა! ღმერთს ვთხოვ, სიკეთე და სიუხვე ყოფილიყოს სოფლადაც და ქალაქშიც!
იზო
15 ოქტომბერი 2013 08:15
„იმ ამბიციურს“ სათქმელი გულში არ დარჩენია. სხვებს რომ ვესაუბრებოდი, მისი ყვირილი ფარავდა ყველას ხმას, _ მერე რა რომ ყურძენს ლარად იბარებენ, ვერ ხედავთ, რამდენი ფოთოლი ყრია დაბლა და დაუგველია აქაურობა, მუსიკის მასწავლებელი ვარ და ნოტების წიგნი მომპარესო...აი, ასეთი შინაარისის ბრალდებები ჰქონდა. დანარჩენი დრო თანასოფლელებთან კამათს მოანდომა.

რედაქტორის რჩევით