აკი, კახელები პოლიტიკაში ვერ ერკვევიანო?! - კვირის პალიტრა

აკი, კახელები პოლიტიკაში ვერ ერკვევიანო?!

"ეგ დეტექტორი, ჩვენა, ღმერთმა ჩაგვიმონტაჟა, თავის დროზე, ტვინში და ჯერაც არ გაფუჭებულა"

"სიმართლე მზესა ჰგავს, ვერც ხელ მიაფარებ და ვერც სახედარივით დააბამ მართალ სიტყვას"

პარადოქსია, მაგრამ გოგია ჯამატაშვილმა კახეთში ჯერ კიდევ მაშინ დაამსხვრია სოციალისტური წარმოების სტერეოტიპული დოგმები, როცა კოლმეურნეობის ერთ-ერთ ბრიგადას ხელმძღვანელობდა და არცთუ ურიგოდ. ერთი "შრომის წითელი დროშის ორდენი" დააკლდა თორემ "გმირის ვარსკვლავი" ახლა მის "ზაოდ-მუზეუმში" იმ ორდენ-სიგელებივით ეკიდებოდა, სოცშეჯიბრში გამარჯვების ნიშნად წარა-მარა რომ იღებდა მთავრობისგან.

როგორ დაამსხვრია და ამ მხარეში პირველად მან მოიფიქრა არყის სახდელის წარმადობის გასაზრდელად "ზაოდში" ორი სპილენძის ქვაბის ჩადგმა. და სოფელმაც უმალ მისამართივით დაჰკიდა ზედმეტი სახელი "ორქვაბა".

"ორქვაბა" გოგიამ სულ მალე "ისეთ სიმაღლეზე აიყვანა" ეს ქართული ტრადიცია, რომ იმ პერიოდში, როცა რაიკომის მდივნები და სხვა პარტიული ფუნქციონერები რესტორნებში ჯდომას ერიდებოდნენ, საპატიო და უცხოელი სტუმრები სავახშმოდ სწორედ გოგიას კოლორიტულ "ზაოდზე" მიჰყავდათ.

სანამ მე და გოგია სალაპარაკოდ "ზაოდის" ღუმელში მოგიზგიზე კუნძის ალთან მივსხდებოდით, მისმა მეუღლემ ერთი საინტერესო ამბავი მომიყვა: "კომუნისტების დროს ინტერვიუსთვის ახალგაზრდები მოვიდნენ ჩვენთან რადიოდან. მე ვუთხარი, შვილებო, ცუდი ზნე სჭირს გოგიას, წამდაუწუმ იგინება და იქნებ სხვასთან აიღოთ ინტერვიუ-მეთქი.

ნუ ღელავთ, ქალბატონო. იმ ადგილებზე, სადაც შეიგინება, ფირს ხმის ჩამხშობ სიგნალს დავადებთო.

ერთი კვირის შემდეგ მოვისმინე გოგიას ლაპარაკი  და აზრი მეც კი ვერ გამოვიტანე, რისი თქმა უნდოდა, სულ "პიიი", "პუუუ" ისმოდა".

მეც შევპირდი ეთერი დეიდას, თუ აუცილებელი გახდებოდა ხმის, უფრო სწორად, გინების ჩამხშობ "სიგნალს" გამოვიყენებდით.

- გოგი, "ის დრო" ჯობდა არა (თვალით ორდენ-სიგელებზე მივანიშნე)?

- "იმ დროში" მე კარგად ვიყავი. ისევე როგორც ბევრი სხვა, მაგრამ მაშინაც ვხვდებოდი და ეხლაც, ის წყობა თავს დიდხანს არ დაიჭერდა. ფარშივი იყო ყველაფერი.

გახსოვს, ყურძნის საკრეფი მანქანა რო გამაიგონეს ჩვენმა მეცნიერებმა? ორი ცალი გამააგზავნეს ჩვენ რაიონში. ექსპერიმენტი მაინცდამაინც ჩემი ბრიგადის ზვრებიდან დაიწყეს. შეუშვეს ჩემს დაკვარკვარებულ ყურძნით გაძეძგილ ვენახებში. დგანან ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რაიკომიდან და სამინიტროდან მოსული ხალხი და ბედნიერი სახეებით უყურებენ, როგო ტანკივით უვლის ვენახს ეს ამოდენა "მაშინა". მახარაშვილივით შევუვარდი ქვეშ, კინაღამ ზედ გადამიარა. ჩამოვიღე ის მემანქანე კაბინიდან და თავმჯდომარეს რო ხელიდან არ გემეეტაცნა, ცხვირ-პირი არ შერჩებოდა ზედა... ფოთოლი და კვირტი არ შეარჩინა ვაზსა, იმ შობელძაღლმა, მე - ცოლი და დედა იმის გამამგონებელსა და გამამგზავნებს.

სეტყვის საწინააღმდეგოც ხო გამაიგონეს. დაუშენდნენ ჭურვებს ღრუბლებს. დაშლიდნენ ერთ ადგილზე, მეორეგან შექუჩდებოდა და დასცხებდა მუშტი ტოლა ხოშ-კაკალსა, ორჯერ მეტსა და ორჯერ მსხვილსა. სანამ მიწასთან არ გაასწორა ვენახები და თავები არ დაუხეთქათ ჩემმა ლანძღვამ იმ გამამგონებლებსა, ვერ მიხვდნენ, რო სეტყვის საწინააღმდეგო კი არა, სეტყვის ამახურებელი რაღაცა გემეეგონათ.

მესამე "გამოგონება" იყო, მთლად ჭკუიდან შეიშლებოდა კაცი.

პეპელაა ერთი, ვაზის დაავადებებს აჩენს, ოღონდ მამრი პეპელა, რადგან მდედრი იმ დროს კვერცხებსა დებს. იმ პეპლების მოსასპობად, ვენახის შეწამვლა რო არ დაგვჭირდეს, ეს ქაღალდის პარკები დაკიდეთ ზვრებშიო. თურმე იმ პარკებში ისეთი საწამლავია, მდედრის სუნი აქ და მამრს იზიდავს. შევლენ და... კარგად მეყოლე. რო დავფიქრდი, შემეშინდა, ემანდ ნასვამმა არ გავიარო, ან რამე, რიგებში და ღმერთი არ გამიწყრეს, მეც არ შევყო თავი იმ ხაფანგში-მეთქი და უარი ვუთხარ აგრონომსა. მუშნი ზარანდია კი არა ვარ, კაცო, მაგრე მუხანათურად ჩავუსაფრდე სიყვარულისთვის მოფრენილ ღვთის არსებებს-მეთქი.

- მაშ გეგმას როგორ ასრულებდით?

- მე არაფერს ვასრულებდი. მამყავდა იმდენი ყურძენი, რამდენიც შეიძლებოდა. მერმე დაჯდებოდა ჩვენი თავმჯდომარე და რამდენსაც რაიკომიდან დაავალებდნენ, იმდენს "ასრულებდა" ქაღალდზე.

ერთ წელიწადს ჩვენ რაიონში 160 ათასი ტონა ყურძენი "დავკრიფეთ". ვიანგარიშე და ვენახები რო ყურძნიანად გაგვეკაფა და სასწორზე თავის მკრეფავებიანად დაგვეწყო, მაგდენი მაინც არ გამოვიდოდა, მაგრამ რა გინდა - მაინც "დავკრიფეთ".

დილით უთენია ავრბოდი სახლ და კარ და ლოგინიდან წამოვყრიდი ხოლმე სუყველასა. როგორია, გარიჟრაჟზე, ნაქეიფარი ქმრის გვერდით რო წევს ცოლი და შენ კოლექტივის ვენახების გასაფურჩნად წამაახტუნებ, "გრუზავიკზე" შაიყრი და... ან როგორა მპატიობდნენ, კაცოო?!

ერთხელ გზაზე მანქანა გაგვიფუჭდა. ვიდექი და ველოდებოდით, სანამ "მოკლე შალო" გააკეთებდა. შავი "ვოლგა" გაჩერდა. მე ვთქვი, რაიკომი მდივანი არ იყოს, არ მითხრას, ხალხს რად აცდენო, მაგრამ ვიღაცა უცხოელი გადმოვიდა, თან თარჯიმანი გადმოიყვა. "სტუმარს აინტერესებს, ვინ არიან ეს ქალბატონები და სად მიგყავთო".

ცოტა ჩავფიქრდი. ჩვენი წყობის მოძულე კაპიტალისტს ხო არ გავუხსნი კარტებს-მეთქი და ტყუილი ვიკადრე იმ ხნის კაცმა - პატიმრები არიან-მეთქი.

წასულა ის შობელძაღლი თავის ქვეყანაში და გაზეთში დაუწერია წერილი სათაურით "წყობის პატიმრებიო", თან ჩემი ბრიგადის დედაკაცების სურათები მიუბეჭდია ქვეშა. კინაღამ პარტიიდან გამრიცხეს...

რთვლის დროს "კომუნისტის" ფოტოგრაფი ჩამოიდა წითელი გალსტუკითა (მაინცდამაინც ჩემ ბრიგადაში აგზავნიდნენ ყველა უსაქმურსა). გამაჩერებინა მუშაობა. გამამაყვანინა დედაკაცები რიგებიდან. დაიწყო "პრიკაზების" გაცემა: ესაო, ყველაზე მსხმოიარე ვაზსა ფოთლები გააცალეთ, ყველამ თავსაბურავები მოიხადეთ, ვედროები მხრებზე შაიწყეთ და იგრე გამოდით რიგებიდანო. ხან მანქანაზე შაასკუპებს ამ ქალებს, ხან კბილებს გამააჩენინებს ქანცგაწყვეტილი ცხენებივითა, ხან ამ პოზაზე დააყენებთ, ხან იმ პოზაზე. დგას და აჩხაკუნებს ფოტოაპარატსა. არა და არ დაადგა იმი წასვლაი საშველი...

ერთი ვედრო ყურძენი მოვურჩიე და მივართვი - ჰა, რა შვრები, აღარ მიდიხარ-მეთქი?

ეწყინა თუ ეცოტავა, ვერ მივხვდი. როგორ მკადრე ეგეთი რამეო. ყურძნით სავსე ვედრო უკან მამიგდო.

შენი დედაც-მეთქი, შავაგინე და შავლალე ქალები ვენახში.

ყურძენი დასაკრეფი მრჩებოდა, კაცოო!

წავიდა და აქეთ არ მიჩივლა, - მუშაობის საშუალება არ მამცაო.

დამიბარეს პარტიის კრებაზე. რაიკომიდან ინსტრუქტორიც მეევლინათ. თურმე ჩემ საკითხს არ იხილავენ?!

ამხანაგო გოგი, მოახსენეთ კრებას, მართლა შეაგინეთ თუ არა ჩვენი პარტიის უპირველესი რუპორის, გაზეთ "კომუნისტის" ფოტოკორესპონდენტსო? - მეკითხება ინსტრუქტორი. თავმჯდომარე ჩუმად ხელით მანიშნებს, უარი თქვიო. ვიფიქრე, იმ წითელგასტუკიანის გულითვინ სული როგო წავიწყმიდო, ტყუილი როგო ვთქვა-მეთქი და თავი დავიქნიე - ეგრე იყო-მეთქი.

ისიც დაიბნა, ეტყობა არ ელოდა სიმართლეს რო ვიტყოდი, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, ისევ პარტიული ტონით განაგრძო დაკითხვა: ნანობთ თქვენი დანაშაულის გამოო?

ვნანობ, მა არა ვნანობ, მარტო დედა რო შევაგინე და კარგად არ მივბეგვე-მეთქი.

გაირიცხოს კომპარტიის რიგებიდან და განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდანაო - გამამიტანეი განაჩენი.

სახში სუ ცუხცუხით წავედი. დედაკაც გავახარებ-მეთქი. მთელი ცხოვრება მებუზღუნებოდა: დღე და ღამე ქალებ დაედევ, სახლში გული არ გიჩერდებაო. მაგრამ რად გინდა, ხანმოკლე გამოდგა ჩემი მესასთუმლეი სიხარული. მეორე დღეს ჩემი ბრიგადის წევრებმა "ზაბასტოვკა" გამააცხადეს - თუ გოგიას არ დააბრუნებთ ბრიგადირად, არც ერთი ვენახში შამსვლელი არა ვართო.

ვენახს დაუკრეფავ ხო არ დაიტოვებდნენ და... დამაბრუნეს. მარტო სასტიკი საყვედური ამკიდეი...

- დემოკრატიაზე რა აზრის ხარ?

- რა არი "დემოკრატია"?

- ხალხის მმართველობას ნიშნავს.

- რა ხალხის მმართველობა, რი ხალხის მმართველობა, ეგეც ბლეფია.

ხალხი ვენახამდე ძლივს მილასლასებს და იქ რო მივა, იმასაც ვერ იხსენებს, დილით პური ჭამა თუ არა, ქვეყანა უნდა მართოი?!

- აბა, ვინ უნდა მართოს?

- ყველაზე ჭკვიანმა და პატიოსანმა კაცებმა. ოღონდ ღმერთი რო სწამთ, ისეთებმა. ეს არჩევნებიც ბლეფია, რაკი მე მარჩევინებ თავსა და მაინც შენ ჭკვაზე აკეთებ ყველაფერს, დემოკრატობა მაინც მეთამაშე, კაცო, მამატყუე, რო ჩემი ჭკუით აკეთებ და მეც დაგიჯერებ თუ ჩემთვინაც სასარგებლო იქნება და ქვეყნისთვინაც...

ისე, ყველაზე მაგარი დემოკრატი მე ვარ, რო იცოდე.

- როგორ?

- როგო და, ყველა საკითხს ისე ვწყვეტამ ოჯახში, შვილებსაც ვეკითხები და ცოლსაც. თან მამაძაღლურად იმ აზრს მოვახვევ ხოლმე თავზე, მე რომ მინდა. ისინიც მთანხმდებიან, რადგან იმათთვისაც სასარგებლოა და თან ჰგონიათ, რო თვითონ მაიფიქრეს ისა...

სამივე შვილს სახელი მე შავურჩიე, დედაკაც კიდე, დღევანდლამდე ჰგონია, რო თვითონ დაარქვა.

აი, დემოკრატია და დიპლომატია ეგ არი. ის კი არა, მე რო პირზე ხელს ამაფარებ და შენ რაც გინდა იმას უკრამ. ან შენც სხვის დაკრულზე ცეკვავ და მეც გინდა რო ვიტლინკაო.

- შენ პირზე ხელს ვინ აგაფარებს, კაცო?!

- ვერც ამაფარებენ, იმიტო რო სიმართლე მზესა ჰგავს, ვერც ხელ მიაფარებ და ვერც სახედარივით დააბამ მართალ სიტყვას.

შარშან იყო მგონი, ჩვენი პრეზიდენტი რო ჩამოვიდა, მიმიშვით მაგ პატარა ბიჭთან, რაღაცა უნდა ვუთხრა-მეთქი და არ მიმიშვეი: "ბატონ პრეზიდენტს რეგლამენტში არა აქვს თქვენთან შეხვედრაო".

- რა უნდა გეთქვა პრეზიდენტისათვის?

- რა უნდა მეთქვა და, ტყუილების ლაპარაკ თავი დაანებე, კახეთში ეგ არ გადის-მეთქი.

- ვითომ რატომა, თქვენ რა სიცრუის დეტექტორი გაქვთ ეგეთი?.

- ეგ დეტექტორი, ჩვენა, ღმერთმა ჩაგვიმონტაჟა, თავის დროზე, ტვინში და ჯერაც არ გაფუჭებულა.

- სხვა ქართველებს არ ჩაუმონტაჟა?

- ვინ გითხრა, რო არ ჩაუმონტაჟა, მაგრამ... რაჭველებს, სვანებს, თუშებს და ხევსურებს მაღალმთიანობის გამო მიღება გაუუარესდათ. იმერლებს და გურულებს მაღალი დაძაბულობის გამო შეეშალათ. მეგრელებმა კიდევ პირველი დღიდან ძალით გააფუჭეს... სხვა დანარჩენებს ელემენტები დაუჯდათ და ხან ჩაერთობიან, ხან გამოერთობიან.

- სერიალებს თუ უყურებ?

- ჩემ ახალგაზრდობაში, ერთი გიჟი იყო სოფელში. ყველას, ვისაც ხელში გაზეთ დაუნახამდა დასცინოდა, - ორკაპიკიან გაზეთში სიმართლეს ვინ დაგიწერს, სიმართლეს სისხლის ფასი აქვსო. მაშინ კინოში 30 კაპიკად დავდიოდით, თუ ორსერიანი იყო, 60 კაპიკ ვიხდიდით. ეხლა დღეში ათ სერიალს გვაჩვენებენ მუქთად. რისთვის, როგორ გგონია? იმ სერიალებში  ვაზისა და მიწის სიყვარულზე, ან ღმერთის სიყვარულზე მინიშნება მაინც თუ იყოი, კისერი დამაჭერი.

მე "ციციკორე" არ გეგონო, ტელევიზორ და პარაოზ წინ ვეღობებოდე, მაგრამ უზნეობაი ვერ შევეგუები და არც ვინმეს ვურჩევდი რო შეეგუოი, რადგან გარყვნილებაში ჩახრჩობილი ოჯახებიც მინახავს და სიბილწეში ჩაქცეულ ქვეყნებზეც წამიკითხავს... კოლმეურნეობა, ჯანდაბაი, გააუქმე, მეცნიერებათა აკადემიაც გააუქმე, სპორტის აკადემიაც გააუქმე, ქალიშვილობის ინსტიტუტიც სოციალისტური გადმონაშთია, კაცო, რო აუქმებ?! ე.ი. ღმერთიც კომუნისტია, როგო დავიჯერო?!

მარტო კაზინოებ და არაქალიშვილობის მრავალპროფილიან ინსტიტუტებ რო მიხსნი, მაგრე განათლდება ერი? მაგრე აშენდება ქვეყანა?

ჩვენებური პატარა გოგო ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს დედოფალი გახდა, გაიმარჯვა მამაძაღლმა და თბილისში გათხოვდა, აქ ვიღა გამოუშვებდა. მეორე პატარა გოგო, სამი-ოთხი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა თავის ასაკის ჭადრაკისტებში. ერთი ჩუმლაყელი პატარა ბიჭია,  ხუთი წლის განმვლობაში მკლავი ვერ დაადებინა ვერავინ მსოფლიოში. აგე, მინდორაანთ ბიჭმა ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატში დააწყო ბეჭებზე ყველა, შარშან კიდე ოლიმპიადაზეც იმარჯვა... საიდან ეს სილამაზე, ჭკუა და სიძლიერე თუ იცი? ვაზიდან, გენაცვალე! კახელები ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. დედის შესაგინებლად, დითირამბებ ვერ მივუძღვნი და სხვის შესაგინებელ დედაი ჩემი დედით ვერ შევცვლი.

კახელი კაცი შეიძლება პოლიტიკაში ვერ ერკვეოდეს, თორე სიყვარული არ ესწავლება. ამიტომაც "თავისი ადგილი" სუ იცის. უფრო სწორად, ჩვენი პოლიტიკაც სიყვარულია.

ეს სახლი ჩემი ხელით ავაშენე. დღეში ორას-სამას აგურს დავდებდი ხოლმე. დედაკაცი რო ყოველღამე ხვევნა-კოცნაში არ გემეთანგა, ხო შეიძლება ამდგარიყო და დაწყობილი აგურები ძირს გედმეეყარნა. სახლი ხო ეხლაც დასამთავრებელი მექნებოდა?

P.S უკვე ბინდი იდგა, გოგიას "ზაოდიდან" რო გამოვედი. მასპინძელმა ჭიშკრამდე მომაცილა, დამემშვიდობა და ის კი იყო, სახლში შებრუნებას აპირებდა, შევაჩერე: "გოგი, რომ არ გკითხო გული არ მითმენს... ეგრე წარა-მარა, მაინც რატო იგინები?"

- რავი, მაგი დედაც!..

ეზოში მორცხვად თავდახრილი შებრუნდა და რკინის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.

კახეთში ვიყავი...

ფარნავაზ ფერაძე