"დადიანების სასახლის ეზო გაიყიდა"(!!!)
17-11-2013
"დადიანების სასახლის ეზო გაიყიდა"(!!!)
"საჯარო რეესტრში გაოგნებული დავჩერებოდი ნახაზს და ვკითხულობდი, სასახლეები სად არის-მეთქი?"

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზო გაიყიდა! როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიას, განცხადება, ეს დასტურდება ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ოფიციალურად დამოწმებული საბუთებით.

დოკუმენტების თანახმად, კულტურულ მემკვიდრეობად შერაცხილი სასახლის ეზო, სადაც კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ტოტიც ვერ უნდა მოტეხონ, აღარც სასახლეს ეკუთვნის და აღარც - სამინისტროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კულტურის სამინისტროს გვერდის ავლით, 2012 წლის პირველ ნახევარში
მიწის უზარმაზარი ფართობი რეგიონულ სახელმწიფო სტრუქტურას - სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურს - წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუკანონა. ეს ორგანოც ნელ-ნელა შეუდგა მიწის დაქუცმაცება-გაყიდვას. ამჯერად მუზეუმის ხელმძღვანელობისთვის ცნობილია მხოლოდ ერთ
-ერთი მყიდველის - ზუგდიდელი ვინმე ლევან ქარდავას ვინაობა. ის არის უკანონოდ გაყიდული მიწის ნაწილის - 995 კვ.მ.-ის მეპატრონე. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2002 წელს ამ მიწას თვალი  ბიზნესმენმა გოჩა ფიფიამ დაადგა, რასაც იმ დროს შევარდნაძის ოპოზიციაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი მოჰყვა.

ლილი ბერაია, დადიანების სასახლის დირექტორი: - თავის დროზე დადიანების სასახლე და ეზო უზურფრუქტით გადმოგვცა სახელმწიფომ. გადავწყვიტე, ყველა დოკუმენტი მომეწესრიგებინა საჯარო რეესტრში. შევაგროვე საბუთები და წესისამებრ, მივმართე კულტურის სამინისტროს, რომელმაც საბუთები გაუგზავნა ეკონომიკის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოს ქონების განმკარგველს. იქიდან მოვიდა წერილი, აზომვითი ნახაზი არასწორად გაქვთ გაკეთებული, რადგან ეზოს ნაწილი ეკუთვნის საპატრიარქოს (ალბათ, სასახლის მიმდებარე დადიანების კარის ეკლესიისათვის), ნაწილი კი გაყიდულია კერძო პირზეო. დავიბენი, ვერაფერს მივხვდი. როგორ შეიძლებოდა მუზეუმის ეზო გაყიდულიყო და ამის შესახებ არაფერი მცოდნოდა?! ან თუ ასეთი რამ მოხდა, რატომ არ იყო ეს აღნიშნული საჯარო რეესტრის დოკუმენტებში? ისევ მივედი რეესტრში და ამოვაღებინე ორი ნახაზი: ძველი, 2008 წლის და 2012 წელს განახლებული. განახლებულ ვარიანტს მოჰყვება ეზოს ნახაზიც მისამართით - გამსახურდიას ქ. #1ა. მისამართმაც გამაკვირვა. 2008 წელს ჩვენი მისამართი იყო გამსახურდიას ქ. #1. ვერ მივხვდი, რატომ გაიყო ნომრები. დავიწყე კვლევა. გაირკვა, რომ ქონება, ანუ მიწა - 38 510 კვ.მ ფართობის ეზო - სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურის სახელზეა გაფორმებული და მას აქვს გაყიდვის უფლებაც. 

- რის საფუძველზე გადაეცა ამ სამსახურს დადიანების სასახლის ეზო, ან როდესაც გადაეცა, თქვენ რატომ არავინ გითხრათ ეს?

- მეც მაგას არ ვჩივი? მხოლოდ ახლა მაჩვენეს ამ სამსახურის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი, გადმოგვეცით ეს მიწაო. ასე ქურდულად, უსინდისოდ,  კანონის, მორალის გვერდის ავლით, უღირსმა ჩინოსნებმა კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებული მიწა გაყიდეს. ვინმე ლევან ქარდავამ იყიდაო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყიდა? თან კვალის არევის თუ თვალის ახვევის მიზნით, იცით, როგორ დაარეგისტრირეს ეზოს ფართობი? სასახლეები არ ჩანს ანუ რეესტრის მონაცემების მიხედვით, დადიანების, ეკატერინეს, ნიკოს სასახლეები არ არსებობს. ალბათ, ეზოს რომ დაინაწილებდნენ, მერე დაარეგისტრირებდნენ შენობებს და რომ დასცლოდათ, არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანის გაყიდვაც ეცადათ. საჯარო რეესტრში გაოგნებული დავჩერებოდი ნახაზს და ვკითხულობდი, სასახლეები სად არის-მეთქი? რეესტრის თანამშრომლებიც მხრებს იჩეჩდნენ. საბუთების მოწესრიგება რომ არ დამეწყო, ერთ დღეს, ალბათ, მთლიანად გაყიდდნენ ეზოს და გამომიცხადებდნენ, აქეთ აღარ გაიაროთ, სხვა მხარეს გაჭერით კარი სასახლეში შესასვლელადო. ეზოს საკადასტრო ნომერიც კი შეუცვალეს და ეკატერინე დადიანის სასახლე რეესტრის მასალებში არ ჩანს, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა მოხდეს? ვინ ვართ, რა ხალხი ვართ?!..

"კვირის პალიტრა" ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებისთვის კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში არ იცოდნენ(!), რომ ზუგდიდში დადიანების ეზო გაიყიდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში ზუგდიდში ჩავა და პრობლემას გაეცნობა. სავარაუდოდ, მოვლენები სკანდალურად განვითარდება. ძნელი დასაჯერებელია, რომ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებული მიწა დაბალი რანგის ჩინოსანთა გადაწყვეტილებით გაიყიდა.
ნანა*
15 აპრილი 2014 02:23
სასოწარკვეთაში ჩააგდეს ადამიანი,აი ეს მოხდა.იმედი ბოლოს კვდებაო და ეს იმედიც ალბათ აღარ დარჩა. რა გახდა სოც.პოლიტიკისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება. თავს თუ ვერ აბავენ,რომელიმე ქვეყნის მოდელი გადმოიღონ.ერთმანეთის პაექრობაში დაილია ეს ცხოვრება,თაობები ბერდებიან,სიტუაცია კი ერთ ადგილას მდორედ დგას. ძალიან ვწუხვარ,მაგრამ ჩვენ კიდევ ასი წელი არ გვეშველება.
Nino
14 აპრილი 2014 18:25
აგერ დაინახავთ, რას გააუქმებენ და რას გამოიძიებენ, თვითონ მთავრობამ გაყიდა და თავს დაისჯიან? იყავით სიზმრებში და ოცნებებში
პატრიოტა
10 მარტი 2014 01:22
ასეთ უნამუსობას მხოლოდ ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე თუ გააკეთებს!
თუკი ახალ მთავრობას ქვეყანაზე ნამდვილად შესტკივა გული, უნდა ჩაატარონ ფართომასშტაბიანი გამოძიება და დამნაშავეები უნდა დაისაჯნენ კანონის მთელი სიმკაცრით(თუ საერთოდ არსებობს ასეთი სასჯელის ზომა), უკეთესი იქნება, თუ ისინი გასამართლებიან ,როგორც ქვეყნის ინტერესების გამყიდველები და კულტურული მემკვიდრეობის გამნადგურებელები!!!!!!
თუ არ გავუფრთხილდით ჩვენ ისტორიას და კულტურულ ძეგლებს, მაშინ ჩვენ ერს მომავალი აღარ დარჩება!!!!

რედაქტორის რჩევით