"მაიტაცეთ ერთი თვითმფრინავი და ამოდით საახალწლოდ თუშეთს" - კვირის პალიტრა

"მაიტაცეთ ერთი თვითმფრინავი და ამოდით საახალწლოდ თუშეთს"

თოვლში გახვეულ თუშეთში თითზე ჩამოსათვლელი სახლებიდან ამოდის კვამლი. ზოგიერთი სოფელი ერთიანად გადაუთეთრებია ზამთარს. აქ აღარავინ ცხოვრობს. გაზაფხულამდე მიტოვებული სახლები სევდიანად გახვეულან თეთრ საბნებში, თოვლში ჩაფლული კოშკები კი უტყვ დარაჯებს ჰგვანან. ზამთრის დუმილი კიდევ 6 თვეს გასტანს, მერე გზები გაიხსნება და ბარიდან ამოვა ხალხი.

წინათ აქ დიდი ჟრიამული ყოფილა. ქრისტესშობის დღესასწაულიდან იწყებოდა თურმე მოლხენა-გართობა და ნათლისღებამდე გრძელდებოდა. თუშეთს უხუცესთა, დიაცთა და მეკვლეების დალოცვის ხმა ათბობდაო, იხსენებს 74 წლის ქეთო მელაიძე, რომელიც 81 წლის ქმართან, ვანკასთან ერთად ცხოვრობს ომალოში. ცოლ-ქმარს ერთხელაც კი არ დაუტოვებია ზამთარში თუშეთი. წელსაც ქალიშვილი მაყვალა ლამის მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა თურმე მოხუცებს, წამოდით ბარში, თქვენზე დარდით ნუ დამაბნელებთო, მაგრამ მოხუცებს ქვა აუგდიათ და თავი შეუშვერიათ, თუ ჩვენ გამო დარდი არ გინდათ, თუშეთს მობრუნდით და კერა გაათბეთო.

KvirisPalitra.Geქეთო ბებო შემოდგომის პირზე ვნახე თუშეთში. მაშინ პატარა შვილიშვილი ქეთოც მასთან იყო. თუშური ბეგქონდარას სურნელოვანი ჩაი მომართვა, სკივრიდან ძველი "ჩამადანი" ამოიღო და ულამაზესი ჩითები (თუშური ფეხსაცმელი) და წინდები დამათვალიერებინა, აი, რით ვირთობ გულსაო. ეს ნახელავი ქეთო ბებოს ბიზნესიც არის, - ზაფხულობით უცხოელი ტურისტები ისე ესევიან ქეთო ბებოს ნახელავს, როგორც ფუტკარი ყვავილსო, ამბობენ თუშები.

- ქეთო ბებო, არ გიჭირთ ზამთარში აქ ყოფნა?

-  ზამთარში უფრო არა სჭირს. ზაფხულშია გაჭირვება, საქმე ბევრია, გამკეთებელი კი ცოტა. ახალგაზრდებს საქმის კეთება რომ ეზარებათ, იმიტომაც გარბიან. არადა, ყველაფერი მოსაგროვებელია: კაცის, საქონლის საკვები... ზამთარს მზად უნდა დავუხვდეთ, თორემ მარტოობაში შვიდ თვეს გატანა არ უნდა? ზამთარში ვერავინ ამოდის ბარიდან. ხალხს უჭირს გადაადგილება უტრანსპორტობის გამო.

ჩამოყრის თოვლს და მესაზღვრეებთან ტელეფონის დასატენად გადასვლასაც ვეღარ ვახერხებთ ხოლმე, უტელეფონოდ კი ვეღარც შვილებისას რამეს იგებ და ვზივარ მარტოკა. ედუდუნე ამ რკინის "ფეჩს", არ გეტყვის რამეს. მოსაწყენია უადამიანოდ. ნავთიც რომ გაგვითავდება, ადრიანად ვწვებით მე და ვანკა და ზამთრის ძილს ვაკვლევინებთ დროს. ამ თეთრ სიცარიელეში ერთადერთ იმედად მესაზღვრეებიღა გვყავს.

- ახალ წელს როგორ ხვდებით ხოლმე?

- ეჰ, ახლა რაღას ვხვდებით! ომალოში მე და ვანკა და კიდევ სამიოდე კაც ვრჩებით. წინათ კი შობა-ახალი წლის დღესასწაული ხანგრძლივი დღეობა იყო. ლხინი ქრისტესშობას იწყებოდა და ორი კვირა გრძელდებოდა, წყალკურთხევამდის. ამ დიდ დღეობას თუშები ქრისწელწდობებს, ან უბრალოდ წელწდობებს უწოდებდნენ, - წელიწადი ქრისტესშობიდან ქრისტესშობამდე.

ახალი წლის დადგომამდე, საღამოს, დედა კარს ჩაკეტავდა და ვიძინებდით. დილით, რიჟრაჟზე, რომელიღაც სოფელში იქუხებდა თოფი ახალი წლის მაცნედ. დარეტიანდებოდნენ ექოსგან მთები, თოფის ხმა დაღესტნამდე აღწევდა, მერე მეორე გასროლის ხმა გაისმებოდა, ატყდებოდა ბათქაბუთქი, შეზანზარდებოდა ხეობები. ასე გრძელდებოდა 10-15 წუთს. მერე ისევ გაიტრუნებოდა არემარე. ქალები კერიაზე ცეცხლს დაანთებდნენ, ავარდებოდა კვამლი სიპის სახურავებზე. აკიაფდებოდა ცეცხლი და წავიდოდით ბალღები ოცნებაში. დედა გააღებდა წინა საღამოს დაკეტილ კარს, წინსაფრით თოვლს შემოიტანდა, სახლში მოაბნევდა და დაგვლოცავდა: "ღმერთო-დ კვირა’ეო, ქრისწელწდობის ძალ-მადლო, ნუ გამოღლევ ამ სახლ-ეზოყურეში კაცის ხმა-ჭკვას, შენამც შე’წევ ჩემ ქმარ-შვილთ, და’სწრობამც მრავალ ამ დღეს კაის გულობით. სისარით, სიმთელით". მერე გააღვიძებდა წყალზე წამსვლელ ქალიშვილს, რომელიც უხმოდ შეუდგებოდა ჩაცმას და ემზადებოდა ტრადიციული რიტუალისთვის. წყაროზე დიდი ამბები ხდებოდა. მე ძალიან მიყვარდა, როცა პაპა გვლოცავდა: "ღმერთო მაღალო, დაილოც შენ ძალ-მადლ, შენამც შეეწევ ჩემ შვილებს, შვილიშვილებს, იმათ შვილებს, და’სწრობამც მრავალ ამ დღეს კაი გულობით, ჯანმრთელ მიმყოფ ყველა".

მეკვლედ ვინმე ნათესავთაგანი მოვიდოდა ხოლმე, მოადგებოდა კარს, თოვლიანი ფეხების ბარტყუნით შემოაბიჯებდა. ჩვენ კვერს მივაგებებდით, ისიც ხელში შეათამაშებდა და იტყოდა  ლოცვას: "შემოვდგი ფეხი ჩემი-დ კვალ ანგელოზისაი, კაისიმ წელ გამოგეცვლებათ ერთ ესე-დ ათას ცხვაი, ბევრსამ და’სწრობით, სუ გონთ ყოფით, ჟანის სიმრთელით, კაის გულობით". მივიდოდა კერასთან, მუგუზლებს შეუჩუჩხუნებდა, ნაპერწკლებს დააყრევინებდა: "ამდენი ვაჟი, ამდენი ქალი, ამდენი ცხვარ-ძროხა, ცხენი, ვირი"... ზოგი ხუმრობით ძაღლ-კატას და თაგვებსაც მიაყოლებდა. "ამინ, ამინ, აგრემ თქვენცაო", - ვუპასუხებდით და იწყებოდა ლხინი.

შეიქნებოდა სახლიდან სახლში გადაძახილ-გადმოძახილი, გადაპატიჟებ-გადმოპატიჟება. ახლა სადღა გადავალთ, ვინღა დავრჩით? ცარიელია სოფელი...

ქეთო ბებოსთან საუბრის ჩანაწერი საგანგებოდ წლის მიწურულისთვის შემოვინახე და სანამ წერას დავიწყებდი, ერთხელ კიდევ შევეხმიანე მოხუცებს ტელეფონით, ეგებ გადაიფიქრეს და ამ ზამთარს ბარში გაატარებენ-მეთქი. რას ამბობო, შეიცხადა ქეთო ბებომ და ჩემთან ერთად საახალწლოდ ყველა დაგლოცათ თუშურად. ნატრობს, ნეტავ ისეთი წელი დაგვდგომოდეს, რომ დაუპატიჟებელ მეკვლეებს ვერ ავუდიოდეთ, თქვენ კი ბარში რა დაგრჩენიათ, მაიტაცეთ ერთი თვითმფრინავი და ამოდით საახალწლოდ თუშეთსო.