"მოდი, მეორედ დაბადებას გაუმარჯოს, ხალხო!" - კვირის პალიტრა

"მოდი, მეორედ დაბადებას გაუმარჯოს, ხალხო!"

"ორშაბათობით დილის ცხრა საათზე, აგერ, კარდენახში, მაღაზიაში რომ შევდივართ და "კვირის პალიტრა" გვხვდება, ამაი რა სჯობია!"

"კარდენახში გეპატიჟები "ზაოტობაზე", ჩამოხვალ?" - მირეკავს მერი დეიდა. ვიცი, ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ "კვირის პალიტრა", ჩემზე მეტად უყვარს, სოფელში ჩასვლისთანავე ჯერ "კვირის პალიტრის" ამბები უნდა ვუამბო, სხვა რამეზე ლაპარაკს კი მერე ვიწყებთ...

"ჩამოსვლას ვერ შეგპირდები, ვნახოთ, თუ დრო გამოვნახე", - ვპასუხობ და მაშინვე ვჩუმდები. - კახელებმა ხვეწნა არ იციან, - თუ გინდა, გინდა, თუ არადა, კარგად ბრძანდებოდე! ასე რომ, დილაუთენია ვდგები და კარდენახისკენ მივემგზავრები!

- აბა, როგორ ხართ? - ვეკითხები ხოსიტაშვილებს და უცებ ისლით გადახურული ქოხისკენ გამირბის თვალი, - ეს რა კარგი რამე აგიშენებია-მეთქი. მერი დეიდას ვაჟი, ილია კი მიცინის, - ულხინოდ ცხოვრებას რა ფასი აქვს, ჩემს მტერს, მუდამ დაძმარებული კაციო და ქოხისკენ მიმიძღვება. ესეც შენი "ზაოტი" - არყის გამოსახდელი "ქარხანა". მასპინძლები სუფრას შლიან, თან  ბუხარში შეშას ყრიან და უშველებელ არყის ქვაბს ათუხთუხებენ... აფსუს, ჩემო იმერეთო... არყის ქვაბს კინკილა სამფეხზე შედგამენ და სულ ეგ არის მთელი "ზაოტი"!

- არ გეწყინოს, მაგრამ სად იმერული არაყი და სად კახური! დასავლეთში არაყი ორჯერ თუ არ გამოხადე, გროშად არ ღირს, კახური კიდევ მილში წამოვა თუ არა, უკვე ცეცხლია, - თვალმოჭუტული იღიმება "ზაოტის" პატრონი და არაყს ცეცხლში ასხამს. ის კი კუნძებს ისე აბრიალებს, თითქოს საწვავიაო. ეგ არაყი უნდა დავლიო-მეთქი?! - ვეკითხები თვალებგაფართოებული. თანაც  არაყს რა დამალევინებს, როდესაც სუფრაზე კარდენახის საფერავია ჩამოდგმული, - უცნაური მადლით გავსებს, სინათლისკენ მიგაქანებს და თითქოს თავიდან იბადები.

- ხალხო, თავიდან დაბადებას გაუმარჯოს! -  თითქოს ჩემს გულში ზის თამადა, - რაღაც უნდა გავიხსენო: ყმაწვილი ვარ და ერთ 400 კაცთან ერთად ალაზანზე ვქეიფობთ. მაშინ იცოდნენ ასეთი ლხინები, მოეპრიანებოდა რაიკომს და გაშლიდნენ თვალუწვდენელ სუფრებს უანგარიშოდ. მოკლედ, გავყურებთ ამ დალოცვილ ალაზნის ველსა. მზე ისე დაჰფენია, თითქოს ღვთის ხელით ნაქსოვი აბრეშუმია და ალაზანი ამ აბრეშუმში გაუხვევია. მიდის მშვიდად ის დალოცვილი, შიგ უშველებელი ხე გდია. გადაუვლის ზედ წყალი და აათქაფუნებს...

სუფრაზე ჩვენი საყვარელი ჰამლეტ გონაშვილი ზის. უცებ დგება და ალაზნისკენ მიემართება. მთელი სუფრა განაბულია, ისეთი სიჩუმეა, მარტო წყლის ჩქაფუნი ისმის. შევცქერით - აბა, რას იზამსო. შედის ალაზანში და მიაბიჯებს შუა წყლისკენ. ბოლოს, ამ ხის გამოშვერილ ტოტზე ჯდება და იწყებს... "დაიგვიანეს". ის ხმა, ჰამლეტის პირიდან რომ ამოსდის, თითქოს მზის აბრეშუმს აფრიალებს, თან ალაზნის თქაფუნი აძლევს ბანს... მაშინ ვხვდები, მეორედ დაბადება რაც არის.

ამასობაში ჰამლეტიც ამთავრებს, მოდის, დგება თამადასთან და ჩუმად ამბობს - ჩემს სიცოცხლეში სამჯერ ვიმღერე ზეცის კარნახით, ეს მესამე იყოო... ჩემთან ერთად მაშინ 400 კაციც მეორედ დაიბადა. აი, ამ დაბადებას გაუმარჯოს, ხალხო!..

ამასობაში სათლი არყით ივსება და დიდ ჭურჭელში ცლიან.

- რამდენ არაყს ხდით წელიწადში? - ვეკითხები "ზაოტის" პატრონს და ისიც ალალად მიღიმის, - ასე, 1700-1800 ლიტრს. რა ვქნათ, ხომ უნდა ვიცხოვროთ...

- უნდა იცხოვროთ, აბა!.. თქვენისთანებმა უნდა იცხოვრონ, რომ ქვეყანამაც იარსებოს, - ვეუბნები ილია ხელაშვილსდა მართლა ისე მიხარია, თითქოს ეს ქონება ჩემი იყოს, - გლეხი თუ ღონიერი იქნება, ქვეყანაც ძლიერი არ იქნება? ამასობაში არყის ქვაბს ჭაჭას ამატებენ და "ზაოტი" ორთქლით ივსება, - ისედაც ბურუსში ვიყავი და ახლა თითქოს ზეცისაკენ მივფრინავ, მაგრამ შინ დაბრუნების დროა და ცოტა არაყს ვითხოვ, - "ზაოტობაზე" სირცხვილია, ცოტა არაყი რომ არ დავლიო. - რახან მიდიხარ, წესია, ჯერ ჩვენ უნდა გადღეგრძელოთ და მერე მადლობა დაგაბაროთო, მეუბნება მასპინძელი.  მადლობას ვისთან მაბარებთ-მეთქი? "კვირის პალიტრის" თანამშრომლებთან - ორშაბათობით დილის ცხრა საათზე, აგერ, კარდენახში, მაღაზიაში რომ შევდივართ და "კვირის პალიტრა" გვხვდება, ამაი რა სჯობიაო!