ქართული ვიაგრა? - მართალაანთ პაპას სიყვარულის წამალი(!)
14-04-2014
ქართული ვიაგრა? - მართალაანთ პაპას სიყვარულის წამალი(!)
"რასაც ხელს შეავლებ, გულის მადლით უნდა აკეთო. ეგ გულის მადლია სწორედ მკურნალი"

მიკროავტობუსი კახეთის გზას გაუყვა თუ არა, ვიღაცამ იკითხა, -  ჩახვაშვილი არსენა თუა ცოცხალიო. რომელი არსენაი კითხულობ, იმასა, სიყვარული წამალ რო აკეთებდა?! - მიაძახეს აქეთ-იქიდან და იქვე დაუდასტურეს, - ცოცხალი არი, მაშა! მოკლედ, მგზავრები კი ჩაყუჩდნენ, მაგრამ მე ავფორიაქდი და მიკროავტობუსიდან ფეხი ჩამოვდგი თუ არა, იმ პაპას სახლს დავუწყე ძებნა. გგონიათ, სიყვარულის წამლისთვის? დაე, ასეც გეგონოთ,  მაგრამ ვერ მოვისვენებდი,
იმ მოხუცს თუ არ ვნახავდი. სოფლის შუაგულში, ბირჟაზე პატარა ბიჭის მეტი არავინ იყო და მეც არსენა ჩახვაშვილის სახლისკენ როგორ უნდა წავიდე-მეთქი, ვკითხე.

- რომლისა, მართალაანთ სიყვარულის პაპას რომ ეძახიან? აი, იმ გზას გაუყევითო, მითხრა და მეც არსენა პაპას სახლისკენ მიმავალ დაღმართს ჩავუყევი.


ჭიშკარი ღია იყო,
დაძახილზე რომ არავინ გამომხედა, სახლში შევედი. არსენა პაპა ღუმელთან ჯოხიანად იჯდა. ჩემს დანახვაზე სახე გაუნათდა, - შენ გაიხარე, შვილო, ჩამოჯექი და ქვეყნის ამბავი მომიყევი, რაც დედაკაცი მომიკვდა, დარდმა გარეთ აღარ გამიშვაო... სულ მარტო ხართ-მეთქი? არაო, - ჩემმა ვაჟმა თბილისი მიატოვა ჩემი გულისთვისო...  მაგრამ ჩემი დედაკაცის წასვლის შემდეგ სიცოცხლე მაინც აღარ მინდა. როცა ვინმე გიყვარს და ის წავა, შენც უკან უნდა მიჰყვეო...

- თურმე როგორი სიყვარული გცოდნიათ, არსენა პაპა, ახლა აღარ მიკვირს სიყვარულის წამალს რომ აკეთებდით... ერთი ეს მითხარით, იმ წამალს ვინც დალევდა, წამსვე შეუყვარდებოდა, თუ რა იყო ასეთი?
- მაშ, ეგრე გითხრეს, სიყვარულის წამალს აკეთებდაო?! შეარქვეს, თორემა... ისე, შეიძლება ეგრეცა ვთქვათ. ეს წამალი იმას სჭირდებოდა, ვისაც საწოლში არაფრის თავი არა ჰქონდა. ჰოდა, ასეთი კაცი მომაკითხავდა, მივცემდი იმ წამალსა და შველოდა. იყო მერე გახარებული.

- რა ვიცი, ზოგჯერ მედიცინაც უძლურია და თქვენი წამალი როგორღა შველოდა?!

- 100%-იანი შველოდა! მაგაზე თავს დავდებ. ის ხალხიც დადებს თავსა, რომლებსაც ჩემმა წამალმა შვილები დაუჩინა. ეგ არი, ეხლა ვეღარ ვამზადებ. ჩემი დედაკაცის შემდეგ არც ტყეში წასვლის თავი მაქვს და აღარც რამის კეთებისა.

- აბა, თქვენ მედიცინის საოცრების მფლობელი ყოფილხართ. ამ წამლის საიდუმლო შვილებს მაინც თუ გაუმხილეთ?
- რო გავუმხილე, მერე რა... რასაც ხელს შეავლებ, გულის მადლით უნდა აკეთო. ეგ გულის მადლია სწორედ მკურნალი. აი, გასწავლი მაგ წამლის დამზადებასა, მაგრამ დაამზადებ, რო? ჩვენებურ ტყეში ბალახი ხარობს, "ხოხბის საკენკელას" ეძახიან, იმის ფესვები და ჩვენებური შავი ღვინო სჭირდება. სულ ეგ არის, სიყვარულს რომ უბრუნებს კაცსა...

- მართალი ხართ, მე ვერ გავაკეთებ მაგ წამალს. ისე, კარდენახის შავი საფერავი მართლაც უბრუნებს კაცს სიცოცხლისა და სიყვარულის სურვილს...
- მე და ჩემმა ცოლმა 69 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ეგ რომ მოვიყვანე, ამ ჩემი სახლის ადგილზე ტყე იყო. ის ტყე ერთად გავკაფეთ და ორსართულიანი სახლი ავაშენეთ. ვაზი ხომ ჩავყარეთ, იმდენი მარწყვიც მოგვყავდა, ბაზარში ერთ ჯერზე მე და ჩემი დედაკაცი 800 მანეთს ვშოულობდით... აი, ამ გარჯით ერთად სამი კარგი შვილი გავზარდეთ. იმათ კიდევ - კარგი შვილები და შვილიშვილები. რო მეთქვა, - დედაკაცო, ერთი კვირა არ უნდა დავდოთ თავი ბალიშზე, აი, იმ მთაზე ქვები უნდა ვათრიოთ-მეთქი, მეტყოდა, - შენ ბატონი, მე ყმა, თუ საჭიროა, ეგრე იყოს, საქმეს ხომ არ გავაფუჭებო... აი, ასე გავლიეთ წუთისოფელი... ახლა ვწევარ, შევყურებ მის სურათს და ვეხვეწები, მეც წამიყვანოს ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, ისედაც ხომ დროზე მეტია, - უკვე 96 წლის ვარ. ის არა სჯობია, იმ დალოცვილმა განგებამაც სხვა დატოვოს და მე წამიყვანოს? წავალ, შავუღებ კარს ჩემს დედაკაცსა, ვიქნებით ბედნიერები და ლოცვას გამოვგზავნით იმ ქვეყნიდან ამ ქვეყანაში...
ჯ ი ჯ ი
03 ოქტომბერი 2017 16:52
პაპა მაგარი კაცი ხარ. გაიგონ ქალბატონებმა, რომ სიყვარული არის იქ, სადაც ქალის დამოკიდებულება მეუღლესთან მიმართებაში არის ,ასე: ,შენ ბატონი, მე ყმა'' .ასე რომ არ არის იმიტომაა გახშირებული ,,ქალებზე ძალადობა''.
avadmyofi s
11 ივლისი 2017 01:13
ჰოო დააპატენტოს, რა უ და დააპატენტოს, შავი ღვინო? ლოლ

მოდი მეგასწავლიტ ნატურალუ ვიაგრას, ტქვენი ფული არ მინდა, 100%იანია, ფუტკრის პოლლენს, ქარტულად როგორაა ყვიტელი მარცველბი რომაა აი ეგ, ტაფლში აურიე და მიირთვი, ისე აგახურებს, ტან ყველაფრის წამალია

კიდევ არაჟანი
lia
18 ოქტომბერი 2016 00:08
ნეტა ამ პაპამ თმის ცვენისაც ხომ არაფერი იცისსს???

რედაქტორის რჩევით