დევდარაკის სამარხი - კვირის პალიტრა

დევდარაკის სამარხი

დარიალის ხეობაში ახლა მხოლოდ მაშველები და მძიმე ტექნიკა მოძრაობს. დაკარგულებიდან მხოლოდ ორის მოძებნა მოხერხდა, მიწიდან ამოაქვთ დამტვრეულ-დაგრეხილი სატვირთო ავტომობილები. ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, მაგრამ დღითი დღე მცირდება დაკარგულების გადარჩენის შანსი. ის, რაც "კვირის პალიტრის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფოტოებზე ჩანს, დაკარგულების ცოცხლად პოვნის შანსს ამცირებს. ხეობის მკვიდრი მოსახლეობა ფიქრობს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ცხედარი ახალგაჭრილ კალაპოტში გავარდნილმა თერგმა გააყოლა მძიმე ნაშალს. მდინარე ისეთი სწრაფია, ნეშტის სადმე გამორიყვა გამორიცხულია.

ნახევრად მიწაში ჩაფლული ავტომობილის კაბინიდან მაშველებმა კატასტროფის დღესვე მძღოლის გვერდით მჯდომი ცოცხალი კაცი ამოიყვანეს. მძღოლს შეშინებია და გადამხტარა. ვეღარ პოულობენ...

ადგილობრივი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, ამბობს, რომ ერთ-ერთი მანქანიდან ღვთისმშობლის კულონი და ქართულსიმბოლიკიანი ქუდი ამოიღეს. ვისი იყო, არ იციან. ბიჭი მეუბნება, რომ მყინვარებმა გაბოროტება იციან, ბუნებას სულ უნდა ეფერო, მით უფრო აქ, თორემ თუ შემოგწყრა, წმინდა გივარგიც ვერ გიშველისო...

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორი კობა არაბული: - მდინარე ყუროზე 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. არ ვიცი, შეიძლება თუ არა არსებობდეს სტიქიის საფრთხე - ეს სპეციალისტების საქმეა, მაგრამ როგორც მოქალაქეს და მთიელს, არ მიღირს ამ ხეობის განადგურება ხუთ და ათ მეგავატად.

ამ ტრაგედიის შემდეგ ბევრი კითხულობს, ადამიანები მომავალში გაქცევას მოასწრებენ თუ არაო. გამაფრთხილებელი სიგნალის შემთხვევაში ხალხს ზუსტად ეცოდინება, რა დროში რომელ უხიფათო ზონაში შეძლებენ გადაადგილებას, სადაც მეწყერული მასა ვერ მისწვდება.

- დღეს ითვლება თუ არა უსაფრთხოდ ამ ტერიტორიაზე ჰესის ფუნქციონირება?

- პასუხის გაცემა რთულია. ამ წუთში არ არსებობს წინა პირობა, რომ ხვალ-ზეგ რამე მოხდება, მაგრამ ვერც იმას იტყვი, რომ იქ არასოდეს არაფერი მოხდება.

- ასეთ გარემოში შეიძლება ჰესის მშენებლობა ინვესტორისთვის მომგებიანი იყოს?

- ინვესტორმა, შესაძლოა, მოკლე დროში მიიღოს თავისი ფული და აღარაფერი დაკარგოს, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ქვეყანა ბევრს დაკარგავს...

- გეოლოგების დასკვნები და მთიელთა გამოცდილება რა პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა?

- წლების წინ, როდესაც სვანეთში ზვავებმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია, აღმოჩნდა, რომ არც ერთი ძველი კოშკი და ნაგებობა არ მოხვედრილა ზვავის პირდაპირი ან ირიბი დარტყმის არეალში. წინაპრებმა იცოდნენ ბუნებასთან ურთიერთობა და ესმოდათ მისი ენა. მთაში ტყის მასივების შესანარჩუნებლად მათ ხატის ტყეებად, აღკვეთილებად ნათლავდნენ, ან სალოცავი ადგილების გარშემო აშენებდნენ ხელოვნურ კორომს, რომ ვინმე გაჭირვების ჟამსაც კი არ გაბრიყვებულიყო და ხე არ მოეჭრა. სწორედ ამ ტყის კორომებს უნდა შეენარჩუნებინათ ნიადაგი.

- ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე დღესაც ნახავთ "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ შეთავაზებას ინვესტორებისთვის, სადაც გარკვევით წერია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებს მდინარე ამალზე, იმავე დევდარაკის წყალზე, ჰესის მშენებლობას სთავაზობს...

- ჰესების აშენება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის, მით უფრო, რომ ჩვენ საამისო პოტენციალი გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვლევებისა და დასკვნების გარეშე არაფრის აშენება არ შეიძლება. ძალიან კარგად უნდა იყოს გათვლილი წყლის ხარჯი, რელიეფი, სეისმოლოგიური ფაქტორები. ენერგეტიკული პრობლემის მოგვარება მხოლოდ ჰესებით არ არის შესაძლებელი. არსებობს მზის, ქარის, ალტერნატიული ენერგიის მიღების საშუალებები და ამაზეც უნდა ვიფიქროთ. ჰესი შენდება ბუნებრივად ვიწრო ხეობაში და ისედაც რთულ ზონაში ხელოვნური ინჟინრული ნაგებობით კიდევ რომ ამძიმებ მდგომარეობას, ყველა მოსალოდნელი შედეგი ზუსტად უნდა გათვალო. წინაპრებმა კარგად იცოდნენ, რა და როგორ ეშენებინათ. მაგალითისთვის ხევსურული ციხესიმაგრეები აიღეთ - მშრალი წყობით, ერთმანეთზე დალაგებული სიპებით შენდებოდა და ვერაფერს უხერხებდა რუსული ზარბაზანიც კი...

P. S. ხეობაში უკვე განგაშის მაუწყებელი დანადგარი დგას - ისევ ურმის გადაბრუნების შემდეგ...

P. S. S. დარიალის ხეობაში მომხდარ კატასტროფას ბეწვზე გადაურჩა ქართული ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის - "ერისიონის" ერთი ჯგუფი, რომელიც ვლადიკავკაზიდან დარიალის გამოვლით სამშობლოში ბრუნდებოდა. რაღაც მიზეზით ჯგუფმა წამოსვლა დააგვიანა და მესაზღვრეებმა ურჩიეს, ცუდი ამინდია, გზის გაგრძელებას არ გირჩევთო.

სიკვდილთან თამაში

გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილის ინფორმაციით: "რუსები ყუროს ცოფიან ღელედ იხსენიებენ, რომელსაც ათასობით კუბური მეტრი ნაყარი მასა ჩამოაქვს, განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება და პირველ რიგში ყუროს უბნის მოსახლეობას უქმნის საფრთხეს, შემდეგ კი - ტრანსკავკასიურ გაზსადენებს! სტეფანწმინდის (ყოდანი, ნახერეთი) ისედაც მცირეტერიტორიან საძოვრებსაც ექმნება პრობლემა. ამ ადგილებში ჰესის მშენებლები სალექარის მოწყობას აპირებენ და სოფელს საძოვარი აღარ ექნება...

იაგო კაზალიკაშვილის პროგნოზით, საფრთხე ემუქრება დარიალიჰესსა და ხდის ხეობაში მშენებარე ჰესებსაც. მდ. დევდარაკი სათავეს იღებს მყინვარ დევდარაკიდან. ეს მყინვარი შედის დაკიდული მყინვარების რიგში, იმპულსურია, თავის ისტორიაში რამდენჯერმე მოწყვეტილა და კატასტროფა გამოუწვევია. უდიდესი კატასტროფა მოხდა 1832 წელს, როდესაც დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მოწყვეტილი მყინვარი ჩამოწვა დარიალის ხეობაში, მდ. თერგი გადაკეტა, რომელმაც შემდეგ ბარიერი გაარღვია და ვლადიკავკაზი დატბორა. ხუთი წლის წინ მდ. დევდარაკმა უამრავი ნალექი ჩამოიტანა, სამხედრო გზა წაიღო და ადამიანიც დაიღუპა. თუ თერგი აღარ იქნება, დევდარაკის ჩამოტანილი ნალექი ამოავსებს ხეობას და აღარც გზა იქნება.

ხდის წყლის შესართავთან შენდება ულამაზესი მონასტერი... თავად განსაჯეთ სამი ჰესის ტყვეობაში მოქცეული რა სანახავი იქნება!

ხდის ხეობა ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს საქართველოს წითელ წიგნში შეიტანეს. ეს არის უნიკალური ხეობა. აქ არის იშვიათი რადეს ფიჭვი, „დარეს არყი და ა.შ. ზაფხულობით აქ შეხვდებით უამრავი სახეობის პეპელას. ხდის ხეობა განთქმულია საჯიხვეებით. ეს ხეობა 2012 წლამდე ინარჩუნებდა პირვანდელ სახეს, სანამ ჰესების მშენებლობით გატაცებული ხალხი არ გამოჩნდა!