სახიფათო ზონა - კვირის პალიტრა

სახიფათო ზონა

ბუთურაული - დამეწყრილი სამოთხე

"არავინ იცის, მიწა როდის მოწყდება და ჩაგვიტანს ქვემოთ"

თუ მთიანი აჭარა არ გინახავთ, ესე იგი, ბევრი დაგიკარგავთ - ეს ისე, შესავლისთვის...

შუახევის რაიონში მიხვეულ-მოხვეულ გზას მივუყვები. "გამიმართლა, სამოთხეში მოვხვდი", - ვიმეორებ გულში და ტელეფონმომარჯვებული "გუგლში" სოფელ ბუთურაულს ვეძებ. "ბუთურაული - სოფელი საქართველოში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრზე. შუახევიდან დაშორებულია 14 კილომეტრით."

დამღლელი მგზავრობის შემდეგ სოფელს მივადექი. ძალიან ცხელა. სოფლის შარას მივუყვები. ფოტოაპარატს ვიმარჯვებ და ვცდილობ, არაფერი გამომრჩეს - ვინ იცის, აქ კიდევ როდის მომიწევს ამოსვლა.

პირველად სოფლის სასაფლაოსთან ვჩერდები. ძველ და უსახელო საფლავებზე სოფლელებს ქვები დაუწყვიათ, რომ არ დაიკარგოს...  შორიდან ფეხის ხმა მესმის. ველოდები, როდის გამოჩნდება ჩემი პირველი რესპონდენტი და დიქტოფონს ვრთავ. რეზინის ბოტებში გამოწყობილი ბიჭუნა დაღმართს მოუყვება. სევდიანი ლურჯი თვალებით მაკვირდება და ჩერდება.

-    რა გქვია?

-    ...

-    რამდენი წლის ხარ?!

-    ...

რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ გზას აგრძელებს და დროდადრო უკან იყურება... პირველი ინტერვიუ არ გამომივიდა...

"დაბერებული" სოფელი

პირველად მიქელაძეების ოჯახს ვსტუმრობ. შინ მხოლოდ გოგონა მხვდება. ალბათ, მასთან საუბარი მაინც გამომივა.

- სოფელში ყველაზე მეტად რა გიჭირთ?

- ბევრი რამ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გაზი არ გვაქვს...

- ახალგაზრდები რით ერთობით?

- შუახევში რითი უნდა გაერთო... ბათუმში თუ გავერთობით ხანდახან.

- ახლა სად შეიძლება ახალგაზრდების ნახვა?

- სკოლაში. უფროსები კი სამუშაოდ არიან...

სოფლის სკოლამდე კარგა დიდი გზაა. გზად ორი ქალბატონი მხვდება, სამუშაოდ მიეჩქარებათ, მაგრამ მაინც ჩერდებიან.

ნარგიზა მამულაძე, სოფელ ბუთურაულის მკვიდრი: - სოფელში 200-მდე კომლი შემორჩა. ახალგაზრდობის ნაწილი ბათუმსა და თბილისშია წასული, უმეტესობა კი - თურქეთში. აქ რომ იყვნენ, რა უნდა აკეთონ? ჩემი შვილიც თურქეთში  მუშაობს. რომელ დედას უნდა სხვა ქვეყანაში ჰყავდეს გახიზნული შვილი, მაგრამ... არც სამუშაოა და არც დასაქმების პერსპექტივა. არც წყალი გვაქვს და არც ბუნებრივი გაზი.

- ოჯახის შემოსავლის წყარო რა არის?

- მიწა. ვცდილობთ, ყველაფერი მოვიყვანოთ, რისი მოყვანაც შეიძლება. ახლა ჩემი შვილი თურქეთიდან რომ ჩამოვა, ამოგვიტანს ფქვილს და შაქარს და მთელი წელი ჩვენი პროდუქტით გავიტანთ თავს.

ნაზი მამულაძე, სოფელ ბუთურაულის მკვიდრი: - სოფელი დამეწყრილია და რამდენიმე ოჯახი უკვე გაასახლეს... ახლა სადაც დგახართ, საშიშია - არავინ იცის, როდის მოწყდება და ჩაგვიტანს ქვემოთ. გუშინ, ნაკვეთში რომ ვმუშაობდით, მთიდან ქვები წვიმასავით ცვიოდა.

შიში

აქედან სკოლაც მოჩანს, რამდენიმე წუთში იქ ვიქნები... დაწესებულებაში შესვლამდე პატარა ფიცრულთან ვჩერდები.

- ეს სკოლის ბუფეტია, - მეუბნება  ეთერ მიქელაძე.

- დღეს სასადილოში რა გაქვთ?

- "პერაშკი" გვქონდა და გაიყიდა. მარილიანი ჩხირებიც გვაქვს.

-  სოფლის გასაჭირზე რას მეტყვით?

- ყველაზე მეტად მეწყრის გვეშინია. ერთი კვირის წინ 10-15-ტონიანი ლოდები ჩამოიშალა... წელს ყამირი იმის გამო ვეღარ დავხანით, რომ მიწა გახეთქილია და როდის მოწყდება, არავინ იცის.

ორსართულიანი სკოლის შენობა 2005 წელს აუშენებიათ. დირექტორის მოადგილე ამირან მიქელაძე მმასპინძლობს. პირველ სართულზე სპორტული დარბაზია, მეორეზე  - საკლასო ოთახები. შენობა მთლიანად ხისაა. სკოლისთვის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის, იაგო მიქელაძის სახელი მიუნიჭებიათ და აქაურები ძალიან ამაყობენ. ამჟამად სკოლაში 104 მოსწავლეა. ბატონი ამირან მიქელაძე სიამაყით მეუბნება, რომ 13-მა მეთორმეტეკლასელმა სასწავლო კურსი წარმატებით დახურა და ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.

- სოფელი დაიცალა... მომავალი წლიდან მოსწავლეების რაოდენობა ასიც ვეღარ იქნება, წელს პირველი კლასი არ გვყოლია, ახალი სასწავლო წლისთვის კი მხოლოდ შვიდი პირველკლასელია დარეგისტრირებული...

ბათუმში მომავალს ისევ ის ცისფერთვალება ბიჭუნა მიდგას თვალწინ, სევდიანი გამოხედვით... ისევ შუახევის მიხვეულ-მოხვეული გზა და გულში ჩუმად ნათქვამი: "თუ მთიანი აჭარა არ გინახავთ, მაშ, არაფერიც არ გინახავთ..."

თორნიკე ყაჯრიშვილი