სიკვდილი პირუტყვის თვალებში... - კვირის პალიტრა

სიკვდილი პირუტყვის თვალებში...

კვირადღეს მარტო მარნეულის ბაზრობიდან 7-8 ტრაილერი მაინც  გადის, თითოში 60-80 ძროხა ეტევა; ძროხები რომ არ დაიხრჩონ, ტრაილერებს სარკმლები აქვთ ამოჭრილი...

თბილისიდან მარნეულისაკენ მიმავალ გზაზე ღამით ხშირად წავწყდომივარ, როგორ გადაჰყავთ სატვირთო მანქანებით პირუტყვი. სიბნელეშიც გაარჩევ ძარების ჭრილებიდან გადმოყოფილი ხბოების თავებს... მანქანები ისე სწრაფად მიქრიან, ფოტოს გადაღება ვერასოდეს მოვახერხე, არადა, მაინტერესებდა, სად მიჰყავდათ ისინი. ერთხელ გავბედე და ასეთ მანქანას ხელი ავუწიე. მძღოლმა მაშინვე გამიჩერა. აზერბაიჯანელი გამოდგა. ქართულისა რა მოგახსენოთ, რუსულადაც უჭირდა საუბარი, მაგრამ მაინც გამაგებინა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში პირუტყვს ყიდულობს, მერე მარნეულის ბაზრობაზე მიჰყავს. მარტო აზერბაიჯანელები კი არ ვვაჭრობთ თქვენი პირუტყვით, ქართველებიც მისდევენ ამ საქმესო...

რამდენიმე დღის მერე, უთენია წავედი მარნეულში.  ტაქსის მძღოლმა 2 ლარად ამიყვანა პირუტყვის ბაზარზე. იქ კი ძალზე დავიბენი: არ ვიცოდი, საიდან დამეწყო. მე ხომ ფოტოაპარატის გარდა, ჯიბეში თითქმის არაფერი მედო და არც პირუტყვის ვაჭრობაში ვიყავი დახელოვნებული. ამ დროს ბაზრიდან პირუტყვით სავსე რამდენიმე ტრაილერიც დაიძრა. ბაზრობაზე ერთადერთი ქალი შევნიშნე - სახედრის "ტაჩკით" მოსული მარნეულელი აზერბაიჯანელი, რომელიც სიცხისაგან თითქმის ადუღებული "კოკა-კოლათი" ვაჭრობდა. დასიცხულ პირუტყვს წყურვილი რომ მოეკლა, გუბეც არსად ჩანდა... ძროხები კლდეებს შორის თვალუწვდენელ სივრცეს მოსდებოდნენ. მოვაჭრეებს შორის ქართველებიც იყვნენ, სხვადასხვა ფერის, ასაკისა  და სქესის პირუტყვს მთავაზობდნენ... თან დასძინეს, - აზერბაიჯანელებთან ვაჭრობა გვირჩევნია, რადგან ისინი საქონელს მთლიანად ყიდულობენ, მაგრამ ვაჭრობა უკვე მთავრდება და საქონელს იაფად მოგცემთო.

- თუ გეტყვით, რომ ჩემს სოფელში ბევრს ჰყავს გასაყიდი პირუტყვი, რას შემომთავაზებთ?

- გააჩნია, სად და რა გყავთ. ჩამოვალთ და ვიყიდით, ოღონდ ჩამოსვლად უნდა ღირდეს.

- იმერეთში მყავს, ჭიათურაში, მაგრამ მაინტერესებს, რას იძლევით, მაგალითად, მეწველ და ხბოიან ძროხაში...

- იმერეთში პატარა ძროხებია, ხევსურული ძროხებივით ცოტას იწველიან. თუ ძროხა 10 ლიტრზე მეტს არ იწველის, ხბოს "ხათრით" 700 ლარს მოგცემთ. თითო ძროხაში 50 ლარს ვიგებთ და ამ ფულისთვის ამხელა გზაზე წასვლა არ ღირს...

- მეწველ ძროხაში 700 ლარი რა არის? პირუტყვი წელიწადში ამ ფასის მხოლოდ თივას ჭამს...

- ეგრეა, დაო. თუ გინდა, მაგდენს მოგცემთ, მაგრამ მარტო ერთი ძროხისთვის ვერსად წავალთ, სხვებსაც უნდა ჰყავდეთ გასაყიდი, თანაც ძროხას ბუღა სჯობია. აზერბაიჯანელები ძროხებს დიდად არ სწყალობენ, წველა სულაც არ აინტერესებთ, ბუღებს ყიდულობენ, უფრო შავი მოსწონთ. ამ ფერის ბუღაში მეტ ფულს იძლევიან. თუ 300-კილოიან უშობელში 300 ლარს იძლევიან, ბუღაში დაახლოებით 700 ლარს იხდიან. უშობელი უფრო იაფი ღირს.

ვფიქრობთ, აზერბაიჯანის საბაჟოზე ჯიშების შეტანაზეა მკაცრი კონტროლი დაწესებული. არ უნდათ, ადგილობრივი ჯიშები გადაუგვარდეთ. თუ ვინმე ძროხას მაინც იყიდის, საბაჟოზე დიდ ფულს იხდის. ბუღა მხოლოდ დასაკლავად უნდათ და საზღვარზე იოლად უშვებენ.

აზერბაიჯანელების საქონლის ხორცი საშინლად უგემურია, ნავთობის გემო და სუნი აქვს, იმიტომაც ყიდულობენ ჩვენგან ცოცხალ პირუტყვს.

- იმდენი პირუტყვი გვყავს, რომ უცხო ქვეყნებში ყოველ კვირა გადის?!

- კვირადღეს მარტო მარნეულის ბაზრობიდან 7-8 ტრაილერი მაინც გადის, თითოში 60-80 ძროხა ეტევა; ძროხები რომ არ დაიხრჩონ, ტრაილერებს სარკმლები აქვთ ამოჭრილი... ბაქოში ჩაყვანისთანავე კლავენ და მაშინვე რესტორნებს მიაქვთ...

ხარის ვაჭრისაკენ გავეშურე... აზერბაიჯანული ეროვნების ბიჭმა თითებით მანიშნა, - თითო 1.000 ლარი ღირსო. დასიცხული ხარები წყლიანი თვალებით შემომჩერებოდნენ. იქვე ხბოებიც დავინახე - ახალი მეპატრონე თოკით ექაჩებოდა. კაცმა გამართული რუსულით მითხრა, - თითოში 100 ლარი მივეციო და ცერა თითიც ამიწია, - აი, ასეთი გემრიელიაო.

- აქ ხშირად ჩამოდიხართ?

- ყოველკვირა. ტრაილერით მოვდივართ და თქვენს ვაჭრებს გზიდან ვურეკავ, რამდენი სული პირუტყვი შემინახონ. ზოგჯერ 200 ბუღა ერთად მიმყავს.

- გზაში არც თქვენ ასმევთ ამ საცოდავებს წყალს? აქვე უკვე წყურვილით იხრჩობიან.

- აბა, წყალი როგორ უნდა დავალევინო, როცა მანქანაზე ძლივს აგვყავს. იქიდან ჩამოყვანას კი 2-3 კაცი უნდა.

...ამის შემდეგ აზერბაიჯანელი ზრდილობიანად დამემშვიდობა და ამხანაგებთან ერთად ტრაილერებში პირუტყვის შერეკვა დაიწყო - ამაზე საშინელი სურათი იშვიათად მინახავს - ბაწარგამობმული პირუტყვი თითქოს გრძნობდა, რომ დასაკლავად მიჰყავდათ და კისერს აქეთ-იქით იქნევდა, ფეხები კი უკან რჩებოდა. ძარაზე ასული კი მორჩილად დგებოდა. სხვა მძღოლებმა ტრაილერების კარი სიამაყით გამიღეს და პირუტყვით გაჭედილი ძარები დამანახეს. ამ სცენას დიდხანს ვერ გავუძელი. ზოგიერთ პირუტყვს თავები ერთმანეთზე გადაედო და არ იძვროდა. შორიახლო სვანურქუდიანი პაპა დავინახე,  მოშივებული პირუტყვისთვის თივა დაეყარა. მისკენ გავწიე. მოხუცმა ჯოხი მიწაზე დააბჯინა და მითხრა:

- უკვე 80 წლის ვარ. მთელი სიცოცხლე პირუტყვის გაყიდვით ვინახავდი თავს, მაგრამ ჩემს სოფელშივე ვყიდდი. იქვე კლავდნენ. პირუტყვის ამგვარი წვალება არასოდეს მინახავს. ახლა სხვა გზა არ მაქვს, მეც აქ გამომყავს გასაყიდად. წელიწადში ერთ საკუთარ  ძროხას ვყიდი და 1.500 ლარი მრჩება, ესეც ფულია...

- ვაჭრებს რამდენი ფული რჩებათ?

- კვირაში 500-600 ლარი.  ვინ იცის, რა საწამლავი ხორცი შემოაქვთ უცხოეთიდან ჩალის ფასად.

არადა, საქართველოდან დაახლოებით კვირაში 500-700 ტონა ცოცხალი წონა პირუტყვი გადის საზღვარგარეთ. თვეში - 2800 ტონამდე, - მითხრა პაპამ და წამოდგა, - წავედი, ახლა, შვილო, კასპში, ჩემს ბიჭს მივყავარო. მეც გამიყოლეთ-მეთქი და - წამო, შვილო, წამოო.

...ხრიოკ კლდეებში გამართული უზარმაზარი ბაზრობის დღე იწურებოდა, ვაჭრები ნავაჭრ საქონელს მანქანებში ყრიდნენ, კარებს რაზავდნენ და დასაკლავად მიჰყავდათ. ვიდრე ტრანსპორტი დაიძვრებოდა, ტრაილერებში გამოჭრილი სარკმლებიდან პირუტყვის თვალები ანათებდა და გულს ამძიმებდა. ტრასაზე ერთადერთი მარნეულელი აზერბაიჯანელი ქალი დარჩა თავისი ვირის "ტაჩკით" და ზედ შემომჯდარი 10-იოდე წლის შვილიშვილით, რომელიც რატომღაც ხელს მიქნევდა.

ირგვლივ ბღავილი ისმოდა...