ჭიაურის ჭალის გასაჭირი და გულგამოცლილი კრწანისი - კვირის პალიტრა

ჭიაურის ჭალის გასაჭირი და გულგამოცლილი კრწანისი

მთავრობამ მდინარე კაბალის კალაპოტი ამოწმინდა და დაჭაობებულ ტყეს ამოშრობის საშუალება მიეცა, მაგრამ ჭალის სიმდიდრე - ასწლოვანი ხეები, რაც წყალს გადაურჩა, ადამიანმა გაანადგურა. ამ მავნებლობას დაემატა უპატრონოდ მიშვებული პირუტყვიც, რომელიც ტენიან ტყეში ამოსულ ბალახთან ერთად ახლად ამოყრილ ნერგებსაც ანადგურებს და ტყეს აღორძინების საშუალებას უსპობს...

წლების წინ "კვირის პალიტრამ" ლაგოდეხელების თხოვნით რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა რაიონში, მდინარე ალაზნის პირას გადაჭიმული ცნობილი ჭიაურის ტყის შესახებ. ოდესღაც დიდრონი ხეებით დაბურულ ტყეში სანადირო ადგილები ჰქონია ქაქუცა ჩოლოყაშვილს, 21-ე საუკუნის დასაწყისში კი ჭიაური წყალში ჩაძირულ, ზეზეულად მომაკვდავ ტყედ იქცა. ბუნებრივი ნაშალით ამოვსებული კალაპოტიდან გადმოსულ მდინარე კაბალს გზა ალაზნისკენ რომ ვეღარ უნახავს, ტყეზე გადმოსულა და უზარმაზარი ფართობი მიუსაკუთრებია. მოსახლეობა ტყეში მხოლოდ ნავებით ახერხებდა შესვლას, ჩვენ კი გვთხოვდნენ, იქნებ მთავრობის ყურამდე მიიტანოთ ტყისა და ადამიანების გასაჭირი, სანამ მდინარეს დანარჩენი საქართველოს ლაგოდეხთან დამაკავშირებელი სამანქანო გზაც წაუღიაო. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მთავრობამ მდინარე კაბალის კალაპოტი ამოწმინდა და დაჭაობებულ ტყეს ამოშრობის საშუალება მიეცა, მაგრამ ჭალის სიმდიდრე - ასწლოვანი ვერხვი, მუხა, ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი, რცხილა, თხმელა, თელა, ლაფანი და სხვა მერქნიანი ხეები, რაც წყალს გადაურჩა, ადამიანმა გაანადგურა. ამბობენ, იმხანად ვისაც კანონის არ ეშინოდა, ტყეს ყველა ანადგურებდაო. ადამიანის მავნებლობას დაემატა უპატრონოდ მიშვებული პირუტყვი, რომელიც ტენიან ტყეში ამოსულ ბალახთან ერთად ახლად ამოყრილ ნერგებსაც ანადგურებს და ტყეს აღორძინების საშუალებას უსპობს. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტყის შენახვას, კვლავაც შეგვეხმიანა, უთხარით ხელისუფლებას, ტყეს მიხედოს, თორემ ისევ უმოწყალოდ ნადგურდებაო.

როგორც გაირკვა, ჭიაურის ტყის ნაწილს კერძო სამონადირეო მეურნეობა მართავს, ის ნაწილი კი, რომელიც გაპარტახებულ-გავერანებულია, სახელმწიფოს ხელშია, თუმცა, აქვე ნახავთ დიდ ოაზისსაც, სადაც ნორჩი ტყე წამოსულა და იმედს გვიჩენს, რომ რამდენიმე წელიწადში ჭიაურის ამ ნაწილს ძველი სახე დაუბრუნდება. ეს მონაკვეთი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა ააღორძინა და დაიცვა რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც კაბალი დააშრეს.

ილია ოსეფაშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სატყეო პროგრამის ხელმძღვანელი: "ის, რასაც თქვენ ოაზისს ეძახით, 445 ჰა ფართობზეა გადაჭიმული. ჯერ შევღობეთ, საქონელი რომ არ შევიდეს და არ გაანადგუროს ახალი ნარგავები, შემდეგ 145 ჰა-ზე დავრგეთ ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობები, სულ 350 ათას ნერგზე მეტი. დანარჩენ ტერიტორიებზე, რადგან შეღობილი იყო, დაიწყო ბუნებრივი განახლება. საქართველოს ტყეებს აქვს თვითგანახლების უნარი და თუ ტერიტორია დაცულია და საქონელი ვერ შედის, ეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ტყის ამ ნაწილის დაცვას ხელს უწყობს მომიჯნავე ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის არსებობა, რადგან მათი რეინჯერები ტყეს იცავენ.

შეუძლებელია, მხოლოდ ერთ უწყებას მოსთხოვო პასუხი იმის გამო, რაც ამ ტყეში ხდება, რადგან ძირითადი მიზეზი ეკონომიკური და ენერგეტიკული ფაქტორებია. როგორც კი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გამოსწორდება, გაჩნდება გათბობის ალტერნატიული წყარო, ყველაფერი ბუნებრივად მოგვარდება - ხალხი ტყეს დაზოგავს. ყველას მკაცრად უნდა მოეთხოვოს ტყის დაცვის შესახებ კანონის დაცვა და უნდა მოგვარდეს ეკონომიკური პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დილემის წინაშე აღმოვჩნდებით..."

ჭალის ტყეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და იკრძალება როგორც მდინარის კალაპოტის ახლოს მდებარე, ისე ზრდასრული ხეების მოჭრა. მხოლოდ მოვლითი ჭრაა დაშვებული, თუმცა, ამას ვერ იტყვი კრწანისის ტყე-პარკზე, რომლის ნაწილი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ნაწილი ალაგ-ალაგ გაჩეხილია, ალაგ-ალაგ კი ქვიშის და სხვა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების უზარმაზარ კარიერად ქცეულა. ამიტომაც შუაგულ ტყეში ბევრგან შეხვდებით წიაღისეულის მოპოვების შემდეგ დატოვებულ უზარმაზარ ღრმულებში გაჩენილ ჭაობებს ან ახალი ღრმულების "შემოქმედ" მძიმე ტექნიკას. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიებს, რომლებიც კრწანისში წიაღისეულის ამოღებაზე მუშაობენ, ლიცენზია აქვთ, თუმცა, არ უარყოფენ, რომ ჯერ არ შეუმოწმებიათ, რამდენად შეესაბამება ამ "კარიერისტების" მუშაობა გარემოს დაცვით კანონმდებლობას...

ოდესღაც კრწანისის ტყე-პარკი შესანიშნავი დასასვენებელი, რეკრეაციული ზონა იყო, სადაც ახლა უწინდელი დიდების მაცნედ აღარაფერი დარჩენილა. უამრავ ადგილას შეხვდებით ნაგვის გორებს და დიდია საფრთხე, რომელიმე ინფექციური დაავადებაც გავრცელდეს.

ჭიაურისა და კრწანისის ჭალის ტყეების მონახულების შემდეგ ვცდილობდი, გამომეთვალა, აქვს თუ არა სახელმწიფოს იმდენი სახსრები, რომ მოსახლეობას ზამთარში ენერგეტიკული და გათბობის პრობლემა მოუგვაროს და ტყე გადაარჩინოს.

დავითვალოთ ბოლო წლებში ჩინოსნების აღებული უზარმაზარი პრემიები და მიღებული თანხა მოგვცემს იმის თქმის უფლებას, რომ სახელმწიფოს შეუძლია ტყეების გადარჩენა, მით უფრო - კრწანისის ტყე-პარკის, რომელსაც თბილისისა და ხრიოკი რუსთავისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.