განძი გურიაში - ბუზის არაყი, რომელიც ცოფსაც ერევა
14-07-2014
განძი გურიაში - ბუზის არაყი, რომელიც ცოფსაც ერევა
"მამაჩემს სოფელში "მობრძანდის" ეძახდნენ, - ჭიშკართან კაცი ტყვილა რომ გეივლიდა, შინ შემოიპატიჟებდა და სუფრასაც გაუშლიდა"

"გურულებს რომ არ გვეხუმრა, ყურის ძირში გვყავდა თურქი და რა გაუძლებდა მაგას!"


გურიაში ოქროს არქეოლოგები სულ ტყუილად ეძებენ, არ არის! თუმცა, ეს ამბავი გურულებს დიდად არ ადარდებთ, - მაგი ოქრო კი კაია, მარა მიწაში უნდა იჩიჩქნო, ჩვენ კი წინაპარმა იმფერი ოქრო დაგვიტოვა, ერთი დეეწაფე და ცაში აგაფრენსო! ამ გურულ აქსიომაზე ვისაც რა უნდა, ის იფიქროს,
მაგრამ შემოქმედური ერთი სირჩა თაფლის არაყი, მგონი, მართლა საკმარისია პრობლემების თავიდან მოსაშორებლად. ცისკენ აფრენა სხვა კი არაფერია! თუ ამას გურული "კრიმანჭულიც" ემატება, მაშინ ხომ!.. ამ სოფელში გამოხდილი თაფლის არაყი უნიკალურად ითვლება. თუმცა, "ცაში გაფრენა" ნამდვილად არ გამომივიდა. ჩემდა ჭირად ანტირაბიული აცრა მქონდა ჩატარებული და თაფლის
არაყს პირიც ვერ დავაკარე.


- რაიზა არ სვამ შენ მაგას? - ჩამეძია ტარიელ ბურჭულაძე და კამკამა არყიან ჭიქას ცალი თვალით გახედა.

- აცრა მაქვს გაკეთებული, შეიძლება, ანაფილაქსიური შოკი დამემართოს, ან გავიგუდო.
- რაის აცრა - ცოფის?! - მიხვდა ის, - ბაღნებს გეფიცები, მაგი აცრა ხუთი დღის გაკეთებული მქონდა, აი არაყი რომ დავლიე და მეტყობა რამე სიკვდილის?!. მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი! - არხეინად მომიგო და დამისაბუთა: - რატომ, თუ იცი? შემოქმედის არაყში, რაც ღმერთმა მოიფიქრა, ყოლიფერი სიკეთეა! ჩვენს სოფელს გარშემო ორი მთა აკრავს - აჭარის და გურიის. ამ მთებში რაც ყვავილია, ყველას მტვერი ფუტკარს ჩვენთან მოაქვს. ამდენი ყვავილის ნექტარს რომ შესვამ, ცოფი ვერ დაგჯაბნის.…არ გჯერა ხო? აგი ყველაფერი ჩვენს ისტორიულ წიგნებშიც წერია და წაიკითხე.

- თედო სახოკია წერს, თაფლის არაყს  "ბუზის არაყი" ჰქვიაო.
- მაგი ხუმრობით. გურულებს რომ არ გვეხუმრა, ყურის ძირში გვყავდა თურქი და რა გაუძლებდა მაგას! ვითომ არ ვსვამთო, მარა თურქებს ახლაც ტაციაობა აქვთ ბათუმის რესტორნებში შემოქმედის თაფლის არაყზე. თაფლისგან არაყს სხვა სოფლებშიც ხდიან, მარა მისი არომატი ჩვენთან რას მივა. როცა სვამ, კი არ გწვავს, გამაღლებს, - ჯანის სამკურნალოა და დარდის გასაქარვებელი. ადრე სტუმარი რომ გვეწვეოდა, ერთ-ორ ჭიქა არაყს, თხილს ან ჯანჯუხას მივართმევდით, რომ გუნებაზე მოსულიყო. ამასობაში ოჯახში ხაჭაპურის ცხობა და დასაკლავი ქათმის კრიახი მიდიოდა. ქეიფი მერე იწყებოდა. ბევრგან ახლაც ასეა.

- მშვიდობის სადღეგრძელოს როდისღა სვამდით, პირველ "ერთ-ორ" ჭიქა არაყზე?
- გაშლილ სუფრაზე! მაგი სადღეგრძელო მასე მშრალად არ ითქმოდა, ფაქტობრივად ლოცვა იყო: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება". მერე "ღმერთი" მოაშორეს და მარტო "მშვიდობა" დარჩა.  გურულებს რომ დაგვცინოდნენ, პირველს მშვიდობას ადღეგრძელებენო, ხომ დადგა იმფერი დრო, მშვიდობა რომ სანატრელი გაგვიხდა?!

- დადგა. მაგრამ, მადლობა ღმერთს, თქვენისთანა გლეხი დარჩა და რასაც ჩვენი წინაპარი აკეთებდა, იმავეს აკეთებს - რაც კარგი გვქონდა, ინახავს.
- მაგი მასეა. მე ქართულ სიმღერასაც ვინახავ. ჩემი ოთხივე შვილი ქართულ სიმღერებს მღერის, მამაჩემი, კუკურა ბურჭულაძე, ცნობილი მომღერალი იყო. ამბობდა, - ჩემზე ცნობილი მომღერალი ვარლამ სიმონიშვილი გუნდს სიმღერას რომ ასწავლიდა, ნალიის ქვეშ შემძვრალი ვისმენდიო. მამაჩემს სოფელში "მობრძანდის" ეძახდნენ, - ჭიშკართან კაცი ტყვილა რომ გეივლიდა, შინ შემოიპატიჟებდა და სუფრასაც გაუშლიდა.

- კი ამბობთ, ჩვენისთანა არაყს ვერსად დაამზადებენო, მაგრამ მაინც მასწავლეთ რეცეპტი, ფუტკარი სხვასაც ჰყავს, თუ ვერ გაგეჯიბრებიან, ეცდებიან მაინც, მოგბაძონ.
- ფუტკარი ფიჭაში რომ თაფლს აბინავებს, ნაწილში ჭეოსაც ასხამს. ეს ჭეო ყვავილების მტვერია, მაგით ბარტყებს ზრდის. ზოგ სკაში ორი-სამი კილო ჭეო გროვდება. თაფლის არყისთვის აგი ჭეო, ფიჭა და თაფლი ერთად უნდა დავჭყლიტოთ საარყე ქვაბში, ჩავამატოთ წყალი და დავდგათ, სანამ ბუნებრივად არ ადუღდება. რომ ადუღდება,M მერე  გამოვხადოთ. ე, სულ აგია, მარა ამას გურიის მთები რომ დააკლდება, არაფერიც არ გამოვა.
მითხრა ბატონმა ტარიელმა და თვალები ეშმაკურად მოჭუტა. Aამ თვალებში აჭარა- გურიის მთებიც დავინახე, ღმერთთან ატანილი სანთელიც და მეცხრე ცაც.
კალანდაძე
23 ნოემბერი 2016 01:24
მადლობა ასე ლამაზად და მონდომებით ჩემი კუთხის წარმოჩიენისთვის. პირველ რიგში ვამაყობ ჩემი ქართული ფესვებით და შემდეგ ჩოხატაურლობით. ისე მესამე თაობით თბილისელი ვარ, მაგრამ სახლში და ნათესავებთან მაინც გურული დიალექტით ვსაუბრობთ, მითუმეტეს როდესაც ერთმანეთს ვეხუმრებით და ვეფერებით!!!
თინათინ რუსიეშვილი
22 ნოემბერი 2016 23:48
ჩემი ძვირფასი გურია! ვამაყობ რომ გურული ვარ...ვამაყობ რომ შემოქმედში დავიწერეთ ჯვარი მე და ჩემმა მეუღლემ...ვცხოვრობ სიღნაღში.ბოდბეში..აქედან უფრო ფასდაუდებელია ჩემთვის გურია..მიყვარხართ გურულებოო...გამრავლდით ამ დუნიაზეეე...
tati
26 აგვისტო 2016 10:45
ჭკვიანი ეკითხება გურულს, უკაცრავად აბდალი გურულად რას ნიშნავს, ო ძამია ეგ სულელს ნიშნავს, აბა ჭკვიანი როგორაა თქვენთანოო, ამფერი არ,არის ჩვენთან.გურულებმა ციგნობა იციან კარგად, გაუმარჯოს გურიას.







რედაქტორის რჩევით