გუგულა და ელიკო - რაჭის უხუცესი მცველები - კვირის პალიტრა

გუგულა და ელიკო - რაჭის უხუცესი მცველები

პირველად ვარ რაჭაში. თამთა კერვალიშვილის აივანზე ვსხედვართ და შორს, მთის კალთაზე მრავალძალის ტაძარს გავყურებთ. ეს ის ტაძარია, რომელსაც შაჰ-აბასმა ხმალი შესწირა, - ქართველებს სწყალობს და ეგებ მეც შემიწყალოსო.

- მრავალძალში ვერაფრით ავალთ? ვეკითხები თამთას. ვერა! იქამდე 25 კილომეტრია, გზა დანგრეულია და ოთხხიდიანი მანქანაა საჭირო. გზა რომ არ არის, იმიტომაცაა იქაურობას 2 კაცი რომ შემორჩა; მაგრამ მაინც გადავრჩებით, - ხალხი დაბრუნდება. შეიძლება ზღვაში წვეთია, მაგრამ ჩემს სოფელშიც უკვე ერთი ახალგაზრდა ოჯახი დაბრუნდა. ისე, მოხუცებს რომ არ შეენახათ რაჭა, რაც გვექნებოდა, მაგასაც ვნახავდით. ხვალ ელიკოსა და გუგულას გაგაცნობ, - მამაჩემის მამიდებს, - 94 წლისანი არიან და მერე მიხვდები, რასაც ვამბობ!

მეორე დღეს ზემო სორში მივდივართ, გუგულასთან და ელიკოსთან. მათთან მისვლამდე სორის ეკლესია უნდა გავიაროთ, - იქ თამთას მამის საფლავი და საუკუნოვანი ბზის ხეებია. ამ ასაკის ბზა სხვაგან არსად არის, - პატრიარქმა წითელ წიგნში შეიტანაო, ისე ჩუმად მეუბნება, თითქოს სადმე ანგელოზები ისხდნენ და ხმის აწევის იმიტომ ერიდებოდეს. თუმცა, ამ სამოთხეში ალბათ მართლა სადღაც სხედან ანგელოზები და გვისმენენ. თუნდაც იმ უძველესი საფლავის ქვაზე, რომელსაც ვუყურებ და მეტირება. არც სახელი აწერია, არც გვარი; მხოლოდ ჯვარს ჩახუტებული მარმარილოს ქალი დგას, ხელში სოკოს გვირგვინით და მარმარილოს მაქმანებით. ვინ არის? - ახლა მე ვეჩურჩულები თამთას. - ამბობენ, მზეთუნახავი პატარძალი იყო, სოკო ჭამა და გარდაიცვალა, ქმარმა ცნობილ მოქანდაკეს მისი ქანდაკება შეუკვეთა და რაც გააჩნდა, ყველაფერი ამ ქანდაკებაში გადაიხადაო...

სასაფლაოს კარს ფრთხილად ვკეტავ. გზაში ულამაზესი რაჭული ოდები გვხვდება, ყველა გამოკეტილი...

ერთი სახლიდან კი  70 წლის ქალი გვეგებება. გურგუდანს   კალათით წითელი ვაშლები გამოაქვს და გვეხვეწება, - თუ ელიკოსთან მიდიხართ, უთხარით, ამდენს ნუ მუშაობს, რამე რომ დაემართოს,  გუგულას რა ეშველება, იქნებ თქვენ მაინც დაგიჯეროთო. სტუმრად მისულები გულიკოს და გუგულას გურგუდანის დანაბარებს გადავცემთ. რაზეც ელიკო გვპასუხობს, - რომ დავჯდე, საქმეს ვინ გამიკეთებსო?!  თან ხელისგულივით გაკრიალებულ ყანაში დადის და წუხს, - დღესაც დილის 5 საათზე ავდექი, მაგრამ პომიდვრის მოვლა მაინც ვერ მოვასწარი, ფეხი მტკიოდა, გუგულამ კიდევ, კარი ისე გაიხურა და წავიდა, არაფერი მკითხა; თუმცა მაინც რად მინდოდა, ისეთი სუსტია, რას გამიკეთებდაო...

- ელიკო ბებო, 94 წლის ქალი ამ ბოსტანს მარტო ბარავთ? ლობიოს, სიმინდს, კიტრს, პომიდორს, ვენახსაც მარტო უვლით?!

- მე თოხი კი არა, დარდი და მარტოობა მღლის. ისე, რაც გავთხოვდი, სულ თოხი მეჭირა ხელში და არ დავღლილვარ. იჯდა ჩემი ქმარი ყანის თავში და მელაპარაკებოდა. კარგად რომ გათენდებოდა, მერე ადგებოდა და მეტყოდა, - წავალ ახლა, თორემ ვინმემ თუ დაგვინახა, მე ვზივარ და შენ თოხნი, სირცხვილიაო.

- რას ამბობთ?! ქალი თოხნიდით და ქმარი უსაქმოდ იჯდა?!

- ნამდვილად ასე იყო. მარა მაგას თავის მიზეზი ჰქონდა, - ვერ იყო ჩემი ქმარი ჯანმრთელი, არ შეეძლო თოხზე მუშაობა. მარა იმ კაცისთვის, რომელიც 8 წელიწადი მიყვარდა და ისე გავყევი ცოლად, რავა უნდა მეთქვა, - გინდა თუ არა, თოხს მოკიდე ხელიო! საქმეს მისი სიყვარულით ვაკეთებდი, იმიტომაც მიკოცნიდა დედამთილი ხელებს. არც მამამთილი გევიდოდა ისე სახლიდან, იმას რომ არ შემკითხვოდა - რას ისურვებ, რა მოგიტანოო.

- კარგი რძალი ყოფილხართ.

- ეგ არ ვიცი. მარა ჩემმა ანგელოზმა იმისთანა სიკეთე დამაბედა, ავი არც უნდა ვყოფილიყავი, -  დედა რომ მომიკვდა, მამამ ისეთი ქალი მოიყვანა, ვერ ვიტყვი დედინაცვალი იყო-მეთქი. მშობელი დედისა არაფერი მახსოვს, ცხრა თვისას მომიკვდა. მამა 37-ში დააპატიმრეს. სოფელში რომ ჩამოატარეს, იმხელა ვიყავი, უმცროსი ძმა ავიყვანე ხელში და მამა დავანახე, - მამის სახე არ დაგავიწყდეს-მეთქი. იმის მერე დედინაცვალმა თავის ნაშობ შვილებთან ერთად  მე და ჩემი ძმა ისე  გაგვზარდა, არ ვიცოდი, რომ მის მუცელში არ ვიყავი ნამყოფი.  მესამე კლასში რომ ვიყავი, სასაფლაოზე ერთ საფლავზე მიმიყვანა მეზობლის გოგომ, - აქ დედაშენია დამარხულიო. ავტეხე ტირილი, - დედაჩემი შინ მიცდის, ამ საფლავში რა უნდა-მეთქი? მერე სახლში გავვარდი  დედას ჩავეხუტე. იმანაც ჩამიხუტა, - რას ჰქვია შენი დედა არ ვარო. უკვე დიდი რომ ვიყავი,  მაშინ მითხრა სიმართლე.  მეშვიდე კლასი რომ დავამთავრე, სხვებმა შვილებს თოხი მისცეს ხელში, მე დედამ ონში, ალიოშა კერვალიშვილთან ჩამიყვანა, განათლების განყოფილების გამგე იყო - ბოვში პედაგოგიურ ტექნიკუმში უნდა მომიწყოო.

- ეტყობა ამდენი სიკეთე რომ გქონდათ, იმიტომ ხართ ასეთი, - 94 წლისაც ახალგაზრდა ხართ და შრომაშიც სამი კაცი ვერ გაჯობებთ...

- რომ არ ვშრომობდე, ცოცხალი არ ვიქნები. აქამდე არაფერი მტკივებია, გული მიჩქარდება ცოტა. მარა დამიწყნარდება ხოლმე, ჩემი შვილი და შვილიშვილი რომ მოვა და ჩემს ნაშრომს გამოვუტან...  რომ დავწვე და ბაღ-ვენახი გამივერანდეს, ვეღარ ავდგები.  გაგვიღიმა ელიკომ და წელში გამართული გაგვიძღვა სახლისკენ. იქ კამოდის უჯრიდან კვერცხები ამოალაგა და ჩვენ ჩაგვილაგა, - ახალია და ბოვშებს აჭამეთო. ამასობაში გუგულაც  აივანზე გადმოდგა და ელიკოს მიუდგა გვერდით. ჩვენ რაჭის მოხუც მცველებს თვალი ბოლოჯერ შევავლეთ და კარი გამოვიხურეთ. აივნიდან ისე გვიღიმოდნენ, თითქოს გვეუბნებოდნენ, - შინ მშვიდობით დაბრუნდით, ჩვენ კიდევ დიდხანს დაგელოდებითო. უცებ მობრუნებულებს ბავშვის კისკისი მოგვესმა. თამთამ, - აი, ამ პაწაწინას მშობლები, გობეჯიშვილების ოჯახი დაბრუნდა სოფელშიო და ეზოს კარი შეაღო. იქ "მთავარი მასპინძელი", სახლის შესასვლელში ვაშლით ხელში დაგვიხვდა. მერე უცებ შევარდა შინ და ახალგაზრდა მშობლებიანად დაბრუნდა. იმათ, - ამან ლაპარაკი კი არ იცის, მაგრამ სტუმრის მოსვლა ისე უხარია, სიცილით იჭაჭებაო. მობრძანდით, სტუმარი ძალიან გვაკლიაო...

ჩვენც თავპატიჟი არ გაგვიდვია და სევდაც უკვალოდ გაქრა. ნეტავ, რაჭაშიც ას გაქრებოდეს გამოკეტილ სახლებზე ბოქლომები.