სოფელი, სადაც დღემდე ქრისტეს ენაზე ლაპარაკობენ - კვირის პალიტრა

სოფელი, სადაც დღემდე ქრისტეს ენაზე ლაპარაკობენ

ცოტამ თუ იცის, მცხეთის რაიონში არის სოფელი ქანდა, სადაც მოსახლეობის 90% ასურელია (ანუ ასირიელი, აისორი) და დღემდე, ქრისტეს ენაზე - არამეულად საუბრობენ... მათი ისტორიული სამშობლო ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე  მესოპოტამია ყოფილა. როგორ ცხოვრობს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ქრისტეს ენაზე მოსაუბრე ერი და როგორია მათი ყოველდღიურობა?!

"კვირის პალიტრა" სოფელ ქანდას ესტუმრა.

სოფლის უსწორმასწორო გზას უცნაური განცდით მივუყვები... სკოლის მახლობლად, სახლის წინ სკამზე ჩამომსხდარ ქალბატონებთან ვჩერდები. სოფლის ცხოვრებასა და გასაჭირზე დამტვრეული ქართულით მესაუბრებიან. მიხსნიან, რომ სოფელში ძირითადი სალაპარაკო ენა არამეულია.

ჯულიეტა ისაევი, ქანდის მკვიდრი: - ხან გვიჭირს, ხან გვილხინს... ერთხელ მკითხეს, როგორია იმ სოფელში ცხოვრება, სადაც ქრისტეს ენაზე საუბრობენო. ჩვეულებრივი-მეთქი. არავისგან არაფრით განვსხვავდებით, ჩვენ, ისევე როგორც სხვები, არსებობისთვის ვიბრძვით.

- თქვენი ოჯახის შემოსავლის წყარო რა არის?

- თოხზე ვმუშაობ. ბრიგადირს ხან გორში მივყავართ, ხან აქ გვამუშავებს, დღეში 20 ლარს გვიხდიან. ორი ბიჭი მყავს, ორივე დაოჯახებულია. ახლა თბილისში მუშაობენ, კარგი მლესავები არიან.

- ყველაზე მეტად სოფელს რა აწუხებს?

- ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ განსაკუთრებით საბავშვო ბაღის უქონლობას ვუჩივით. ერთ დროს კი გვქონდა, მაგრამ დაინგრა და მას შემდეგ აღარავის  აუშენებია. ბავშვები მეზობელ სოფელში დაგვყავს.

- პრობლემის მოსაგვარებლად მცხეთის გამგეობას ხომ მიმართეთ?

- აქ მარტო არჩევნებზე მოდიან, ხმები უნდათ, რომ რბილ სკამებზე წამოსხდნენ, სოფლისთვის არავინ ზრუნავს... წყალიც არ გვქონდა, ახლა გვიკეთებენ, ვნახოთ, რა იქნება. სოფლის სკოლა უცხოს თვალს დაუბრმავებს, მაგრამ შიგნით უნდა ნახოთ, რა მდგომარეობაა. კედლები დამპალია და საწყალი ბავშვები ჭუჭყიანები გამოდიან შენობიდან...

ხათუნა იაკოფოვის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი პენსია - 150 ლარი და სოციალური დახმარებაა. უამრავ გასაჭირთან ერთად მას ისიც აწუხებს, რომ სოფელში ახალგაზრდებისთვის არანაირი გასართობი არ არის...

"გზის, წყლისა და საბავშვო ბაღის პრობლემა მალე მოგვარდება“

ქალბატონებთან საუბრის შემდეგ სოფლის გამგეობაში მივდივარ. 26 წლის სოფლის რწმუნებული მიხსნის, რომ ქანდა 548 კომლისგან შედგება. მამით ქართველი და დედით ასურელი რატი ლემონჯავა ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაუნიშნავთ.

"საბავშვო ბაღის პროექტი გათვალისწინებულია და მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. სოფელს  წყალი არ აქვს, ახლა ახალ გაყვანილობას ვამონტაჟებთ, ვამრიცხველიანებთ და ოქტომბრისთვის მზად იქნება. სოფლისთვის ასევე დიდი პრობლემაა გზა. თბილისში მიმავალ მიკროავტობუსებს სოფლიდან ცენტრალურ ტრასაზე უჭირთ ასვლა და ამის გამო სოფელ მუხრანის გავლით უწევთ გამგზავრება. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი სოფლის ახალგაზრდობას რაიმე გასართობი ექნება. ბიჭები ძირითადად ფეხბურთის თამაშით ირთობენ თავს..."

სოფელ ქანდის სკოლაში ამჟამად 200-მდე მოსწავლეა. როგორც სოფლის რწმუნებული ამბობს, ყოველ წელს სულ უფრო მცირდება პირველკლასელთა რაოდენობა. შენობის შიდა რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა სექტემბრისთვის იგეგმება.

„ალ აინა“

"ალ აინა" - არამეულ ენაზე წყალს ნიშნავს. ამ სახელწოდების წყაროს სოფელში განსაკუთრებული ისტორიული დატვირთვა აქვს -  ეს საუკუნოვანი წყარო ამარაგებდა აქაურებს სასმელი წყლით. დაახლოებით 20 წლის წინ ამ ადგილას მოსახლეობამ წმინდა ნინოს სახელობის სალოცავი ააგო, სადაც ყოველ კვირა დღეს მიდიან და სანთელს ანთებენ.

„ამ ენის დაკარგვა არ შეიძლება!“

სოფლის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო ხელოსნობაა. საქართველოში ყველაზე განთქმული მშენებლები და მლესავები ამ სოფელში ცხოვრობენ.  82 წლის გრიშა ათანეზოვს სოფელში ყველა იცნობს. კედლის მხატვრობის ოსტატია, არაერთი სახლის კედელი მოუხატავს. შინ მეპატიჟება და ახალგაზრდობაში მოხატულ კედლებს მათვალიერებინებს.

- ბატონო გრიშა, როგორ მოხვდა თქვენი ერი საქართველოში?

- ზოგი ამბობს, რომ ჩვენი წინაპრები ამ მიწაზე 200 წლის წინ დასახლდნენ, ზოგი უფრო ნაკლებს ამბობს, ზოგი მეტს, თუმცა, რომელ წელს ჩამოვიდნენ ჩვენი წინაპრები ირანიდან, ვერ გეტყვით...

- თქვენს ოჯახში დღემდე ლაპარაკობთ არამეულ ენაზე?

- რაც ეს სოფელი დაარსდა, იმ დღიდან ჩვენი სალაპარაკო ენა არამეულია. არც ვფიქრობთ მის დაკარგვას, ეს ქრისტეს ენაა.

ამის შემდეგ არამეულ ენაზე აგრძელებს საუბარს. საოცრად ჟღერადი ყოფილა ქრისტეს ენა...

- თუ ჩავიხედავთ ასურულ წმინდა წიგნებში, ვნახავთ, რომ ღმერთი პირველ ადამიანს, ადამს, ამ ენით ელაპარაკებოდა. ქრისტე რომ სასწაულებს ახდენდა, თავის მამას ამ ენაზე ელაპარაკებოდა და ამ ენის დაკარგვა შეიძლება?! ამაზე დიდი საამაყო არც ერთ ერს არ აქვს დედამიწის ზურგზე. არამეულ ანბანშიც, როგორც ებრაულში, 22 ასოა.

- ფიქრობთ, რომ ახლა ამ ენას დაკარგვა ემუქრება?

- სამწუხაროდ, კი. არავინ არის ხელის შემწყობი.

- რას გულისხმობთ?

- საჭიროა სკოლაში არამეული ენის შესასწავლად ერთი გაკვეთილი მაინც იყოს, რომ მომავალმა თაობამ საკუთარი ენა არ დაკარგოს. სოფელში არამეულ ენაზე თითქმის ყველა საუბრობს, თუმცა წერა-კითხვა რამდენიმე კაცმა იცის.

გრიშა პაპას ვემშვიდობები და წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის  მამათა მონასტერში მივდივარ. უკვე ოთხი წელია მონასტრის წინამძღვარი ასურელი მამა სერაფიმეა. ამდენივე წელია ტაძარში ღვთისმსახურება არამეულ ენაზე აღევლინება. მონასტრის ეზოში ორი ტაძარი დგას, ღვთისმშობლის მიძინების პატარა საყდრის გვერდით რამდენიმე თვის წინ ცამეტი ასურელი მამის სახელობის ეკლესია აშენდა. ახალი ტაძრის მოხატულობაზე წარწერები ორ ენაზე, ძველქართულად და არამეულად იწერება.

მამა სერაფიმე: -  ქანდაში დაახლოებით 2 ათასი ასურელი ცხოვრობს. სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ საქართველოში 4 ათასზე მეტი ასურელი უნდა იყოს. ისტორიული და ბიბლიური ერია. უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და სინოდის დადგენილებით, წირვა-ლოცვას ჩვენს ენაზე, არამეულად ვატარებთ. მრევლი თანდათან იზრდება.

თხოვნით ვივმართავთ განათლების სამინისტროს, იქნებ სოფლის სკოლაში, სადაც ასურელი მოსწავლეები სწავლობენ, დაწყებით კლასებში შემოიღონ არამეული ენა. პედაგოგები გვყავს.

ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ასიმილაციას განიცდის. სამწუხაროდ, იკარგება ენა...

დღეს ეკლესია არის იმის გარანტი, რომ ეს ენა არ მოკვდეს, შევინარჩუნოთ ადათ-წესები.

დაუშვა ღმერთმა, რომ ჩვენი საკუთარი სახელმწიფო არ გვაქვს. საქართველოა ჩვენი სამშობლო, აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. ვხარობთ, რომ ქრისტე ჩვენს ენაზე საუბრობდა.

- ამ სოფლის გარდა კიდევ სად ცხოვრობენ ასურელები?

- ჩვენთან სალოცავად ჩამოდიან ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, გარდაბნიდან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ასურელები.

მორჩილთან ერთად

მამა სერაფიმემ საგანგებოდ ჩემთვის არამეულ ენაზე იგალობა. ეს იყო წუთები, როდესაც უფალს საკუთარ ენაზე ესაუბრებოდა. გალობის არაამქვეყნიურმა ჟღერადობამ, რამდენიმე წუთით რეალურ სამყაროს მომწყვიტა...

ნახევარი დღე დავყავი ქანდაში. ცოდვა გამხელილი სჯობს და უნდა ვაღიარო: 28 წლის განმავლობაში აღსარება არასდროს ჩამიბარებია. მამა სერაფიმესთან საუბრის შემდეგ პირველად მომინდა ამ ნაბიჯის გადადგმა. წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერში აუცილებლად დავბრუნდები. პირველ აღსარებას ქრისტეს ენაზე მოსაუბრე მოძღვარს ჩავაბარებ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე