სამტრედიელი "მსაჯი" - კვირის პალიტრა

სამტრედიელი "მსაჯი"

რატომ სურდა ირანელს მამლის შეძენა 10 ათას დოლარად

"ჩემი მამალი მაგარი იყო"

ზოგიერთ ქვეყანაში მამლების ჩხუბი დღესაც პოპულარულია და გასართობ სანახაობად ითვლება. მამლების შეჯიბრების ტრადიცია განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებშია შემორჩენილი. მოჩხუბარ მამლებზე ფსონის დადება ბევრისთვის დიდი შემოსავლის წყაროა... ფსონი ხშირად რამდენიმე ათას დოლარსაც აღწევს. ვინ გაზარდა სამტრედიაში "მსაჯი" მამალი და რატომ სურდა ირანელს მისი შეძენა 10 ათას დოლარად,  "კვირის პალიტრა" სამტრედიელ ავთო მარჯანიშვილს ესაუბრა.

- მოჩხუბარ მამლებზე ნამდვილად არის მოთხოვნა. განსაკუთრებით აზერბაიჯანშია პოპულარული მამლების ჩხუბი. ამით დიდ ფულს შოულობენ.

- თქვენც დაინტერესებული ყოფილხართ მოჩხუბარი მამლების მოშენებით.

- ადრე 28 სხვადასხვა ჯიშის ფრინველი მყავდა, მათ შორის ირანული მოჩხუბარი მამალიც. ერთი მაინც განსაკუთრებული იყო - ირანული "მსაჯი" მამალი.…მამლების ჩხუბისას შუაში ჩადგებოდა და "მსაჯობდა". ათი ათას მამალში ერთი იბადება ასეთი.…ჩემი მამალი მაგარი იყო. ერთმა ირანელმა მასში 10 ათასი დოლარი შემომთავაზა.

- ირანული მამალი ირანში ვეღარ იშოვა და მაინცდამაინც სამტრედიაში გაზრდილის ყიდვა მოუნდა?

- აკი გითხარით, ასეთი მამალი ათი ათასში ერთი იბადება-მეთქი (ცოტათი წყენით მომიგო თანამოსაუბრემ. - ავტ.)! თავის დროზე მოსკოვიდან ჩამოვიყვანე.

- და გაყიდეთ?

- ვერა, ათიათასდოლარიანი ხელშეკრულება მზად იყო, როცა მამალი მომიკვდა.…

- როგორ?

- თავისი მამაკაცური  ღირსების დაცვა სცადა და ტრაგიკულად შეეწირა ამ ამბავს (იღიმება. - ავტ.).

ხომ გახსოვთ "იმერულ ესკიზებში" პასუხი შეკითხვაზე,  რა სარგებლობა მოაქვს მამალს? - ჩინჩლავს!.. ჰოდა, ეს ჩემი მამალი ამ საქმეშიც მაგარი იყო, მეზობლის საქათმეებში დაძვრებოდა  და  არც ერთ დედალს ხელიდან არ უშვებდა! ის კი არა, იხვი რომ შეხვედროდა, იმასაც "მოუვლიდა".… ჰოდა, შეწუხდნენ მეზობლები. ერთ-ერთმა მავთულის ბადით შემოღობა ეზო, რომ ჩემი მამალი ღამღამობით არ გადასულიყო. საწყალი მამალი მაინც ეცადა გადასვლას, გაბდღვნა ბადე, მაგრამ ვერ გაეტია და დილით ვიპოვეთ  ყელგადაჭრილი.…

- ვერ დაგმართიათ კარგი ამბავი. ახლა ისევ მისდევთ ამ ბიზნესს?

- ნაკლებად, უფრო საინტერესო საქმე მაქვს, რაც სოფლის მეურნეობას უკავშირდება.

- რა ღირს საქართველოში მოჩხუბარი მამალი?

- კარგი ჯიშისა 5-იდან 8 ათას დოლარამდე. ჩემი მამალი კი საუკეთესო იყო.

მებრძოლი მამლები

მამლების ჩხუბის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. პოპულარული იყო ინდოეთში, ჩინეთსა და სპარსეთშიც... მებრძოლი მამლები ბაბილონში დაახლოებით ძვ.წ. 700 წელს მოხვდნენ, ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩაიყვანეს. ბრძოლის წინ მამლებს დეზებზე ლითონის ან ძვლის დეზებს წამოაცვამდნენ ხოლმე... მოგვიანებით მამლების ჩხუბი აზიასა და სიცილიაშიც გავრცელდა. ძველ რომაულ ისტორიულ წყაროში ნაამბობია, როგორ წააგო ბრძოლის მოყვარულმა მთელი ქონება მამლების ჩხუბში.…