ჩემი მოგზაურობა ერაძეებში
25-08-2014
ჩემი მოგზაურობა ერაძეებში
სოფელი ისე ახლოსაა ცასთან, გგონია, თუკი ხელს ასწევ, ცას მისწვდები...

ფარახეთი - აქ, ადამიანის გარდა არაფერი ენატრებათ


- ფარახეთში მინდა ავიდე, თუ იქით მიბრძანდებით, ხომ არ დამიმგზავრებთ?! - ისეთი ხვეწნით ვეუბნები მძღოლს, რომ არ უნდოდეს, მაინც წამიყვანს, - ეს ის სამხიდიანი მანქანაა, რომელსაც ციცაბო გზაზე ასვლა შეუძლია.
- დაბრძანდი... მაგრამ ასე რატომ მეხვეწები? - ინტერესდება ის.
- ჩემი წინაპრები მაგ სოფლიდან ხუთი თაობის წინ წამოვიდნენ. მათგან მე ვარ პირველი, ვინც
ფარახეთში ამოსვლა შევძელი. ამბობენ, სოფელი ისე ახლოსაა ცასთან, გგონია, თუკი ხელს ასწევ, ცას მისწვდებიო.
- ეგ ცოტა მხატვრულად არის ნათქვამი, მაგრამ, პრინციპში ასეა! - რაღაცნაირად რაჭულად (მძიმედ) მიღიმის ის და მანქანას აქეთ-იქით ატორტმანებს.

- არ გადავვარდებით?
- არა, ნუ გეშინია... აი, შენი ფარახეთიც, - ამბობს
უცებ და მანქანას აჩერებს.
თითქოს მთებიდან სამოთხე ამოზრდილა... აგერ ერაძეების უბანიც; იმის უკან - ტოგონიძეების და ტაბუცაძეების.
- ეს სოფელი სულ სამ გვარს ეკუთვნოდა  და ყველას თავისი სალოცავი ჰქონდა...  ერაძეები ადრე გაღმა ცხოვრობდნენ, მერე იქაურობა მეწყერმა ჩამოშალა და გამოღმა დასახლდნენ. ახლა ის სახლებიც დაკეტილია, - ჩუმი სევდით მეუბნება ჩემი მეგზური.
- როგორ, ყველა  დაკეტილია?! მე ხომ მათ სანახავად ამოვედი! ლამის თვალზე ცრემლი მომადგეს. მძღოლი კი ისევ მიღიმის:
- ასე რომ იყოს, სულ დავიღუპებოდით. ის კი არა, შენი მოგვარე დათო ერაძე კიდეც დაბრუნდა და ფუძეზე ახალი სახლიც დადგა. აი, ისიც, - ამბობს ის და დევივით ვაჟკაცს ეძახის, - გამოდი, შე კაცო, ბიძაშვილი მოგიყვანე! ბიძაშვილი ჩემზე მეტად გაოგნებული მიმზერს, მაგრამ ხელს უსიტყვოდ მიწვდის. მეც ჯერ მის ხელს დავუყურებ და მერე მის ახალაშენებულ სახლს, - არ ვიცი, რა მემართება, ისევ ტირილი მინდა, - დაცლის პირას მისულ სოფელს შვილი დაჰბრუნებია...

- ქალაქში ვცხოვრობდი, - მეუბნება დათო, მერე მივიხედ-მოვიხედე და ვეღარ გავძელი...
31 დეკემბერს დამეწვა ძველი სახლი. ცეცხლს რომ შევყურებდი, ვფიქრობდი, კაცი არ ვიყო, ამ უბედურებას თუ არ ვაჯობო-მეთქი. ვაჯობე კიდეც: წელიწადში ახალი სახლ-კარი ავაშენე. ჩვენი სოფლის ბიჭები ამომიდგნენ მხარში, დანარჩენი კიდევ ამ მარჯვენამ და ჩემი მეუღლის გვერდით დგომამ ქნა...

ისე, ფარახეთში მარტო მე კი არ ამიშენებია სახლი. ჩვენმა თემურ ტოგონიძემ საფრანგეთში ცხოვრება საათივით ააწყო და მაინც აქეთ იწევს. კიდევ ბევრს აქვს აქ ახალი სახლი. - ეგ ხალხიც უსათუოდ უნდა ვნახო - რომ წავალ, იმედს წავიღებ, ამაზე კარგს ვერაფერს გამატანთ, მიხარია მე, ჩემი ბიძაშვილიც ფეხზე აღარ დგას სიხარულით, - შენც აქ დაბრუნდი, ერაძეები აგიშენებთ სახლს, ხეს ვერ ვიშოვით, თუ ქვიშას, მარჯვენა კიდევ ჩვენი გვაქვს.
მოგვიანებით თემურ ტოგონიძესთან მივდივართ. ვსხედვართ და ვსაუბრობთ: - ზამთრობით აქ სულ 20-ოდე ოჯახი რჩება, უმეტესად ასაკოვნები. დათო ერაძეა მაგათი პატრონი. ზაფხულობით კი ბევრი ჩვენებური ამოდის. უჭირთ, ძვირია ამოსვლა, მაგრამ მაინც ამოდიან. მე სამუდამოდ უნდა დავბრუნდე, ჩემს ბავშვობაში ფარახეთში 800-სულიანი პირუტყვის ფერმა იყო და უნდა აღვადგინო. აქ ბიზნესი თავს გაიტანს, ოღონდ სოფლის გზები უნდა გაკეთდეს, გზის გარეშე არაფერი გამოვა. თორემ საძოვარიც არის და წყალიც, აქ ადამიანის გარდა არაფერი ენატრებათ. ასეა ხომ, მამა? ეძახის მამას, რომელიც იქვე თიბავს და ღიღინებს. რა კარგად მღერით, აფსუსია თქვენი თიბვაზე მოცდენა-მეთქი! ის კი მპასუხობს - მასე მთელი ფარახეთი მღერის, გუდასტვირი ჩვენს სოფელშია მოგონილიო...  - კარგად გიპასუხა, არა?! - ხალისდება თემური და სახე უნათდება: 

მშობლებს სულ იმას ვეხვეწები, ამდენს ნუ წვალობთ, დაისვენეთ-მეთქი და თავისას არ იშლიან... ის კი არა, პირუტყვსაც მიმალავენ, ვითომ ცოტას ვშრომობთ, სულ 2 ძროხა გვყავსო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რამდენიც ჰყავთ...
მენანება ეს სათიბი, ეს ეზო, მაგრამ ბიძაშვილთანაც ხომ უნდა გავიარო, მის ახალაშენებულ სახლში შევიდე და მასთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხარო. ჰოდა, მივდივარ. იქ მთელი ოჯახი ისეთი სითბოთი მხვდება, გული მიჩუყდება. ვტკბები ბიძაშვილის მთებივით განიერი მხრებით და მისი ქვეყნის დედაბოძად დგომით. ბოლოს, - ქართული  სუფრითაც: წითელი ღვინო, ყველი, პური და წინაპრის კერა - კაცს მეტი რაღა გინდა...
სერგო
17 მაისი 2015 20:13
მეც ერაძე დედა მყავს ფარახელი ვარ ნანა ერაძე ისე ლობჯანიძე ვარ ჭალელი გაიხარეთ ფარახელებო
temurika
26 სექტემბერი 2014 21:43
მაგარი კაცია დათუნა ერაძე; ფიზიკურად და სულიერად ძლიერი თბილი გულით და სიკეთით სავსე, კაცთმოყვარე,ფარახეთში მაქ სოფელი და იქედან ვიცნობ,თემურისაც ძაან უყვარს რაჭა ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი ქართველები
Nana
26 აგვისტო 2014 15:58
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ქართული სოფლის გაძლიერებისთვის!ნეტავ, ყველა ქართულს სოფელს დაუბრუნდებოდნენ მისი შვილები!

რედაქტორის რჩევით