საკურორტო სეზონი "საამო" სურნელით - კვირის პალიტრა

საკურორტო სეზონი "საამო" სურნელით

შვებულება ჩამშხამდა, იმის ნაცვლად, რომ მოლივლივე ზღვითა და ქვიშიანი პლაჟით დავმტკბარიყავი...

ურეკში ზღვამდე მისასვლელად დღეში რამდენჯერმე უნდა გამევლო ფიჭვნარი, რომლის დანახვაზე ცხვირ-პირზე ხელს ვიფარებდი, გულში კი თავბედს ვიწყევლიდი და აქ გამვლელ-დამსვენებელს ვლანძღავდი. არა, ყველასთან რა მინდოდა, მაგრამ... თანაც ეს რომ ერთადერთი კურორტი იყოს, რომელიც დამსვენებლების აბარგების შემდეგ ასეEთ დღეშია, იქნებ მაჯლაჯუნა არც დამწოლოდა გულზე. ურეკს საკურორტო სეზონის დამთავრებისას საღორესაც ვერ დაარქმევ - პატიოსან ღორებს ეწყინებათ...

- ფუ, დედა, რა ცუდი სუნია! - წამოიძახებდა ფიჭვნარში მიმავალი რომელიმე ბავშვი და ცხვირს დედის კაბაში მალავდა.

- არა უშავს, ზღვასთან მივალთ და ეს სუნიც გაქრება! - ამშვიდებდა დედა, რომელსაც ზღვის იმედი ამაოდ ჰქონდა - ურეკის უნიკალურ მაგნიტურ ქვიშაზე გავლაც კი ზიზღს იწვევს, რადგან იქაურობა საზამთროს ქერქით, სიმინდის ნაქურჩით, ქლიავის კურკებით, პლასტმასის ბოთლებით და... ცხენის ჩონჩორიკით არის სავსე, ზღვაში შესვლისას კი ჭუჭყიანი ცელოფანის პარკები წამოგედება ფეხებში!

რატომ ვწერ ამ საშინელებას? იმიტომ რომ მრცხვენია... მრცხვენია თუნდაც იმ პატარა გოგონასი, რომელსაც ჯერ წესიერად ფეხიც არ აუდგამს, უფროსები კი გზად უკვე ნაგავს ახვედრებენ... ის უფროსები, რომლებიც სასმელ-საჭმელს მუსრს ავლებენ, ნამუსრევს იქვე ტოვებენ, მერე მანქანებში სხდებიან, ქალაქში ბრუნდებიან და იბღინძებიან - ზღვაზე დავისვენეთო... ის უფროსები, რომლებსაც ფიჭვნარში კარვები აქვთ მოწყობილი, კარვების გარშემო კი, თითოეული ხის ძირას - ტუალეტები...“

აი, ცხენი და მისი პატრონიც, რომელიც ბავშვებს 5 წუთით 3 ლარად ასეირნებს. ცხენი კუდის ქნევით მიდის და ჩონჩორიკს ლამის ცხვირ-პირში გვაყრის...

- თქვენი ცხენი ფიჭვნარსა და ქვიშას რომ აბინძუUრებს, ეს კარგია?!

- რა მოხდა, ქალბატონო, ამაზე უარესი არაფერი გინახავს?! - გაოცებული მიყურებს და ფუნის მოზრდილ კვალს ფიჭვნარის სიღრმისაკენ მიიყოლებს.

გასაკვირი ის არის, რომ ალაგ-ალაგ ამ ნაგავში დამსვენებლებიც არიან წამოკოტრიალებული, ზოგს სუფრაც გაუშლია...

- ბოდიში, მაგრამ აქ რომ სადილობთ, სუნი არ გაწუხებთ? - ვეკითხები მათ. როგორ შეიძლება, პროტესტის გრძნობა და ყნოსვა ერთდროულად მოგიჩლუნგდეს ადამიანს?

მოქეიფეები მხრებს იჩეჩენ და ჭამას აგრძელებენ.

სულ რამდენიმე მეტრში, ფიჭვნარში, ნაგვის გროვებს შორის კარვები დგას. ერთ-ერთის ფანჯარაში ვიჭყიტები.

- რა გნებავთ?! -  მიღრენს შუახნის მამაკაცი.

- არაფერი. მაინტერესებს, აქ ასე დაუბრკოლებლად შეიძლება კარვის გაშლა? არც ტუალეტი გაქვთ, არც წყალი...

- ახლა ეგეც შენ გკითხო?! კარვის დადგმა ვინ უნდა ამიკრძალოს?! - მიბრაზდება და კარვის ფანჯარას ცხვირწინ მიხურავს...

- ახია შენზე! - მეუბნება მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად ყოველ დილა-საღამოს სუნთქავს ამ„"საამო" სურნელს და მე, ცოტა არ იყოს, სინდისი მაწუხებს“ - აქ ხომ მე წამოვიყვანე...

ნანა რამიშვილი