დოჭუ - მწვერვალზე "ამოსული" მეომართა სოფელი
22-09-2014
დოჭუ - მწვერვალზე "ამოსული" მეომართა სოფელი
ეს სოფელი დოჭუა, თუშეთში. არაფერი გეჩვენებათ, ნამდვილად ქართულ სოფელს უყურებთ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენივე ხურო-კალატოზების ხელით აგებულს.  ეს სოფელი თითო-ოროლა ქართველს თუ უნახავს... მათ შორის მათაც, ვინც მსოფლიოში მოგზაურობს და უცხოურ ეგზოტიკაზე გიჟდება, მერე ამბავი ჩამოაქვს, - სხვაგან ყველაფერი უკეთესიაო! ხანდახან ეს შეიძლება კიდეც დაიჯერო, მაგრამ ამ სურათს რომ დახედავ - ვეღარ!.. თუ სინდისი გაქვს და თავს გამოუტყდები, ასეთი საოცრება იქნებ დედამიწაზეც ძნელად მოიძიო...
ვინ იყვნენ ისინი, ვისაც ამ მწვერვალზე, ზღვის
დონიდან 2050 მეტრზე, ქვები ზურგით აჰქონდათ, პიტალო კლდეზე ფუძეს ჭრიდნენ, შიგ დუღაბს ასხამდნენ და კერას ჯიუტად აშენებდნენ? რად სჭირდებოდათ აქ ცხოვრება, ვინ აიძულებდა? ვერავინ!

კაცი რომ სიცოცხლეს ასეთ სიმაღლეზე  გაატარებს, მისი ბატონი ვინღა გახდება - თავადაც გაკლდევებული და გამეხებულია, დანდობა არ იცის, მტერს ხანჯლით თვალის
დაუხამხამებლად წიწილასავით აკუწავს, მოყვარეს, სტუმარს კი იმდენად არის დანატრებული, რომ პატარა ბავშვივით შესციცინებს თვალებში.

დოჭუელებს ბატონი არ ჰყოლიათ, დაბადებასა და სიკვდილს შუა კი მისია ჰქონდათ შესასრულებელი - ამ მწვერვალიდან მტერი პირველებს შეემჩნიათ, პირველები შეჰბმოდნენ და ან გაემარჯვათ, ან დახოცილიყვნენ, ასე გადაერჩინათ ისინი, ვინც მათ უკან იყვნენ. სწორედ ამ მისიის შესასრულებლად აჰქონდათ ქვა და ლოდი კლდეზე სახლის ასაშენებლად. ამ მისიის შესასრულებლად იყო, რომ აქ დედები ხელსაქმისას მიწაში პალოს ასობდნენ და ზედ ახალფეხადგმულ ჩვილებს აბამდნენ, რათა სადმე არ წაბაჯბაჯებულიყვნენ და კლდე-ღრეში არ გადაჩეხილიყვნენ. ფეხმომაგრებულებს კი უკვე ხმლის ქნევაში ავარჯიშებდნენ, - რაც მეტი ნაჭდევი ექნებოდა ტანზე, მით უკეთესი ვაჟკაცი იყო! იმასაც ამბობენ, პალოზე ბაწრით მიბმული ბავშვის ხელში აყვანის უფლება, რაც უნდა ეტირა, თუ აუცილებელი არ იყო, არავის ჰქონდაო. იმიტომ, რომ ადგილზე ყოფნას შესჩვეოდა, ადგილის ფუძე არ მიეტოვებინა...

დღეს კი... დღეს "ადგილზე მიბმის" ჩვევა გვეკარგება - ნახევარი საქართველო უცხოეთში გადავიხვეწეთ. აღარც დოჭუში ცხოვრობს ვინმე... 2002 წლის მონაცემებით, იქ მხოლოდ ერთი კაცი იყო, ახლა ისიც აღარ არის... თუმცა, ყველას ჯინაზე, დოჭუ ისევ არსებობს და ცარიელიც უკან მოტოვებულ საქართველოს იცავს...
ლილი როხვაძე
16 იანვარი 2017 12:05
რამდენ ფულით გაზულუქებულ ქართველს მოუვიდა აზრად(საქართველოშიც რომ მრავლად არიან,გინდ ივანიშვილი აიღეთ)..ეს და უამრავი ასეთი ადგილები ტურისტულ ზონად ექცია უცხოელებისათვის...
nina
05 ოქტომბერი 2016 09:57
იქნებ სოფლის სახელი ,იმ ფუნქციას უკავშირდება,რომ მტრის შემოსევისას, ცეცხლი უნდა დაენთოთ და აეგიზგიზებინათ,ისევე როგორც სხვა ,მაღალ ადგილას? ასეა თუ ისე,ძალიან გულდასაწყვეტია,ყველას ქალაქში,რომ გვინდა ცხოვრება და ჩვენს ულამაზეს ტერიტორიებს უცხო ტომელები რომ ეპატრონებიან. აქაც ავა,ალბათ ვინმე ,მოაწყობს იქაურობას და ტურიზმის თვალსაზრისით გადასარევი ადგილია.იქნებ მთავრობამაც იზრუნოს.
nina
05 ოქტომბერი 2016 09:57
იქნებ სოფლის სახელი ,იმ ფუნქციას უკავშირდება,რომ მტრის შემოსევისას, ცეცხლი უნდა დაენთოთ და აეგიზგიზებინათ,ისევე როგორც სხვა ,მაღალ ადგილას? ასეა თუ ისე,ძალიან გულდასაწყვეტია,ყველას ქალაქში,რომ გვინდა ცხოვრება და ჩვენს ულამაზეს ტერიტორიებს უცხო ტომელები რომ ეპატრონებიან. აქაც ავა,ალბათ ვინმე ,მოაწყობს იქაურობას და ტურიზმის თვალსაზრისით გადასარევი ადგილია.იქნებ მთავრობამაც იზრუნოს.

რედაქტორის რჩევით