"რითა სჯობს მიტუასა გმირი მაკენა? - კვირის პალიტრა

"რითა სჯობს მიტუასა გმირი მაკენა?

"ეხლა მე და მიტუა რო ავდგეთ და ვთქვათ, - ამერიკელები ვართო, დავიჯერო, ი შავი კაცი რო ჰყამთ მეთაურად, დაგვიძახებს და გმირობაი მოგვცემს?.."

"ეხლანდელ მთავრობის ხალხსა შაქროი ვირივით აქვთ ყურები მოდვრენილი, არაფერი ეყურებათ, კაცოოო!"

ვინც გლეხის ალალი პურმარილის ფასი იცის, დამეთანხმება, რომ იქ ბუნგალოებსა და ძვირად ღირებულ რესტორნებზე არანაკლები (თუ მეტი არა) "პური იჭმება". ძველით ახალ წელს კახეთი, ტრადიციულად, "ღორის ქელეხითა" და კახური მრავალჟამიერით დახვდა. ჰოდა, როცა 13 იანვარს დამირეკეს, - რომელ უჭირამ ტრუბკა, მაიხედე აქეთ. ჩამო, ნამდვილ ახალ წელს შავხვდეთ და ჭიქა გავაწკარუნოთო, ბევრი აღარ მიფიქრია და კახეთში გავქანდი...

კახელების "პურიჭამა" და გულგახსნილი მასპინძლობა მოგეხსენებათ, და ცოტა ბახუსმაც რომ წაუღიტინათ თავში, მითხრეს: - ბიჯო, ვიდრე ე ღვინო ენაი გაგვიშეშებს და ყბა ბენდუქიძესავით გვერძე გაგვექცევა, ჩვენზე და ქვეყნის სატკივარზე გვალაპარაკე და იგრე დაწერე ყველაფერი, სიტყვა არ შაამოკლოო...”

ჰოდა, მეც ვწერ კახელი გლეხების გულისტკივილს, "სიტყვაშაუმოკლებლად" და ალალად ნათქვამს:

- შვილო, ყური დაგვიგდე და დაიხსომე: გლეხი ქვეყნის დოვლათი და სიმდიდრეა. ჩვენმა კურთხეულმა მეფეებმა კარგად იცოდნენ გლეხის ფასი. ჩვენი წინაპრები ეტყოდნენ ხოლმე იმ სულკურთხეულ პატარა კახსა: - მეფეო, ორ სიტყვას რომ შენ იტყვი, ერთი ჩვენც გვათქმევინეო. მეფეც შეღავათს გვიწევდა. ეხლანდელ მთავრობის ხალხსა შაქროი ვირივით აქვთ ყურები მოდვრენილი, არაფერი ეყურებათ, კაცოოო! რო ესმოდეთ, მაშ ამ დღეში ჩაგვყრიდნენ? დაბეჩავდა ხალხი, ბებრები ვინც დავრჩით, აბა, რიღას მაქნისები ვართ და ეს ჩვენი ჯეელები კიდე, როგორც საბძლიდან ბზე გაგიხვეტნია, იგრე გაიკრიფნენ საზღვარგარეთ. ვინც დარჩა, დღე და ღამე ბირჟაზე არიან დაყუდებულები და იმაზე ფიქრობენ, რო გათენდება, სად დალიონ და ამაიყორონ მუცლები. დალევაი ვიღა ჩივის, წამალ შეეჩვივნენ და იღუპამენ თავებსა. ეგრე იცის უსაქმურობამა. არადა, რა ქნან, რა გააკეთონ. გვეუბნებიან: - მიწები ხო დაგირიგეთ, მიადექით და იმუშავეთო... მამა გიცხონდათ, მუშაობა არ შაგვშლია არასოდეს, მაგრამ რით დავამუშავო მიწა და ვენახი, ყველაფერ ცეცხლი აქ წაკიდებული - სასუქსაც, საწვავსაც და ტექნიკასაც. ე ჩვენი პრეზიდენტი რო შამაახტა ტრაქტორსა, აღმა-დაღმა დაახრიგინებდა და გვეუბნებოდა, -თქვენიაო, იმის მემრე თვალიც ვეღარსად მოვკარით იმ ტრაქტორებსა. ჩვენი რაც იყო, ისაც ხელიდან მიგვდის და ტრაქტორებ ვინ დაგვანებებდა. ღვინის ქარხანაი მიადგები რთვლის დროსა და არ იბარებენ: - რაცა გვაქ, იმაი რა ვუყოთ, არ ვიცით და ეგ სადღა წავიღოთო... სად წაიღოთ და, შაისხით... ყურში თქვენცა და მთავრობამაცა! აკი ჩინეთში და ევროპაში შავიტანთ და იქ გავყიდითო! ჩინელებმა ჩვენი ღვინისა რა იციან, კაცო, ბრინჯი ჭამისაგან თვალები აქვთ გაწვრილებული. ამ წინებზე ერთი მთავრობის კაცი გამოიდა ტელევიზორში და ქაფი მაიდინა პირზე: - რუსეთში ღვინოს არ შავიტანთო... მამა უცხონდა, რუსებ დააკლებენ მაგით რამესა. ისევ ჩვენ გვაკლდება შემოსავალი, შვილოსა, თორე რუსი, ღვინო თუ ვერ მაახელა, ადეკალონსაც კარგა გადაჰკრამს.

წყალს მიაქ საქართველო და სარწყავი არა გვაქ. ტრუბები”იყიდეთ და თქვენ გაიყვანეთო. რით ვიყიდო, ვინ მამაშავა ფული, ერთი ე დედაკაციღა დამრჩა და იგრე დაჩაჩანაკდა, ბაზარზე რო გავიყვანო, მუქთად არავინ წაიყვანს. თამარ მეფეს გაჰყავდა სარწყავი არხები, აგე, კიდე შემორჩენილია იმდროინდელი თიხის მილები და ამათ რამ დასცა დამბლა... მარტო არჩევნებზე ჩამაიშლიგინებენ ხოლმე ჩვენთანა, გაგვბერავენ ტყუილებითა და მეორე არჩევნებამდე დაგვეკარგებიან ბარდებში გადაგდებული ალუბლი კურკასავითა. მაშ არ გავლანძღო მამაპაპურადა ეგ მუდრეგები, ეგენი, ჰა?.. იმ დღეი ჩვენებიანთ თედო მეუბნება: - ბიჯო, ამ მთავრობაი ნუ აგინებ, თორე მოვლენ და დაგიჭერენო. მეც ავდექი და მივახალე: - დამიჭერენ და იმდენ ხანს ეჭიროთ, ვიდრე არ მოსწყინდებათ-მეთქი... მა რა მეთქვა, კაცო, კახელ კაც მამიგებენ ეგენი ჭკვაშია?..

ტა-ტა-ტა-ტაააა, იგეთი ტაშ-ფანდური გააჩაღეს ამ ახალ წელს, ტლინკაობით კინაღამ თირკმლები ჩაიწყვიტეს. მოლხენას რა სჯობია, შვილოსა, მაგრამ ყველაფერ თავისი დრო აქ. ზარ-ზეიმი და ცეკვა-თამაში მაშინ უნდა, ქვეყანა რო გაქ დალაგებული. რაც მაგ ბუქნაობაში ფული დაიხარჯა, ჩვენ სოფელს ფეხზე დააყენებდა სახნავ-სათესითა და იმ დასაწვავი ტრაქტორებითა. მაგასა ვჩივით, რო ჩვენთვინ არაფერი ემეტებათ და უცხოეთიდან ჩამოყვანილებს კურტუმების ქნევაში ჩეჩქივით აყრიან ფულებსა...

იმ დღეს ი ამერიკელი კაცი ჩამოვიდა - მაკენა ჰქვიან, არა?.. მა რა ჰქვიან, კაცო...ჰო, მაკ-კეინი... გმირის წოდება მისცეს, საქართველოს გმირისა. გაგონილა, ერთხელ უთქვამს -  მეც ქართველი ვარო და გმირიაო(?!). ეხლა მე და მიტუა რო ავდგეთ და ვთქვათ, - ამერიკელები ვართო, დავიჯერო, ი შავი კაცი რო ჰყამთ მეთაურად, დაგვიძახებს და გმირობაი მოგვცემს?.. მიტო, რო იკრიჭები მაგდანაი ლურჯასავითა, რითა გვჯობია ეს ჩვენი გმირი მაკ-კეინა, ჰა?.. შევარდნაძის დროს ტრუბა”გაიყვანეს, მაგაი თითი დეედება და ყველაი წითელი ეენთება, მთელი დინგი დუნიის ფულია შიგ ჩაყრილი და ეგ დაგვიცავსო, თანაც მაგისი პროცენტები შაგვინახამსო. რუსმა რო ბომბები დაგვაყარა, ი ტრუბამ რომელი აისხლიტა, კაცო?!. ან ის პროცენტები სად მიდის, რო ვეღარ მააღწია ჩვენამდე მიშაი ნაჩუქარი ტრაქტორებივითა...

ე ოპოზიციისაც ვეღარაფერი გაგვიგია, კაცო. ამ წინეებზე ჩამაიარეს, კანტორის წინ შაგვაქუჩეს და გვითხრეს: - ამ მთავრობისა არაფერი დაიჯეროთ, ეგენი გვაბოლებენო... მობოლებით, აი, ეს ჩვენი მიტო მაბოლებს, ყრონტი ამამივსო პაპიროსის კვამლითა. დღენიადაგ მაგას ვეჩიჩინები: - ე, ვერან, კვამლი და ბოლი რო კარგი იყოი, ფეჩი ტრუბაი გარეთ კი არ გაჰყოფდნენ, შიგნით შამაატრიალებდნენ-მეთქი, მაგრამა ეყურება რო? ამასაც ჩვენი მთავრობასავით სიყრუე დეემართა... ჰოდა, ძაან თუ შამაღონებენ, მიტოსაც შამოვკრამ ყურებში მთავრობასაცა და ოპოზიციასაც!..

ჰოოო... კიდე ბევრი მაქ სათქმელი, მაგრამა ამ ახალ წელიწადსა გინებითა და ბოღმით ხო არ შავხვდებით... მიტო, ჩამოყარე ე დალოცვილი რქაწითელი ჭიქებში... შაქრო, გადააბრუნე შამფურები, მწვადი არ დასწვა, თორე ერთი ალიყური შენთვინაცა მაქ გამზადებული...

ბიჭებო, ამ ჩვენ დალოცვილ სამშობლოს გაუმარჯოს, ტკივილები დაუამოს, ერთგული შვილები უმრავლოს და გამთლიანებულიყოს დავითისა და თამარის დროინდელ საქართველოსავითა. ერთმანეთის ჭირი და ლხინი გაგვეზიარებინოს ქართველებსა, დაფანტული ჭკუა ისევ გვეპოვოს და მტერი არ გაგვეხარებინოს ჩვენი შუღლითა. უფლის წყალობა ჩვენს მამულსა, ჩვენს ოჯახებსა და "კვირის პალიტრასა" - მართალ ხალხს გეძახიან და მაგ გზით გევლოთ და გაგეხარებინოთ საქართველო... აბა, ვახტანგურადა, ბიჭებოოო... ამი ჩასვლა და აღარ ამოსვლაააა!

ეგრე მტერი დაგეცალოთ, ქართველებო!