ბათუმის დელფინარიუმში საექსპერიმენტოდ ჩამოყვანილი ორივე დელფინი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

ბათუმის დელფინარიუმში საექსპერიმენტოდ ჩამოყვანილი ორივე დელფინი დაიხრჩო

ეტყობა, ზეცა ტურისტებს სისწრაფეში გამოცდას უწყობს - გამოაჭყიტებს მზე და ყველა პლაჟისკენ გარბის. ის-ის არის,  ტალღებში ნებივრობას იწყებენ და დასცხებს წვიმა. ხალხი ახლა თავქუდმოგლეჯილი გამორბის უკან, პირსახოცში გახვეული, ზაფხულის წვიმაში ნაბანავები...

ეს სცენა რომელიმე კინოფილმიდან არ გეგონოთ. ასე საქართველოს ზღვისპირეთში ხდება, როცა ცხელი მზე ძალიან ენატრება ყველას!.. ენატრებათ რესტორანსა თუ სასტუმროში მომსახურების ადეკვატური ფასი, სუფთა ზღვის წყალი და... თუნდაც თავაზიანი ღიმილი.

მოკლედ, ქართული ზღვის ტურიზმის ნაცნობსა თუ უცნობ ბილიკებზე გიამბობთ!

ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისთვის აჭარას 184 780 ტურისტი ეწვია. ეს მონაცემი 18%-ით უსწრებს 2008 წლის მაჩვენებელს. ეკონომიკურ კრიზისს თითქოს მომსახურების ფასებზე უნდა ემოქმედა, მაგრამ აჭარის სასტუმროებში ნომრები ისევ 40-ლარიდან 1500 დოლარამდე მერყეობს. ფასები არ "გაცივებულა" კერძებზეც, თუმცა სურსათის გაძვირების მიუხედავად, არც გაძვირებულა.

წელს ბათუმში რამდენიმე ახალი სასტუმრო საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, თან დასძინა, 100 ახალი სასტუმრო უნდა აშენდესო (100 ახალი საავადმყოფოს ასოციაცია მავანს სულ ტყუილად გაუჩნდა!). არაოფიციალურად კი, მეტწილად ყაზახმა ინვესტორებმა ბათუმისა თუ მახინჯაურის პრესტიჟულ ადგილებზე შენება ან გადაიფიქრეს, ან გადააფიქრებინეს (როგორც ამბობენ, წილებში დიდი ადგილის დაკავების გამო).

გადაიფიქრა თუ არა მთავრობამ პოპულარული რესტორან "სანაპიროს" დასჯა, უცნობია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რესტორანში მისულ ტურისტებს ერთმანეთზე დაწყობილი სკამები, მაგიდები და ჩამოშვებული ქოლგები დახვდათ. "სანაპირო" თავდაპირველად აბაშიძის დროინდელ მერს, ასლან სმირბას ეკუთვნოდა, რევოლუციის შემდეგ კი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს. ამჟამად ისევ სმირბას საკუთრებაა, ოღონდ უკვე საგადასახადო ინსპექციისგან ბოქლომდადებული. "დარღვევები აღმოაჩინეს, ალბათ, რამდენიმე დღეში ისევ გავაგრძელებთ მუშაობას", - იმედოვნებენ რესტორნის თანამშრომლები, ხელმძღვანელობა კი დუმს.

წელს დელფინარიუმი უნდა გახსნილიყო, მაგრამ საექსპერიმენტოდ ჩამოყვანილი ორივე დელფინი სტანდარტებით დადგენილი შესაბამისი პირობების უქონლობის, კერძოდ, წყალში ჟანგბადის უკმარისობის გამო დამხრჩვალა(!). ამას დელფინარიუმის თანამშრომლები საიდუმლოდ მანდობენ, თორემ ოფიციალურად ვინ გეტყვის...

სამწუხაროდ ზღვაში ისევ ჩაედინება საკანალიზაციო წყლები. ქალაქის ხელმძღვანელობა გერმანული ბანკის მხარდაჭერით 2014 წლამდე აპირებს წყლისა და კანალიზაციის სისტემის სრულად "გამოჯანსაღებას". შესაბამისად, ბათუმის ცენტრალური ქუჩები გადათხრილი და ექსკავატორებითაა სავსე. ბუნებრივია, ქალაქის კეთილმოწყობა კარგია, მაგრამ ცუდია, რომ საკურორტო სეზონისთვის სამუშაოების დასრულება ვერ ხერხდება. "არ არსებობს მეორე შანსი, ტურისტი პირველივე ვიზიტისას უნდა მოხიბლო", - ეს ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალური განაცხადია და ჩვენც ვინტერესდებით უცხოელი ტურისტებით, რომლებსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის ქუჩებში...

ნიკ ტორინგი, აშშ: - მშენებლობის პროცესი სასიამოვნო საყურებელი არ არის ტურისტისთვის, მაგრამ კარგია, რომ ქვეყნის მშენებლობა მიმდინარეობს. ძალიან მომწონს საქართველო, ქართველები, მოხიბლული ვარ თქვენი სამზარეულოთი, მაგრამ ხშირად ძალიან ბევრ ფულს გვთხოვენ რესტორნებში. ალბათ, ჰგონიათ, ყველა უცხოელი მილიარდერია. მენიუ ინგლისურ ენაზე ბევრგან არა აქვთ, საძებარია საზოგადოებრივი ტუალეტიც. თუ იპოვი, შესაძლოა, გამოკეტილიც კი დაგხვდეთ...

ლუსი ფარენი, საფრანგეთი: - აქ ზღვა და მთა ერთადაა... აქაური წვიმაც კი რომანტიკაა. დავსეირნობ ამ პატარა ქალაქის ქუჩებში და ქართული ფენომენის ამოცნობას ვცდილობ. მოკლედ, ყველაფერი მომწონს, წყლის გარდა. კერძო სასტუმროში ვისვენებ და ამას წინათ ონკანი რომ მოვუშვი, ვერაფრით მივხვდი, შავი წყალი რატომ წამოვიდა. ქართულ კულტურას გავეცანი. საუცხოოდ ცეკვავთ ქართველები. ამან ყველაზე მეტად გამაოცა.

თომას ლორმანი, აშშ: - ბათუმში ახლობლის რჩევით ჩამოვედი. კარგი ქალაქია, მშვიდი... სამი დღეა აქა ვარ და დღეს ძლივს გამოჩნდა მზე. საინტერესოა, როცა წვიმს, როგორ ერთობით ქართველები? ვერც ღამის კლუბს მივაგენი, სადაც, გემოვნებიან მუსიკას დაუკრავდნენ, არადა, ამ ქალაქს ტურიზმის განვითარების მშვენიერი შანსი აქვს...

ჰამლეტ ტომასიანი, სომხეთი: - ბათუმს ხშირად ვსტუმრობ. წელს ძალიან ნაადრევად აცივდა. ჩვენს პატივსაცემად აქაურ კაფეებში ჩვენებურ კერძებსაც აკეთებენ და სომხურ მუსიკასაც უკრავენ...

სომხური სიმღერის თაობაზე სახელდახელო "დებატს" ჩვენც შევესწარით ქობულეთის ერთ-ერთ კაფეში, როცა სომეხმა მამაკაცმა მწვადით დანაყრების შემდეგ ნაკვერჩხალთან "გამომცხვარ" მემწვადე ქართველ ბიჭებს გასძახა, როგორც იქნა, მწვადის შეწვა გასწავლეთ ქართველებსო(?!). მერე კი დიჯეის მიუბრუნდა, - სომხური სიმღერების დისკი მაქვს, ეს დაუკარითო.

- როგორ ფიქრობთ, სხვებსაც მოეწონებათ სომხური მუსიკა? - ხმა ამოიღო კაფეს მესაკუთრე ქალბატონმა.

- აბა რა, ამდენი სომეხი აქა ვართ და! ეს კი არა, სომხურად ლაპარაკიც უნდა შეგეძლოთ!

- ვახ, - შეიცხადა ქალბატონმა, - ჩამოვალ სომხეთში და ვნახავ, რაფერ მომემსახურებით ქართულ ენაზე...

მერე ქალბატონი მიხვდა, რომ "კლიენტი ყოველთვის მართალია" და რამდენიმე წამში სომხურმა მელოდიებმა მიჩქმალა საკურორტო კამათი.

ასე რომ, ზღვისპ[ირეთი სავსეა ტურისტებით, ისმის სიცილ-ხარხარი, ქართულ-სომხურ-ევროპული მუსიკა. ბათუმის პლაჟზე წამოგორებული ტურისტი კი, თუ წვიმამ დააცალა, მშენებარე ქალაქს გასცქერის და გარუჯულ "ქვიშის გამყიდველებს" უსმენს:

- ამ ტურისტების საქმეც ვერ ყოფილა კარგად, 50-თეთრიან ბურბუშელასაც ვერ ყიდულობენ.  - ბურბუშელათი სავსე პარკი თავზე მოიგდო ქალმა, აქაოდა, იქნებ ორიგინალური "ქუდით" მაინც მივიქციო ყურადღებაო და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა სანაპიროს ცხელ ბილიკს...

პლაჟზე ცნობილ ადამიანებსაც ვხვდებით. ყველა კმაყოფილია ბათუმში ვიზიტით და მომავალში უკეთეს აჭარას ელის... ერთ-ერთ კაფესთან, სამაშველო პუნქტთან გამოკრულ ახალ განცხადებას ვკითხულობ: "ბანაობა დაშვებულია" - მსხვილი ასოებით წერია დაფაზე, მაგრამ ახლა ნებართვისთვის სცალია ვინმეს? მზე დაეკიდა ზღვისპირეთს... ჰოდა, ყველანი უკანმოუხედავად გარბიან. საით? სანატრელი ზღვისკენ!..