"სანამ ბუზს დავუჭამივართ..." - კვირის პალიტრა

"სანამ ბუზს დავუჭამივართ..."

კასპელები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან

"თუ ასე გაგრძელდა,  გზას გადავკეტავთ და ნაგვის მანქანებს არ შემოვუშვებთ"

"ჩვენი ნაგავი არ გვეყოფოდა, ახლა სხვისიც რომ დაგვემატა?"

კასპელები დახმარებას ითხოვენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან. "კვირის პალიტრა" კასპის რაიონს  ესტუმრა.

ქალაქ კასპიდან 6 კილომეტრის მოშორებით, ე.წ. ახტალის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია. რამდენიმე წლის წინ აქ ნაგავსაყრელი არ იყო. სწორედ მაშინ გაიფორმა 14 ჰა დავით ნიპარიშვილმა. ახლა კი...

დავით ნიპარიშვილი: - როდესაც ეს ნაკვეთი გავიფორმე, ტერიტორია სუფთა იყო. დაახლოებით 5-6 წლის წინ შპს "კასპის კეთილმოწყობის" სამსახურმა ჩვენ გვერდით ნაგვის დაყრა დაიწყო... 7 ჰა მიწას იმის გამო ვერ ვამუშავებ, რომ ნაგავსაყრელიდან თითქმის ყოველდღიურად ნაგვიანდება - ქარს ნარჩენები გადმოაქვს. ამის მიუხედავად, მიწის გადასახადს სახელმწიფო ისევ მე, დაზარალებულს, მახდევინებს. ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს მივმართე ყველა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. გორის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები არ ცნო დამაჯერებლად. ახალი ხელისუფლების იმედი მქონდა,  მაგრამ... მართალია, აქაურობა "სეტკით" შემოღობეს, მაგრამ ქარი რომ დაუბერავს, ნაგავს რა გააჩერებს - ჰაერში სულ ბზრიალ-ტრიალი გაუდის.

-  ნაკვეთში რა მოგყავდათ?

- მარცვლეული კულტურა, თუმცა იმის გამო, რომ ნათესებში მყარი ნარჩენები იხლართება, კომბაინის პატრონები უარს აცხადებენ მოსავლის აღებაზე და ამ ადგილს ვეღარ ვამუშავებთ.

მიწის გადასახადს 1 ჰა-ზე 20 ლარს ვიხდიდით, 2011 წლიდან კი ოთხჯერ გაზარდეს და ახლა 80 ლარს გვახდევინებენ.

ნაგავსაყრელის ახლოს სარწყავი არხია, რომელიც ასევე დაბინძურებულია, არადა, კანონით ნაგავსაყრელი სარწყავი არხიდან დიდი მანძილით უნდა იყოს დაშორებული.

სახელმწიფო უწყებების პასუხები

ამ პრობლემის შესწავლა-მოგვარება კასპელებმა მაშინდელ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას სთხოვეს. უწყებიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: "ტერიტორია შეიღობა. 2014 წლის შემოდგომაზე ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის პროექტის დასრულება იგეგმება და შემოსული ნარჩენი განთავსდება სპეციალურად გამოყოფილ უჯრედებზე. უჯრედები გადაიფარება ადგილზე განთავსებული თიხა-მიწის მარაგით..."

კასპელებმა ფინანსთა სამინისტროსგანაც მიიღეს წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მიწის ნაკვეთის დანაგვიანების გამო ქონების გადასახადისგან გათავისუფლების მოთხოვნას, საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს.

რა ხდება ნაგავსაყრელზე?

დანაგვიანებულ ფართობებზე კასპის და სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობა საქონელს აძოვებს.

აბაზგულ ახვლედიევი, სოფელ მიქელწყაროს მკვიდრი:

-  ნაგავსაყრელი შემოღობილია, მაგრამ ნაგავი ღობის აქეთ მაინც ყრია და საქონელი ხან რას ჭამს და ხან - რას.A ბოლო ორი თვის განმავლობაში ორი მეწველი ძროხა იმის გამო დავკალი, რომ ცელოფანი ჰქონდათ ნაჭამი.

ნაგავსაყრელის ტერიტორიასთან შოთა წინამძღვრიშვილს ვენახი აქვს გაშენებული: - ნაგავს არ ფლავენ და საშინლად ყარს. სანამ ბუზს დავუჭამივართ, იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს. ახლა მცხეთის, თიანეთისა და დუშეთის ნაგვის მოტანაც დაიწყეს!.. თუ ასე გაგრძელდა, გზას გადავკეტავთ და ნაგვის მანქანებს არ შემოვუშვებთ. ჩვენი ნაგავი არ გვეყოფოდა, ახლა სხვისიც რომ დაგვემატა?

კონსტიტუციის ქუჩის გასაჭირი

კონსტიტუციის ქუჩის მცხოვრებლები წლებია, რკინიგზაზე ხიდის გაკეთებას ითხოვენ. სკოლაში მისასვლელად მოსწავლეებმა რკინიგზის ხაზი უნდა გადაკვეთონ. რამდენიმე თვის წინ მამაკაცს მატარებელი სწორედ ამ ადგილას დასჯახებია.

რუსუდან ბერიანიძე: - ამ გზაზე ყოველდღე შიშით მიწევს ბავშვების გადაყვანა. ამის გარდა, სოფელს კიდევ ბევრი პრობლემა აქვს - არ გვაქვს კანალიზაცია. წყლის მილებიც დაზიანებულია და ერთმანეთში ირევა ათასი სიბინძურე.

კასპელები იმასაც ჩივიან, რომ "ჰაიდელბერგცემენტის" ღუმელებიდან გამოფრქვეული მომწამვლელი გაზით ბინძურდება სოფლები.

ვაჟა ბერიანიძე: - ცემენტის მტვერი და ქარხნის ღუმელებიდან გამოფრქვეული გაზი ასევე დიდი პრობლემაა. ამბობენ, თითქოს გამწოვი დააყენეს და მტვრის გამოყოფა შემცირდაო, მაგრამ არაფერი ეტყობა.

P.S. კასპელების პრობლემებზე სასაუბროდ ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ. მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი არ დაგვხვდა, მისმა მოადგილემ ზაზა მოსიაშვილმა კი  ადგილობრივი წყალკანალისა და ცემენტის ქარხნის ხელმძღვანელებთან გაგვგზავნა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა კონსტიტუციის ქუჩაზე კანალიზაციისა და წყლის სისტემის შეკეთება, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნოდარ ნატროშვილმა ასე გვიპასუხა: - ეს უბანი ცენტრიდან მოშორებულია და საკანალიზაციო ქსელი არ არის, საკანალიზაციო მაგისტრალამდე კი დიდი მანძილია. ადგილობრივი ბიუჯეტით სახურავები შევაკეთეთ, თუ თანხა მოვიძიეთ, სხვა პრობლემებიც მოგვარდება. წლევანდელი მშენებლობის გეგმაში სხვა სამუშაოების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

ჩვენ "ჰაიდელბერგცემენტსაც" დავუკავშირდით, მაგრამ მათ კომენტარზე უარი განგვიცხადეს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე