სვანეთს სვანები უბრუნდებიან
06-10-2014
სვანეთს სვანები უბრუნდებიან
როცა თეთნულდიდან ვეშვებოდი, თითქოს მიწა გაიხსნა და მესტია "ამოცურდა"

"რაც აქ ტურიზმი გააქტიურდა, მას შემდეგ ხალხი ბრუნდება"


მიკროავტობუსის ფანჯარასთან მიკუნჭული ფერდობებზე გაფანტულ სვანურ სოფლებს დავყურებ - საუკუნიდან საუკუნემდე ამ ციცაბოზე ცხოვრება აქ წესად იქცა, სხვანაირად შეუძლებელია - გარშემო მწვერვალებია, თანაც მტერთან გამკლავება ასე უფრო ადვილად შეიძლებოდა. სამწუხაროდ, გადასახლება-გადახვეწის ქარიშხალმა აქაურობაც დააცარიელა. ამის გაფიქრება გულს მტკენს, მაგრამ შავ დროსაც აქვს დასასრული და რაღაც კარგისკენაც იცვლება...

რაც იცვლება, მე იმას მოგიყვებით, მანამდე
კი ლატალი, ამ სოფლის შემდეგ მესტია იწყება.
- შენ, ალბათ, სვანეთში წლებია, არ ყოფილხარ, არადა, ბევრი რამ  კეთდება! - მიღიმიან სვანები იმ ღიმილით, უფრო დაბღვერას რომ ჰგავს, მაგრამ არ მენაღვლება - ამ მთებში ჩაკეტილებს სხვანაირი ღიმილი როგორ უნდა ჰქონდეთ?!

იმ ღამეს არაფრით არ დამეძინა - 
გადაწეული ფარდიდან განათებული კოშკები და თეთრი მწვერვალები ჩანს, - თოვლიან მწვერვალებს სიბნელის დამთრგუნველი ძალა გააჩნიათ, - ბნელ ღამეებს თეთრად ანათებენ.

დილით ჩემი კოშკის უკან პირუტყვი ბღავის. ფართხაფურთხით ვიცვამ და გარეთ გავდივარ. პატარა ბოჩოლები ყოფილან, - ერთი ბოსელში დაკუნტრუშებს, მეორე კი ფიქლებით ახალამოშენებულ ორღობეში პატრონის წინ გარბის საბალახოზე, პატრონსაც უკან ნაგაზი მისდევს. ეს ნახატივით არის და მეც ისე ვუყურებ, როგორც წამის წინ დახატულ პეიზაჟს.
დილის 6 საათია და კაცი გაკვირვებული მიმზერს, - ვითომ, რას ჩამისაფრდაო: - ვინმეს დაეძებ, ქალბატონო?   
- არავის. მაგრამ ამ სახლზე რომ ინგლისური წარწერაა, ეს ჭრის? - ვეკითხები და ინგლისურენოვან აბრაზე ვუთითებ.
- რას ჭრის?! იმას მეკითხები, ტურისტი თუ მიდის მაგ სახლში?! - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხვდება ის: - ჰო, ჭრის; აბა, ტურისტი როგორ მიხვდეს, ღამის გათევა სად შეიძლება?!

- იმას გეკითხები, არცთუ მდიდრული სახლია და ტურისტები მაინც ჰყავთ-მეთქი?
- კი მარა, მაინცდამაინც ფული უნდა გქონდეს, რომ სვანეთი ნახო?!  - მიბრაზდებასავით ის, მაგრამ არ მწყინს.
ამ დილაუთენია აქ კიდევ ერთ მშვენიერ სურათსაც ვაწყდები- ვიღაცებს ქვიშა მოუტანიათ და სახლს აშენებენ. შენება კარგი განცდაა... ირგვლივ ახალი თეთრი სასტუმროებია, - ხასხასა წითელი კოწახურის ბუჩქებით მოფენილი, რომლის ფონზე თეთრი სვანური კოშები ამოწვერილან. ასეთ სილამაზეში ვინმეს ფიქრები თუ არ გაუზიარე, შეიძლება ცუდადაც გახდე, ამიტომ არის რომ თეთნულდისკენ მიმავალი ენისგაუჩერებლად ვლაპარაკობ - იქ გოგა დადვანთან და რეზო ჯაფარიძესთან ერთად მივდივარ, რომლებიც თეთნულდის სამთო კურორტს აშენებენ.

- მგონი, სვანეთში საქმე კარგად მიდის, რაღაცები შენდება... ეტყობა, ტურიზმი შეეშველა აქაურობას.
- რაც აქ ტურიზმი გააქტიურდა, მას შემდეგ ხალხი ბრუნდება, თანაც მარტო მესტიაში კი არა, სოფლებშიც. სოფელ არდაშში რამდენიმე წლის წინ რომ მისულიყავი, საცოდაობა იყო, სულ 5 კომლი დაგხვდებოდა. ისინიც სულ გაქცევაზე ლაპარაკობდნენ, კაცმა რომ თქვას, ან კი რა უნდა ექნათ, - უფულოდ, უპუროდ და უკაცოდ მთაში კი არა, ბარში ვერ ძლებს ადამიანი... მაგრამ ახლა იმ სოფელში უკვე 10 ოჯახი დაგხვდება.

ხალხმა რომ იშრომა, პირუტყვი რომ მოაშენა, რძე და ყველი აქვს, მივიდა ტურისტი და იყიდა.
უშგულში, ევროპაში ყველაზე მაღალმთიან სოფელში (2060 მ) წლების წინ 40 ოჯახი ძლივს იყო და ახლა 60-მდე კომლი ცხოვრობს.

ის ყველაზე მდიდარი სოფელი გახდა მესტიაში. იქ, მესტიიდან 25 კილომეტრზე ასულ კაცს რომ მოშივდება, რძესა და ყველს იქაურებისგან ყიდულობს. აბა, შემოსავალი ექნებათ, რასაკვირველია. ახლა იქ თითქმის ყველას  ჰყავს მანქანა და სულ ადვილად ჩადის ბარში, თუკი დასჭირდება. ასე რომ, იქაურობის დატოვება კაცს რისი გულისთვის უნდა მოუნდეს?!  
ახლა უკვე თეთნულდის სამთო კურორტზე სასრიალო ტრასების მოწყობაც დავიწყეთ, - ერთდროულად 4100 კაცი ისრიალებს. და საბაგირო სადგურებსაც ვამონტაჟებთ. ამაზე უკვე კობა დადვანიც მოგიყვება, საბაგიროებს ეგ ამონტაჟებს, - მეუბნებიან ისინი და მანქანას მთის წვერზე აჩერებენ. კობა იქვეა, - თეთნულდის კალთაზე მოჭრილ საბაგირო სადგურის მოედანზე:

- საბაგიროების მონტაჟს აქ ავსტრიელები აკონტროლებენ და  მამაცი და პროფესიონალი ქართველი ბიჭები მუშაობენ, - დავოსტატდით ქართველები. ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე თავად ვიყავი მოწმე, როგორ გააბრუნეს ესპანელებმა თავისი ჩამოყვანილი მუშები უკანვე, რაც ჩვენი ბიჭების მუშაობა ნახეს. თავიანთი ინტერესიც ჰქონდათ - ადგილობრივების შენახვა ბევრად იაფი უჯდებოდათ, თანაც ჩვენი ბიჭები მართლა მაგრები იყვნენ - ხალხი იმსიმაღლე შენობაზე საათობით დაკიდებული მუშაობდა - მეუბნება ის და ახალდადებულ თოვლს პირველი კვალავს... ქვემოთ კი, სადაც ლოდებისა და თოვლის გარდა არაფერი იყო, ჩვენს ლაპარაკში უკვე საბაგიროს საყრდენსაც თხრიან.

როცა თეთნულდიდან ვეშვებოდი, თითქოს მიწა გაიხსნა და  მოულოდნელად  მესტია "ამოცურდა". ამ სილამაზემ უკვე დამამუნჯა.
- რა მოგივიდა? - მაშინვე მკითხეს თანამგზავრებმა. ახლა მანქანას თუ არ გააჩერებთ და ფოტოს არ გადამაღებინებთ, დიდ ცოდვას დაიდებთ, ამოვთქვი მე.

- თვითონ დაიდებ ცოდვას, ეს სილამაზე თუ არ გადაიღე და იმათ არ აჩვენე, ვისაც სვანეთი არ უნახავს, - მითხრეს მათ და მანქანა გააჩერეს.
ფოტო გადავიღე და წამოვიღე. ახლა კი ყველას გასაგონად ვამბობ - დანაშაულად მეჩვენება, ქართველმა კაცმა ისე იცოცხლოს, სვანეთში ფეხი არ ჰქონდეს დადგმული...
svani
18 მაისი 2015 15:50
უვიცების კომენტარებს არ მიაქციო ყურად ღება
ქართველი
16 მარტი 2015 16:22
კარგით რა მორალის კითხვას სვანეთიდან ნუ დაიწყებთ მსგავსი ფაქტები საქართველოს ყველა კუთხეში ხდება კია არა უფრო უარესი ფაქტებიც საქართველოს დედაქალაქში არ ხდება? დედა რა მომხდარა ესეც თქვენი ოცნების ხელში ეს არ ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს ერთი მოხდება სვანეთში და გრცხვენიათ ის უარესი რაიმეებიც დაწერეთ დაგაიხსენეთ მაშინ
Dude
06 ოქტომბერი 2014 22:31
ხო რაც ტურიზმი გააქტიურდა ყაჩაღებმაც მოითბეს ხელი...

ახლობლები იყვნენ გერმანიიდან ჩასულები და ერთს იარაღი ჩაარტყეს თავში მეორე ხეზე მიაბეს!

პირველად შემრცხვა ცხოვრებაში ქართველობა...

რედაქტორის რჩევით