პრეზიდენტის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო... - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო...

პრეზიდენტის გურიაში სტუმრობა, მასპინძლების ზედმეტი გულმოდგინების გამო, აქაოდა პრეზიდენტთან არაფერი შეგვეშალოსო, დიდი მითქმა-მოთქმისა და სკანდალის მიზეზი გახდა.

საქმე ის არის, რომ აბეზარმა ჟურნალისტებმა სასწრაფოდ გაარკვიეს, კალანდობა დღეს პრეზიდენტი დაკეტილ ოდაში მიიყვანეს, სადაც გურული ოჯახის "ქუხნაში" ჩამოკიდებული ხორაგი: კუპატები და ღორის ხორცი დეკორაცია ყოფილა, მასპინძელი სალუქვაძეები კი ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობები(!). ცხადია, სიუჟეტი, რომელიც მთელმა საქართველომ იხილა, გურულებისთვის არ იყო განკუთვნილი, რადგან ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობებს, ვინ-ვინ და, გურულები კარგად იცნობენ, სალუქვაძეების როლშიც კი.

საკითხავი ის არის, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა, რომ გურული ბებიის ნაცვლად მუცლის გამოლოცვას მსახიობი, ისიც არაგურული უტარებდა...

ჩემი რესპონდენტი ერთი ცნობილი გურულია, რომელმაც მითხრა, არ დაწერო, ბიძია, ჩემი გვარი, თვარა აგერ უნდა ვიცხოვრო და ამომხდიან სულს, ნამუსი არ შეგვინახეო. კი მოგვჯაყა ჩვენმა ადგილობრივმა მთავრობამ. დევიჯერო, გურიაში ერთი ისეთი ოჯახი არ გამეიძებნა, პრეზიდენტის მიღებას რომ დათანხმდებოდა? სხვათა შორის, ამისთანა ოინები ქვეყნის პირველი პირების საამებლად გურიაში ახალი ამბავი არ არის. ხრუშჩოვს იმისთანა თეატრალიზებული წარმოდგენა მოუწყვეს გურულმა ჩინოვნიკებმა, რომ საბჭოთა კავშირის გენსეკი პირდაღებული დარჩა და კარგა ხანს საფურაჟე ფქვილის მეტი არ აღირსა საქართველოს აფერი, მაგენი ისედაც ზედმეტად განვითარებული არიან, თავს მოუვლიანო. განვითარებულის რა გითხრა, მაგრამ გააბდლებული ვინ დარჩა ბოლოს, კი ვიცით.

- რა ქნეს ამისთანა?

- ხრუშჩოვის მოლოდინში გურულებმა ურეკის საქონლის ფერმაში უკრაინიდან ყველაზე ჯიშიანი ძროხა ჩამოიყვანეს და თვალსაჩინო ადგილას დააბეს, ხრუშჩოვს კი აუწყეს, ამ ძროხის ჯიში ჩვენს ფერმაში გამოვიყვანეთ და კვირაში 1200 ლიტრს იწველებაო. გაკვირვებულ ხრუშჩოვს აზრზე მოსვლა არ აცალეს და აჯახეს, ეგ კიდევ რაა, ბატონო, იმისთანა ქათმები გვყავს, დღეში ორჯერ დებენ კვერცხსო. საწყალი ქათმები კარგა ხანს სიბნელეში ჰყავდათ ჩამწყვდეული ხრუშჩოვის დასანახად, მეორეჯერ რომ დაედოთ კვერცხი.

გენსეკი იმისთანა "მსუყე" შთაბეჭდილებით  წავიდა გურიიდან, რომ გადაწყვეტილებაც შესაფერისი მიიღო და კომბიკორმის ჭამაში ამოხადა სული ქართველებს. კი მიკვირდა, ჩვენი პრეზიდენტი არც სამეგრელოს ტოვებს უყურადღებოდ, არც აჭარას, არც კახეთს, არც სვანეთს და რა ეტაკა, გურიისკენ რომ არ იყურება-მეთქი.  ეტყობა, "მსუყე შთაბეჭდილებებით" გაბრუებული პრეზიდენტიც ფიქრობს, გურულებს სავსე აქვთ ოჯახები, რად უნდათ ჩვენი დახმარებაო. ახლა სტუმრად პრეზიდენტი კი არა, მამა ღმერთი რომ მომადგეს, მაგდენ კუპატს და ღორის ხორცს მთელ გურიაში ვერ მოვხიკავ.

ანდა როის იყო, კალანდას საშობაო ღვეზელს არებდნენ მუცელზე კაცს? გურიაში მგონია, გურულებმაც აღარ იციან მაგ საშობაო ღვეზელის დანიშნულება. ზოგი თავზე ივლებს, ზოგი მუცელზე. სინამდვილეში ეს წარმართული ტრადიციიდან მოდის, მოგვიანებით ის შობის დღესასწაულს დაამთხვიეს. ძველ გურიაში ეს საშობაო მუცლის სალოცავი ქალისთვის იყო განკუთვნილი, მშობიარობა ექნება იოლიო.

რა ვიცი, პოლიტიკური მშობიარობა იგულისხმეს ვითომ? ამისთანა ტრადიციების მქონე გურულ ნომენკლატურას რა გასაკვირია, გურული სალუქვაძის ქალის ნაცვლად პრეზიდენტისთვის მსახიობი და ისიც არაგურული რომ შეეცურებინა. რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტს კიდე ერთი ამისთანა "ღონისძიება" მოუწყვეს ლანჩხუთში - საცურაო აუზის გახსნაზე დაპატიჟეს. რაფერც იციან ყველაფრის მიფუჩეჩება, ისე გაარემონტეს ეს 30 წლის წინ გაღლეტილი აუზი, მილები და შიგა კომუნიკაციები კი არ გამოუცვალეს, გარედან შეთხიპნეს და წყალი რომ გაუშვეს, დასკტა მილები და ჟანგითა და შლამით გაავსო იქაურობა. პრეზიდენტი გზაში იყო და რაღა უნდა ექნათ, მიაყენეს სახანძროები და საღებავიანი წყალი შეუშვეს შიგ...

აუზის წყალს დაამსგავსეს ეს ჟანგიანი წყალი. პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა, ქი უთხრა რომელიღაც ენაგრძელმა ბაღანამ, რაცხას გატყუებენ, მიშა ბიძია, მაგ აუზის გასავსებად პაჟარნიები ჰყავდათ მოყენებულიო. გადირია კაცი და მაგ ამბავს გამგებელი შეეწირა მაშვინ.

ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის გამგებელ ავთანდილ მექვაბიშვილს:

- ლამაზი ღონისძიება ჩატარდა. რა არის საკომენტარო?

- პრეზიდენტმა იცოდა თეატრალიზებულ წარმოდგენაზე რომ მიდიოდა?

- პრეზიდენტი სალუქვაძეების ოჯახს ესტუმრა, საყვალა სალუქვაძესა და მის მეუღლეს.

- სხვა "სალუქვაძეები" ვინ იყვნენ?

- ღონისძიება იყო, სამეზობლო... ისედაც მონაწილეობდა ხალხი. რა არის ამაში ცუდი? მივიწყებული ტრადიცია აღდგა. ძალიან კარგი იყო, პრეზიდენტი რომ გვესტუმრა. დადგმული და ტყუილი არაფერი ყოფილა.

- რა დაშავდებოდა, პრეზიდენტი ნამდვილ ოჯახში რომ მისულიყო და გურულების ნამდვილი ცხოვრება ენახა?

- ნამდვილი ოჯახი იყო. იქ ცხოვრობს ბატონი საყვალა.

- სახლი დაკეტილი არ არის?

- ტყუილია. საყვალა სალუქვაძეს მეორე სახლიც აქვს, ხან იქ ცხოვრობს, ხან აქ... მე ვერ ვეტყვი ოჯახს, ამ დროს მიდი ამ სახლში და იმ დროს არ მიხვიდე-მეთქი. დაკეტილ ოჯახს ჰგავდა ის სახლი?

- სიუჟეტში არ ჰგავდა, მაგრამ მეორე დღეს იქ მისულ ჟურნალისტებს არც კუპატები დახვდათ, არც მასპინძელი, აღარც ღორის ხორცი...

- რა არის ცუდი იმაში, რომ ტრადიციას აღადგენ. ის, ვინც ამაზე ტეხს ხმაურს, არაფერი მოსწონს. ეს ხალხი ყველაფერს ნიჰილიზმით უყურებს, ჩვენ კი საღი თვალით.

- პრეზიდენტმა იცოდა, რომ მსახიობები დაახვედრეთ?

- მეტს ვერაფერს გეტყვით. ასეთი ღონისძიება შარშანაც ჩავატარეთ. ფილმადაც არის გადაღებული და ინტერნეტშიც დაიდება, მთელი მსოფლიო ნახავს. მომავალ წელს კალანდობის უფრო გრანდიოზულად აღნიშვნას ვაპირებთ. გვინდა უცხოელი სტუმრებიც მოვიწვიოთ და თუ ვინმე ამას არანორმალურად აღიქვამს, მისი პრობლემაა.

გურული რესპონდენტის ნაამბობის გადამოწმება გადავწყვიტეთ და ლანჩხუთის რაიონის ყოფილ გამგებელ ლევან გიორგაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო ლევან, გურულები ამბობენ, რომ საცურაო აუზიც შეღებილი წყლით აუვსეს პრეზიდენტს, რომ მაშინაც მოატყუეს...

- მსგავსი არაფერი მომხდარა.

- აბა, სახანძრო მანქანებს რა უნდოდა საცურაო აუზთან?

- იმიტომ, რომ ქლორი იყო წყალში გასახსნელი და სახანძრო დაგვჭირდა, წყლის ღელვა რომ გამოგვეწვია.

- ამ ამბავზე გურიაში დიდხანს ლაპარაკობდნენ და ტყუოდნენ ვითომ?

- კი ითქვა ამისთანა რამე, დაიწერა კიდეც, მაგრამ ხომ იცით, ხალხი ჭორებსა და ინტრიგას ეძებს.

- თქვენი თანამდებობაც არ შესწირვია ამ ამბავს?

- არა, არავინ და არაფერი შესწირვია.

- ახლა სად მუშაობთ?

- ახლა სასულიერო გიმნაზიაში ორგანიზატორი ვარ...(!!!)