"მშვიდად მაშინ დავიძინებ სამუდამოდ, თუკი ჩემი ხალხის თვალებში სიყვარულს დავინახავ!.." - კვირის პალიტრა

"მშვიდად მაშინ დავიძინებ სამუდამოდ, თუკი ჩემი ხალხის თვალებში სიყვარულს დავინახავ!.."

"გალაკტიონი მთაწმინდაზე რომ აასვენეს, ბიჭებმა მისი კუბო არავის დავანებეთ, ჩვენ მიგვქონდა მხრებით!"

ნოფე გვარლიანი მესტიის მახვშვია, ჭკუის საკითხავი, განმსჯელი. მისი გული მთელი მესტიის ჭირისა თუ ლხინის გამტარებელია, გლოვისა თუ სიხარულის სუფრის წინამძღოლობა და სიტყვით შემკობა მასავით არავის შეუძლია.

მე რომ მივედი, ლაპარაკის გუნებაზე არ იყო - ვინ ხარო?! ისეთი არავინ, რომ გაგაკვირვოთ, მაგრამ მინდა ქვეყნის გულშემატკივარ კაცს ველაპარაკო-მეთქი. კარი გამიღო და ნაბიჯით უკან დაიწია, - შემოდიო. მერე დაჯდა და პირქუშად მკითხა: - ჩვენ, ქართველებს, ყველაზე ფასიანი იცი, რა დაგვეკარგაო? მგონი, ყველაფერი-მეთქი. არა, სიყვარულიო! და განაგრძო: - გეყვარება - გამრავლდები, გეყვარება - მშვიდობა იქნება. ჩვენ რომ არ გვიყვარს, აღარც ერთი გვაქვს და აღარც მეორე. სიყვარული რომ დაგვკარგოდა, ყველამ იმუშავა, ვისაც ჩვენი გადაშენება და ჩვენს მიწაზე გაპარპაშება უნდა. მარტო სვანეთის მთებია ისეთი საცქერი, ის დააბრმავებს შურით ადამიანს. მოკლედ,

მტერმა მოახერხა და ერთმანეთის სიყვარული გამოგვეცალა - აგერ, ათეული წლებია, ვერაფრისთვის თავი ვერ დაგვიდგამს.

სვანებიც კი დავლაჩრდით.  ერთხელ მესტიის გზაზე ავტობუსს თოფიანი ნაძირალა გადაუდგა და შიშით მგზავრები ძირს გაერთხნენ. იმ სილაჩრის ბრალი იყო, ციხეში შეყრილი ყაჩაღების ციხიდან გამოშვება რომ მოვითხოვეთ.

ცხონებული სოლიკო ხაბეიშვილი ჩემი სტუდენტობის მეგობარი იყო და 1999-ში რომ ვნახე, მითხრა, - ნოფე, სხვა საშველი არ არის, ყაჩაღობით სვანეთისა და მისი სტუმრის დაშინება არ შეიძლება, თქვენ ტურისტის გარეშე ვერ იცხოვრებთ, შეკრიბე კაცები, მოელაპარაკეთ ყაჩაღებს, მესტიას თავი გაანებონ და ითხოვონ, რამდენი ფული უნდათ, მე გადავიხდი. მესტიაში უშგულამდე საბაგიროები უნდა გავაკეთო ტურისტებისთვისო. ამ დროს ვიღაცამ დაურეკა. ხვალ შევხვდეთ და ეს ამბავი დავგეგმოთო, - მითხრა.

მეორე დილას რომ მივედი, მილიციამ არ შემიშვა, - სოლიკო მოკლესო. აივნიდან დედა უყურებდა და შვილი თვალწინ მოუკლეს. მისი მკვლელი ვერავინ მოძებნა. ხალხი სვანეთში ყაჩაღობით მდიდრდებოდა და სოლიკო ხაბეიშვილს იქ წესრიგს ვინ დაამყარებინებდა! ეგ ახლაც ასეა - ქვეყანას ის არის დაპატრონებული, ვისაც ფული კაცზე და ქვეყანაზე მეტად უყვარს.  ვინც კი სადმე თანამდებობაზე მოხვდა, ათიათასობით ჩაიდო ფული ჯიბეში, მისი ხალხი კი შიმშილით კვდება.

- თქვენ ეს განსაკუთრებით ალბათ იმიტომ გაშფოთებთ, რომ სხვა მენტალიტეტით ხართ გაზრდილი.

- ეგ რა შუაშია, პატიოსანი კაცისთვის უპატიოსნება ყოველთვის ამაზრზენია. თუმცა, ამის ფონზე ხანდახან მახსენდება, რა ჩაუცმელი დაიარებოდა ნამდვილი ეპოქის კაცი ჩემი უფროსი მეგობარი გალაკტიონ ტაბიძე და ვმწარდები. ნამდვილი ეპოქა ჩვენთან ერთად სვამდა სტუდქალაქში "პივას".

- ესე იგი, თქვენთანაც სვამდა?

- ბევრჯერ. მეტყოდა ხოლმე, - შენს "პივას" ქაფი უფრო ლამაზად აქვს, შენი ჭიქა მომეციო და მივაწვდი. ის თავის ჭიქას მაძლევდა. გალაკტიონს  ჩვენთან უხაროდა ყოფნა. როცა გველაპარაკებოდა, თვალებში იმდენი სიყვარული ჰქონდა, თითქოს გისრუტავდა. მონუსხულივით მასთან ლაპარაკს თავს ვერ დაანებებდი. რომ შევთვრებოდით, გვეტყოდა, - წამო, ახლა ნელი გურგენიშვილის სიმღერა მოვისმინოთო. ნელი თელაველი იყო და ფანდურზე ისე მღეროდა, მთელ სტუდქალაქში გადიოდა ხმა. ვინც ამ ხმას ისმენდა, იქვე შეშდებოდა. მივიდოდით, დაინახავდა გალაკტიონს ნელი, დაავლებდა ხელს ფანდურს და ამღერდებოდა. ვიდრე ნელი სიმღერას არ დაამთავრებდა, ჩვენ მისთვის გამქრალი ვიყავით. მერე მოვიდოდა გონს, ჩაგვეხუტებოდა და გვეტყოდა, გამაცილეთო. მივაცილებდით სიმღერით დამშვიდებულსა და დაწყნარებულს.

გალაკტიონის სიკვდილი რომ გავიგეთ, გიჟებივით მივცვივდით საავადმყოფოში სვანი ბიჭები. ამხელა ვაჟკაცები ბავშვებივით იცრემლებოდნენ. მე ცრემლი რომ დამემალა, გამოვიქეცი. როცა გალაკტიონი მთაწმინდაზე აასვენეს, მისი კუბო არავის დავანებეთ, ჩვენ მიგვქონდა მხრებით!

- მაშინ, ალბათ მურმან ლებანიძეც თქვენთან ერთად იქნებოდა, იმ დღეს დაწერილი ლექსი გეხსომებათ?

- "იყო ცხრაასორმოცდაცხრამეტი წლის ტალახი/ იყო სუფთად გათხრილი წმინდა ძვალთშესალაგი, ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა/ იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა..." ეგ როგორ არ მეხსომება, ყველაფერი მახსოვს...

მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ქვეყნის გასაჭირი მახსოვს და მაწუხებს, დილა რომ გათენდება, მეტს არაფერს ვნატრობ - ერთმანეთის სიყვარული დაგვიბრუნდეს, ასე მინდა წავიდე წუთისოფლიდან, სხვა ჩვენ არაფერი გვაკლია.

ჩემს ახალგაზრდობაში მესტიაში ალბერტ შულიცეს ვაჟი ფრანცი ჩამოვიდა, იმ შულიცესი, რომელიც უშბაზე პირველად ავიდა და აქაურობას რომ უყურებდა, მეუბნებოდა, - ახლა მე მძინავს, სიზმარს ვხედავ და ამ სიზმარში სამოთხეში ვარ, გაღვიძება არ მინდაო. მე მშვიდად მაშინ დავიძინებ სამუდამოდ, თუკი ჩემი ხალხის თვალებში სიყვარულს დავინახავ!..