"ბერძნები სახლებიდან გვყრიან"
20-10-2014
"ბერძნები სახლებიდან გვყრიან"
ცოდვის ტრიალი წალკაში

ისე გავიარეთ რამდენიმე სოფელი, ქუჩაში ადამიანი არ შეგვხვედრია...
რომ არა ეკომიგრანტები, დღეს წალკის რაიონი ერთი დიდი ნასახლარი იქნებოდა

"თითქმის ყოველდღე ატოვებინებენ ქართველებს სოფელს. ერთი წელია, რაც  ბერძნებმა დაიწყეს ჩამოსვლა და უკვე 150-მდე ოჯახი გამოყარეს სახლებიდან"


წალკის რაიონში აჭარიდან ჩასახლებული ათასობით ოჯახი, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ დარჩეს... 90-იან წლებში, სტიქიური უბედურების ზონებიდან ჩამოსახლებული აჭარელი ეკომიგრანტები წალკის რაიონის სოფლებში, ბერძნების მიტოვებულ სახლებში შესახლდნენ. წალკის რაიონში 30 ბერძნული, 13 სომხური
და ერთი ქართული სოფელია. აქ ეკომიგრანტების 2342 ოჯახი ცხოვრობს. საბერძნეთის ფინანსური კრიზისის გამო, უკვე მეორე წელია, ბერძნები საქართველოში ბრუნდებიან, ქართველი ეკომიგრანტები კი წალკის რაიონს იძულებით ტოვებენ.

წალკის რაიონში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ მიტოვებული და დანგრეული სახლები. რამდენიმე სოფელი ისე გავიარეთ, ქუჩაში ადამიანი არ შეგვხვედრია. ერთმა იქაურმა
მითხრა, რომ არა ეკომიგრანტები, დღეს წალკის რაიონი ერთი დიდი ნასახლარი იქნებოდაო.

რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც ბერძნები წავიდნენ, აქ აჭარლები და სვანები დასახლდნენ. მათ, ფაქტობრივად, ეს მხარე გაუდაბურებას გადაარჩინეს, თუმცა დღემდე მძიმე პირობებში ცხოვრობენ. სოფლებში არ არის საბავშვო ბაღები, ამბულატორია, მოსახლეობას არ აქვს ბუნებრივი აირი, ამას ემატება მკაცრი ზამთარიც... მაგრამ ახლა  წალკაში ჩასახლებულ რამდენიმე ათას ეკომიგრანტს ყველაზე მეტად უსახლკაროდ დარჩენა აშინებს. 

პირველად სოფელ გუმბათში ჩავედით. 67 წლის ენვერ ბერიძე ოზურგეთიდან წალკის რაიონში 2002 წელს შვიდსულიან ოჯახთან ერთად ჩამოასახლეს.

ენვერ ბერიძე, ეკომიგრანტი: -  ოზურგეთში ჩაის მეურნეობაში მძღოლად ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. მერე გაიყიდა ის ადგილები, დავრჩით უსამსახუროდ და აქ ჩამოვსახლდით. აქ რომ ჩამოვედით, ბერძნები უკვე წასული იყვნენ და აქაურობას სომხები ეპატრონებოდნენ.  ჩვენს ჩამოსვლას ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ. პროვოკაციებს გვიწყობდნენ, სააკაშვილი რომ გახდა პრეზიდენტი, სოფლებში ჯარი დააყენა და ცოტა ამოვისუნთქეთ. დაგვირიგეს თითო ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მაგრამ იმდენად დაჭაობებული იყო, ვერც კარტოფილი მოვიყვანეთ და ვერც ბალახი გამოვიყენეთ. გავიჩინეთ საქონელი და დავიწყეთ ცხოვრება. რამდენიმე თვის წინ იმ სახლის პატრონი ჩამოვიდა საბერძნეთიდან, რომელშიც შევსახლდი და ახლა დროებით ერთ სახლში ვცხოვრობთ. თუმცა ამის პატრონმა 15 ათას ევროდ მინდა ამ სახლის გაყიდვაო. იცის, რომ ამდენის გადამხდელი არც მე ვარ და არც სხვა. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ... თითქმის ყოველდღე ატოვებინებენ ქართველებს სოფელს. ერთი წელი არ გასულა, რაც  ბერძნებმა დაიწყეს ჩამოსვლა და უკვე 150-მდე ოჯახი გამოყარეს სახლებიდან. ჩვენ, ეკომიგრანტებმა, შევინარჩუნეთ ეს სოფელი, თორემ ყველა სახლი დანგრეული იქნებოდა.

ზაურ ძირკვაძე სოფელ გუმბათში აჭარიდან 2003 წლის ნოემბერში ჩამოასახლეს. ახლა მასაც გამოსახლება ელის - რამდენიმე თვის წინ საბერძნეთიდან სახლის პატრონმა შემოუთვალა: საბერძნეთში კრიზისია და საცხოვრებლად მანდ ვაპირებთ ჩამოსვლას, ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე დაგირეკავთ და ბინა დაცლილი დამახვედრეთო.

ნოდარ წულუკიძე სოფელ განთიადში  მეუღლესა და სამ შვილთან ერთად სოფელ დიდაჭარიდან ჩამოასახლეს:

- სახლი, რომელშიც პირველად შევსახლდი, ძალიან ძველი იყო. შევაკეთე და დავიწყე ცხოვრება. სახლის პატრონს ყოველთვიურად 60 ლარს ვუხდიდი. რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ სახლის პატრონები - მოხუცი ცოლ-ქმარი - და სახლი დაგვაცლევინეს.

სხვა სახლში შევსახლდით. ამ ბინის ბერძენ მეპატრონესაც ყოველთვიურად 70 ლარს ვუხდით, მაგრამ ექვს თვეში ამ სახლიდანაც უნდა გამოვიდეთ. მერე რა უნდა ვქნათ, არ ვიცით. კარტოფილს ვთესავთ და წლიდან წლამდე თავი ძლივს გაგვაქვს, რამდენიმე მსხვილფეხა პირუტყვი მყავს...  გულსატკენი იცით რა არის?!

ბერძნები აქედან 20 წლის წინ წავიდნენ, ორმაგი მოქალაქეები არიან და პენსიას საქართველოში დღემდე იღებენ. აქ კი იმდენი გაჭირვებული ოჯახია, რომლებსაც პურის ფული ენატრებათ და სახელმწიფო მათ ერთ თეთრს არ აძლევს...

შუშანა ძირკვაძე ოთხი შვილის დედაა. ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალიდან 10 წლის წინ ოჯახთან ერთად ჩამოსახლდა, რამდენიმე დღის წინ კი ბერძნებმა გამოასახლეს და იძულებულია,  მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩოხატაურში ნათესავებს შეეკდელოს.  
შუშანა ძირკვაძე: - ჩვენს სოფელში 1971 წელს გასკდა მიწა და რამდენიმე სახლი მიწაში ჩაიტანა. სტიქიამ ჩვენი სახლიც დააზიანა და იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. სახელმწიფომ წალკაში გადმოგვასახლა. ექვსი წელი ვცხოვრობდი  ბერძნის მიტოვებულ სახლში, სახლის მეპატრონეს თვეში 70 ლარს ვუხდიდი. ცოტა ხნის წინ კი ჩამოვიდა და ჯერ სახლის შეძენაში 15 ათასი ევრო მომთხოვა, მერე სულ გამომაგდო. სხვა სახლში გადავედით, მაგრამ იქიდანაც გამომაგდეს და ახლა იძულებული ვარ, ჩოხატაურში დავბრუნდე.

ნათელა ირემაძეც ჩოხატაურის რაიონიდან არის. მათი სახლი 12 წლის წინ მეწყერმა დააზიანა და სახელმწიფომ ოჯახთან ერთად, ისიც წალკაში გადმოასახლა. წლების განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემდეგ მეზობლად მცხოვრები ბერძენი ასაკოვანი ქალბატონის შვილმა მათ სახლში გადასვლა და მოხუცის მოვლა შესთავაზა. ქალბატონი ნათელა, დღემდე უვლის ბერძენ ქალბატონს.

ნათელა ირემაძე: - რვა წელია, რაც ამ სახლში ვცხოვრობთ და  ავადმყოფ ბერძენ ქალბატონს ვუვლით. რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა ამ ქალბატონის შვილიშვილი, რომელმაც კატეგორიულად მოგვთხოვა სახლის დატოვება. რამდენიმე წლის წინ ამავე უბანში ხუთი ათას დოლარად შევიძინეთ სახლი, თუმცა დღემდე ვერ გადავიფორმეთ. გამგეობაში გვითხრეს, სახლი რომ გაგიფორმოთ, ხუთი წელი უნდა გავიდესო, ხუთი წელი რომ გავიდა, გვითხრეს, ათი წელი უნდა გავიდესო, ახლა გვეუბნებიან, 15 წელიწადში დაგიმტკიცებთო(?!).

სოფელ საყდრიონის მკვიდრი ჯუმბერ რიჟვაძე ამბობს, რომ გასახლებული ქართული ოჯახების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს:

- რამდენჯერაც შევედი მიტოვებულ სახლში, გამომიყვანეს. ბერძნები  ძალიან აგრესიულები არიან. გუშინ ერთ-ერთ ოჯახში მთვრალი ბერძენი შეიჭრა და სახლიდან ავეჯის გამოყრა დაიწყო. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ პოლიციელებმა - ბინა მისია და უნდა დაცალოთო. მთავრობიდან ჩვენი მომკითხავი არავინ არის. ახლა რაღაც ქულები მოიგონეს და იმის მიხედვით უნდა დაყონ ეკომიგრანტები ფენებად. აჭარაშიც ყოფილან და ჩვენი ოჯახები უკითხავთ.
რიჟვაძეების ხუთსულიანი ოჯახი ხულოს რაიონის სოფელ ქვედა ვაშლოვნიდან რამდენიმე წლის წინ გადმოასახლეს, რადგან მათი სახლი სეისმურად საშიშ ზონაშია.

როგორც სოფელ საყდრიონის გამგებელი არჩილ ფუტკარაძე ამბობს, წელს მათი სოფლიდან 15 ოჯახი გამოასახლეს, შარშან - 27. ამჟამად კიდევ 7 ოჯახს ემუქრება გამოსახლება.

არჩილ ფუტკარაძე:
შვიდ ოჯახს ერთი კვირა აქვთ მიცემული სახლების დასაცლელად. ღვთის იმედად არიან დარჩენილები. შეიძლება სხვა სოფელში ნახონ საცხოვრებელი, საიდანაც ჩამოსახლდნენ, იქ დაბრუნდნენ, მაგრამ წასასვლელი რომ არსად აქვთ? ჩვენ ვერანაირად ვერ ვეხმარებით ამ ადამიანებს. ალტერნატიული ფართიც არ აქვს სოფელს, რომ დროებით მაინც შევასახლოთ.

- ამჟამად თქვენს სოფელში რამდენი ბერძენი ჩამოსახლდა?

- 17 ოჯახი, მაგრამ უკან ბრუნდებიან, მერე ისევ ჩამოდიან. 5 ოჯახი კი დამკვიდრდა.
ნანული სურმანიძე ჩოხატაურის რაიონიდან არის. უკვე ხუთი წელია, ოჯახთან ერთად სოფელ საყდრიონში ცხოვრობს. მრავალსულიანი ოჯახი ყოველი დღის გათენებას შიშით ელოდება.
ნანული სურმანიძე: - "სოფელი შევინარჩუნეთ და სახლები დანგრევას გადავარჩინეთ. ხელი შევავლეთ, გავარემონტეთ, მაგრამ მოდიან ბერძნები და სახლიდან გვაგდებენ. სახლი რომ მკვიდრად ხვდებათ, ეს მოსწონთ, მაგრამ მადლობის მაგივრად გვსაყვედურობენ, - ვინ გითხრათ, ჩვენს სახლებში რომ შესახლდითო.

იქნებ ჟურნალისტებმა მაინც გააგებინოთ მთავრობას, აქ რა ხდება. ჩემს ერთ შვილს ოთხი შვილი ჰყავს, უფროსი პირველ კლასში წელს მივიდა, უმცროსი ექვსი თვისაა. მრავალშვილიან ოჯახებს ყველას აძლევენ დახმარებას, ჩვენ - არაფერს. სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. სასაცილო იცით, რა არის? ერთ სულზე წყლის გადასახადს ლარსა და 20 თეთრს გვახდევინებენ."
წალკის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა ეკომიგრანტი, რომლებიც საბერძნეთიდან დაბრუნებულმა ბინის მეპატრონეებმა გამოასახლეს, შეძლებისდაგვარად საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილეს.

ილია საბაძე, წალკის გამგებელი: - ამჟამად 2343  ეკომიგრანტი ოჯახია წალკის რაიონში. სახელმწიფომ შეიძინა 571 სახლი, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზეა რეგისტრირებული. ცოტა ხნის წინ ჩატარებული შემოწმებით გაირკვა, რომ ამ სახლებში პირველად შესახლებული ეკომიგრანტების 70%-დან დაახლოებით 30%-ში სხვები ცხოვრობენ.
ბერძნებმა წალკაში დაბრუნება ბოლო წელიწად-ნახევარია, რაც დაიწყეს. ძირითადად ბრუნდებიან ასაკოვანნი. წლების წინ წალკიდან წასულ ბერძნებს საბერძნეთის მხარე ყოველთვიურად ბინის ქირას - 200 ევროს უხდიდა. კრიზისის გამო ეს დახმარება შეუჩერდათ და იძულებული გახდნენ, საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.

- სად მიდიან გამოსახლებული ეკომიგრანტები?
- ალტერნატიულ ბინებს ვნახულობთ, ან ვთხოვთ ბერძენ მეპატრონეებს, მანამ დატოვონ, სანამ ეკომიგრანტებს სახელმწიფო დაეხმარება. რამდენიმე სოფელში ეკომიგრანტები  საბავშვო ბაღისა და "დოსააფის" შენობებში შევასახლეთ. ცოტა ხნის წინ რამდენიმე ოჯახი თვითნებურად შეიჭრა წალკის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში. რამდენიმე დღის წინ  მოვიდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და  ხულოს რაიონის გამგებლის მოადგილე. ალბათ მიიღებენ ზომებს. აღწერისას გაირკვა, რომ ბევრი მათგანი არ არის ეკომიგრანტი. ჩვენს გუბერნატორს შევთავაზე - სოფლის მიმდებარე ხუთი ჰექტარი მიწა გადავცეთ 18 ოჯახს და თვითონ აიშენონ სახლები. ასევე წალკის შემოსასვლელში არის რამდენიმე მრავალსართულიანი მიტოვებული სახლი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თუ ხალხი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდება, დროებით მაინც შევასახლოთ...

ამ პრობლემების მოგვარებამდე წალკაში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები უსახლკაროდ რჩებიან. ოჯახები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, სახელმწიფოს სთხოვენ დახმარებას.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ www.palitratv.ge

მეგი
17 მაისი 2016 15:51
kiara
საინტერესოა იჯარის ღირებულებაზე, რატომ არ საუბრობთ, ბერძნები არა მეპატრონეები...
kiara
02 აპრილი 2015 21:26
ბერძნები მესაკუთრეები არიან, მაგრამ ეკომიგრანტებმა ამ მდიტოვებული სახლების წესრიგში მოყვანისა და პატრონობსთვის ფული უნდა მოსთხოვონ. დეტალურად ჩამოწერონ დანახარჯი. პირობა წაუყენონ რომ ბინას მხოლოდ დანახარჯის ანაზღაურების შემდეგ დაცლიან.
ირაკლი.1986
28 ოქტომბერი 2014 16:12
ნეტა საბერძნეთში თუ გაბედავდა ქართველი ამას რასაც ბერძნები აკეთებენ?თუნდაც იქაური მოქალაქე იყოს

რედაქტორის რჩევით