"ინგლისური თუ არ ვიცით, რა, ცხვარს ვერ ვუვლით?! - კვირის პალიტრა

"ინგლისური თუ არ ვიცით, რა, ცხვარს ვერ ვუვლით?!

"ჩაი ჩვენთვის ყველაფერია, აზერბაიჯანელები ჩაის სმისას ვწყვეტთ ყველა საკითხს, ქორწილი იქნება, ვაჭრობა, კაცის შემორიგება თუ ჩხუბი..."

ახლახან თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მარნეულის ბაზარში, სრულიად უცხო, აღმოსავლური ჩაის სურნელითა და იმ ფიქრებით გაჯერებულ  სამყაროში მოვხვდი, რომელშიც ჩვენ ღრმად არ ვიხედებით, თორემ მერწმუნეთ, ბევრ საინტერესოს ვნახავდით... მაგრამ ვიდრე ჩაიხანებში აღმოვჩნდებოდი, გზად ცხვრის უშველებელ ფარას წავაწყდი და წავიწუწუნე - აქ ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რატომ მათ არ ჰყავთ ასეთი ფარები-მეთქი, რაზეც ჩემმა თანამგზავრმა რაულ მამედოვმა დინჯად მითხრა: - ჩვენ, აზერბაიჯანელები, მწყემსობით ვირჩენთ თავს; ეგ ისტორიულად ჩვენი საქმეაო...

-ისტორია ახსენეთ და, მარნეულელი აზერბაიჯანელები ერეკლე მეფის ყმებად თვლიდით თავს. საქართველოში ლეკები ხალხს რომ იტაცებდნენ, თქვენ მეფის ჯარში მეფესთან ერთად ლეკებს მამაცურად ებრძოდით...

- ეგ არ ვიცი, დაო, შენამდე არავის უთქვამს,  - მითხრა რაულმა და თავმომწონედ შემომხედა... ამასობაში ბაზართანაც მივედით. ვთხოვე - ახლა დამტოვე, ჩაიხანებში მარტო შესვლა მინდა-მეთქი, მერე კი დავამატე, - შემიშვებენ?

- ჩაის თუ დალევ, რატომაც არა, მაგრამ სურათს არ გადაიღებენ - არ უყვართ! - მითხრა დაბეჯითებით და ისევ უკან გამომყვა... მწვადისა და ჩაის სურნელით გაბრუებულ ბაზარში ჩემი ფოტოაპარატის დანახვაზე მართლაც ხელი გაასავსავეს - ეგ აქაურობას მოაშორე, ისე, დაბრძანდით და რაზეც გინდა, ვილაპარაკოთო. მეც აპარატი ჯიბეში ჩავიჩურთე, სულაც არ მშიოდა, მაგრამ მწვადებით აბოლილ ბაზარს მაინც ნერწყვის ყლაპვით ჩავუარე და თავი ჩაიხანაში ვკარი, - იმდენ ხანს ვიქნები, სანამ არ გამიშინაურდებიან და სურათს არ გადაიღებენ-მეთქი. პირველსავე მაგიდასთან სკამი დაუკითხავად გამოვწიე, ზედ დაყრილი ნამცეცები გადავყარე და მერე ვიკითხე, - ხომ შეიძლება ჩაი თქვენთან ერთად დავლიო-მეთქი. იქ მჯდომმა აზერბაიჯანელებმა ერთი კი შემომხედეს გაკვირვებით, მაგრამ - დაჯექი, დაოო, და ხელიც გამომიწოდეს, -  მამედ რაშიდოვი, ბახტარ მანუელოვი და ენვერ მანაშოვი ვართო, ჩემი ჭიქა თავისკენ მისწიეს და თუნუქის ჩაიდნიდან ჩაიც ჩამომისხეს.

- ყველა ჩაიხანაში ასეთი ჩაიდანი დგას, შიგ რამდენი ჭიქა ჩაი ეტევა?

- ათი, ოღონდ ასეთები! - მიპასუხა რაულმა და მუქი ჩაით სავსე მომცროყელიანი ჭიქა მომიწია.

- ძალიან მუქია, მომკლავს, შიგ ბევრი კოფეინი იქნება....

- ნუ გეშინია, ჩვენ ასეთს 40-ს ვსვამთ! - დამამშვიდა ენვერმა და განაგრძო: - ჩაი ჩვენთვის ყველაფერია, აზერბაიჯანელები ჩაის სმისას ვწყვეტთ ყველა საკითხს, ქორწილი იქნება, ვაჭრობა, კაცის შემორიგება თუ ჩხუბი...

- ქორწილებზე გამახსენდა: რომ გითხრათ, ქორწინების საქმეში აზერბაიჯანელები ცდებით, ქალიშვილებს ნაადრევად და თანაც უსიყვარულოდ ათხოვებთ-მეთქი, ხომ არ გეწყინებათ?

- არ გვეწყინება. თანაც მაგას ყველა არ აკეთებს, მარნეულში ბევრი გოგო სწავლობს ქართულ სკოლაში, უმაღლესშიც თბილისში მიდის. მასეთი გოგო მამის ჭკუაზე არ გათხოვდება.

- თქვენი შვილები და შვილიშვილები თუ სწავლობენ ქართულ სკოლებში?

- ბევრი. კარგად სწავლობენ. ჩვენ ქართული არ ვიცით და შვილიშვილები გვასწავლიან.

- ეგ ძალიან კარგია, მაგრამ ქართული რომ არ იცით, იმასაც ეტყობა, რომ აქ ყველგან ისევ საბჭოთა რუსული წარწერებია...

- მერე რა, ინგლისური რად გვჭირდება? ეგ რომ არ ვიცით, რა, ცხვარს ვერ ვუვლით?!

ცხვრის გარდა, კიდევ რა გაინტერესებთ-მეთქი, ვკითხე. რაზეც ენვერმა მომიგო:

- ჩვენი სახლი და კიდევ ილია ჭავჭავაძე. მაგ კაცს "მოლაპარაკე ქვები" აქვს რუსულად დაწერილი და მაგ წიგნის შოვნა გვინდა. შენ გვიშოვი? თუ გვიშოვი, აი, ჩემი ტელეფონის ნომერი და დამირეკე, რასაც მთხოვ, მოგცემ! - გულწრფელად შემეხვეწა ენვერი, ჩაიხანის დახლზე ქაღალდის ნაგლეჯს მისწვდა, ზედ თავისი ტელეფონის ნომერი დაწერა და მომაწოდა...

- ალბათ "ქვათა ღაღადს" გულისხმობთ. ეტყობა, ეს წიგნი იმიტომ გინდათ, რომ ილია სომხებზეა გაბრაზებული. ქართველებზეც სულ ბრაზობდა - ჩვენი სიზარმაცე არ მოსწონდა, - გამეღიმა და ქაღალდის ნაგლეჯი ჩანთაში საგულდაგულოდ ჩავიდე - უსათუოდ გიშოვით-მეთქი.

- ჰოდა, ჩვენს სოფელ ყიზილაჯლოშიც გეპატიჟებით, - გაუხარდა ორივეს და კიდევ ერთი ჭიქა შემივსეს, - ბაქოში 130 წლის ქალი ცხოვრობს, ჩაის რომ სვამს, იმიტომ არის ცოცხალიო...

მეც სხვა რა გზა მქონდა და მეხუთე ჭიქა ჩაიც დავლიე. გამთბარმა და დამშვიდებულმა ჩაიხანა მხიარულადაც კი დავტოვე - ბროწეული უნდა ვიყიდო-მეთქი. რას ლაპარაკობო და თავიანთი ბროწეულები ჩამიყარეს ჩანთაში, - დღეს ჩვენც ბროწეულს ვყიდდით, რაც დაგვრჩა, უკან მიგვქონდა და რახან სტუმარი ხარ, უნდა გაგატანოთო.

უარი არ მითქვამს. როცა მარნეულიდან სულ ნახევარ საათში თბილისში, შინ მიტანილი სისხლივით წითელი ბროწეულები გავარჩიე, კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ ყურის ძირში მცხოვრები შენი შინაური უნდა იყოს - როცა კაცი შინაური ხდება, მაშინ გულიც თბება...