"შრომით ძლივს გაგვაქვს ეს ცხოვრება და უშრომლად როგორღა გავიტანთ?!"
01-12-2014
"შრომით ძლივს გაგვაქვს ეს ცხოვრება და უშრომლად როგორღა გავიტანთ?!"
მწყემსები საძოვრებზე გადასარეკი ტრასების მოწყობას ითხოვენ

"მანქანებს რომ შევეჩხირებით ბორბლებში, ამ დროს პირუტყვი ფრთხება და გზიდან უხვევს.  მთაში ზოგან ისეთი ციცაბო ტრასებია, გვეშინია, ან ძროხა არ გადაიჩეხოს ხევში, ან მანქანა. მძღოლებიც ბრაზობენ - დროზე გაიარეთო"


ამას წინათ ფასანაურის ტრასაზე კარგა ხანს შემაჩერა ჯოგმა. მოგვიანებით, მწყემსებმა ტრანსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად ტრასის პირას, ნაყანებში შერეკეს. თვითონ კი შორი გზით დაღლილნი იქვე ჩამოსხდნენ. გულმა არ მომითმინა და მათთან მივედი...

კაკო კობიაშვილი: - კასპიდან გახლავართ.
ეს ჯოგი ჩვენი საკუთრება არ არის, მეზობლებისაც ურევია. ჩვენ ცხელი მხარე გვაქვს, ზაფხული რომ დადგება, ბალახი მაშინვე ხმობას იწყებს. ჟინვალიდან ავდივართ მთებში და პირუტყვს მთელი ზაფხული იქ ვტოვებთ... წელს ისეთი ცხელი ზაფხული გვქონდა, მთიდან არც ჩამოვსულვართ.

- მთაში ცხოვრება იოლი არ არის, მით უფრო, რომ
ჩვენი საძოვრები მოუწყობელია...

- ფარა ზამთრობით 6 თვე საძოვარზეა და ამ ხნის მანძილზე წყალი ათასობით სული ცხვრისთვის ბარიდან რომ გექნება ასატანი, კარგი საქმე ვერ არის. არადა, ჩვენი ცხვრის ხორცი ყველაზე მეტად გადის საზღვარგარეთ, მოგებაც მაგას აქვს...

- მსხვილფეხა პირუტყვით მოვაჭრენი ამბობენ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ქართული ძროხის ხორციც ტონობით გადის, განსაკუთრებით, ირანშიო...

- პირუტყვს ვაჭრები კასპშიც ხშირად ყიდულობენ. მაგრამ ვინც ძროხას იალაღზე თვეობით აძოვებს, არ გაყიდის - მარტო ფული ხომ არ არის, რძეც და ყველიც ხომ გვჭირდება, ბავშვებსაც ამით ვზრდით, ჩვენებურ ქალებს თბილისშიც დააქვთ რძე და მაწონი.

მთაში კარგი ყველი ამოგვყავს და ოჯახებს ვუგზავნით. თანაც მთიდან ნამატით მოვდივართ, ბოჩოლები მოგვყავს...

- რა დრო სჭირდება საქონლის ყაზბეგ-ფასანაურის მთებიდან კასპში ჩარეკვას?

- 3-4 დღე. ახლაც მე-3 დღეა, მოვდივართ... ვიღლებით,  მაგრამ შრომით ძლივს გაგვაქვს ეს ცხოვრება და უშრომლად როგორღა გავიტანთ?! რასაც თვალი მისწვდება, ყველაფერი რომ ნაცნობია, გზას ეს გვიიოლებს. ისე, ბევრი რამ გვაწუხებს, - საძოვარზე პირუტყვის რაიმე დაავადება რომ გავრცელდეს, მომხედავი არ გვყავს. დაავადების გამო რამდენჯერ განახევრებული ჯოგი ჩამოუყვანიათ ჩვენს მწყემსებს მთიდან.
მანქანებს რომ შევეჩხირებით ბორბლებში, ისიც ჩვენი საწუხარია, ამ დროს პირუტყვიც ფრთხება და გზიდან უხვევს. მთაში ზოგან ისეთი ციცაბო ტრასებია, გვეშინია, ან ძროხა არ გადაიჩეხოს ხევში, ან მანქანა. მძღოლებიც ბრაზობენ - დროზე გაიარეთო. რამდენი ხანია მწყემსები საძოვრებზე გადასარეკი ტრასების მოწყობას ვითხოვთ, მაგრამ არა და არ გამოდის ეს საქმე...

დედაქალაქში დაბრუნებულს გულმა არ მომითმინა და სოფლის მეურნეობის სურსათის დეპარტამენტის უფროსს, კოტე ხუცაიძეს დავუკავშირდი:


- დიდი ხანია, მწყემსები საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების მოწყობას ითხოვენ...

- პირუტყვის გადასარეკი ტრასა ოთხ რეგიონს კვეთს: კახეთს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს. ეს დაახლოებით 1 000 კილომეტრია. თითო ტრასაზე პირუტყვს 250-300 კილომეტრის გავლა უწევს საძოვრებამდე, რომლისკენაც დაახლოებით 700 000 სული ცხვარი და 300 000 მსხვილფეხა პირუტყვი მიდის. ეს ძნელი გზაა, მწყემსებსაც დიდი ჯაფა ადგათ და ავტოტრანსპორტიც აფერხებთ. არადა, მძღოლიც ცოდვაა - ტრასაზე კაცს ყოველთვის ეჩქარება. უცხოელ ექსპერტებთან ერთად მოვნიშნეთ წერტილები - სად შეიძლება ავტომობილის ტრასა პირუტყვის გადასარეკ ტრასას დასცილდეს. მაგალითად, ჟინვალი-სტეფანწმინდისა და რუსთავი-მცხეთის ტრასა საერთოდ დაშორდება საავტომობილოს. მოვნიშნეთ, სად შეიძლება მოეწყოს მოსასვენებელი ადგილები და  პირუტყვის დაცემის შემთხვევაში,  კრემატორიუმები. ჩვენს თავზე ავიღეთ საძოვრებზე წყლების შეყვანა. ახლა აუცილებლად უნდა დავიწყოთ გადასარეკი პირუტყვის შემოწმება, აქვთ თუ არა რაიმე დაავადება. ეს  საძოვრებზე პირუტყვის დაცემას აგვაშორებს.
eto
06 იანვარი 2015 23:12
ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ დგეს ფერმერები.ჯერ დავიწყოთ იმით , რომ იჯარით წლებია ვსარგებლობდით საძოვრებს და დღეს იჯარის გაგრძელებაც პრობლემაა, ჰაერშია ამდენი ფერმერის იჯარა. გაძვირდა გადასახადი და არავინ არ კითხულობს არის თუ არა იმ საძოვრებძე ბალახი, წყალი..არ არის საძოვრებთან ახლო წყალი და იძულებული ვართ წყალი ავზებით მოვზიდოთ. დღეში საჭიროა რამდენიმე რეისი წყლის მიზიდვა ფერმებზე, ყოველდგიურად გვჭირდება დიდი რაოდენობის საწვავი წყლის მოსაზიდად. გვალვისა და სტიქიის შედეგად ვერ მივიღეთ ვერც მარცვლეული და ვერც ბალახი.გაჭირდა საქონლის რეალიზაცია. რაც საქონლის გამოკვება და შენახვა ჯდება იმის საფასურსაც ვეღარ იღებს ფერმერი. არავინ დაინტერესდა იმით , რომ 2014 წელს განსაკუთრებით კახეთში გვალვისაგან როგორ დაზარალდა გლეხი და ფერმერი.არავინ დაინტერესებულა იმით, გლეხი და ფერმერი გადამწვარი საძოვრებისა და ნათესების ფონზე გადასახადის გადახდას რა სახსრებით შეძლებდა.არანაირი პირობა არ არი შექმნილი მეცხოველეობის განვითარებისათვის. გამოვიდეს ვინმე და თქვას რა კეთდება დღეს მეცხოველეობის აღორძინებისთვის.არ არსებობს დღეს ინსტანცია, სადაც ფერმერის პრობლემას მოისმენს ვინმე.წლებია არავინ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემებით. ყველა ფერმერს აღებული აქ ბანკიდან კრედიტი რომ მოახერხოს სქონლის წლიდან წლამდე გამოკვება და შენახვა.ვერ გავარკვიეთ ისიც კი ვის მივმართოთ გადამწვარ საძოვრებზე შეღავათი გაგვიწიონ გადასახადზე.აუცილებელია შეიქმნას კომისია რომელიც შეისწავლის ფერმერის და გლეხის პრობლემებს და მოგვეცეს გარკვეული შეღავათები სტიქიისა და გვალვის შედეგად დაზარალების შემთხვევაში მაინც.გამეცინა ერთ ერთი სატელევიზიო გადაცემის დროს ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა საძოვრებზე წვიმა მოვა და ბალახიც მოყვებაო.თუ არ მივაქციეთ ყურადგება დგეს სოფლის მეურნეობას, ასე ჩვენი მესაქონლეობა წინსვლის მაგივრად უკან წავა
nino
02 დეკემბერი 2014 01:00
neta erti risi gamketeblebi arian es chveni vai ministrebi, tu mainc ician sofeli ra aris da ra shroma chirdeba, gackda erti cota asakiani, normaluri adamiani soflis martla rame rom icodes, am mtavrobamac chamoariga morigi sabavshvo bagi, ragaca zgaprebs gvikvebian, vis axsovs sacodavi mckemsebi. adre shroma mainc ufasdebodat.

რედაქტორის რჩევით