"შრომით ძლივს გაგვაქვს ეს ცხოვრება და უშრომლად როგორღა გავიტანთ?!" - კვირის პალიტრა

"შრომით ძლივს გაგვაქვს ეს ცხოვრება და უშრომლად როგორღა გავიტანთ?!"

მწყემსები საძოვრებზე გადასარეკი ტრასების მოწყობას ითხოვენ

"მანქანებს რომ შევეჩხირებით ბორბლებში, ამ დროს პირუტყვი ფრთხება და გზიდან უხვევს.  მთაში ზოგან ისეთი ციცაბო ტრასებია, გვეშინია, ან ძროხა არ გადაიჩეხოს ხევში, ან მანქანა. მძღოლებიც ბრაზობენ - დროზე გაიარეთო"

ამას წინათ ფასანაურის ტრასაზე კარგა ხანს შემაჩერა ჯოგმა. მოგვიანებით, მწყემსებმა ტრანსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად ტრასის პირას, ნაყანებში შერეკეს. თვითონ კი შორი გზით დაღლილნი იქვე ჩამოსხდნენ. გულმა არ მომითმინა და მათთან მივედი...

კაკო კობიაშვილი: - კასპიდან გახლავართ. ეს ჯოგი ჩვენი საკუთრება არ არის, მეზობლებისაც ურევია. ჩვენ ცხელი მხარე გვაქვს, ზაფხული რომ დადგება, ბალახი მაშინვე ხმობას იწყებს. ჟინვალიდან ავდივართ მთებში და პირუტყვს მთელი ზაფხული იქ ვტოვებთ... წელს ისეთი ცხელი ზაფხული გვქონდა, მთიდან არც ჩამოვსულვართ.

- მთაში ცხოვრება იოლი არ არის, მით უფრო, რომ ჩვენი საძოვრები მოუწყობელია...

- ფარა ზამთრობით 6 თვე საძოვარზეა და ამ ხნის მანძილზე წყალი ათასობით სული ცხვრისთვის ბარიდან რომ გექნება ასატანი, კარგი საქმე ვერ არის. არადა, ჩვენი ცხვრის ხორცი ყველაზე მეტად გადის საზღვარგარეთ, მოგებაც მაგას აქვს...

- მსხვილფეხა პირუტყვით მოვაჭრენი ამბობენ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ქართული ძროხის ხორციც ტონობით გადის, განსაკუთრებით, ირანშიო...

- პირუტყვს ვაჭრები კასპშიც ხშირად ყიდულობენ. მაგრამ ვინც ძროხას იალაღზე თვეობით აძოვებს, არ გაყიდის - მარტო ფული ხომ არ არის, რძეც და ყველიც ხომ გვჭირდება, ბავშვებსაც ამით ვზრდით, ჩვენებურ ქალებს თბილისშიც დააქვთ რძე და მაწონი.

მთაში კარგი ყველი ამოგვყავს და ოჯახებს ვუგზავნით. თანაც მთიდან ნამატით მოვდივართ, ბოჩოლები მოგვყავს...

- რა დრო სჭირდება საქონლის ყაზბეგ-ფასანაურის მთებიდან კასპში ჩარეკვას?

- 3-4 დღე. ახლაც მე-3 დღეა, მოვდივართ... ვიღლებით,  მაგრამ შრომით ძლივს გაგვაქვს ეს ცხოვრება და უშრომლად როგორღა გავიტანთ?! რასაც თვალი მისწვდება, ყველაფერი რომ ნაცნობია, გზას ეს გვიიოლებს. ისე, ბევრი რამ გვაწუხებს, - საძოვარზე პირუტყვის რაიმე დაავადება რომ გავრცელდეს, მომხედავი არ გვყავს. დაავადების გამო რამდენჯერ განახევრებული ჯოგი ჩამოუყვანიათ ჩვენს მწყემსებს მთიდან.

მანქანებს რომ შევეჩხირებით ბორბლებში, ისიც ჩვენი საწუხარია, ამ დროს პირუტყვიც ფრთხება და გზიდან უხვევს. მთაში ზოგან ისეთი ციცაბო ტრასებია, გვეშინია, ან ძროხა არ გადაიჩეხოს ხევში, ან მანქანა. მძღოლებიც ბრაზობენ - დროზე გაიარეთო. რამდენი ხანია მწყემსები საძოვრებზე გადასარეკი ტრასების მოწყობას ვითხოვთ, მაგრამ არა და არ გამოდის ეს საქმე...

დედაქალაქში დაბრუნებულს გულმა არ მომითმინა და სოფლის მეურნეობის სურსათის დეპარტამენტის უფროსს, კოტე ხუცაიძეს დავუკავშირდი:

- დიდი ხანია, მწყემსები საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების მოწყობას ითხოვენ...

- პირუტყვის გადასარეკი ტრასა ოთხ რეგიონს კვეთს: კახეთს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთს. ეს დაახლოებით 1 000 კილომეტრია. თითო ტრასაზე პირუტყვს 250-300 კილომეტრის გავლა უწევს საძოვრებამდე, რომლისკენაც დაახლოებით 700 000 სული ცხვარი და 300 000 მსხვილფეხა პირუტყვი მიდის. ეს ძნელი გზაა, მწყემსებსაც დიდი ჯაფა ადგათ და ავტოტრანსპორტიც აფერხებთ. არადა, მძღოლიც ცოდვაა - ტრასაზე კაცს ყოველთვის ეჩქარება. უცხოელ ექსპერტებთან ერთად მოვნიშნეთ წერტილები - სად შეიძლება ავტომობილის ტრასა პირუტყვის გადასარეკ ტრასას დასცილდეს. მაგალითად, ჟინვალი-სტეფანწმინდისა და რუსთავი-მცხეთის ტრასა საერთოდ დაშორდება საავტომობილოს. მოვნიშნეთ, სად შეიძლება მოეწყოს მოსასვენებელი ადგილები და  პირუტყვის დაცემის შემთხვევაში,  კრემატორიუმები. ჩვენს თავზე ავიღეთ საძოვრებზე წყლების შეყვანა. ახლა აუცილებლად უნდა დავიწყოთ გადასარეკი პირუტყვის შემოწმება, აქვთ თუ არა რაიმე დაავადება. ეს  საძოვრებზე პირუტყვის დაცემას აგვაშორებს.