ხელოვნური ზვავები - რამ გამოიწვია პანიკა?
12-01-2015
ხელოვნური ზვავები - რამ გამოიწვია პანიკა?
"გზად დარჩენილი ტრაილერების მძღოლები ოჯახებში გადაიყვანეს, მათ ადგილობრივი მოსახლეობა პატრონობს"

"როცა მძიმე ტექნიკის მოძრაობა ნებადართული არ არის, შევუშვათ ხალხი სიკვდილის ზონაში და გავწიროთ?"


მაღალმთიანეთში მოსული დიდი თოვლისა და გუდაურისკენ მიმავალი გზის ორი დღით ჩაკეტვის გამო პანიკა ატყდა. ტურისტები შეშინდნენ, რომ დიდი ხნით მოუწევდათ მთაში დარჩენა,  ივარაუდეს, რომ თუ გზა არ გაიხსნებოდა, სურსათის მარაგი არ ეყოფოდათ. ისიც ითქვა, რომ გზა არ ჩაიკეტებოდა, დროულად რომ გაეწმინდათ და  ტექნიკას მუშაობა არ შეეწყვიტა. მცხეთა-მთიანეთის
რეგიონის ვიცე-გუბერნატორის, კობა არაბულის განმარტებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების შეწყვეტას მიზეზები აქვს:


კობა არაბული: - რეგიონში პანიკის საფუძველი არ არსებობს. პირველად გვესმის, რომ ზვავსაშიში მდგომარეობაა და ამიტომაც გზის გამწმენდი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია? ნისლში ტექნიკა რომ ვერ იმოძრავებს, ეს სიახლეა?

მძიმე ტექნიკის მოძრაობას შეიძლებოდა ზვავი გამოეწვია და
ტექნიკაც და ხალხიც თოვლში დამარხულიყო, ან ცუდი ხილვადობის გამო გადაჩეხილიყვნენ.
ორ დღეში მოგვარდა ყველაფერი. სტეფანწმინდაში ყველა სოფელთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. ტურისტების ჩამოსაყვანადაც ტრანსპორტია მობილიზებული. ადგილობრივ მოსახლეობასაც არაფერი უჭირს. ვინც ბევრს ლაპარაკობს, მზად ვართ, მოვუსმინოთ, გვირჩიოს, კიდევ რის გაკეთება შეიძლება?

- ამბობდნენ, სასტუმროებში მარაგი არ ჰქონდათო..
- თუ სასტუმროს მთაში ერთი კვირის მარაგიც  არ აქვს, ის დიდხანს ვერ იმუშავებს. საკმარისი პროდუქტიც არის და საგანგებო შტაბიც ოპერატიულად მუშაობს. გზად დარჩენილი ტრაილერების მძღოლები ოჯახებში გადაიყვანეს, რომ სიცივემ არ შეაწუხოს. მათ ადგილობრივი მოსახლეობა პატრონობს. საზამთროდ საკვებისა და საწვავის დიდი მარაგი რომ არ ჰქონდეს, მთაში ვინმეს იცნობთ ასეთს?

ეს გზის გაწმენდაც რომ აუხირებიათ, რა ვქნათ, როცა მძიმე ტექნიკის მოძრაობა ნებადართული არ არის, შევუშვათ ხალხი სიკვდილის ზონაში და გავწიროთ?  
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ სპეციალური ჯგუფი ზვავსაშიშ ზონებში ხელოვნურად იწვევს ზვავს, რათა გზებს საფრთხე აარიდონ. 

ვაჟა საბაური, გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შერბილების სამსახურის უფროსი: - ყველაზე რთული მონაკვეთი არის ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე. სპეცრაზმელებთან ერთად, საცეცხლეებით ავალთ, რომ ხელოვნურად დავძრათ ზვავები. დაახლოებით 50 ზვავია ლარსის უბანზე. ამის შემდეგ დაიწყება გაწმენდის სამუშაოები.

- ბატონო ვაჟა, იმაზე დიდი ნალექი მოვიდა, ვიდრე საერთოდ მოდის?
- წელს ერთბაშად ბევრი ნალექი მოვიდა. ამიტომაც  ჩაიკეტა გუდაური. ხალხი მიჩვეულია, რომ გუდაურიდან კობამდე ჭირს  ხოლმე მოძრაობა, გუდაურამდე კი გზა თითქმის არ იკეტება, რადგან 24 საათის განმავლობაში იწმინდება. ახლა უცებ იმხელა თოვლი მოვიდა, რომ ფასანაურიდან გუდაურამდე მოძრაობა ჩავკეტეთ. ასეთი რამ ათ-თხუთმეტ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს.  

- თუ იწმინდებოდა, რატომ ჩაკეტეთ? ხალხი ამბობდა, ტექნიკა არ ჰყავდათ ადგილზეო.

-  ვის გაუგია, ზამთარში ამ ხეობაში ტექნიკა არ იყოს!
გზა სულ იწმინდება, მაგრამ მთებზე თოვლი რომ გროვდება და ზვავსაშიში მდგომარეობა იქმნება, ეს საფრთხეს სწორედ გზის მწმენდავებს უქმნის.

გარემოს ეროვნული სააგენტო აწესებს მაგ გზებზე ზვავსაშიშროების სტატუსს და რომ ვიტყვით, არ შეხვიდეთო, იმ გზაზე არ უნდა გაიარონ. არ შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შევუქმნათ.
ვინმე რომ იყოს გადასარჩენი, იმის დასახმარებლადაც ვერ შევუშვებთ ზვავსაშიშ ზონაში ვერავის, რადგან ერთის გადასარჩენად შესაძლოა უამრავი ადამიანი დაიღუპოს.

ხალხი პოლიციას ურეკავდა, გამოსვლა უნდოდათ, მათაც გარისკეს და კინაღამ დაიმარხნენ თოვლში.

ნუგზარ გასვიანი, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე: - ასეთი ამინდისთვის მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ ადგილობრივები, ტრანზიტულად მოძრავი ტრანსპორტის მძღოლებიც, ვისაც დიდი ტვირთები გადააქვს. გადამზიდავ კომპანიებს, ძირითადად, თურქეთისა და სომხეთის საელჩოების მეშვეობით ვაწვდით ინფორმაციებს გუდაური-კობის მონაკვეთზე ნოემბრის თვიდან მოსალოდნელი რთული კლიმატური პირობების შესახებ, რის გამოც გზის ეს მონაკვეთი ურთულესად მიიჩნევა. ამ მარშრუტზე მოძრავმა მძღოლებმა იციან, რომ მზად უნდა იყვნენ  ფორსმაჟორისთვის. რამდენიმე დღით კი არა, რამდენიმე კვირით შეიძლება იყვნენ ჩაკეტილი.

- საწვავი ხომ სჭირდებათ იმისათვის, რომ თუნდაც გათბნენ...
- მლეთამდე და სტეფანწმინდაშიც არის სადგურები, სადაც შეუძლიათ საწვავის მარაგის შევსება. გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ დიდხანს არავის მოუწევს გაჩერება. მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთია დარჩენილი, მაგრამ მაგასაც მალე გავწმენდთ, მთავარია, ამინდი გაუმჯობესდეს და შესვლის უფლება მოგვცენ.

როგორი ამინდი იქნება ხვალ?

დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი:
- 12 იანვრიდან 19 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დღის ტემპერატურის მატება. მაქსიმალურმა ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში, შესაძლოა მიაღწიოს 10-12 გრადუსს, აღმოსავლეთში კი 7-9 გრადუსია მოსალოდნელი დაბლობსა და ბარში. დათბება მაღალმთიანეთშიც. 12 იანვრიდან მოსალოდნელი აღარ არის მაღალი ყინვები. დასავლეთ საქართველოში ღამით ყინვა, შესაძლოა, იყოს -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -6 გრადუსამდე. 13-15 იანვარს მოსალოდნელია ნალექი დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში კი 13-18 იანვარს იწვიმებს ან მოთოვს და იქროლებს ქარი დასავლეთის მიმართულებით. ზოგადად, იანვრის ბოლომდე მკვეთრი აცივება მოსალოდნელი არ არის.
ტიგრან გულოიანი
12 იანვარი 2015 15:18
"გზის გაწმენდითი სამუშაოები" თუ გზის გაწმენდა.

რედაქტორის რჩევით