როდემდე გაგრძელდება უძრაობის ხანა რეგიონებში?! - კვირის პალიტრა

როდემდე გაგრძელდება უძრაობის ხანა რეგიონებში?!

"იცვლება ხელისუფლება, მაგრამ ჩვენთან არაფერი იცვლება"

სადამდე მიიყვანს რეგიონებს ეს უნიათო მართვა?!.

"მიუხედავად იმისა, რომ სურამი საკურორტო დაბაა და სეზონზე უამრავი დამსვენებელი ჩამოდის, აქაურობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე არავინ ზრუნავს.  სკოლისა და პოლიციის გარდა, სხვა სამსახური აქ არ არსებობს. კერძო სექტორიდან მხოლოდ მაღაზიები და რესტორნები მუშაობს. სურამი ბავშვთა გამაჯანსაღებელ კურორტად მიიჩნევა, მაგრამ დაბაში ერთი ნორმალური სანატორიუმი, დასასვენებელი პარკი და ატრაქციონი არ არის. შიდა გზები განადგურებულია. ერთ უბანში (ზინდისი ჰქვია)  ყველაზე მეტი დამსვენებელი ჩამოდის,  მეწყერსაშიში ზონაა, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. იცვლება ხელისუფლება, მაგრამ ჩვენთან არაფერი იცვლება."

დაბა სურამის მკვიდრი

მოსახლეობა ჩვენთვის გამოგზავნილ წერილებში უკმაყოფილებას არ მალავს. რეგიონში მცხოვრები ადამიანების გულისტკივილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მთავარი პრობლემა უმუშევრობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციების ნაკლებობაა. წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები ვის - გზას, ვის - წყალსა და ბუნებრივ აირს ჰპირდებოდნენ, მერე კი დაპირებების შესრულებით თავი არავის შეუწუხებია. ქართლისა და კახეთის სოფლებში მოსახლეობას სარწყავი წყლის უქონლობა აიძულებს, უარი თქვას მიწის დამუშავებაზე და თავის რჩენის სხვა საშუალება მოძებნოს. არსად, არც ერთ რეგიონში არავინ ზრუნავს ისეთი პროექტები განხორციელებაზე, რომლებიც ახალგაზრდობას ადგილზე დასაქმებას შეუწყობს ხელს.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ახალი ხელისუფლება რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას იმას აბრალებდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კვლავაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ისინი უშლიდნენ ხელს ვითარების გამოსწორებას. ახალი არჩევნებიც ჩატარდა, მმართველმა კოალიციამ ტრიუმფალურად გაიმარჯვა, თუმცა, ვითარება არ შეცვლილა. მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და რამდენიმე ქალაქის მერის პირდაპირი არჩევნები თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ესეც მახინჯ ფორმას იღებს, რადგან მათი მმართველობა ფიქციურია.

არჩეული მერები და გამგებლები თბილისიდან მითითებებისა და ხშირად მაჟორიტარი დეპუტატის ხელდასხმის გარეშე, ფაქტობრივად, ვერაფერს წყვეტენ.

არ ჩანს მათი ინიციატივა და თუ რეგიონში რამე კეთდება, ესეც ისევ ცენტრალური ხელისუფლების ეგიდით. ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯვისას ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს წინასწარგარიგებული ტენდერები, როცა ადგილობრივი ორგანო დაუმთავრებელ სამუშაოს იბარებს და მას დასრულებულად ასაღებს; მეორე მხრივ,

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, შეცდომის დაშვების შიშით, ბევრ პროექტზე ამბობენ უარს და ისედაც მწირი ბიუჯეტის დახარჯვას ვერ ახერხებენ.

შემთხვევით არ მიხსენებია მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პატარა მმართველებად იქცნენ და მათ გარეშე საკანცელარიო ნივთებზე გამოცხადებული ტენდერიც კი არ ტარდება. იმასაც ამბობენ, ამ ტენდერების შედეგებით დეპუტატები არიან დაინტერესებულიო, თუმცა, ამის დამტკიცება ძნელია...

ექსპერტთა ნაწილი თვითმმართველობების უუნარობას გამოუცდელობითაც ხსნის და პასუხისმგებლობის შიშზე ლაპარაკობს, მაგრამ ისმის კითხვა: სადამდე მიიყვანს რეგიონებს ეს უნიათო მართვა?!.

დღემდე გაუგებარია გუბერნატორთა ფუნქციაც, რომლებიც თავის დროზე პრეზიდენტის წარმომადგენლები იყვნენ, ახლა კი პრემიერ-მინისტრს ექვემდებარებიან. საინტერესოა ისიც, რომ მათი უმეტესობა სხვადასხვა ძალოვანი უწყებიდან გადაიყვანეს ამ თანამდებობაზე. მას შემდეგ, რაც კანცელარიის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა აკაკი ჩხენკელმა დატოვა, გაჩნდა იმედი, რომ სისტემა გადახალისდებოდა, თუმცა, აქაც არაფერი შეცვლილა. გუბერნატორის თანამდებობრივი სარგო მინისტრის ანაზღაურებას უტოლდება და 3 500 ლარს შეადგენს. ამას ემატება ათასობით ლარის ოდენობის პრემიები, რომლებსაც საკუთარ თავს თვითონ უწერენ. პრემიების თემა მეტად საინტერესოა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოებშიც, თუმცა, ამაზე შემდგომ სტატიებში მოგიყვებით.

"კვირის პალიტრა" თვალს ადევნებს რეგიონებში მიმდინარე პროცესებს. ვაპირებთ, ადგილებზე შევისწავლოთ ვითარება და კონკრეტული პრობლემები უკეთესად წარმოვაჩინოთ.

ნათია დოლიძე