"საჯარო მოხელეები ტენდერებს პირადი გამორჩენისთვის ატარებენ" - რა ხდება ლენტეხში?! - კვირის პალიტრა

"საჯარო მოხელეები ტენდერებს პირადი გამორჩენისთვის ატარებენ" - რა ხდება ლენტეხში?!

რეგიონებში რომ მძიმე ვითარებაა და იქაურები ადგილობრივ ხელისუფლებას უუნარობასა და უინიციატივობაში ადანაშაულებენ, ამაზე "კვირის პალიტრა" არაერთხელ წერდა.  ამჯერად ლენტეხში არსებულ პრობლემებზე რაიონის ყოფილი გამგებელი  ზაზა ლიპარტელიანი გვესაუბრება.

- ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვები კორუფციაში გადაიზარდა - საჯარო მოხელეები ტენდერებს პირადი გამორჩენისთვის ატარებენ.

ბოლო წლებში ტენდერით გაწერილმა ხარჯებმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა, მაგრამ რაიონში მცხოვრები 220 კომლიდან ეს სიკეთე არავის დასტყობია.

- კონკრეტულად, ვინ იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს პირადი მიზნებისთვის?

- ლენტეხის გამგებელი ამირან ჯამბურიძე გარკვეულ ჯგუფთან არის ანგარიშვალდებული, რომლებიც მას ხშირად ახსენებენ, არჩევნებში გაგამარჯვებინეთ და ვალდებული ხარ, ტენდერებიდან წილი მოგვცეო. ეს შვიდკაციანი ჯგუფი პროცესებს კულუარებიდან მართავს. ჯგუფს ერასტი მეტრეველი განაგებს, რომელიც "ქართული ოცნების" შენიღბული კოორდინატორია, ყველა შავი საქმე მასთან იგეგმება. მეტრეველს ლენტეხის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჩარქსელიანი ლობირებს.

- მტკიცებულებები გაქვთ?

- თუ სამართალდამცავები დაინტერესდებიან, დოკუმენტაციაც მაქვს. კონკრეტულ ფაქტებს მოვიყვან: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხ თვეში გზის რეაბილიტაციისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან მილიონობით ლარი გაიწერა, მაგრამ ამ თანხით დღემდე არაფერი გაკეთებულა.

- "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ამ პერიოდში დაგნიშნათ ლენტეხის რაიონის გამგებლად, რატომ არ მიმართეთ შესაბამის სტრუქტურებს?

- ეს მასალები სამართალდამცავ ორგანოებს მაშინვე მივაწოდე, რის შემდეგაც საკრებულო ამიმხედრდა - მუშაობის შესაძლებლობა აღარ მომცეს, ექვსი თვის თავზე თანამდებობიდანაც გადამაყენეს. 2013 წლის სექტემბერში ხშირი წვიმის გამო მდინარე ცხენისწყალმა კალაპოტი შეიცვალა და სოფელ ყორულდაში მისასვლელი გზა დააზიანა. საბჭოთა დროს ამ სოფელში დარიშხანის მადნის სასაწყობე იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მავნე ნივთიერებები და სასაწყობე მასალა არა მხოლოდ ლენტეხიდან, მთელი საქართველოდან გაზიდეს. მხოლოდ ცარიელი რკინის კასრები დარჩა. წლების წინ ადგილობრივმა მოსახლეობამ კასრებში სილა ჩატენა და გზის გასამაგრებლად სავალ ნაპირზე ჩაალაგა. 2013 წლის წყალდიდობის შემდეგ მიწიდან სწორედ ეს კასრები გამოჩნდა. ბაკურაძემ, რომელიც მაშინ გამგეობაში მუშაობდა, მედიაში ერთი ამბავი ატეხა - ცხენისწყალი დარიშხანის ნარჩენებს მიადგა და შესაძლოა, ეს მომწამვლელი მასა შავ ზღვაში ჩაიტანოსო. ამის შემდეგ მიმართვა გაგზავნეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მასალის ლიკვიდაციისთვის თანხა მოითხოვეს. ნარჩენების დასაფარად

ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამ დღეში აითვისა. ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ თანხა რამდენიმე პირმა გაინაწილა.

ამ მასალასაც მივაწვდი დაინტერესებულ პირებს. იგივე სქემა გათამაშდა სოფელ ღებში ხიდის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერზეც.

ხიდის მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 500 ათასი ლარი გამოყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე ვალოდია ქურასბედიანმა ეს თანხა სხვადასხვა წვრილ პროექტზე ისე გადაანაწილა, რომ სამინისტროს თანხმობა არ მიუღია.

- თანხა გამოიყო, მაგრამ ხიდი არ აშენდა?

- ხიდი არ აშენებულა, უბრალოდ, ქაღალდზე სხვადასხვა წვრილი პროექტი გაფორმდა გზის რეაბილიტაციისთვის. თუმცა, ნებისმიერი ლენტეხელი გეტყვით, რომ ეს სამუშაოც არ ჩატარებულა, ამას დოკუმენტებით დავამტკიცებ.

გზის მოსაპირკეთებლად ფილები შეიძინეს, მაგრამ ზამთარში თოვლში ჩაიშალაა და იძულებული გახდნენ, გაზაფხულზე გადაეყარათ.

დღეს მუნიციპალიტეტს ჰყავს გამგებელი, რომელსაც რაიონთან 30-40 წლის განმავლობაში არაფერი აკავშირებდა. გამგეობაში კი სოსო მუკბანიანი და ირინა ლიპარტელიანი საკრებულოს დოკუმენტაციას როგორც მოესურვებათ, ისე აყალბებენ.

- მაჟორიტარი დეპუტატი რას აკეთებს?

- გოგი ლიპარტელიანი, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით გაიმარჯვა (დღეს უმრავლესობის წევრია, - ავტ.), არჩევნების შემდეგ რაიონში აღარ გამოჩენილა...

ერასტი მეტრეველი, რომელიც ყოფილმა გამგებელმა ე.წ. შავი საქმეების დაგეგმვაში დაადანაშაულა, არათუ ბრალდებებს, ლენტეხის მუნიციპალიტეტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს: - "მართალია, "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვარ, მაგრამ ამბროლაურის საკრებულოს წევრი გახლავართ. თუ ვინმეს მტკიცებულებები აქვს, მიჩივლონ".

ჩვენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ამირან ჯამბურიძესაც დავუკავშირდით:

- ტენდერებში წილების მოთხოვნაზე ლაპარაკი ზედმეტია. მოსახლეობამ კარგად იცის, რომ სპექტაკლებში მონაწილეობას არასოდეს მივიღებ.

-  ამბობენ, ლენტეხის რაიონში არც გიცნობენ, არჩევნებში კი ერთი ჯგუფის წყალობით გაიმარჯვეთ, რომელთანაც დღეს ანგარიშვალდებული ხართ და ტენდერებიდან წილებსაც აძლევთ.

- თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ სახლ-კარი აქაც მაქვს. ალალად მოვედი თანამდებობაზე და მინდა ყველას ალალად ვემსახურო, პატიოსნად და კანონიერად ვმუშაობ.

- გამგებლად არჩევის შემდეგ თუ დაინტერესდით, მაგალითად, ღებში აშენდა თუ არა ხიდი.

- ამ პროექტის შესრულება ვერ შეძლეს. სახელმწიფო ერთბაშად ყველა პროექტს ხომ ვერ დააფინანსებს?

- უკვე გამოყოფილ ფულზეა ლაპარაკი...

- ხიდებისა და გზების მშენებლობა წინამორბედებსაც ევალებოდათ, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს.

- მაჟორიტარი დეპუტატი თუ ინტერესდება  არსებული პრობლემებით?

- როგორც ვიცი, ავადმყოფობდა. თუ ორი-სამი თვე რაიონში ვერ ჩამოვიდა, რა პრობლემაა?!

"კვირის პალიტრა" მომავალშიც გააგრძელებს რეგიონში არსებული პრობლემების გაშუქებას და ადგილობრივების სატკივარის უფრო კონკრეტულად წარმოჩენას.

რუსუდან შელია