ქართული სოფლის გადასარჩენად - კვირის პალიტრა

ქართული სოფლის გადასარჩენად

"თუ სოფელს ხალხი დაუბრუნდა,  სიმღერაც დაბრუნდება"

ამას წინათ სოციალურ ქსელში ფოტოს წავაწყდი იმედიანი წარწერით: დაცლილ სოფელში ერთი სახლიდან მაინც ამოდის კვამლი... ფოტოს შეხედვა საკმარისია, რომ იგრძნო ის სიჩუმე, რომელიც ამ სოფელში ჩამოწოლილა. ყოველ დილით, როცა იმ ერთი სახლის პატრონი საოჯახო საქმეების მოგვარებას იწყებს, გულმოკლული გახედავს სამეზობლოს. არადა, ცარიელი სახლებია, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქვიათ: ბუბუნაურების ან ჩოხელების, წიკლაურების ან მელითაურების სახელი...

უყურებ გამეჩხერებული საკვამურებიდან ამოსულ კვამლს... კერის გამჩაღებელი ცოტავდება და ცოტავდება... საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი სოფლის გადარჩენის დიდ საქმეში წვლილის შეტანას ცდილობს.

გიორგი დონაძე, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი: - სოფელი იცლება და ყველაფერი კვდება. იქ ყვაოდა ცხოვრება, ახლა მხოლოდ ზაფხულობით თუ ჩადიან მოაგარაკეები. ამის გამო ხალხური სიმღერა, ეპოსი ქრება სოფლებიდან... რა იქნება ხვალ? ჯერჯერობით სიკეთე არ ჩანს... თუ სოფელს ხალხი დაუბრუნდა,  სიმღერაც დაბრუნდება.

სოფლად სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ხალხური შემოქმედების გადასარჩენად და ასაღორძინებლად  დავაარსეთ ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობები რეგიონებში - სალოტბარო სკოლები, სადაც მოსწავლეები დაეუფლებიან სიმღერასა და გალობას. ასევე ვასწავლით ქორეოგრაფიულ ელემენტებს, ზეპირსიტყვიერებას. ეს ყმაწვილები გაიზრდებიან კარგ ქართველებად...

- ვინ არიან სალოტბარო სკოლებში მასწავლებლები, ადგილობრივი კადრები, თუ თბილისელი სპეციალისტები?

- სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში ადგილობრივები ასწავლიან, თეთრი წყაროსა და დუშეთში თბილისიდან დაგვყავს სპეციალისტები. სალოტბარო სკოლები უფასო იქნება ბავშვებისთვის. მეტსაც გეტყვით: ლენტეხში გამგეობამ გამოყო მანქანა, გელა გუგავა - ღვაწლმოსილი ლოტბარი, "ვილისით" ჩამოუვლის ბავშვებს, მიიყვანს გაკვეთილზე და მერე უკან დააბრუნებს. 15-20 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში ერთი ბავშვიც რომ იყოს, მასაც წამოიყვანენ რაიონულ ცენტრში. ხობში უკვე 70 ბავშვი დადის სალოტბარო სკოლაში, ოზურგეთში - 100. ამ სკოლების ბავშვებს მთელ საქართველოს მოვატარებთ. უცხოეთისკენ გაგვირბის თვალი, საქართველოს კი არ ვიცნობთ. სხვადასხვა კუთხის შვილებმა უნდა გაიცნონ ერთმანეთი, ნახონ, რა საინტერესოა საქართველო.

ყოველი კუთხის, სოფლის, უბნის ვალია, მოუფრთხილდეს და გადაარჩინოს თავისი ტრადიცია. ამიტომაც გვინდა ვასწავლოთ, როგორ კეთდება გუდასტვირი, ჭიბონი, ჩონგური... რაჭაში ფარახეთი მესტვირეების სოფელი იყო. იქ 100-ზე მეტი მესტვირე ცხოვრობდა, ახლა მთელ რაჭაში 2 თუ 3 კაცია დარჩენილი, ვინც ეს ხელობა იცის.