"ღარიბაშვილს გაცილებით ადრე უნდა დაეტუქსა გუბერნატორები, მერები და გამგებ­ლები" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილს გაცილებით ადრე უნდა დაეტუქსა გუბერნატორები, მერები და გამგებ­ლები"

"ცუდი საკადრო პოლიტიკა ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა ხელისუფლებას"

გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილი მერებს, გუბერნატორებსა და გამგებლებს შეხვდა და მათ იმ ხარვეზებზე მიუთითა, რაც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი ბიზნესისთვის ხელშეწყობა და ე.წ. ქამრების შემოჭერა დასახელდა.

თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე:

"გამგებლები სრულიად უუნარონი, გუბერნატორები კი უფუნქციონი აღმოჩნდნენ. მათ ისიც კი არ იციან, რა უფლებამოსილება აქვთ მსგავს სიტუაციებში. დამოუკიდებელი ინიციატივის გამოჩენა ყოვლად წარმოუდგენელ ამბად ითვლება. ამგვარად, რეგიონებში სისტემა ჩამყაყდა!

ღარიბაშვილს გაცილებით ადრე უნდა დაეტუქსა გუბერნატორები, მერები და გამგებლები. პრემიერ-მინისტრის რეაქციამ დაიგვიანა."

- იქნებ დააზუსტოთ მიზეზები, რამაც ასეთი რთული სიტუაცია შექმნა?

- მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეტწილად საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად წარადგინა თვითმმართველობის მუნიციპალიტეტებში პირველი პირების კანდიდატები. საბოლოოდ მივედით ცუდ საკადრო პოლიტიკამდე, რაც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა ხელისუფლებას. ნეპოტიზმს თანამდებობის პირები უცნაურად ამართლებენ. მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ აბაშიძემ იმ ბრალდებას, რომ შვილი, ბულბული აბაშიძე, ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსად დაასაქმა, ადგილობრივ სატელევიზიო ეთერში ასე უპასუხა: კი, ბულბული აბაშიძე ჩემი შვილია, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრი არ არის, ის არის გათხოვილი ჯორბენაძეზე და მისი ოჯახის წევრიაო(?!).

გამგებლებმა ხალხთან ურთიერთობა არ იციან... შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში მიმდინარე მშენებლობამ პრობლემები შექმნა. მიწისქვეშა აფეთქებებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, კედლებს ბზარები გაუჩნდა. ამის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და შუახევის გამგებელი მოსახლეობას შეხვდნენ, მაგრამ როგორც კი ხალხმა პრეტენზია გამოხატა, ჩასხდნენ მანქანებში და უკანმოუხედავად გაიქცნენ.

ანალოგიური სიტუაცია იყო გონიოში - სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2008 წელს 271 ოჯახს მიწები აჩუქა, მერე კი, როცა არჩევნებში გაიმარჯვა, ისევ წაართვა... მოსახლეობა იმ დღიდან იბრძვის. აქციები რომ მოაწყვეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იკადრეს ხალხთან შეხვედრა, მაგრამ რამდენიმე წუთიც ვერ გაძლეს და გაიქცნენ.

გამგებლები ნებართვას მუდმივად ზემდგომისგან ელოდებიან.

ზოგჯერ კი ამ "ზემდგომის" უფლებამოსილებაც გაურკვეველია. ახლახან დამიკავშირდა სოფელ განთიადიდან ოჯახი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში მიწისძვრით დაზარალდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა არჩილ ხაბაძეს პრობლემის მოგვარება დაავალა. ხაბაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უბრძანა საკითხისთვის ყურადღება მიექცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულის მოთხოვნა გაუჭირდა. არც ცენტრალურ ხელისუფლებაში აღმოჩნდა ვინმე, თანხის გადარიცხვას რომ ხელს მოაწერდა. Mმოკლედ, გადაწყვეტილების მისაღებად პასუხისმგებლობა ვერავინ აიღო და დაზარალებულმა ოჯახმაც მოჯადოებულ წრეზე უშედეგოდ იარა...

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი: "თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების პირველი პირები ვერ გრძნობენ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას. მათ უფრო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ მათ წინაშე, ვინც ისინი თანამდებობებზე მოიყვანა. ამას ემატება კადრების დაბალი კვალიფიკაცია. ჩავატარეთ გამოკითხვა ორი მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თანამდებობის პირებს დავუსვით იმაზე უფრო მარტივი შეკითხვები, ვიდრე კონკურსის წესით მიღებულ თანამშრომლებს მოეთხოვებოდათ და ვერ გვიპასუხეს.

გამგებლის მოადგილემ, საკონკურსო კომისიის წევრებმა, ხელმძღვანელებმა, რომლებიც განკარგავენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ან შეხება აქვთ სამართლებრივ საკითხებთან, არ იციან, მუნიციპალიტეტი არის თუ არა იურიდიული პირი და რა სახის იურიდიული პირია, როდის მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია და სხვ. ამიტომ არა მგონია, მათ ბიუჯეტის ხარჯზე სმა-ჭამას მოუკლონ მას შემდეგ, რაც პრემიერმა ქამრების შემოჭერა დაავალა".

ინგა ქარდავა, სენაკის საკრებულოს თავისუფალი წევრი: - რომელ ქამრების შემოჭერაზეა ლაპარაკი?! ახლახან სენაკის გამგეობის სახელფასო ფონდი 272 ათას ლარამდე გაიზარდა. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი 2.650 ლარით განისაზღვრა, პირველი მოადგილისა - 2.200 ლარით, მეორე მოადგილის 1>.700-ით და ა.შ. ამასთან, ყოველთვიურად ხელფასის ოდენობის პრემიებსაც იღებენ.

სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ თავისი ძმების, თამაზ და სოსო დგებუაძეების კომპანიებს პირდაპირი შესყიდვის გზით გაუფორმა ხელშეკრულებები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესრულებაზე.

სოსო დგებუაძემ 2014 წლის 14 მაისს დაარეგისტრირა შპს "სენ კაპიტალი", რომელსაც გამგებელმა 28 მაისს ხელშეკრულება "ძმურად" გაუფორმა. ცხადია, სამუშაოებიც უხარისხოდ შესრულდა, რადგან "სენ კაპიტალს" გამოცდილება არ ჰქონდა ამ საქმეში. უფრო ადრე კი სენაკის გამგებელმა წყალდიდობის დროს სარეაბილიტაციო სამუშაოები თავისი ძმის, თამაზ დგებუაძის ცოლის ძმისშვილის სახელზე დარეგისტრირებულ შპს "ბალავარს" შეასრულებინა. დღეს შპს "ბალავრის" 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ დგებუაძის ცოლი, ნანა ხარებავაა, თავად თამაზ დგებუაძე კი ამ კომპანიის დირექტორია.