დაკარგული დღესასწაული - კვირის პალიტრა

დაკარგული დღესასწაული

მოჯირითეების გამოჩენამდე რამდენიმე წუთით გაირინდებოდნენ დღესასწაულის მონაწილენი და სწორედ იმ დროს, გაქაფულ ცხენებს შემოაგელვებდნენ სისხლადუღებული ბიჭები

გურულები ამბობენ, - თქვენ რომ გლობალიზაციას ეძახით და გეშინიათ, მაი ამბავი ჩვენ 400 წლის წინ მოვილიეთ მაშინ, როცა მთელი ევროპა და, განსაკუთრებით, იტალიელები მთელ გურიაში "დაპრავაჟობდნენო". სტუმრებს ხომ ვერ გავყრიდით, რაფერც ქართველებს ეკადრება, ისე ვმასპინძლობდით, სამაგიეროდ, რაც კაი იცოდნენ, გადმოვიღეთ და შევისწავლეთო.

მართალს ამბობენ, - იტალიელი მისიონერების ჩანაწერებში უამრავი ცნობაა გურულებსა და გურიაზე. სწორედ იტალიელებმა ააშენეს 400 წლის წინ პირველი სასწავლებელი დღევანდელი ოზურგეთის პირველი საშუალო სკოლის ადგილზე.

თუმცა გურიაში გლობალიზაციის მთავარ მონაპოვრად მაინც "ალეგრობის" დღესასწაულს მიიჩნევენ. ამასთანავე, "ეჭვობენ", რომ ყოფილმა ცეკას მდივანმა, გურულმა ედუარდ შევარდნაძემ სწორედ "ალეგრობა" გადააკეთა "თბილისობად". გურულებს ეს არ შურთ, პირიქით, ახლა ჩვენი "ალეგრობა" ფართოდ აღინიშნებაო, ამბობენ, ოღონდ უნდათ, ჯერ თბილისელებმაც იცოდნენ ამის შესახებ და მერე გურიაში განახლდეს "ალეგრობის" დღესასწაული.

ამ ამბავს ოზურგეთელი ისტორიკოსი მანანა ლომაძე მოგიყვებათ: - დავიწყებ იმით, რომ "ალეგრო" იტალიური სიტყვაა და ჩქარ მუსიკას ნიშნავს. მართალია, გურულები მუსიკალურობით იტალიელებს ვერ შეედრებიან, მაგრამ გურიაში იმდენი იტალიელი იყო, ხელად გადმოიღეს მათგანაც სანახაობები და ერთ მშვენიერ დღეს გურულ-იტალიური ზეიმიც მოაწყვეს, რომელსაც, სტუმრების ხათრით, "ალეგრობა" დაარქვეს. მერე კი მიდგნენ და თავიდან ბოლომდე "გააგურულეს".

- როგორი იყო ეს თქვენი "ალეგრობა" და სად მართავდნენ?

- ოზურგეთის ცენტრში, ნიკო მარის მამის, იაკობის გაშენებულ ორკილომეტრიან პარკში. იაკობი გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის მებაღე იყო. მისი გაშენებული ასწლოვანი ჭადრები დღესაც დგას ოზურგეთის პარკში. ამ ჭადრებზე შეხტებოდნენ გურული მელექსეები და ლექსებს კითხულობდნენ. იქ იწურებოდა "ალეგრობა" დღეს "ადესა", კეთდებოდა ფელამუში, ავლებდნენ ჯანჯუხებს, ყიდდნენ გომის მთიდან ჩამოტანილ ფიჭიან თაფლს, ცნობილ გურულ თაფლის არაყს, გურული ქალების შეკერილ ყაბალახებს და იქვე თვრებოდნენ მარტო თაფლის არყით კი არა, პარკში მოსეირნე ქალების ეშხით. "კრიმანჭული" კი სისხლს უფრო აჩუხჩუხებდა. მე შენ გეტყვი და, ვერ იმღერებდნენ. სიმღერის შემდეგ ჯირითი იყო - გაქაფულ ცხენებს შემოაგელვებდნენ სისხლადუღებული ბიჭები. მათ შორის პირველი ყალყზე შემდგარი ცხენიდან თავს მდაბლად დაუხრიდა იმ დღეს სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს და საჩუქარსაც მიართმევდა.

- ანუ სილამაზის კონკურსები მამია გურიელის დროს ტარდებოდა გურიაში?

- ასე ვთქვათ. მართალია, ამ კონკურსს "მისი" არ ერქვა, მაგრამ მისი მონაწილეები დღევანდელ "მისებს" არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. თუმცა გამარჯვებიდან სულ ცოტა ხანში უკვე ფიგურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგებოდნენ, - საქმე ის არის, რომ იმ დღეს ულამაზესს საუკეთესო გურული კულინარის გამომცხვარ ნამცხვარსაც მიართმევდნენ ხოლმე... რას იზამ, - მაშინ ფერხორციანი ქალები მოსწონდათ.

- მერე რატომღა შეწყდა "ალეგრობა"?

- უკანასკნელი "ალეგრობის" ჟრიამული მსოფლიო ომმა ჩააქრო. თუმცა გურიაში დღეს უკვე დავეძებთ იმათ, ვისაც ეგებ ახსოვდეს ბოლო "ალეგრობის" ეშხი... ვნახოთ, იქნებ აღვადგინოთ გურულებმა "ალეგრობები". ვინც იტყვის, რა დროს ეგ არისო, ძალიანაც შეცდება, იმიტომ რომ ქართველები ჭირს ყოველთვის ლხინით გადავაგორებდით. ახლაც ასე უნდა ვქნათ!